კლინიკური დეპრესია და შრომის ბაზარი

ლაითაძე

The absence of hope. That very deadened feeling of depression,
which is so very different from feeling sad.

J.K. Rowling

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული სამედიცინო-კვლევითი ცენტრის, მაიო კლინიკის (Mayo clinic) განმარტებით, კლინიკური დეპრესიის (MDD – major depressive disorder) სიმპტომებია სევდა, უიმედობა, შფოთი, განგაში, ოდესღაც სასიამოვნო საქმიანობ(ებ)ის მიმართ ინტერესის დაკარგვა, ენერგიის ნაკლებობა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება. სუბდეპრესია კი ის მდგომარეობაა, როდესაც დღის განმავლობაში ჯერ კიდევ არ წევხარ კედლისკენ მიტრიალებული, მაგრამ გინდა სადმე, ჩუმად მოკვდე და გაქვს იმის ძალა, რომ პურის საყიდლად გახვიდე ან შვილს ცალი თვალით სკოლის დავალებები შეუმოწმო. ადამიანები ცდილობენ, შენიღბონ ასეთი მდგომარეობა.  ჩივილი ნაკლებადაა, რადგან მოდაშია ყველაფრის მოსწრება, „წარმატებები“ და მბრწყინავ სოციალურ მწვერვალებზე სიხარულით აცოცება ხელში მობილური ტელეფონით, სელფისთვის.

ყველაზე საშინელი დეპრესიები უსიტყვოა, უენო: ალბათ გვინახავს პროფესორი, რომელიც ყრუდ და მძიმედ სვამს ალკოჰოლს ან შინაგანი წყვდიადისგან მხრებში მოხრილი ხელოსანი. იმ წყვდიადისგან, რომელსაც არც სახელი და არც ხმა არა აქვს. ისინი არ იყენებენ ისეთ ხელოვნურ, ლამის პლასტმასის სიტყვებს, როგორიცაა რეფლექსია, ბენეფიციარი ან ადვოკატირება. ისინი არ დაწერენ პათეტიკურ ტექსტებს სოციალურ ქსელებში, არ წავლენ ექიმებთან, არც წამლებს დალევენ. ისინი ადრე მოკვდებიან, რადგან დეპრესია ონკოლოგიურ ავადმყოფობებზე არანაკლებ ჭამს ადამიანს.

დეპრესია არ არის ცუდ ხასიათზე ყოფნა ან სევდიანობა. ეს განწყობები, როგორც წესი, უკავშირდება რაღაც კონკრეტულ მოვლენას და ამ მოვლენის გავლის შემდეგ ქრება, ხოლო დეპრესიას კონკრეტული ამბავი არ უდევს საფუძვლად. მისი გენეზისი ზუსტად არ არის ცნობილი და იგი გრძელდება თვეების, ხანდახან წლების განმავლობაში. ის ძალიან უშლის ხელს ადამიანს ოჯახურ და სოციალურ ცხოვრებასა თუ პროფესიულ საქმიანობაში,   ხშირად კი საერთოდ ბლოკავს მას.

გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, სავარაუდოდ, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 5% (დაახლოებით 385 მლნ ადამიანი) დეპრესიითაა დაავადებული. გულ-სისხლძარღვთა, ავთვისებიან დაავადებებთან, ართრიტთან და დიაბეტთან ერთად კლინიკური დეპრესია იკავებს ადგილს „საპატიო“ ხუთეულში, რომლებზეც  მოდის შრომისუნარიანობის დაკარგვის ყველაზე მეტი შემთხვევა მსოფლიოში. განსხვავებით სხვა ავადმყოფობებისგან, დეპრესია ხშირად სტიგმაა და ყველაზე ნაკლებად იწვევს თანაგრძნობას, რადგან დეპრესიული ადამიანის გარშემო მყოფნი კარგად ან საერთოდ ვერ ითავისებენ, ვერ იგებენ მათი ახლობლის ან კოლეგის მდგომარეობას. დეპრესიას გამამხნევებელი შემოძახილები და პოზიტიური ფიქრების მოხმობა არ შველის. იგი იკურნება საკმაოდ ხანგრძლივი  მედიკამენტოზური ჩარევით (უფრო სწორად კი, ხშირად უკან იხევს იმ დონემდე, რომ ადამიანს სოციალური ფუნქციონირების უნარი დაუბრუნდეს).

კლინიკური დეპრესიისა და სუბდეპრესიების მიერ გამოწვეული საზოგადოებრივი ზარალი ძალიან ძნელი აღსარიცხავია, რადგან ბევრ ქვეყანაში თითქმის არ აფიქსირებენ ამ მდგომარეობას ან არასწორი სტატისტიკაა. იმ ქვეყნებში, სადაც აღრიცხვა მეტ-ნაკლებად მიმდინარეობს, დეპრესიის შედეგად გამოწვეული შრომითი არაპროდუქტიულობის და დაქვეითებული პროდუქტიულობის შედეგად წარმოქმნილი (როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი) ზარალის მაჩვენებელი გასაოცარია: მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ინდიკატორი, სხვადასხვა შეფასებით, წლიური 180-დან 220 მლრდ-მდე აშშ დოლარია. აქვე უნდა ვთქვათ, რომ კლინიკური დეპრესიის შემთხვევები არათანაბრადაა გადანაწილებული ასაკის, სქესის, პროფესიული საქმიანობისა და სხვა კატეგორიების მიხედვით, თუმცა საზოგადოების არცერთი სექტორი მის მიმართ იმუნური არ არის.

კლინიკური დეპრესიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატერიალური ზეგავლენა ადამიანზე (და მის ოჯახზე) არის შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი მონაწილეობის შემცირება. გარდა არარეალიზებული შემოსავლისა, ირევა ყოველდღიური ცხოვრების სტრუქტურა და ზოგადად მიზანი, იკარგება და/ან ხუნდება სოციალური ურთიერთობები. შრომითი და სოციალური ცხოვრების ეროზიამ შეიძლება გააღრმაოს დეპრესია.

ყველა მეცნიერული კვლევა ადასტურებს, რომ კლინიკური დეპრესია დაკავშირებულია უზარმაზარ ხარჯებთან – მათში  ლომის წილი მიუძღვის არა პირდაპირ ხარჯებს, არამედ შემცირებულ შრომისუნარიანობას, რომელიც აისახება როგორც შესრულებული საქმის რაოდენობაში, ასევე მის ხარისხში. კარგი ამბავი კი ისაა, რომ, კვლევების თანახმად, დეპრესიის მედიკამენტოზურ მკურნალობას დადებითი შედეგი მოაქვს შემთხვევების 80%-ში. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ბოლო ათი წლის განმავლობაში დეპრესიების რაოდენობა კი არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია (როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში) დეპრესიით დაავადებულთა მხრიდან ამ საკითხში გაუთვითცნობიერება, უცოდინრობა, რისი შედეგიც არის დაბალი მიმართვიანობა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმებთან.  პოტენციურ პაციენტებს და მათ ოჯახებს დეპრესია ხშირად ჰგონიათ ხასიათის ორგანული მახასიათებელი და საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. გლობალურად, ასევე სცოდავს სამედიცინო სექტორიც, რომელიც ნაკლებად მიმართავს აქტიურ კამპანიას ცნობიერების დონის ასამაღლებლად. მსოფლიოში აგრეთვე პრობლემაა პირველადი ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ექიმების დაბალი ფსიქიატრიული კვალიფიკაცია.

საქმე არ ეხება მხოლოდ საზოგადოებისათვის ეკონომიკური ტვირთის შემსუბუქებას, არამედ უამრავი ადამიანის დეპრესიის მარწუხებიდან გამოგლეჯას. მხოლოდ დეპრესიაგამოვლილ ადამიანებს ესმით კარგად, თუ როგორ ჯოჯოხეთში იტანჯებიან მათი ახლობლები თუ თანამოქალაქეები.

კლინიკური დეპრესია ვერაგია – როდესაც ადამიანი გამოჯანმრთელდება, მას ხშირად ავიწყდება, თუ რა  ცუდად იყო და უკვირს კიდეც თავისი წინანდელი მდგომარეობა. სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად მთლიანი გამოჯანმრთელება არ არსებობს – დეპრესია მიდის რემისიაში, დროებით უკან იხევს მხოლოდ იმისთვის, რომ რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ გამოგზავნოს ვირთხები მოზეიმე ქალაქის ქუჩებში.

გააზიარე