ჩვენი როლი ლარის კურსის ფორმირებაში

ჩვენი როლი ლარის კურსის ფორმირებაში

მაკროეკონომიკური ზოგადი პრინციპების თანახმად მცურავი კურსი, მათ შორის ლარის კურსიც, განისაზღვრება სავალუტო ბაზარზე არსებული მოთხოვნა მიწოდების ურთიერთქმედებით, რაც ძირთადად დამოკიდებულია საერთაშორისო ვაჭრობაზე, ფულადი გზავნილების შემოდინებაზე, საინვესტიციო კაპიტალზე და ა.შ, მარტივად რომ ვთქვათ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებაზე.

ლარის კურსის მკვეთრი ცვლილებიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში აღნიშნული საკითხები არის განხილვის ძირითადი ობიექტი,  თუმცა გარდა ამ ფაქტორებისა ლარის კურსის ფორმირებაში თითოეული ჩვენგანიც იღებს მონაწილეობას და მინდა განვიხილო მსგავსი მაგალითი, კონკრეტულად მინდა ვისაუბრო ჩვენს მიერ უცხოურ ვალუტაში გახსნილი დეპოზიტების შესახებ, რომელთა რაოდენობამაც ლარის კურსის ვარდნის პროპორციულად იმატა ქვეყანაში და შესაბამისად განაპირობა ლარზე მოთხოვნის შემცირება, ხოლო უცხოურ ვალუტაზე, კერძოდ დოლარსა და ევროზე მოთხოვნის მატება. აღნიშნული მოსაზრების დასასაბუთებლად გთავაზობთ ეროვნული ბანკის მონაცემებს, იურიდიული პირების მიერ განთავსებული დეპოზიტების მოცულობისა და საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთების შესახებ.

2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ მოზიდული იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტები შეადგენდა ჯამში 10.3 მილიარდი ლარს, რომლიდანაც 4.1 მილიარდი იყო ეროვნულ ვალუტაში განთავსებული, ხოლო 6.2 მილიარდი იყო უცხოურ ვალუტაში განთავსებული თანხის ექვივალენტი ლარში. 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სურათი შეიცვალა, ჯამურად გახსნილ დეპოზიტებზე არსებულმა თანხამ შეადგინა 15.2 მილიარდი ლარი, რომლიდანაც ლარში გახსნილი დეპოზიტების ოდენობა გაიზარდა დაახლოებით 12%-ით და შეადგინა 4.6 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გახსნილი დეპოზიტების მოცულობა განისაზღვრა 10.6 მილიარდი ლარის ექვივალენტის ოდენობით. ვინაიდან მონაცემები მოყვანილია ლარის ექვივალენტში ცხადია, უცხოური ვალუტის მკვეთრ ზრდაში ვალუტის კურსის მკვეთრმა ცვლილებამაც იქონია ზეგავლენა, ამიტომ უფრო ნათელი სურათისთვის დავაკონკრეტებ, რომ უცხოურ ვალუტაში გახსნილი დეპოზიტების 97.3%-ი გახსნილია დოლარსა და ევროში და უშუალოდ ნომინალურ დოლარში გახსნილი დეპოზიტების ოდენობა 2014 წელთან შედარებით გაიზარდა 26.3%-ით, ხოლო უშუალოდ ნომინალურ ევროში გახსნილი დეპოზიტების ოდენობა გაიზარდა 41.2%-ით. შედეგად მითითებულ პერიოდში განთავსდა დეპოზიტზე დამატებით 506 მილიონი ლარი, 751 მილიონი დოლარი და 186 მილიონი ევრო.

2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 1.7366 ლარს, ხოლო ევროსთან მიმართებაში 2.3920 ლარს, ბოლო 2 წლის პერიოდში ევრო და დოლარი სტაბილურად ძლიერდებოდა ლართან მიმართებაში და შედეგად 2016 წლის 28 იანვრის მდგომარეობით ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 2.4985 ლარს, ხოლო ევროსთან მიმართებაში 2.7159 ლარს. აღსანიშნავია, რომ ლარის გაუფასურებას სტაბილური ხასიათი ჰქონდა მთელი პერიოდის მანძილზე და შესაბამისად ამ ტენდეციიდან გამომდინარე მომხმარებელმაც საკუთარი მოლოდინიდან გამომდინარე მოახდინა დეპოზიტების კონვერტირება. მსგავსი გადაწყვეტილება ფინანსური თვალსაზრისით სწორი აღმოჩნდა, თუმცა ცალსახაა, რომ ამ მასიურმა ქცევამ ეროვნულ ვალუტის გაუფასურების ტენდეციას შეუწყო ხელი, თუ რა დოზით ამას ზუსტად ვერ გამოვსახავთ ციფრებით, თუმცა ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად განვიხილავ, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე გაყიდული რეზერვების ოდენობას.

ეროვნული ვალუტის კურსის სწრაფი ვარდნის შემცირების და ლარზე მოთხოვნის გაზრდის მიზნით, 2014-2015 წლის პერიოდში ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 627 მილიონი დოლარი და შეიძინა 200 მილიონი დოლარი, ანუ ჯამურად ამ პერიოდში, ლარის გამყარების მიზნით, მოახდინა 427 მილიონი დოლარით საკუთარი რეზერვის შემცირება. ეროვნული ბანკის მიერ გაყიდული რეზერვების მეშვეობით მიღებული დადებითი ეფექტის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მომხმარებლების მიერ იგივე პერიოდში კონკრეტულად დეპოზიტების სახით გახსნილი უცხოური ვალუტის უარყოფითი ეფექტი ლარის კურსზე საგრძნობლად უფრო მაღალია, თანხის უფრო დიდი ოდენობიდან გამომდინარე, ვიდრე ეროვნული ბანკის ქმედებებით მიღებული დადებითი ეფექტი.

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დეპოზიტების საერთო მოცულობის 70%-ი გახსნილია უცხოურ ვალუტაში და მათი მოცულობა ამავე ვალუტის ნომინალში იზრდება საგრძნობლად უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე ეროვნულ ვალუტაში გახსნილი დეპოზიტების მოცულობა.

ასევე, სუფთა ფინანსური თვალსაზრისით, ერთჯერადი ოპერაციის კუთხით დეპოზიტის უცხოურ ვალუტაში გახსნა მითითებულ პერიოდში  უფრო მომგებიანი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, თუმცა, საინტერესოა, ასეთივე მასიური ხასიათით ლარის დეპოზიტებზე მოთხოვნის ზრდა რა შედეგს გამოიღებდა. ჩემი სუბიექტური შეხედულებით მსგავსი ქცევა, შეიძლება ინდივიდუალურად დეპოზიტების მფლობელებისთვის უფრო სასიკეთო ყოფილიყო ლარის კურსის გამყარების და მეტი სარგებლის მიღების კუთხით, ვინაიდან კურსთა სხვაობით მიღებულ შემოსავალზე მეტი, შეიძლება იყოს კურსის ვარდნიდან მიღებული ზიანი, რომელიც ფინანსური თვალსაზრისით უარყოფით ზეგავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა