კრიტიკული მედია „კოლექტიური პუტინის“ პირისპირ

გერსამია

მსოფლიო მედია ორი მთავარი თემითაა მოცული: პანდემიით და ოლიმპიადით.  PR-ის სპეციალისტები და მკვლევრები თანხმდებიან, რომ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის ფორმირების ერთ-ერთი მდგენელი სპორტულ აქტივობებში პოზიციონირებაა. ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებში პატარა ქვეყნის დიდ წარმატებას ქვეყნის ცნობადობის გაზრდა და რებრენდინგიც კი შეუძლია. აქ ყველაფერი კომპლექსურად მუშაობს: დროშა, ჰიმნი, გამარჯვების ემოცია. ოღონდ მე, ყოველი ოლიმპიადის მოახლოებისას, პუტინის 2008 წლის სამხედრო აგრესია მახსენდება, რომელიც ოლიმპიადის ფონზე დაგვატყდა თავს და დღემდე ჰიბრიდული ომით გრძელდება.

ინსტიტუციები = საერთაშორისო იმიჯი

თურმე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის ფორმირებაზე ყველაზე დიდ ზეგავლენას ინსტიტუციები (სასამართლო, მედია, ჯარი, საკანონმდებლო ორგანო, პოლიცია და სხვ.) ახდენენ. იმ ქვეყნებში, სადაც  ინსტიტუციები გამართულად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად მუშაობენ, ქვეყნის იმიჯიც სანიმუშოა. აქაც, საქართველოს მთავარი მტერი მახსენდება, რომელიც ჩვენი საერთაშორისო იმიჯის გასანადგურებლად ინსტიტუციების ჩამოშლაზე  სისტემურად და თანამიმდევრულად მუშაობს. ამას თავისი მოკავშირეების (შინ თუ გარეთ) დახმარებით აკეთებს.

თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო რეპუტაციას ქმნის ისიც, თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა პანდემიას. გულდასაწყვეტია, რომ პანდემიის მართვისას, ჩვენ ვაქცინაციის რეგისტრაციის საიტის გამართვაც ვერ შევძელით. ეს პატარა დეტალიც სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემურად ჩამოშლის მაჩვენებელია. ოცდამეერთე საუკუნეში საიტის გამართვა ისევე მარტივია, როგორც დროშის სწორად დაკიდება ან როგორც  მეოცე საუკუნის ბოლოს ელექტროენერგიით და გაზით მომარაგება იყო. ამ გადმოსახედიდან, აღარც მგონია, საკამათო იყოს, რომ 90-იან წლებში მოსახლეობის სიბნელეში ჯდომა და ქვეყნის გაბანძებული იმიჯი, მტრული და მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი გახლდათ.

სამწუხაროდ, როცა ყოველდღიურობად იქცევა კორუფციაში მხილება, ადამიანის უფლებების დარღვევა, ეკონომიკის კოლაფსი, მედიაზე შეტევა –  ეს შეიძლება ქვეყნის „სამარკო ნიშნად“ იქცეს და, შედეგად, ჩვენი საერთაშორისო იმიჯი ჩამოიშალოს. სწორედ ამის მცდელობაა ყოველ ჯერზე რუსეთის მხრიდან, როცა თავისი საცეცების დახმარებით ცდილობს, მთელ მსოფლიოს აჩვენოს, როგორი განუვითარებელი, არადემოკრატიული, არაცივილიზებული ქვეყანა ვართ (სადაც ცემენ და კლავენ ჟურნალისტებს, ჩაგრავენ უმცირესობებს, წვავენ ევროკავშირის დროშას). ქვეყანაში დიდი ხანია, წვეთწვეთობით გვაგუებენ ამ ტიპის „გადაცდომებს“. იქ, სადაც სახელმწიფოდ არსებობის გამოცდილება და მეხსიერება ფრაგმენტულია, ვერც ადამიანები რეაგირებენ დროულად იმ ერთი შეხედვით „პატარა“ ხარვეზებსა და შეცდომებზე, რომელთა გამოც განვითარებულ ქვეყნებში ხელისუფლება გადადგებოდა.

რუსული გეგმით, ახლა სისტემურად ხდება მედიის, როგორც ინსტიტუციის მოგუდვა. ხალხი კი არ და ვერც იცავს მედიას. ის საკუთარ თავსაც ვერ იცავს, რადგან,  მტრისგან განსხვავებით, ამისთვის უბრალოდ მოუმზადებელია.

დაიცავი მედია და მედია დაგიცავს შენ

მედია გვეუბნება, რა თემებზე ვიფიქროთ. მედია გვეუბნება, ამ თემებზე რა კუთხით შეგვიძლია ვიფიქროთ. ეს ვიცით ჩვენ და იცის მტერმაც. ამიტომ მტერს სურს გააკონტროლოს, რა თემებზე და როგორ ვიფიქროთ.

ინფორმირებული ადამიანი უფრო დაცულია, რადგან მას გაცნობიერებული და სწორი არჩევანის გაკეთება შეუძლია. ამ პროცესში მედიის როლი შეუცვლელია და მას ამ ფუნქციის განსახორციელებლად კრიტიკული კითხვების დასმა სჭირდება. მედია საზოგადოებასაც უჩენს კრიტიკულ კითხვებს, დისკუსიის სურვილს. ინფორმირებული და კრიტიკული კითხვებით შეიარაღებული საზოგადოების ჯგუფების მანიპულირება კი რთულია. მოკლედ, მედია იცავს ჩვენს უფლებას – ვიყოთ ინფორმირებულნი და მანიპულაციისგან დაცულები.

წინასაარჩევნოდ ჩვენ იმ რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, როცა  მედიას განადგურება ემუქრება და ეს ყველაზე მეტად ამომრჩეველს აზიანებს. თუ მედია ჩაქრება – ჩვენ უბრალოდ აღარ გვექნება ის ფანჯარა, რომელიც გვახედებს იქ, სადაც ფიზიკურად არ ვართ. შეიძლება სელექციურად ვიცოდეთ, რა ხდება უცხოეთში, მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ დეტალურად არ გვეცოდინება, რა ხდება იქ, სადაც ვცხოვრობთ? ამ შემთხვევაში, ინფორმაციის არქონა დაუცველობას და შეცდომების დაშვებას ნიშნავს.

„კოლექტიური პუტინი“ დეტალებშია

როცა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დაზიანებაზე ვსაუბრობთ და იმაზე, რომ მოსახლეობის ჰიბრიდული გენოციდი მიმდინარეობს, ბევრს მაინც ეშინია იმის აღიარება და თქმა, რომ საქართველოს ამ ფრონტზე რუსეთი ებრძვის, დიდი რესურსებით. ვისაც ჰგონია, რომ რუსეთი შეგვეშვა, თავს იტყუებს. მას, უბრალოდ,  საკუთარ ფიქრებშიც კი, ამ საფრთხის წინაშე პირისპირ დარჩენის ეშინია. შიში გასაგებია, მაგრამ თავის მოტყუების რეჟიმში, ჰიბრიდულ და საინფორმაციო ომს ვაგებთ. ვაგებთ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ არ უნდა გააღიზიანოს მტერი და, შედეგად, მოძალადის თამაშის წესები მიიღო.

მოკლედ, ეშმაკი აქაც დეტალებში იმალება. გული მწყდება, რომ 90-იან წლებში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება ჯერ კიდევ ვერ შევაფასეთ ღიად, როგორც რუსეთის პროექტი, რომელმაც არაინფორმირებული ხალხი და ახალდაბადებული სახელმწიფო შეიწირა. 30 წლის მერეც გვეხამუშება, პირში ვუთხრათ პუტჩისტებს, რომ მაშინ რუსეთის გეგმა განახორციელეს და ქვეყანა ჭაობში ჩაძირეს. და ვის აქვს ილუზია, რომ ახლა  რუსეთი (უფრო ძლიერი და გათავხედებული) საქართველოს განადგურების ძალიან კონკრეტული გეგმის გარეშეა?

საქართველოს დასამორჩილებლად რუსეთს უნდა აწყობდეს, რომ ქვეყანა  იყოს ღარიბი, მშიერი, დაჩმორებული, მორყეული სისტემებით და ჩამოშლილი ინსტიტუციებით. სჯობს ვაღიაროთ, რომ იქ, სადაც ინსტიტუციები გვენგრევა და ქვეყანა ბანძდება (ჩვენივე მოქალაქეების არაინფორმირებულობისა თუ პირდაპირი ღალატის მიზეზით), სინამდვილეში შეიძლება მონსტრი-რუსეთი გვებრძოდეს. ამიტომ, სულ არაა გასაკვირი, რომ წინასაარჩევნოდ, ჰიბრიდულ ომში განადგურების მორიგი ობიექტი კრიტიკული მედიაა. როგორც ვხედავთ, ჩვენი მთავრობა მედიას არ (და)იცავს. ასე, თვალსა და ხელს შუა, რუსეთუმეებს, რუსეთიდან დაფინანსებულ ჯგუფებს, იქაურ და აქაურ ფსევდოელიტას და, მოკლედ რომ ვთქვათ, „კოლექტიურ პუტინს“ არ გააღიზიანებს.

როცა სამიზნე კრიტიკული ქართული მედიაა, იმისდა მიუხედავად, მოგვწონს ის თუ არა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, დავიცვათ ის როგორც ინსტიტუცია. ამით, სინამდვილეში, პუტინის გეგმის განხორციელებას ხელს ვუშლით, სამოქმედო გეგმას  ვურევთ, ვამწარებთ მის რიგით ჩინოვნიკებს, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს ვუფრთხილდებით და სახელმწიფოს ვაძლიერებთ. ახლა წარმოიდგინეთ, ყოველ ასეთ საპასუხო რეაქციაზე რა დღეში არიან იქ, კრემლში? და, სხვათა შორის, ეს შედეგი და ემოცია ოლიმპიადაზე, რუს მეტოქეზე გამარჯვებისას გამოწვეულ სიხარულზე ნაკლები სულ არ მგონია.

რაც მთავარია, „რა ყველაფრის უკან რუსეთს ხედავთ“ კი არა, სწორედ რუსეთი უნდა წარმოვიდგინოთ ყველა „უმნიშვნელო“ სიბოროტის უკან, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს ანადგურებს და ამ დაშვებით, ყოველ ჯერზე დავამარცხოთ ეშმაკი კი არა და, პუტინი, რომელიც დეტალებშია.

გააზიარე