მადლობა იმისთვის, რომ...

Forbes-WEB-22012004

ამ დღეებში მომინდა, ჩემს წარმოსახვაში „მადლიერებისა და შექების დაფა“ შემექმნა. ამ დაფაზე ყოველი დღის ბოლოს დაიწერებოდა, თუ რამდენი რამისთვის შეიძლება ვიყო მადლიერი ისე, რომ  რუტინული მომენტები სასწაულად დავინახო. ყოველი წუთი შეიძლება აღმოჩენად გადაიქცეს მაშინ, როცა შეგიძლია მადლობა გადაუხადო სამყაროს, მშობლებს, შვილებს, მეგობრებს, პარტნიორებს, ბუნებას, ბოლოს და ბოლოს – საკუთარ თავს.

ხელოვნური VS ნაღდი ემოციები

ჩემი დაკვირვებით, სიხარულის გაზიარება (მწუხარებისგან განსხვავებით) მხოლოდ ნაღდ მეგობრებს და გულშემატკივრებს შეუძლიათ. ფენომენს მეცნიერულად თუ მივუდგებით, დავინახავთ, რომ პოზიტიური ემოციის ძალდატანებით გამოხატვა ფიზიოლოგიურადაც უფრო რთულია და ხელოვნურობაც უფრო შესამჩნევია. თურმე, ნეგატიური ემოციების გათამაშებაში ჩვენი ტვინი უფრო გამოწრთობილია.

როგორც პოზიტიური ფსიქოლოგიის პროფესორი ბარბარა ფრედრიქსონი აღნიშნავს, ადამიანს ნეგატიური ემოციების (ბრაზი, ზიზღი, სევდა) დამახსოვრება გადარჩენისთვის სჭირდებოდა და ტვინმა, ევოლუციის შედეგად, ნეგატიური ემოციები მკაფიოდ დაახარისხა. სამაგიეროდ, პოზიტიურ ემოციებს (როგორიცაა სიხარული, მადლიერება, სიმშვიდე, იმედი, ინსპირაცია, სიყვარული და სხვ.) ტვინმა რესურსების შევსების ფუნქციაც მიანიჭა და ისინი ერთიან „რეზერვუარში“ მოათავსა. პოზიტიური ემოციების მარაგი საჭიროა იმისთვის, რომ ნერვული სისტემა სტრესის დროს მზად იყოს, გაუმკლავდეს სირთულეებს.

თუ თქვენ პოზიტიური ემოციებით დამუხტვა გიცდიათ, გეცოდინებათ, რომ მათი „გამოძახება“ არც ისე მარტივია.  თუმცა პოზიტიური ფსიქოლოგიის მიმდევრები აღნიშნავენ, რომ არსებობს ერთი ემოცია, რომელიც ყოველთვის და ყველგან შეგვიძლია „გავაჩინოთ“ და ის შესაძლოა მუდამ ნაღდი და ბუნებრივი იყოს. ესაა მადლიერება.

ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე…

აქაც ილიაა: „ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“ ეს კითხვა თავის თავში მოიცავს კეთილი საქმისთვის შექებასაც, სტიმულსაც და მადლიერებასაც. მადლიერების ემოციის გააქტიურებაში ნამდვილად გვეხმარება სხვისი და საკუთარი თავის შექება. ამიტომ არ დაიზაროთ და ყოფითი, ბანალური „მიღწევებისთვის“ (ვარჯიში, დილით ადრე ადგომა, მეგობრებთან დროის გატარება, ფეხით გასეირნება, ადამიანების დახმარება და სხვ.) საკუთარი თავიც შეაქეთ და სხვაც.

პროსოციალური მედია და მადლიერება

ძალიან მომწონს ამერიკელების ამჟამად უკვე წმინდად სეკულარული დღესასწაული „მადლიერების დღე“ და ვფიქრობ, რომ ასეთი დღეების აღნიშვნა და გამოგონება ჩვენც გვჭირდება. მომწონს რელიგიურ თუ საერო დღესასწაულებისას საჩუქრების გაცვლის ტრადიციაც, რომელიც მადლიერების გამოხატვის, გააქტიურების ერთ-ერთი ფორმაა. ამ ტრადიციების შესახებ უამრავი ფილმი, რეკლამა თუ კლიპი მომზადებულა, რამაც ჩვენს მეხსიერებაში იკონური გამოსახულებები უხვად გააჩინა.

სინამდვილეში, მადლიერების გამოხატვა ადამიანის შინაგანი მოთხოვნილებაა. ამ კონტექსტში, პირველი, ვინც გამახსენდა, ის სამარიტელია სახარებიდან, რომელიც განკურნების შემდეგ იესოსთან მხოლოდ მადლობის სათქმელად დაბრუნდა და ამის გამო შექება დაიმსახურა. საბჭოთა კავშირში დაბადებულ ბავშვებს რელიგიურ ტექსტებს განსჯისთვის ვინ გაგვაცნობდა? სამაგიეროდ, ბუნდოვნად მახსოვს საბავშვო დიდაქტიკური გადაცემა „გმადლობთ, ბოდიში“, რომელიც საზოგადოებაში მოქცევის წესებს „გვასწავლიდა“. ვერ ვიტყვი, რომ ეს გადაცემა საბავშვო პროსოციალური მედიის შექმნის  მცდელობა იყო, რადგან დიდი წილი საბჭოთა მოქალაქის აღზრდასა და ანტისოციალური ქცევების გამო დასჯაზე მოდიოდა. არც მადლიერების გამოხატვა ყოფილა მხოლოდ მექანიკურად, ზრდილობის დემონსტრირება.

ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე არა მარტო ვსწავლობთ მედიიდან, არამედ მასთან ემოციურ თანაცხოვრებასაც მივეჩვიეთ, ყოველდღიურ ემოციურ რუტინაში კი მადლიერების ემოციის გააქტიურება მედიას ნამდვილად შეუძლია.  კრიზისული სიტუაციებისა და სტრესის ფონზე (განსაკუთრებით პანდემიის და ეკონომიკური სიდუხჭირის დროს) ძალიან მნიშვნელოვანია, მედიაც ცდილობდეს პოზიტიური ემოციების გამოღვიძებას (ემპათიის, თანადგომის, თანაგრძნობის, ქველმოქმედების გზით) და საზოგადოებაში პროსოციალური ქცევების წახალისებას, რადგან ეს ასევე გვეხმარება ჩვენი რესურსების ყოველდღიურად შევსებაში. სხვა ემოციებისგან განსხვავებით, მადლობის თქმის საბაბი ყოველთვის მოიძებნება და ეს კარგია.

ამიტომ არასოდეს დაგეზაროთ მადლობის თქმა, მათ შორის – სოციალურ ქსელებში, ტელეგადაცემებში, პოდკასტებში, რეალურ და ვირტუალურ სამყაროში. იმიტომ რომ მადლიერებამ, პირველ რიგში, სწორედ თქვენ შეიძლება გაგაძლიეროთ და საჭირო დროს დაგეხმაროთ.

დაბოლოს, უბრალოდ ვეტყვი მეგობრებსა და გულშემატკივრებს: მადლობა, რომ ამ დღეებში ძალიან დამეხმარეთ (თქვენი გამოცდილებით, ღიმილით, თანადგომით, დროით…) და მადლობა „ფორბსის“ ერთგულ მკითხველს, რომელმაც დღეს ეს პატარა ბლოგი წაიკითხა.

და ასე, უბრალოდ, თქვენც სცადეთ და გადაიხადეთ თქვენი წილი „მადლობა იმისთვის, რომ…“

გააზიარე