თანამშრომელი - მთავარი ღერძი და ღირებულება | CSR სიტყვიდან საქმემდე

CRS web 2

ცოტა ხნის წინ მოულოდნელ ადგილას მოვხვდი; ბარსელონის სიახლოვეს მდებარე ინდუსტრიულ სოფელში, რომელსაც Colonia Güell -ს უწოდებენ. ეს განსაკუთრებული ადგილი დღეს უკვე ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევა არა მხოლოდ იქ არსებული არქიტექტურული ნიმუშების, არამედ იმ იდეის გამოც, რომელიც მისმა ავტორმა მე-19 საუკუნის მიწურულს ჩაიფიქრა და განახორციელა.

ჩემი იქ მოხვედრა ანტონიო გაუდის ფანტასტიკური ნახელავის ნაკვალევზე სიარულის შედეგია, თუმცა იქ ყოფნისას მალევე აღმოვაჩინე, რომ გაუდის მიერ აგებული იქაური ტაძარი, Crypta, რომელსაც საგრადა ფამილიას დიდ და შთამბეჭდავ რეპეტიციადაც მოიხსენიებენ, საინტერესო მიგნებების მხოლოდ დასაწყისი ყოფილა.

ტექსტილის ფაბრიკის გარშემო ამ ინდუსტრიული დასახლების მშენებლობა მეწარმე ეუსები გუელმა 1890 წლიდან დაიწყო, ანტონიო გაუდისთან ერთად იმ დროის სხვა დიდი არქიტექტორებიც მოიწვია, რომელთა ძალისხმევით დაპროექტდა და შეიქმნა ქალაქი ფაბრიკის გარშემო – განსაკუთრებული დაკვირვებით და შორსმავალი მიზნებით შექმნილი ადგილი, სადაც ყველაფერი ფაბრიკაში დასაქმებული ადამიანებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის განისაზღვრა და მოეწყო. წარმოუდგენელი სილამაზის Art Nouveau-ს სტილის შენობები აქ ერთმანეთს ენაცვლებიან და ყოველი მომდევნოს აღმოჩენისას და მისი დანიშნულების გაგებისას, გაკვირვება და აღფრთოვანება სულ უფრო მატულობს. საგანმანათლებლო სივრცეები, ბიბლიოთეკები, თეატრი, სახელოვნებო ადგილები, სპორტული დარბაზი, სამედიცინო დაწესებულება, მწვანე პარკები. და ეს ყველაფერი შექმნილი იმისთვის, რომ იქ დასახლებული და მომუშავე ადამიანების ცხოვრება მრავალფეროვანი ყოფილიყო და მათ ახალი ცოდნის შეძენისა და განვითარების შესაძლებლობაც მისცემოდათ.

პირველად აღმოვჩნდი ისეთ ადგილას, სადაც კულტურული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები ნაბიჯ-ნაბიჯ და თვალსაჩინოდ გიყვებიან იმ ამბებს, რომლებიც თითქოს დღეს, თანამედროვე კორპორაციული პასუხისმგებლობის კონცეფციის საილუსტრაციო მასალად წარსულიდან მოგვაწოდეს. გვანახეს, რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ბიზნესის წარმატების გზაზე ფიქრობდნენ და რაც მთავარია, ქმნიდნენ და აშენებდნენ მათი საქმის მთავარი მამოძრავებელი ძალისთვის – მათი თანამშრომლებისთვის.

ამ ადგილის მონახულებისას, ჩვენი წარსულის გადმოძახილიც გახსენებს თავს და აუცილებლად გაპოვნინებთ პარალელს ჩვენი ქვეყნის წარსულთან და მის უდიდეს წარმომადგენელთან, დავით სარაჯიშვილთან, მის სამეწარმეო საქმიანობასთან. ადამიანთან, რომლის სახელიც, განსაკუთრებით დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, ყოველთვის იქნება ერთ-ერთი პირველი, ვისთვისაც სამეწარმეო საქმის თანამდევი ნაწილი პასუხისმგებლობიანი ქმედება და ფიქრი იყო.

ინფორმაცია მისი საქმის შესახებ მეტ-ნაკლებად გვაქვს შემონახული, თუმცა კარგ შესწავლას და კიდევ უფრო მთავარს – სათანადო გააზრებას ნამდვილად საჭიროებს. ამჯერად კი მის ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას გამოვყოფ; იმას, რაც თანამედროვე კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ამოსავალი და ხშირად პრობლემური საკითხია და მიგვანიშნებს, რომ ბიზნესის განვითარება უნდა დაემთხვეს ადამიანების განვითარებას, მათ კეთილდღეობას. აქ კი გადამწყვეტი კომპანიის შიდა მიდგომები, ანუ თანამშრომლებთან მართებული დამოკიდებულებაა.

წყაროების თანახმად, დავით სარაჯიშვილისთვის ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ყოფილა. სწორედ ამიტომ მან თავის საწარმოში პირველმა შემოიღო 8-საათიანი სამუშაო დღე, რაც სიახლე იყო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ბევრი ევროპული სახელმწიფოსთვისაც. მის სახელს უკავშირდება შვებულების პერიოდში ხელფასის შენარჩუნება დასაქმებულთათვის, ფაბრიკის მუშებისათვის სასადილოს მოწყობა, ბიბლიოთეკის და სამკითხველო დარბაზის გახსნა. ცალკე, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მის მიერ დატოვებული ანდერძი, რომლის ერთ-ერთი პუნქტის თანახმადაც, ქარხნებიდან შემოსული თანხების ნაწილი მუშების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა.

Colonia Güell -ისგან განსხვავებით, დავით სარაჯიშვილის თანამშრომლებისთვის გაკეთებული საქმე თვალსაჩინოდ შემონახული არ გვაქვს, თუმცა, როდესაც მის მიდგომებს ვეცნობით, ნათლად ვხედავთ მთავარს – მის დამოკიდებულებას, როგორ ხედავდა მასთან დასაქმებული ადამიანების როლს და მნიშვნელობას. სწორედ იმას, რაზეც დღეს ასე აქტიურად საუბრობენ ბიზნესის განვითარების კუთხით.

ზოგადად, დამკვიდრებული ინერციის გამო, კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხი ხშირად კომპანიის გარეთ მიმავალ პროცესად აღიქმება და კომპანიის მმართველ გუნდს ავიწყდება, რომ ამ საკითხის წარმატებისთვის ერთ-ერთი მთავარი თანამშრომელი და მის მიმართ არსებული კომპანიის შიდა მიდგომებია.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნილი ყველა პროექტი, ინიციატივა წარმატებული იქნება, თუ ამ პროცესში თანამშრომლების როლს სათანადოდ დავინახავთ.

თანამშრომელი – თანამოაზრე, კომპანიის ინიციატივების თანამონაწილე და გულშემატკივარი, რომელმაც იცის, რომ კომპანია, რომლისთვისაც მუშაობს, სასარგებლო ცვლილებებისთვის მომტანია. რომელიც გრძნობს, რომ მასზეც ზრუნავენ, მას აფასებენ, მის აზრს ითვალისწინებენ. სწორედ ამგვარ დამოკიდებულებას მოაქვს გრძელვადიანი და მყარი წარმატება კომპანიისთვის.

დღეს, არაერთი კვლევის შედეგების გათვალისწინებით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ის მთავარი დადებითი შედეგები, რაც ამგვარ მიდგომას მოაქვს კომპანიისთვის:

  • პროფესიონალი სპეციალისტების მოზიდვა და შენარჩუნება; ადამიანებს სულ უფრო მეტად აინტერესებთ, რა ღირებულებების მქონე კომპანიაში მუშაობენ და თავადაც თუ არიან ამ ფასეულობის შექმნის მონაწილეები.
  • მოტივირებული, ჩართული ადამიანებისგან შემდგარი გუნდი; პასუხისმგებლობიანი მიდგომები მოიცავს ზრუნვას თანამშრომლების განვითარებაზე. ხელშეწყობას ახალი ცოდნის მიღებისას, უნარების გაუმჯობესებასა და ნიჭის გამოვლენის დროს.
  • ჯანმრთელი გარემო; როდესაც კომპანია ზრუნავს თანამშრომლებზე, მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ეს ყოველთვის დადებითად აისახება მის წარმატებულ სამუშაო პროცესებზე.
  • ჰარმონიული შიდა კულტურა; სარგებლობის მომტან თემატიკას აქვს განსაკუთრებული უნარი, გააერთიანოს ადამიანები, საკუთარი წვლილის გაღების სურვილი გაუჩინოს და გუნდურ მუშაობას შეუწყოს ხელი.
  • კომპანიის მყარი რეპუტაცია; თანამშრომელი არის ყველაზე სანდო და ეფექტიანი კომუნიკატორი, რომელიც მოჰყვება და გადასცემს ინფორმაციას კომპანიის გარეთ მყოფ ადამიანებს. გააძლიეროს დადებითი და მყარი განწყობები კომპანიის მიმართ.

სწორედ ამ მიზნების მისაღწევად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიდგომების დანერგვისას უმნიშვნელოვანესია თანამშრომლების პროცესებში ჩართვა, მათთან აქტიური და თანამიმდევრული კომუნიკაცია. ხშირია, როდესაც ამა თუ იმ კომპანიის თანამშრომელს, მისი კომპანიის რომელიმე ახალ და გარე არხებში ხმამაღლა გამოცხადებულ ინიციატივაზე არანაირი ინფორმაცია არა აქვს და არც ამ საკითხის სასარგებლო მიზნის ირგვლივ გაუგია რაიმე.

ამიტომ გადამწყვეტია, ინფორმაციის მიწოდება ორმხრივ პროცესად და იდეების გაცვლის შესაძლებლობად ვაქციოთ. სანამ რომელიმე პროექტის შესახებ საზოგადოებას გარეთ მოვუყვებით, ჯერ ჩვენი, შინაურების აზრი გავიგოთ, იდეები ვკითხოთ, მათი აზრები გავითვალისწინოთ, ჩართვისთვის მადლობაც გადავუხადოთ და შემდეგ ვნახოთ, დავაკვირდეთ ერთობლივად შექმნილი ჩვენი ახალი ინიციატივა უფრო ეფექტიანად და ამომწურავად მისწვდება თუ არა ფართო აუდიტორიას გარეთ.

გააზიარე