ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლით საქართველო მსოფლიოში მე-100 ადგილზეა

ბესო-02 (3)

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური ეროვნული შემოსავლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-100 ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ქვეყანაში ერთ მოსახლეზე შემოსავალი სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლება და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. მსოფლიო ბანკი ერთ მოსახლეზე შემოსავალს მთლიანი ეროვნული შემოსავლის (მეშ) გადანაწილების მეთოდოლოგიითაც თვლის. მთლიანი ეროვნული შემოსავალი მთლიანი შიდა პროდუქტისგან (მშპ) იმით განსხვავდება, რომ შემოსავალს ქვეყნის რეზიდენტების მიხედვით თვლის, ანუ მშპ-ს ემატება ამ ქვეყნის რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ გამომუშავებული თანხა და აკლდება ქვეყნის შიგნით უცხოელების მიერ გამომუშავებული თანხა. საბოლოოდ ვიღებთ ქვეყნის რეზიდენტების მიღებულ შემოსავალს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. მაგალითად, საქართველოს მშპ-ს გამოაკლდება უცხოელების მიერ საქართველოში გამომუშავებული თანხა და დაემატება საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ გამომუშავებული თანხა.

ქვეყნების მაჩვენებლები ერთმანეთთან მეტად შესადარისი რომ იყოს, მსოფლიო ბანკი შემოსავალს „ატლასის მეთოდით“ თვლის. ეს მეთოდოლოგია მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მსგავსია, რადგან ქვეყნებს შორის განსხვავებულ ფასების დონეებს ითვალისწინებს.

მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევა 187 ქვეყანას მოიცავს.

საქართველო ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლით ზრდის რეიტინგში

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლით საქართველო 187 ქვეყანას შორის მე-100 ადგილზეა. რეიტინგი 2022 წლის მონაცემებით არის შედგენილი, როდესაც საქართველოში ერთ მოსახლეზე ეროვნულმა შემოსავალმა 5,620 დოლარი შეადგინა.

2021 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 4,700 დოლარი იყო და ქვეყანა რეიტინგში 106-ე ადგილს იკავებდა. 2022 წელს შემოსავლის ზრდა ამავე წელს დაფიქსირებულმა 10.1%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.

„ატლასის მეთოდით“ დათვლილი ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის ცვლილება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გარდა, ასევე დამოკიდებულია: ქვეყნის მოსახლეობის რიცხვის ცვლილებაზე, ინფლაციაზე, ლარის დოლარის მიმართ გაცვლის კურსზე და ემიგრანტების და იმიგრანტების გამომუშავებულ თანხაზე. როცა ლარი დოლარის მიმართ უფასურდება, თუ მას თან არ ახლავს ლარის გაუფასურების შესაბამისი ინფლაცია, დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი იზრდება. ეროვნული შემოსავლის ზრდა განაპირობა ემიგრანტების გადმორიცხული თანხის ზრდამაც.

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური ეროვნული შემოსავალი საქართველოში, დოლარი

წყარო: მსოფლიო ბანკი
ქვეყნები, სადაც შემოსავლები ყველაზე მაღალია

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2022 წელს ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი ყველაზე მაღალი ნორვეგიაში იყო – 95,510 დოლარი. მეორე ადგილზე ლუქსემბურგია 91,200 დოლარით. მესამეზე კი შვეიცარიაა 89,450 დოლარით. არაევროპული ქვეყნებიდან ტოპ-10-ში აშშ, კატარი და სინგაპური ხვდებიან.

ეროვნული შემოსავლის მიხედვით საქართველოსთან ყველაზე ახლოს აზერბაიჯანი (5,630 დოლარი), იამაიკა (5,670 დოლარი) და კოსოვო (5,590 დოლარი) არიან.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალშემოსავლიანი რუსეთია, ერთ მოსახლეზე 12,830 დოლარით. შემდეგ თურქეთი მოდის 10,590 დოლარით. სომხეთში ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 5,960 დოლარია.

ეროვნული შემოსავლით ყველაზე ღარიბი ქვეყანა ბურუნდია, სადაც ერთი მოსახლის საშუალო წლიური ეროვნული შემოსავალი 240 დოლარია. შემდეგ მოდის ავღანეთი 390 დოლარით, სომალი 470 დოლარით და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 480 დოლარით.

ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის მიხედვით, დოლარი, 2022 წელი

გააზიარე