ცეცხლთან თამაში ურანით ხელში

ცეცხლთან თამაში ურანით ხელში

თითქოს ჩაცხრება, ცოტათი განელდება, მაგრამ მერე ისევ სახიფათოდ აგიზგიზგდება. სათაურიდან მიხვდებოდით, რომ საუბარი ისევ ირანზე, მის ბირთვულ პროგრამაზე და უფრო ფართოდ, ახლო აღმოსავლეთში ფეთქებადსაშიშ ვითარებაზეა.

ერთი მხრივ, ოფიციალური განცხადებებიდან თუ ვიმსჯელებთ, ომი არავის უნდა (დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს მხოლოდ ოფიციალური განცხადებები არაა და რეალურადაც ასე ფიქრობენ აშშ-ს და ირანის ხელმძღვანელი პირები. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, როდესაც ირანმა ამერიკული დრონი ჩამოაგდო და აშშ-ს პრეზიდენტმა ირანული  ობიექტების დაბომბვა ბრძანა, მსოფლიომ ბეწვის ხიდზე გაიარა. ამჯერად დონალდ ტრამპმა საკუთარი ბრძანება გააუქმა. ამჯერად!). აშშ მოლაპარაკებებისთვისაც კი აცხადებს მზადყოფნას. პრეზიდენტი ტვიტერზე წერს, სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთოხების საკითხებში მრჩეველი ოფიციალურ განცხადებებს აკეთებენ, მათი წარგზავნილები ვენაში ევროპელ პარტნიორებსაც ხვდებიან, რომ ახალი შეთანხმება დაიდოს ირანთან.

თუმცა, აქვე მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ აშშ-ს აქვს ორი მთავარი მოთხოვნა/პირობა და ის ამის შესახებ ღიად აცხადებს:  1) ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და აშშ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს და 2) ირანმა უნდა შეწყვიტოს რეგიონში მოქმედი შეირაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერა და რეგიონის ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა. ამ მიზნების მისაღწევად ამერიკის შეერთებული შტატები გამოიყენებს “მაქსიმალური ზეწოლის” რეჟიმს, რაც გულისხმობს უმკაცრეს სანქციებს როგორც ინდივიდუალურ ხელმძღვანელი პირების მიმართ, ისე ყველაზე გავლენიანი სახლემწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. ამას კიდევ გადაიტანდნენ ირანელები, მაგრამ ნავთობით ვაჭრობის კუთხით დაწესებული უმკაცრესი სანქციების შემოღება ძალიან დიდ ტვირთად დააწვა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ირანის ეკონომიკას. სანქციების სიმკაცრე პირველ რიგში მდგომარეობს იმაში, რომ ის ეხება უკლებლივ ყველა ქვეყანას და კომპანიას.

ირანმაც გადაწყვიტა, ემოქმედა. მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან ყველაზე ძლიერ (ცოტაოდენ სარკასტულიც თუ ვიქნებით, ყველაზე მშვიდობიან) “იარაღს” 2015 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და საერთოდ ამ ხელშეკრულებიდან აშშ-ს გასვლის შემდეგ მასში ირანის ყოფნა/არყოფნა წარმოადგენდა. ამიტომაც, ირანმა ჯერ იყო და 7 მაისს 2-თვიანი ულტიმატუმი დაუწესა ხელშეკრულების სხვა მონაწილეებს პირობების დარღვევასთან დაკავშირებით, თუ არ მოწესრიგდებოდა ფინანსური ანგარიშსწორების საკითხი. ამის შემდეგ უმნიშვნელო ვალდებულებები უგულებელყო. გასულ კვირაში კი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ  ირანმა გადააჭარბა 2015 წელს მიღწეული მრავალმხრივი შეთანხმებით გათვალისწინებული ურანის გამდიდრების 300 კილოგრამიან ლიმიტს, უახლოეს პერიოდში კი, კონკრეტულად 8 ივლისს დაარღვევდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პირობას. შეთანხმების მიხედვით, ირანმა ურანი არ უნდა გაამდიდროს 3.27%-ზე მეტად. ირანული მხარის განცხადებით, თუ არ მოწესრიგდებოდა მათთან ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობები ხელშეკრულების მონაწილე ევროპელი სახელმწიფოების დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის, აგრეთვე ევროკავშირის მიერ, ირანი დაიწყებდა ურანის გამდიდრებას და შემდგომში ასევე დაარღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ სხვა ვალდებულებებსაც. ირანს თავშეკავებისკენ მოუწოდეს საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმაც კი, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის მიერ ლიმიტების დარღვევას “ცეცხლთან თამაში” უწოდა. თავის მხრივ, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებმა 28 ივნისს გამართეს შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივანი ჰელგა შმიტი და ესწრებოდნენ ჩინეთის, რუსეთისა და ირანის წარმომადგენლები. მათი განცხადების თანახმად, სპეციალურად ირანთან ანგარიშსწორების მიზნით შექმნილი მექანიზმი INSTEX უკვე ფუნქციონირებს და პირველი ტრანზაქციებიც განხორციელდა. ამასთან, უკვე შერჩეულია ირანული საკორესპონდენტო ერთეული STFI, რომელთან თანამშრომლობაც ახლო მომავალში სრუფასოვანი გახდება.  ვნახოთ, საკმარისი აღმოჩნდება თუ არა ეს განცხადება და ნაბიჯები იმისათვის, რომ ირანმა არ გაზარდოს ურანის გამდიდრებისთვის ნებადართული ლიმიტი.   

როგორც თავში მოგახსენეთ, თითქოს სიტუაცია უნდა განიმუხტოს, დროებით მაინც; თითქოს უნდა წავიდეს ტემპერატურა დაწევისკენ, მაგრამ შფოთის მომგვრელ ახალ ამბებს ბოლო არა და არ უჩანს.  

ადრეც მოგახსენებდით, რომ ირანს, სანქციების წნეხის გამო შექმნილ ურთულეს ვითარებაში, ნაწილობრივ მაინც, თავი გაქონდა ნავთობის “შემოვლითი გზებით” გაყიდვით. კერძოდ, ირანული ტანკერები, ნავთობით დატვირთული, გადიოდნენ ზღვაში და შემდეგ თიშავდნენ სალოკაციო აღჭურვილობებს, რათა არ დადგენილიყო მათი ადგილმდებარეობა.

რამდენიმე დღის წინ ამერიკული მხარის თხოვნით, ბრიტანული სპეცდანიშნულების რაზმებმა, გიბრალტარის ძალოვანი სტრუქტურების და პორტის უსაფრთხოების თანამშრომლების მონაწილეობით, დააპატიმრეს ირანული სუპერ ტანკერი “GRACE 1”, რომელსაც მათი ინფორმაციით სირიის რეჟიმისთვის გადაჰქონდა ნავთობი. თავის მხრივ ასადის რეჟიმიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ არის და მისთვის ტვირთების გადაზიდვაზე მნიშვნელოვანი აკრძალვებია დაწესებული. ამ ფაქტმა ოფიციალური თეირანის მხრიდან ძალინ მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ჯერ იყო და ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და ახსნა განმარტება მოთხოვეს. მოგვიანებით კი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა გავლენიანმა პირებმა ულტიმატუმის ფორმით განაცხადეს, რომ თუ  ირანული ნავთობით დატვირთული ტანკერი არ იქნება გათავისუფლებული, ირანი საპასუხო ზომას მიიღებს და დააპატიმრებს ბრიტანულ ტანკერს. ცოტა ხნის წინ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების დაზიანების ფაქტებს და მათთან არცთუ უსაფუძვლოდ ირანის შემხებლობას თუ გავიხსენებთ, ნამდვილად არ უნდა გამოირიცხოს მოვლენათა ასეთი განვითარება.

რა უნდა თეირანს? ბირთვული იარაღის შექმნისთვის აუცილებელ ელემენტებზე თუ ვისაუბრებთ, ანუ ბომბის შესაქმნელად ურანი რომ უნდა გამდიდრდეს 90%-მდე და 25 კილოგრამი გამდიდრებული ურანის მისაღებად რომ უნდა საჭიროა ათასობით კილოგრამი გაუმდიდრებელი ურანი, ირანი, არსებული და შესაძლო დარღვევების გათვალისწინებით, ჯერი კიდევ ძალიან შორს არის ბირთვული იარაღის მიღებისგან. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტულია არა უშუალოდ ატომური ბომბის შექმნა, არამედ პარტნიორების იძულება, რომ მათ მიიღონ ქმედითი ზომები ირანთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. მაღალი ალბათობით, ირანი მომავალშიც განაგრძობს ამ თემით მანიპულირებას და აშშ-თან ერთად რეგიონში მისი მთავარი მოწინააღმდეგეების ისრაელისა და საუდის არაბეთის ტონუსში შენარჩუნებას. შესაძლოა, საბოლოო ჯამში ირანმა არც კი შექმნას ბირთვული იარაღი. ჩემი აზრით, მისთვის მთავარია ახლანდელი რთული ეკონომიკური ვითარების “გადაგორება” და ეკონომიკური სარგებელის მიღება. აი რაც შეეხება რეგიონში გავლენებზე უარის თქმას და სხვადასხვა დაჯგუფებების მხარდაჭერას, ამ საკითხში შეთანხმების მიღწევა, ირანში კარდინალურ ცვლილებებამდე წარმოუდგენლად მიმაჩნია.

ამიტომაც, ვიდრე იქნება აშშ-ში დონალდ ტრამპი და ირანის მმართველობაში რადიკალური სასულიერო პირებისა და სამხედროების მმართველობა, ცეცხლთან თამაში ურანით ხელში კვლავაც გაგრძელდება. ჩვენ მაინც იმედი ვიქონიოთ, რომ საღი აზრი იმარჯვებს და ეს ცეცხლთან თამაში კატასტროფულ ომში არ გადაიზრდება.   

გააზიარე