ყინული დაიძრა, ბატონო დამსწრენო!

ყინული დაიძრა

რამდენად ძლიერად, ამას თავად რუსი ხალხი განსაზღვრავს; თავად გადაწყვეტს თავის ბედს. კონსპიროლოგები, მარიაზახაროვები და კიდევ სხვები, სულ უფრო ცოტა და თან უცხოები (იყო ასეთი ჰოლივუდური ფილმი “უცხოები“! ემგვანებიან ესენი სულ უფრო! ) აუცილებლად იტყვიან, რომ ეს ყველაფერი დასავლეთიდან დასპონსორებული (სოროსი არ გამოგრჩეთ) და ინსპირერებულია, მაგრამ….. -52 გრადუს ყინვაში ქუჩაში რომ გახვალ და დაიძახებ: “პუტინი ქურდი! პუტინი მკვლელი! თავისუფლება ნავალნის!“, მე მგონი, ცოტა მეტია ეს “ვაშინგტონიდან იმართება“ კონსპირაციაზეც და თუ გნებავთ პირადად ნავალნის სიყვარულზეც. სხვათაშორის, ბევრი კომენტარი შემხვდა რუსულ მედიაში (ქართულ ფბ “ბაბლს“ არც კი ვახსენებ), ნავალნის ყველაფერში არ ვეთანხმები, ნავალნის ბევრ რამეს არ ვიზიარებ, მაგრამ… მაგრამ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება… მაგრამ პუტინის სასახლეზე ფილმი ვნახე და პირველად გამოვედი აქციაზე და ა.შ.

          

რა ხდება და რა მოხდება რუსეთში? დავიწყოთ იმით, რომ რუსეთის დუმაში წელს, 13 სექტემბერს არჩევნებია. თითქოს, არაფრის უნდა ეშინოდეს რუსეთის ყველაზე და მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს ვლადიმერ პუტინს, მაგრამ… ისევ ეს მაგრამ…

მაგრამ არსებობს ალექსეი ნავალნი; მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აღარ უნდა ვლადიმერ პუტინს, რომ არსებობდეს, მაინც არსებობს… ეს კაცი ნამდვილად კრემლის ტკივილია…. იცით თქვენ თვითონ სადაც.

მოწამლეს, მოკლეს, მაგრამ არ მოკვდა; ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ გაუშვეს იმ იმედით, რომ იქნებ იქ მოკვდეს და დასავლეთს დავაბრალებთ ყველაფერსო, მაგრამ მაინც არ მოკვდა; იქნებ კომფორტში ერჩივნოს, იქნებ დაფიქრდეს, იქნებ ბერლინში გაჩერდეს, მაგრამ არა, არ გაჩერდა; მოკლედ მოსიარულე შარია კრემლისთვის. თანაც, ამხელს და ამხელს მთელი თავისი გუნდით ამ “უმაძღარ ხალხის მსახურებს“. ლევ ტოლსტოი წერდა: “შეიკრიბნენ ბოროტები, რომლებმაც გაძარცვეს ხალხი, შემოიკრიბეს სალდათები და მოსამართლეები, რომ დაიცვან მათი ორგია და გნიასობენ“ (რუსებზე წერდა, მაგრამ ბევრ სხვას ზედ აკვდება ;)). ნავალნის დაპატიმრების შემდეგ გამოვიდა საგამოძიებო ფილმი პუტინის დაჩაზე გელენჯიკში. გამწარდებოდა ხალხი იაკუტსკში, ნოვოსიბირსკში და უფაში, აბა რას იზამდა..

ახალგაზრდა ელცინია, ოღონდ არამსმელიო, ამბობენ მრავალ…..ჭირ ნახული რუსი პოლიტიკოსები. მე არ ვიცი; არც ელცინზე ვამყარებდი დიდ იმედებს და არც გავრილ პოპოვზე (ისე თუ რამე გამოვტყუეთ რუსებს და მსოფლიოს – ბაზების გაყვანა, ნავთობსადენი და გაზსადენი – ბორის ნიკალაევიჩის “გადატვირთული“ გრაფიკის დროს იყო ზუსტად); პრობლემა აქვთ რუს მმართველებს – მენტალურ-ფსიქოლოგიური პრობლემა! იმპერიის კომპლექსი პრაქტიკულად ყველას აზროვნებაში იკვეთება და არ მგონია, რომ ახლო მომავალში რომელიმე მათგანის გონებაში ეს შეიცვალოს (თან ვბრაზდებოდი და თან გულწრფელად მეღიმებოდა, როდესაც ჩემი დასავლელი მეგობრები ფსონს დიმიტრი მედვედევის “სისტემასთან“ დაჯახებაზე და მის გადემოკრატიულობაზე აკეთებდნენ (სხვათაშორის, როგორც მცოდნე ხალხი ამბობს, მისი გრაფიკიც ცხონებული ბორის ნიაკალევიჩივით “გადატვირთულია“. ამდენად, პუტინის სავარაუდო “მოულოდნელ“ მემკვიდრედ მისი განხილვა არც ისე ცუდია – შოიგუს და სობიანინს ნამდვილად ჯობია). სულ რომ რეჟიმი “გადაშენდეს“ და ხელისუფლებაში კორუფციასთან მებრძოლი ახალგაზრდა და ენერგიული პოლიტიკოსების ჯგუფი მოვიდეს, არ მგონია, გარე სამყაროსთან, მ.შ. მეზობლებთან მიდგომები შეიცვალოს. ძალიან დიდი ხნით შეყოვნდა მონგოლთა ურდო რუსეთში, ძალიან!

მიუხედავად ყველაფრისა, მხოლოდ ბრმა და ყრუ, მონა და …ფილი უნდა იყო რომ ვერ დაინახო – რიგითი რუსი დაიღალა; რიგითი რუსი გაბრაზდა; რიგითი რუსი ყინვაში გარეთ გამოვიდა. მე მგონი, რაღაცაზე ნამდვილად მეტყველებს, რომ 50 მილიონს გადასცდა “იუთუბ“-ზე პუტინის გელენჯიკის სასახლეზე საგამოძიებო ფილმის ნახვა. 13 სექტემბერს კიდევ არჩევნებია!!!

თავგანწირვას ყველა აფასებს! ყველა თანხმდება, რომ “ყოფილიყო რა თავისთვის გერმანიაში“ უარესი ვერდიქტი იქნებოდა ნავალნისთვის, ვიდრე “მატროსკაია წიშინა“-ს კამერაში კაციჭამიებთან ერთად გაღვიძება! ისე, ბედის ირონიით, შეიძლება საპყრობილეში უფრო დაცული იყოს ახლა ნავალნი, ვიდრე ბერლინის და მითუმეტეს, მოსკოვის ქუჩებში მოსიარულე ოპოზიციონერი ნავალნი იქნებოდა (გვახსოვს კრემლის კედლებთან მოკლული ნემცოვი).

ბევრჯერ მიფიქრია, რომ სანქციები არასაკამარისია რეჟიმის სწრაფი ცვლილებისთვის – ახლაც ასე ვფიქრობ! მართალია სანქციებს სწრაფი შედეგი არ მოაქვს, მაგრამ თავის საქმეს ნამდვილად აკეთებს. ყოველწლიურად მილიარდობით ინვესტიციები ქვეყნიდან გადის, მილიარდობით ზარალს ნახულობს რუსეთის  “ჟანგბადის“ მთავარი წყაროც – შემოსავლები ნავთობ-გაზის სექტორიდან გასულ წელთან შედარებით 34%-ით შემცირდა! თანხობრივ განზომილებაში ეს ციფრი 2.7 ტრილიონ რუბლს შეადგენს. რას წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე თავად “გაზპრომი“ ალაპარაკდებოდა “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის შეჩერების შესაძლებლობაზე…

ასე რომ, შეიძლება გამოუსწორებელ ოპტიმისტად ჩამთვალოთ, მაგრამ თანამედროვე რუსეთის შემთხვევაშიც ჭეშმარიტებაა “დრონი მეფობენ და არა მეფენი“. როგორც ჩანს, ეს ჭეშმარიტება, ვლადიმერ პუტინმაც კარგად იცის და მის მიერ ხელდასმულმა ოლიგარქებმაც. ვადების “განულება“ და ცხოვრების ბოლომდე იმუნიტეტი არ იყო თავში ავარდნის ან ჭკუიდან გადასვლის გამოვლინება – პუტინიც ღელავს, “ბრატვა“-ც ნერვიულობს, “სისტემა“- ც და “დიდფულოვანნიც“ – ასე დიდ ხანს ვეღარ გაგრძელდება, გარეთ ვეღარ გავდივართ, თანხებსაც კი ვეღარ ვათეთრებთ, კონსპირაციულ ბინებზე გვიწევს “ქეშით“ დაძინებაო. როდემდე?

როგორც იქნა, დემოკრატიული თანამეგობრობაც ჩამოყალიბდა (რა თქმა უნდა, ბოლომდე და ყველა – არა) რუსეთთან მიმართებაში. ნავალნის დაპატიმრება ისეთმა ქვეყნებმაც კი გააპროტესტეს, საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაზე განცხადებისთვის საყოველთაო ძალისხმევაც რომ არ ყოფნიდა. ევროპარლამენტი სულ უფრო მეტად ხისტია რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების მოთხოვნის კუთხით. ცხადია, კარგია, მაგრამ აღმასრულებელმა ხელისუფლებებმაც უნდა შეუწყონ ხელი. აქ ცოტა უფრო რთულად არის საქმე, მაგრამ არა უიმედოდ!

კიდევ კარგი, რომ არ დაიღუპა, მაგრამ “ზოგი ჭირი მარგებელია“-ს პრინციპით საბედისწეროდ მნიშვნელოვანი იყო, რომ პუტინის დავალებით სპეც. სამსახურებს მოწამვლის მცდელობა ჰქონდათ – შევთანხმდეთ, რომ დასავლეთში “პრაგმატული გადატვირთვა/გატარების“ უნარები არაერთხელ აღმოვაჩინეთ (აღარ დავკონკრეტდები). ამიტომაც, ნავალნის მოწამვლის შემთხვევა კიდევ ერთი, იმედია, გადამწყვეტი განგაშის ზარი იყო დასავლეთისთვის, რომ ამ რეჟიმთან ცივილიზებული და საქმიანი ურთიერთობა უბრალოდ შეუძლებელია (უხერხულობაზე რომ არაფერი ვთქვათ). აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში ამ მხრივ ბევრი რამ უნდა გამოჩნდეს (წესით).

როგორ გაგრძელდება? რა მოხდება? მუხტი როგორ შენარჩუნდება? ხაბაროვსკელებმა დანარჩენ 64 ქალაქთან დაიქადნეს, კარგია, რომ დღეს გარეთ გამოხვედით და იმ საქმეს აკეთებთ, რისთვისაც ჩვენ 170 დღეა ვიბრძვითო. მთელი რუსეთის მასშტაბით 3000 ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია. 13 სექტემბრამდე ჯერ კიდევ დროა. მგონია, რომ ამ ისტორიულ, საბედისწერო დღემდე კიდევ ბევრი რამ მოხდება – სავარაუდოდ რეჟიმი კიდევ უფრო გაბოროტდება და სასტიკი გახდება, იმიტომ რომ,  ნავალნის გუნდის მიერ მოფიქრებულ “გონიერ არჩევანს“  სხვანაირად წინ ვერ აღუდგება. აკი, შექმნა კიდეც ეფ-ეს-ბე-მ “პატრიოტული“ ოპოზიცია (რამეს ხომ არ გაგონებთ 😉 ) – კოსმეტიკის ბიზნესში “მოღვაწე“ ნაციონალისტი ალექსეი ნეჩაევის ულტრა მემარჯვენე ძალა “ახალი ხალხი“, დონბასში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე, ზახარ პრილეპინის პარტია “სიმართლისთვის“ და მხატვარ ვასია ლოჟკინის “მწვანე ალტერნატივა“, მაგრამ დღესდღეობით მათი რეიტინგი ერთობლიობაში 5%-ს შეადგენს. “ეძინაია როსია“ კი იმდენად გაბანკროტებულია, რომ თავად კრემლიც კი უკვე ერიდება ამ ძალასთან “აფილირებას“!

კაცი იმედით ცოცხლობს! ასე რომ, ლოგიკურია, ეს ბლოგი ილფი და პეტროვის გენიალური ფრაზით დავასრულოთ: “ყინული დაიძრა, ბატონო დამსწრენო“!

გააზიარე