ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და მისი სამართლებრივი ასპექტები
ხელოვნური ინტელექტი უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება გლობალურ დონეზე, როგორც საჯარო, აგრეთვე კერძო სექტორში, რასაც თან ახლავს სამართლებრივი რისკები.
ხელოვნური ინტელექტის განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში მოცემული არ არის, ასევე არ არსებობს ერთიანი დოკუმენტი, რომელშიც სახელმწიფოს სტრატეგია ან ზოგადი რეგულირების მოდელი იქნება ასახული. მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას, ხელოვნური ინტელექტის რთული ბუნებიდან გამომდინარე, საჭირო ხდება გამოწვევებთან მეტად მორგებული წესებისა და რეგულაციების შემუშავება.
ხელოვნური ინტელექტი გულისხმობს იმ პროცესს, რომელიც საშუალებას აძლევს კომპიუტერულ სისტემას, ადამიანის ტვინის სიმულაცია განახორციელოს, რაც შესაძლოა, გამოიხატოს ნებისმიერი ზოგადი სახის ამოცანის შესრულებაში.[1] ხშირად სწორედ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ხდება მონაცემთა გაანალიზება და გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს მიერ პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირება 2005 წელს განხორციელდა, რომელიც 2006 წლიდან სავალდებულო გახდა. აღნიშნული კონვენცია არეგულირებს თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის მიერ მონაცემთა დამუშავების პროცესს. ნიშანდობლივია, რომ კონვენციამ გაიარა მოდერნიზების პროცესი, რამაც ის ციფრულ ეპოქაზე მეტად მორგებული გახადა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კონვენციის მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ შეხვედრებში მონაწილეობდა, ის ჯერ არ წარმოადგენს მოდერნიზებული კონვენციის ხელმომწერ ქვეყანას. მოდერნიზებული 108-ე კონვენციის რატიფიცირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა დაფუძნდება ეროვნულ დონეზე.[2]
2020 წლის „ოქსფორდ ინსაითის“ კვლევაში სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების ხელოვნური ინტელექტის განვითარების დონე შეფასდა, მთავარ პრობლემად კი აღინიშნა ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიების არარსებობა. კვლევაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელოვნური ინტელექტის დაფუძნებისათვის ხელშემწყობი ბიზნესგარემო აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი საინვესტიციო პროგრამები და საჭირო ინფრასტრუქტურა.[3]
საქართველოს ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტში აღნიშნულია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების აუცილებლობა, თუმცა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ 2018 წელს ორგანიზებული ინოვაციებისა და სტარტაპ-ეკოსისტემების შესახებ კვლევის მიხედვით, საქართველოს ბიზნესინოვაციების სფეროში [4] დაბალი ხარისხის აქტივობა ახასიათებს.
ბიზნესსექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ორი შემთხვევის გამოყოფა არის შესაძლებელი: პირველი, როდესაც კომპანიების მიერ ხდება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტებისა და/ან სერვისების შემუშავება და შეთავაზება, მეორე, როდესაც კომპანიები, რომლებიც თავად არ ქმნიან/სთავაზობენ ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებს/მომსახურებას, მაგრამ გამოიყენებენ თავიანთ საქმიანობაში.[5]
ადგილობრივ კომპანიებს ძირითადად უცხოურ ბაზრებზე ოპერირების გამოცდილება აქვთ. კომპანიების მიერ ადგილობრივი ბაზრის მიმართ გულგრილობა ნაწილობრივ აიხსნება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებზე არსებული მცირე მოთხოვნით და ადგილობრივ დონეზე ინდუსტრიული განვითარების ნაკლებობით.[6]
ხელოვნური ინტელექტის განვითარებას განაპირობებს დიდი რაოდენობით მონაცემთა ფლობა და დამუშავება, ქართულ ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს უწევთ ძირითადად მონაცემთა შეზღუდული რაოდენობისა და ღია მონაცემთა წყაროების გამოყენება, რადგანაც სამართლებრივი/პოლიტიკის ჩარჩოს არარსებობა განაპირობებს საზოგადოების უნდობლობას. ხოლო უფრო მეტ და უკეთესი ხარისხის მონაცემებზე წვდომა მნიშვნელოვანია ქართული კომპანიების პოტენციალის გამოვლენისთვის.[7]
საქართველოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თვალსაზრისით ფინანსური ინდუსტრია ლიდერობს. სწორედ ფინანსური სექტორის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მზარდმა მაჩვენებლებმა გამოიწვია მისი რეგულირების აუცილებლობა. [8]
საქართველოში ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გამოყენების რეგულირების ერთ-ერთ პირველ მცდელობად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 2020 წელს მიღებული დებულება შეიძლება, ჩაითვალოს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტების ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელებისა და მათ მიმართ რისკების ეფექტიანად მართვის ხელშეწყობას და რისკების მართვის ჩარჩოს ჩამოყალიბებას ემსახურება. აღნიშნულ დოკუმენტში არ არის განმარტებული ხელოვნური ინტელექტი, თუმცა ხაზგასმულია ის მთავარი რისკი, რაც შეიძლება, ხელოვნურ ინტელექტს ახლდეს: მონაცემებში ან/და ალგორითმში შესაძლოა არსებობდეს ისეთი კანონზომიერება, რომლის გამოც შესაძლებელია ცალკეული ინდივიდისათვის ან ჯგუფისათვის არასამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანა. დებულებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემის გამოყენება საჭიროებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რისკის შეფასების საფუძველზე წინასწარ გაცემულ თანხმობას. დოკუმენტში აგრეთვე გათვალისწინებულია ვალდებულება, რომ სისტემის მოდელის აგების ეტაპზე შეფასდეს გამოყენებული მონაცემების ხარისხი და რელევანტურობა. აღნიშნული ჩანაწერი, ერთი მხრივ, აზღვევს დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო მეორე მხრივ პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალ სტანდარტს აწესებს, და მათი დამუშავება მხოლოდ რელევანტურობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.[9]
ევროპარლამენტი და ევროსაბჭო აღიარებენ ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის და აქტიურად მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის რეგულირების კანონპროექტზე, რომელიც მიმართული იქნება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემების შიდა ბაზრის რეგულირებისკენ, სადაც როგორც რისკები, ასევე სარგებელი ადეკვატურად იქნება შეფასებული. კანონპროექტში ევროკავშირის მიზანი მკაფიოდ იკვეთება – იყოს გლობალური ლიდერი ისეთი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, რომელიც იქნება სანდო, უსაფრთხო და ეთიკური. კანონპროექტის მოქმედების არეალი საკმაოდ ფართოა, იგი ვრცელდება არა მარტო იმ პროვაიდერებზე, რომლებიც ახორციელებენ ხელოვნური ინტელექტის ევროკავშირის ბაზარზე გამოყენებას, არამედ აგრეთვე ევროკავშირის ტერიტორიაზე მდებარე ხელოვნური ინტელექტის მომხმარებლებზე და მესამე ქვეყანაში განთავსებულ ხელოვნური ინტელექტის მომხმარებლებსა და პროვაიდერებზე, თუ მათ მიერ წარმოებული პროდუქტი გამოიყენება ევროკავშირის ტერიტორიაზე.[10]
ხელოვნური ინტელექტის მიმართ სანდოობის გაზრდა აუცილებელია, რათა მისი გამოყენება ბიზნესსექტორმა უფრო აქტიურად დაიწყოს. ამასთანავე, შესაბამისი რეგულაციების არსებობა შექმნის გარანტიას ინდივიდებისთვის, რომ მათ შესახებ გადაწყვეტილება გამოტანილი იქნება სამართლიანად, კანონისა და რეგულაციების დაცვით. ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესი შეუქცევადია, მაშასადამე, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო რეგულაციები შესაბამისობაში იყოს თანამდევ გამოწვევებთან.
წყაროები:
[1] UN, Emerging technologies whitepaper series: Artificial Intelligence, UN Office of Information and Communication Technology ( July 2018) https://unite.un.org/sites/unite.un.org/files/emerging-tech-series-ai.pdf (31.05.2022);
[2] ქეთევან კუკავა და ახალაძე ნატა. “მოდერნიზებული 108-ე კონვენციის მნიშვნელობა საქართველოსთვის” ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (აპრილი 2021),https://idfi.ge/ge/the__significance_of_the_modernized_convention_108_for_georgia (18.06.2022);
[3] ნატა გოდერძიშვილი,ხელოვნური ინტელექტი: არსი, საერთაშორისო სტანდარტები, ეთიკური ნორმები და რეკომენდაციები. (თბილისი: ინფორმაცისს თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, 2020) 32–33 https://idfi.ge/public/upload/Article/AI%20ENG%20FULL.pdf (05.26.2022);
[4] KANTOR Management Consultants Consortium, ICT INNOVATION AND START-UP ECOSYSTEMS
STUDY REPORT (KANTOR Management Consultants Consortium, 2018) https://eufordigital.eu/wp-content/uploads/2019/10/3.ICT-innovation-and-start-up-ecosystems.pdf;
[5] Giorgi Parulava, Georgia – Fit for the Age of Artificial Intelligence? (Tbilisi: PMC research center:2021) pp.21-23cbd96051ba6a06aac.pdf (pmcg-i.com) (13.05.2022);
[6] Ibid.
[7] Ibid.
[8] Ibid.
[9] საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბრძანება 151/04 მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე (საკანონმდებლო მაცნე: 18.08.2020);
https://www.matsne.gov.ge/document/view/4964423?publication=0 (06.22.2022);
[10] საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბრძანება 151/04 მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე (საკანონმდებლო მაცნე: 18.08.2020)
https://www.matsne.gov.ge/document/view/4964423?publication=0 (06.22.2022).
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on November 2, 2022