Pinterest. ერთი წამით Facebook-ი რომ დაივიწყოთ

Pinterest. ერთი წამით  Facebook-ი  რომ დაივიწყოთ

ხშირად ისმის საუბრები იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებული გახდა მომხმარებელი სოციალურ ქსელებზე, შეუძლებელია დღეში რამდენიმე ,,პოსტს’’ არ გადახედოთ, კომენტარები არ წაიკითხოთ და სტატუსი არ დაწეროთ, საინტერესო ადგილიდან კი ,,Check in” არ გააკეთოთ. მაგრამ ერთი წამით, Facebook–ი დაივიწყეთ.

სოციალური ქსელების მილიონამდე ქართველი მომხმარებლიდან  90%-ზე მეტი ძირითადად Facebook-ის მომხმარებელია. როგორც წესი, ქართველი მომხმარებელი გამოირჩევა კონსერვატიული შეხედულებებით სიახლეების მიმართ და რთულად ახდენს ახალ პროდუქტებზე გადართვას. თუ განვიხილავთ რომელიმე კონკრეტული სოციალური ქსელის მოხმარების კონცენტარაციას კავკასიის რეგიონის ჭრილში, მხოლოდ ერთ პროდუქტზე, საქრთველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აქვს. სომხეთში და აზერბაიჯანში Facebook-ის მოხმარებას ამხელა მაჩვენებლი არ გააჩნია. როგორც წესი ხდება სხვა სოციალური ქსელების გამოყენებაც, როგორიცაა Twitter, Pinterest, Google+, LinkedIn, Instagram და ა.შ.

საქართველოში “Online” მომხარებლების 85%-მდე სარგებლობს Facebook-ით, სომხეთში – 30%,  აზერბაიჯანში – 25%.

ამიტომ გადავწყვიტე დღეს განმეხილა ერთ-ერთი ძალიან საინტერესო  სოციალური ქსელი Pinterest-ი, რომელიც Facebook-ისგან სრულიად გასხვავებულ შესაძლებლობებს იძლევა და მისი გამოყენება პროფესიული ნიშნით საკმაოდ ეფექტურად არის შესაძლებელი.

ბენ სილბერმანის მიერ 2008 წელს შექმნილმა კომპანიამ უკვე 2009 წელს მომხმარებელს პირველი მომსახურება შესთავაზა. Pinterest–მა სულ მოკლე დროში მოახერხა, რომ 2011 წელს ჟურნალმა Time ის  „50 საუკეთესი ვებგვერდის სიაში“ შეიყვანა. 2013 თებერვლის მონაცემებით აღნიშნულ სოციალურ ქსელს მსოფლიოში 70 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

Pinterest წარმოადგენს სოციალურ ინტერნეტ მომსახურებას, რომელიც გამოსახულებების თემატურად განთავსების და სხვა მომხმარებლებთან გაზიარების შესაძლებლობას იძლევა.

მისი გამოყენება აქტიურად ხდება ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან. განსაკუთრებით აქტუალურია ვირტუალური მაღაზიების შექმნა. კვლევების თანახმად, Pinterest-ის მეშვეობით პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მოძიება მომხმარებლისთვის იმდენად მოსახერხებელია, რომ პირველივე მცდელობის შემდეგ ისინი აღარ უბრუნდებიან კომპანიის ვებგვერდს. მისი გამოყენება აქტიურად ხდება კვების და სასმელების, მოდის, აქსესუარების, სახლის დეკორის და სამოგზაურო სფეროში.

ჩემი შეხედულებით, მისი გამოყენება ასევე აქტიურად არის შესაძლებელი განათლების სფეროში. მისი საშუალებით შესაძლეებლია საკმაოდ ეფექტურად განხორციელდეს: სასწავლო მასალების განთავსება, ახალი იდეების სისტემური გენერირება, გუნდურად მუშაობა და სტუდენტების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა. მაგალითად შესაძლებელია ბიბლიოთეკის დაფის შექმნა, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ დაინახონ თუ რომელი წიგნის, სტატიის ან სხვა დოკუმენტური მასალის გამოყენება სჯობს. ასეევ შესაძლეებლია ისეთი ჩანაწერების გაკეთება, რომელიც სწავლის პროცესში მეტად მნიშვნელოვანია და არ გვინდა დაგვავიწყდეს. საუკეთესო საშუალებაა ასევე ლექტორისთვის საინტერესო იდეების შესაკრებად, რომელიც შემდგომში შესაძლებელია გამოყენებული იქნას, როგორც განხილვის თემა სალექციო სწავლების პროცესში.

თემები და საკითხები, რომლის ტექნიკური განხორციელების შესაძლებელობას იძლევა Pinterest–ი, განათლების პროცესის ინტერაქციის გაზრდისთვის საკმაოდ ვრცელია. მისი მოხმარების სპეციფიკა დამოკიდებული იქნება საგნის და კურსის მიზანზე.  მისი გამოყენებით შესაძლებელია არა მხოლოდ საკუთარი სტუდენტების, არამედ სხვა ჯგუფების ან სულაც სხვა უნივერსიტეტის დაინტერესებული სტუდენტების ჩართვაც.

მთავარია საკუთარი კონსერვატიზმი დავძლიოთ და განსხვავებულიც ვცადოთ. Pinterest-ის შემთხვევაში მეტად საინტერესო შესაძლებლობები გვეძლევა.

ავტორი: მიშა ბატიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბინზეს სკოლის დეკანი.

ინფოგრაფიკი მოამზადა მარიამ ფერიშვილმა

გააზიარე