ღვინის ექსპორტით საქართველო მსოფლიოში მე-19 ადგილზეა

ღვინის ექსპორტი 2

2022 წელს საქართველომ ექსპორტირებული ღვინის ღირებულებით მსოფლიოში მე-19 ადგილი დაიკავა.

სტატიაში ღვინის ექსპორტზე ინფორმაციის წყარო The World Factbook-ია, რომელიც ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მონაცემებს ეფუძნება. 2021 წელს საქართველო მე-18 ადგილზე იყო, ხოლო 2020 წელს მე-17 ადგილს იკავებდა.

2022 წელს საქართველომ 253 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა ექსპორტზე, რაც 5.5%-ით მეტია 2021 წლის ღვინის ექსპორტზე. 2022 წელს მსოფლიოში სულ 40 მილიარდი დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა. შესაბამისად, საქართველოს წილი მსოფლიო ექსპორტში 0.6% იყო.

საქართველოს ღვინის ექსპორტი სწრაფად 2013-2014 წლებში გაიზარდა, როდესაც რუსეთმა ქართული ღვინის შეტანა დაუშვა. 2013-2014 წლებში ღვინის ექსპორტი თითქმის გასამმაგდა. თუმცა 2015 წელს რუსეთის ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის ექსპორტი განახევრდა, 2016-2019 წლებში ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა. 2020-ში კი პანდემიის გამო შემცირდა. 2021-2022 წლებში ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა.

2022 წელს საქართველომ ღვინო სულ 66 ქვეყანაში გაიტანა. ყველაზე მეტი – 161 მლნ დოლარის რუსეთში გაიტანა, რაც ჯამური ექსპორტის 64%-ია. მეორე ადგილზე პოლონეთი იყო, სადაც 15 მლნ დოლარის ქართული ღვინო გაიყიდა. შემდეგ მოდის უკრაინა 14 მლნ დოლარით, ჩინეთი 12.5 მლნ დოლარით, ყაზახეთი 10 მლნ დოლარით, ბელარუსი 8 მლნ დოლარით და აშშ 5.3 მლნ დოლარით.

საქართველოს ღვინის ექსპორტი, მლნ დოლარი

წყარო: საქსტატი

მოცულობის მიხედვით, 2022 წელს საქართველომ ექსპორტზე 102 ათასი ტონა ღვინო გაიტანა, რაც 26%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. რუსეთში 70 ათასი ტონა გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 69%-ია. პოლონეთში 7 ათას ტონამდე ღვინო გავიდა, უკრაინაში კი 6 ათას ტონამდე.

ღვინის ექსპორტით ლიდერი ქვეყნები

The World Factbook-ის მონაცმებით, 2022 წელს ღვინის ექსპორტით მსოფლიოში პირველ ადგილზე საფრანგეთი იყო, რომელმაც საზღვრებს გარეთ 13 მილიარდი დოლარის ღვინო გაიტანა. საფრანგეთს ღვინის საექსპორტო ბაზრის 33% უჭირავს. მეორე ადგილზე იტალიაა, რომელმაც ექსპორტზე 8.3 მილიარდი დოლარის ღვინო გაიტანა. საფრანგეთსა და იტალიას ერთად ღვინის მსოფლიო ექსპორტის 53% წილი უჭირავთ. მესამე ადგილზე ესპანეთია 3.2 მილიარდი დოლარის ექსპორტით. ჯამში, ევროპულ ქვეყნებზე ღვინის მსოფლიო ექსპორტის 76% მოდის.

არაევროპული ქვეყნებიდან ღვინის ყველაზე დიდ ექსპორტს ჩილე (1.9 მილიარდი დოლარი) და ავსტრალია (1.5 მილიარდი დოლარი) ახორციელებენ.

ღვინის ექსპორტის ღირებულებით საქართველოსთან ყველაზე ახლოს ლიეტუვა (216 მლნ დოლარი) და ავსტრია (266 მლნ დოლარი) არიან.

საქართველოს გეოგრაფიული მეზობლები ღვინის წარმოებით და ექსპორტით არ გამოირჩევიან. 2022 წელს სომხეთმა 19 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა ექსპორტზე და მსოფლიოში 46-ე ადგილი დაიკავა. თურქეთმა 14 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა, აზერბაიჯანმა – 6 მლნ დოლარის, რუსეთმა კი 5 მლნ დოლარის.

ღვინის ექსპორტიორი ტოპ-20 ქვეყანა, 2022 წელი

 ქვეყანამლნ აშშ დოლარი
1საფრანგეთი12,950
2იტალია8,290
3ესპანეთი3,180
4ჩილე1,911
5ავსტრალია1,508
6აშშ1,465
7ახალი ზელანდია1,424
8გერმანია1,094
9პორტუგალია988
10არგენტინა788
11სამხრეთი აფრიკა697
12გაერთიანებული სამეფო684
13ბელგია609
14სინგაპური573
15ნიდერლანდები524
16ჰონგ-კონგი296
17დანია290
18ავსტრია266
19საქართველო253
20ლიეტუვა216

წყარო: The World Factbook, CIA

გააზიარე