ყარაბაღის იდლიბიზაცია?!

ყარაბაღის იდლიბიზაცია?!

ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ რაც დრო გადის, ვშიშობ, რომ სავსებით შესაძლებელია. ამ დრომდე შეტაკებები აზერბაიჯანის და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის პერიოდულად ხდებოდა სხვადასხვა სიმწვავით. იყო პატარ-პატარა შეტაკებები მცირედი მსხვერპლით ორივე მხრიდან, რასაც მოყვებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეეების – საფრანგეთის, აშშ-სა რუსეთის მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და მერე ყველაფერი ისევ იქცეოდა რუტინად.

სომხეთში რევოლუციის შედეგად, ქვეყნის სათავეში, ნიკოლ ფაშინიანის მოსვლის შემდეგ, პატარა იმედის ნაპერწკალიც გაჩნდა; ის არ იყო მთიანი ყარაბაღიდან; არ იყო ე.წ. ომის პარტიის ფრთიდან და შესაბამისად, არ ამძიმებდა ომის ტვირთი. პირველი მათი შეხვედრებიც, შეძლებისდაგვარად პოზიტივზე იყო ორიენტირებული. ბოლოს 2020-ის თებერვალში, სანამ ჯერ კიდევ შეკრებები ცოცხლად ხდებოდა და არა ვირტუალურად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, პანელზეც კი ისხდნენ ერთად ორი ქვეყნის პრეზიდენტი და განსხვავებული პოზიციებით, მაგრამ კონსტრუქციულ ტონალობაში, კავკასიური იუმორის თანხლებითაც კი მსჯელობდნენ ყარაბაღის პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი იყო გათვლილი საერთაშორისო აუდიტორიაზე, თორემ თავიანთ სამშობლოში ორივეს ჰაერივით სჭირდებოდა კონკრეტული შედეგების მიღწევა და ამისთვის საჭირო იყო მოქმედება. თუ პრეზიდენტ ალიევის რიტორიკა, რომ ყარაბაღის დასაბრუნებლად, ის ყველა შესაძლო გზას განიხილავდა, არახალი იყო, ფაშინიანის მხრიდან გასულ წლის აგვისტოში სტეპანაკერტში ჩასვლა და საბედისწერო განცხადება – “არცახი სომხეთია. ჩვენ გავერთიანდებით!“ დიდი მოულოდნელობა იყო. მისი ასეთი რადიკალური განცხადება განპირობებული იყო საშინაო პროცესებთან გამკლავების აუცილებლობით. ნაციონალისტური ძალები მას უკვე ადანაშაულებდნენ ეროვნული ინტერესების ღალატში და “სოროსისთვის სულის მიყიდვაში“.

მიმდინარე წლის ივლისის თვეში, როდესაც ჯერ კიდევ ყველა პანდემიას ებრძოდა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კვლავ დაიწყო სამხედრო დაპირისპირება, რამაც ორივე მხრიდან მსხვერპლი გამოიწვია. ნიშანდობლივია, რომ ამჯერად შეტაკების ეპიცენტრი სულაც არ იყო მთიან ყარაბაღში, არამედ საკმაოდ მოშორებით სტეპანაკერტიდან და ძალიან ახლოს ჩვენს საზღვართან. მაშინ მაინც მოხერხდა ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს იყო წინასწარი შემზადება იმ ბრძოლებისთვის, რომელიც ახლა მიმდინარეობს ორ ქვეყანას შორის.

ორივე მხრიდან ვრცელდება უამრავი ინფორმაცია, რომლის გადამოწმებაც არცთუ ისე ადვილია, მაგრამ დადასტურებით რაც შეიძლება ითქვას, აზერბაიჯანმა შეძლო უპირატესობის მოპოვება და სტეპანაკერტის ირგვლივ შვიდი დასახლებული პუნქტის აღება. ყველაზე ბოლო (ამ ბლოგის დაწერის დროისთვის) განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ამცნო თავის მოქალაქეებს, რომ მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სოფელი, მადაგიზი გაანთავისუფლეს და იქ აზერბაიჯანული დროშა აღმართეს.

სტეპანაკერტის დაბომბვის საპასუხოდ, გუშინ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი, განჯა დაბომბეს. თავად სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი უარყოფს, მაგრამ სამხედრო ობიექტების დაბომბვას განჯაში ადასტურებს არცახის (ასე უწოდებენ სომხები მთიან ყარაბაღს) შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა.

ჯერჯერობით ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, შესაძლოა, ამჯერად დაპირისპირება უკვე ძალიან სერიოზულ, არა ერთ და ორ-კვირიან ბრძოლებში გადაიზარდოს. თითქოს, აშშ-ს, საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებმაც ერთობლივად მოუწოდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, ეუთო-მ, ევროკავშირმა, გერმანიის კანცლერმა ინდივდუალურად, მაგრამ ამჯერად ვითარება განსხვავებულია; და მთავარი განმასხვავებელი აქ არის თურქეთის როლი. თურქეთის აგრესიულმა დიპლომატიამ და ინტენსიურმა სამხედრო მოქმედებებმა სირიაში და ლიბიაში, როგორც ჩანს, ახლა უკვე გაგრძელება, ყარაბაღში ჰპოვა; რიტორიკის თვალსაზრისითაც და კონკრეტული სამხედრო დახმარების კუთხითაც. მოძმე აზერბაიჯანისადმი სრულ მხარდაჭერას თურქეთი ყოველთვის მკაფიოდ გამოხატავდა, მაგრამ ბოლო პერიოდში თურქეთის პრეზიდენტმა ლექსიკა მნიშვნელოვნად გაამძაფრა. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე თურქეთმა სომხეთი მშვიდობისთვის მთავარ საფრთხედ მოიხსენია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიდრე სომხეთი არ დატოვებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მანამდე მშვიდობაზე ლაპარაკი არ იქნება, ხოლო ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად თურქეთი სომხეთს ყველანაირად გვერდში დაუდგება. ამის ერთ-ერთ ნათელ დადასტურებად კონფლიქტის განახლებამდე ცოტა ხნით ადრე ორმხრივი სამხედრო წვრთნების აზერბაიჯანში ჩატარება შეიძლება ჩაითვალოს. 

თურქეთის აქტიურმა ჩართვამ სრულიად შეცვალა სურათი. ადრე თუ რუსეთს ეკუთვნოდა სეფე სიტყვა მხარეების “დაშოშმინებაში“, ახლა თურქეთი აყენებს პირობებს. თურქული მხარის პოზიციით, რუსეთს შეუძლია მიიღოს თანამონაწილეობა პროცესის დარეგულირებაში, თუკი ის არ იქნება მიკერძოებული. როგორც ცნობილია, სომხეთში, გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზა დგას და პრაქტიკულად ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთის კონტროლის ქვეშ არის, რაც სომხეთს არჩევანს არ უტოვებს, გარდა გასაჭირში მათთვის მიმართვისა. აზერბაიჯანსაც ჰქონდა თავისი სუსტი მხარეები და სტაბილურობის კონტექსტში რუსეთზე გარკვეული დამოკიდებულებები, მაგრამ როგორც გითხარით, თურქეთმა სიტუაცია სრულად აჭრა.

აზერბაიჯანმა არ უპასუხა საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტაზე. სამაგიეროდ, მათ პასუხი თურქეთის პრეზიდენტმა გასცა. მან არაფრის მომცემი უწოდა მინსკის ჯგუფს და მოლაპარაკების ახალი ფორმატის შექმნა პრინციპულად მოითხოვა. სამართლიანობისთვის და დიდი მწუხარებით უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში ამ დღეებში საერთაშორისო ძალისხმევის, საერთაშორისო დიპლომატიის წარუმატებლობის და სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორებისა თუ ორგანიზაციების კიდევ ერთი დიიდი ჩავარდნის შემსწრენი ვხდებით.

საფრანგეთის და სომხეთის ლიდერებმა, თურქეთი პირდაპირ დაადანაშაულეს სირიიდან, მ.შ. იდლიბიდან 2-დან 3 ათასამდე დაქირავებული თურქული წარმომავლობის მებრძოლის აზერბაიჯანში გადატყორცნასა და საბრძოლო მოქმედებებში ჩართვაში დაადანაშაულეს. ასევე მიდის ინტენსიური საუბრები თურქული, რუსებისთვის ავადცნობილი დრონების აქტიურ გამოყენებაზე. თურქეთიც და აზერბაიჯანიც ამას კატეგორიულად უარყოფს.

რეგიონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა – ირანი, რომლის მოსახლეობის მესამედს მის ჩრდილოეთში განსახლებული აზერბაიჯანელები შეადგენენ და ასევე სომხებიც საკმაოდ წარმომადგენლობითად არიან, იძულებულია ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს. მას ისედაც ეყოფა ახლო აღმოსავლეთში წლების მანძილზე პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობით მიღებული პრობლემები. თანაც, თანათავმჯდომარეებიც არ დაუშვებენ ირანის როლის გაძლიერებას.

რას შვრება ამ დროს “ძლევამოსილი“ რუსეთის შეირაღებული ძალების უკდავი უმაღლესი მთავარსარდალი? პასიურობს. რა დროს სიცილია, მაგრამ ძალიან მეცინება როდესაც ისეთი მოკრძალებული ნახევარტონებით რუსეთის ხელისუფლება ჩაურევლობაზე და ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრობს. რუსული ბაზაც თურმე იქ არის არა ომში ჩასართველად, არამედ მშვიდობის შესანარჩუნებლად და ამიტომაც ნეიტრალური პოზიცია უკავია.

სამხედრო დაპირისპირება კი მიდის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მაგრამ ფართო სურათში მიდის ბრძოლა რეგიონული ლიდერობისთვის. წლების მანძილზე სამხრეთ კავკასიაში რუსეთს ჰქონდა დომინანტი ძალის როლი. სირიაც მიწასთან გაასწორეს და ლიბიაშიც დათარეშობდნენ რუსი დაქირავებული “იღბლის ჯარისკაცები“, მაგრამ თურქეთის გააქტიურებამ ყველა ზემოჩათვლილ წერტილში, იქნება ეს იდლიბი თუ ტრიპოლი, რუსეთს ფრთებიც შეუკვეცა და სახელიც შეულახა. ახლა კიდევ, მთლად მის წლობით ნაშენებ “სტაბილურობის“ ბაზას მიადგა.

თურქეთის პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, უფრო სწორედ კი, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არცთუ სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, მიზნად დასახული აქვს რეგიონში საკუთარი პოზიციების მნიშვნელოვანი გაძლიერება და ამით ქვეყნის შიგნით ძალაუფლების განმტკიცება. სირიასა და ლიბიაში ეს აშკარად წარმატებით გამოსდის. თუმცა, რის ფასად? რას გავს დღეს ან სირია ან ლიბია? დანგრეული, გაუბედურებული, ასიათასობით მსხვერპლით და მილიონობით დევნილით საშინელი სანახავია ორივე, განსაკუთრებით სირია.

ჯერჯერობით ცოტა რთულად წარმომიდგენია და არავითარ შემთხვევაში არ მსურს ყარაბაღის იდლიბიზაცია, მაგრამ რუსეთის “ტოტლებენიზაცია“ ნამდვილად სახეზეა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტის მხრიდან დემოკრატიული ქვეყნების ლიდერების მოწოდებების იგნორირება სწორედ იდლიბსა და ტრიპოლის მახსენებს და მაფიქრებინებს, რომ ამჯერად ეს საქმე ასე მარტივად და სწრაფად არ დასრულდება.

ძალიან, ძალიან სახიფათო ზონაში შევდივართ.

გააზიარე