ყველა გზა მაინც რომში მიდის

ყველა გზა მაინც რომში მიდის

ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მოგონება ამ დიდებულ ქალაქთან არის დაკავშირებული. რომის ქუჩებსა და მოედნებზე, მუზეუმებსა და კატაკომბებში, პარკებსა და ტრატორიებში გატარებული 6 თვის მანძილზე არაერთხელ დავრწმუნდი, რომ რომი მარადიული ქალაქია და ყველა გზა ნამდვილად რომში მიდის. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მე…

მაშინაც, 21-ე საუკუნის პირველ თვეებში, და ახლაც, პოპულისტური მთავრობის პირობებში, იტალიური პოლიტიკა გამოირჩეოდა და გამოირჩევა დანარჩენი ევროპისგან, დანარჩენი მსოფლიოსგან გადაწყვეტილებებისა თუ მოქმედებების თავისებურებით. იქნება ეს ევროკავშირის ბიუჯეტის საკითხი, თავდაცვისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა, თუ რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობებით გამოწვეული კრიტიკა, ყველა გლობალურ თემაში ევროკავშირის, ნატო-სა და დიდი შვიდეულის წევრი იტალია აუცილებლად ამბობს თავის სიტყვას. რა თქმა უნდა, შეთანხმებული თამაშის წესების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარი დაცვით, მაგრამ ოფიციალური რომი საკუთარი ხაზის გატარებას მაინც ახერხებს.

თუკი ცოტა ხნის წინ იტალია ყურადღების ცენტრში იყო მიგრანტების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ახლადშექმნილი “ხუთი ვარსკვალვისა” და “ლიგის” კოალიციური მთავრობის მიერ ევროკავშირის სხვა წამყვანი სახელმწიფოებისგან მძაფრად განსხვავებული პოზიციის გამო, თუკი ევროკავშირთან საბიუჯეტო პარამეტრებზე უთანხმოებამ კვლავ იტალია მოახვედრა მთავარ ფოკუსში, ახლა, ძვირფასო მკითხველო, კიდევ ერთი მსხვილი და ხმაურიანი თემა გვიახლოვდება, გნებავთ აზიური ცუნამივით და გნებავთ იტალიური ვეზუვის ვულკანივით.

საქმე ისაა, რომ 22 მარტს მარადიულ რომს ცისქვეშეთის კანცელარიიდან პრეზიდენტი სი ძინ პინი ეწვევა. ამ ვიზიტის შედეგად, წესით და რიგით, იტალია უნდა გახდეს დიდი შვიდეულის პირველი წევრი ქვეყანა, რომელიც შეუერთდება ჩინურ სარტყლისა და გზის ინიციატივას. გეგონება, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 16 ქვეყანა (მათთან ერთად აფრიკა, ლათინური ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი და ცენტრალური აზია) არ ეყოფოდა საფიქრალად ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ახლა კიდევ იტალიაც ემატება. სი ძინ პინის რომში ვიზიტისთვის მზადდება მნიშვნელოვანი ხელმოსაწერი დოკუმენტების მთელი პაკეტი, მაგრამ, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, შეთანხმება, სადაც საუბარია აზიის ინფრასტრუქტული საინვესტიციო ბანკიდან (AIIB) იტალიაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კრედიტების გამოყოფაზე. ამ დრომდე ჩინეთი სულ საკუთარი განვითარების ბანკისა და ექსპორტ-იმპორტის ბანკის ხაზებით მუშაობდა, მაგრამ ვინაიდან საქმე ეხება იტალიას, ვინაიდან განსაკუთრებულად გაფაციცებით და შეშფოთებით ადევნებენ თავალყურს იტალია-ჩინეთის ურთიერთობებს ბრიუსელსა და ვაშინგტონში, გადაწყდა, რომ საქემში ჩაერთოს აზიის ინფრასტრუქტურული საინვესტიციო ბანკი, სადაც ჩინეთი კი არის წამყვანი მოთამაშე, მაგრამ აქ პარტნიორობა მრავალმხრივია და ევროკავშირის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოდის.

შფოთავს და ღელავს ბრიუსელი; რა თქმა უნდა, არა მხოლოდ იტალიის გამო. 12 მარტს ევროკომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობებში ევროკავშირის ხედვას. ამ სპეციალურ კომუნიკაციაში, რომელიც მიიღეს ევროკომისრებმა ერთხმად, პირველად წერია, რომ ჩინეთი არის “ეკონომიკური კონკურენტი ტექნოლოგიური ლიდერობის მიღწევის თვალსაზრისით და სისტემური მოწინააღმდეგე მმართველობის ალტერნატიული მოდელების დამკვიდრების კუთხით”. დოკუმენტში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ “ვერც ევროკავშირი და ვერც ერთი მისი ინდივიდუალური წევრი ვერ მიაღწევს ჩინეთთან სასურველ შედეგს, თუ არ იქნება სრული ერთიანობა”. ეს ქვა, რა თქმა უნდა იტალიის ბაღჩაში იყო ნატყორცნი. არა მხოლოდ. აქვე საუბარია 16+1 და სხვა ტიპის თანამშრომლობის ფორმატებზე ჩინეთთან.

სტრატეგიულ ხედვაში, რომელიც წარედგინება ევროკავშირის საბჭოს სახელმწიფოს მეთაურების დონეზე 21-22 მარტს, ჩამოყალიბებულია 10-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, მ.შ. ერთიანი პოზიციის შემუშავება ჩინეთთან 5-განზომილებიან სიბრტყეში ურთიერთობის თვალსაზრისით, აგრეთვე, კონკრეტული ნაბიჯები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეფორმირების საკითხში ჩინეთის წინაშე დასაყენებლი მოთხოვნების თაობაზე და 2020-თვის ინვესტიციების შესახებ შეთანხმების მიღწევის მიმართულებით.

ევროკავშირი-ჩინეთის მორიგი სამიტი 9 აპრილს არის დაგეგმილი. აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო შეთანხმება მარტის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ როგორც ირკვევა, ისიც აპრილისთვის გადაიწევს. აშშ-ს შემთხვევაში, ტარიფებზე და ქვოტებზე მოლაპარაკებასთან ერთად ვიზიტის დონეზე შეთანხმებაც აქტუალურია. ჩინელებს აღარ უნდა მარ-ა-ლაგოში გოლფის სათამაშოდ ჩასვლა და სურთ სახელმწიფო ვიზიტის დონეზე ვაშინგტონში სამიტის გამართვა. ვნახავთ, ბოლოს რაზე შეთნხმდებიან.

მანამდე კი… რომი! რა თქმა უნდა რომი!

ასე იყო, ასე არის და მომავალშიც ასე იქნება: ყველა სარტყელი და ყველა გზა კვლავინდებურად რომში მიდის.

გააზიარე