შიდა ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი წლების განმავლობაში ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი იყო და მთავრობის მხრიდან მისი მასტიმულირებელი არაერთი ღონისძიება გატარებულა. ტურიზმს, მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია საქართველოსთვის, ვინაიდან საქართველო გამოირჩევა ლამაზი ბუნებით, ისტორიული შენობა-ნაგებობებით, მრავალმხრივი ლანდშაფტითა და სტუმართმოყვარე ხალხით. ტურიზმის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 6%-დან 7%-მდე მერყეობს (საქსტატის თანახმად, 2014 წლის წინასწარი მონაცემებით, ტურიზმის წილმა ქვეყნის ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში 6.6% შეადგინა), რაც ქვეყნის მნიშვნელოვანი შემოსავალია. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება საერთაშორისო ტურიზმს, რადგან ის საერთაშორისო ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების ზეწოლას ამცირებს. თუმცა, ქვეყნისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმი.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმს შემდეგნაირად განიხილავს: შიდა მოგზაურობა არის მოცემულ პერიოდში საქართველოს რეზიდენტების მოგზაურობა ჩვეული გარემოს გარეთ, რომლის განმავლობაშიც ისინი ახორციელებენ დანახარჯებს აქტივობებსა და განთავსების საშუალებებზე, რითაც წვლილი შეაქვთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. შიდა ტურიზმს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიო ტურიზმის მთლიან გამოშვებაშიც. 2013 წელს შიდა ტურიზმზე მსოფლიო ტურიზმის მთლიანი გამოშვების 71.3% მოდიოდა, ხოლო საერთაშორისო ტურიზმზე 28.7%. როგორც ვხედავთ, შიდა ტურიზმი მასშტაბურად აღემატება საერთაშორისო ტურიზმს და საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნების მთლიან გამოშვებასა და ეკონომიკის განვითარებაში.
განვიხილოთ შიდა და საერთაშორისო ტურიზმის რამოდენიმე განმასხვავებელი თვისება: საერთაშორისო ტურიზმისგან განსხვავევბით, შიდა ტურიზმის მიმართულებები ახლო მანძილით გამოირჩევა და ხასიათდება ქცევის განმეორებითობით. შიდა ტურისტებმა საერთაშორისო ტურისტებისგან განსხვავებით იციან მასპინძელი ადგილის კულტურა, კლიმატი და სასაუბრო ენა. ადგილმდებარეობის სიახლოვის გამო, შიდა ტურიზმის შემთხვევაში ძირითადად სახმელეთო ტრანსპორტი გამოიყენება, რაც ამცირებს დროისა და ვიზიტის ხარჯებს. შიდა ტურიზმი საერთაშორისო ტურიზმისგან განსხვავებით ნაკლებად ხასიათდება სეზონურობით და ხელს უწყობს შემოსავლების გადანაწილებას ქალაქ და სოფელ დასახლებებს შორის. ასევე, შიდა ტურიზმი ნაკლებად მგრძნობიარეა მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური შოკებისა და კრიზისების მიმართ.
შიდა ტურისტები ნაკლებად ჩერდებიან სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში. მიუხედავად ამისა, თუ გადავხედავთ საქართველოში სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საქმიანობას, დავინახავთ, რომ 2014 წლის მონაცეებით, შიდა ტურისტებზე სტუმართა 38% მოდიოდა, რაც ქვეყანაში შიდა ტურიზმის აქტუალობაზე მეტყველებს.
საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის სამი კვარტალის განმავლობაში (II, III, IV კვარტალი), 15 წლის და უფროსი ასაკის შიდა ვიზიტორთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 991 ათასი კაცი შეადგინა, ხოლო ვიზიტების ჯამურმა მოცულობამ 10 990 ათასი (იმ დაშვებით, რომ ვიზიტორმა მოცემული პერიოდისთვის შეიძლება განახორციელოს ერთზე მეტი ვიზიტი). რაც შეეხება 2015 წელს, 2015 წლის პირველი ორი კვარტალის განმავლობაში შიდა ვიზიტორთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 824.3 ათასი კაცი შეადგინა. 2015 წლის მეორე კვარტალის განმავლობაში ვიზიტორთა უმრავლესობა თბილისს ესტუმრა (24.4%), ვიზიტების სიმრავლით მეორე ადგილზეა იმერეთი (21.3%), ხოლო მესამეზე აჭარა (10.4%).
2015 წლის მეორე კვარტალის მონაცემების თანახმად, შიდა ტურიზმის ყველაზე გავრცელებული მიზანი მეგობრებისა და ნათესავების მონახულებაა (54.6% სწორედ ამ მიზნით მოგზაურობს), გავრცელებულ მიზნებს მიეკუთვნება ასევე მკურნალობა, გაჯანსაღება (11.4%) და შოპინგი (10.6%). ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად, დასვენების მიზნით შიდა ტურისტები ყველაზე ხშირად სტუმრობენ აჭარას (29%), სამცხე-ჯავახეთსა (16%) და მცხეთა-მთიანეთს (13%). რაც შეეხება შიდა ვიზიტორების მიერ განხორციელებულ დანახარჯებს, შიდა ვიზიტორების მიერ გაწეული საშუალო თვიური დანახარჯი წლის განმავლობაში მიახლოებით 158 მილიონი ლარია (დანახარჯები განსხვავებულია სეზონულობის მიხედვით და პიკს მესამე კვარტალში აღწევს, როდესაც საშუალო თვიური დანახარჯი მიახლოებით 260 მილიონ ლარს უტოლდება). ხარჯების ყველაზე დიდი წილი კვებაზე, საყიდლებსა და ტრანსპორტზე მოდის.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on January 10, 2017
- on December 16, 2016
- on December 1, 2016
- on November 4, 2016
- on October 16, 2016
- on September 23, 2016
- on August 8, 2016
- on July 20, 2016