ელექტრომობილების ბაზრის განვითარების ტენდენციები

ecar feature-1

ამერიკის შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო დებატების მსვლელობისას საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა, პირობა დადო, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა ნავთობის ინდუსტრიაზე დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებდა. ასევე მხარი დაუჭირა 2050 წლისთვის ემისიების შემცირების პოლიტიკას და დააანონსა ელექტრომობილების წარმოებისა და დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება.

ავტოტრანსპორტის ელექტრიფიკაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა. აღნიშნულზე სწრაფად რეაგირებენ ბაზრები და შედეგიც აშკარაა: საგრძნობლად არის გაზრდილი ინვესტორების ინტერესი ელექტრომობილების ინდუსტრიის მიმართულებით. ზრდას განაგრძობს ჩინეთში მოქმედი ელექტრომობილების მწარმოებელი NIO-ს, ასევე – Tesla-ს აქციების ფასები.

ბოლო წლების განმავლობაში ავტობუსებისა და სატვირთო მანქანების ელექტრიფიკაციის და მათი ბაზრის გაფართოების ფონზე, ელექტრომობილების ინდუსტრია მნიშვნელოვნად ფართოვდება. განვითარებული ქვეყნების ისეთი  მიდგომები, როგორიცაა ნულოვანი ემისიების და საწვავის ეკონომიის პოლიტიკა, ავტოინდუსტრიისა და მომხმარებლებისთვის გრძელვადიან სიგნალს წარმოადგენს. საბაზრო ძალები და სხვადასხვა ქვეყნის ე.წ. მწვანე პოლიტიკა აჩქარებს ავტოტრანსპორტის ელექტრიფიკაციის ტემპს შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში.

2010 წელს მსოფლიოს გზებზე მხოლოდ ჩვიდმეტი ათასი ელექტრომობილი გვხვდებოდა, მაშინ როცა აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წელს 7.2 მილიონს შეადგენდა. 2018 წელს წინა წელთან შედარებით ელექტრომობილების გაყიდვების მოცულობის ზრდამ 65 პროცენტი შეადგინა. 2019 წელს კი ელექტრომობილების გაყიდვების რაოდენობამ 2.1 მილიონი ერთეული შეადგინა და 2018 წლის რეკორდული მაჩვენებელს 4 პროცენტით გადააჭარბა. 2019 წელს ელექტრომობილების გაყიდვებმა გლობალური მანქანების გაყიდვების 2.6 პროცენტი და გლობალური საავტომობილო პარკის დაახლოებით 1 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების მთლიანი პარკის 47 პროცენტი ჩინეთზე მოდის.

მიმდინარე პანდემიის მიუხედავად, ელექტრომობილების რეალიზაციის ზრდის ტენდენცია 2020 წელსაც შენარჩუნდა და 6 პროცენტით გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს. ბლუმბერგის კვლევის თანახმად, უფრო ხელმისაწვდომი დამტენი ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესებული ბატარეები და ახალი ბაზრები  2025 წლისთვის ელექტრომობილების რეალიზაციის გლობალური სამგზავრო მანქანების გაყიდვების – 10 პროცენტამდე, 2030 წელს კი 28 პროცენტამდე ზრდას გამოიწვევს.

2019 წელს მსოფლიოში არსებობდა დაახლოებით 7.3 მილიონი დამტენი მოწყობილობა, აქედან დაახლოებით 6.5 მილიონი იყო კერძო, მსუბუქი ავტომობილის ნელი დამტენები სახლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ შენობებსა და სამუშაო ადგილებზე. ხარჯთეფექტიანობა და მრავალფეროვანი მხარდაჭერის პოლიტიკა (როგორიცაა, მაგალითად, შეღავათიანი ტარიფები, დამტენი მოწყობილობის შეძენის წახალისება და ა.შ.) კერძო საკუთრებაში არსებული დამტენი მოწყობილობების გავრცელების ძირითადი მიზეზებია.

კერძო საკუთრებაში არსებული დამტენი მოწყობილობების განაწილება ქვეყნების მიხედვით

2019 წელს გლობალური მსუბუქი ავტომობილების დამტენი მოწყობილობების 12 პროცენტს საჯაროდ ხელმისაწვდომი დამტენები შეადგენდა, რომელთა უმეტესობა ნელი დამტენი მოწყობილობაა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 60 პროცენტით გაიზარდა, რაც ელექტრომობილების მარაგის ზრდის ტემპს აღემატება. ჩინეთი საჯაროდ ხელმისაწვდომი დამტენი მოწყობილობების რაოდენობითაც ლიდერობს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სექტორი მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს სხვადასხვა ქვეყანაში. NIO და სხვა ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიები ფინანსური მხარდაჭერის პროგრამით 2022 წლამდე სარგებლობენ. აღნიშნული მხარდაჭერა ელექტრომობილების დამტენ მოწყობილობებში 1.4 მილიარდი ამერიკული დოლარის სახელმწიფო ინვესტიციას გულისხმობს.

ევროპის ქვეყნებშიც მნიშვნელოვნად იზრდება ელექტრომობილების ინდუსტრია. 2019 წელს ევროპის მასშტაბით ელექტრომობილების მთლიანი რეალიზაცია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 44 პროცენტით გაიზარდა. კონტინენტის მასშტაბით ბაზრის ზრდის დაახლოებით ნახევარი გერმანიასა და ნიდერლანდებში მოთხოვნის ზრდას უკავშირდება, რასაც მოჰყვება საფრანგეთი და ნორვეგია. დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, სუბსიდიები შესყიდვებზე და ელექტრომობილის გაუმჯობესებული ბატარეა არის ევროპის ქვეყნებში მოთხოვნის ზრდის ძირითადი მიზეზი, თუმცა აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვან როლს ევროკავშირში ემისიის ახალი სტანდარტის დანერგვაც თამაშობს.

როგორც 2019 წლის ნოემბრის სტატიაში, სახელწოდებით  „ელექტრომობილების რბოლის დასაწყისი“ ვწერდი, ელექტრომობილის წარმოების იდეა ახალი სულაც არ არის  – მას  საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვს. იგი ერთ მომენტში ამერიკის შეერთებული შტატების ავტოპარკის დომინანტურ ტიპსაც კი წარმოადგენდა. დაიბრუნებს თუ არა ელექტრომობილი აღნიშნულ მდგომარეობას, ეს ელექტრომობილების ბატარეის წარმოების ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე, ეროვნული მარეგულირებლების მიერ გარემოს დაბინძურებაზე, რეგულაციების გამკაცრებასა და მთავრობების მხრიდან ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მხარდაჭერის მიდგომებზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული.

გააზიარე