პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 77-ე ადგილზეა

პრესა2-02

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 77-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის.

მეთოდოლოგია

ქვეყნების მიხედვით პრესის თავისუფლების რეიტინგს შესაბამის ინდექსზე დაყრდნობით მედიის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს. ბოლო კვლევა, რომელიც მიმდინარე წლის 4 მაისს გამოქვეყნდა, 180 ქვეყანას მოიცავს და 2022 წლის მდგომარეობას ასახავს.

ინდექსში ქვეყნებს 0-დან 100-მდე ქულა ენიჭებათ. 100 ქულა ნიშნავს მაქსიმალურად თავისუფალ პრესას, ხოლო 0 ქულა პირიქით, მაქსიმალურად შეზღუდულ პრესას. ქულების მინიჭების წყარო ექსპერტთა გამოკითხვა და რაოდენობრივი სტატისტიკური მონაცემებია. ექსპერტები „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ შედგენილ კითხვარს ავსებენ. რაოდენობრივ მონაცემებში აღრიცხულია ჟურნალისტებზე ძალადობისა და საქმიანობაში ხელის შემშლელი ფაქტები. კითხვარი, რომელსაც მედიაექსპერტები ავსებენ, 87 კითხვისგან შედგება და მოიცავს მედიაპლურალიზმს, მედიის დამოუკიდებლობას, მედიაგარემოს, თვითცენზურას, გამჭვირვალობას, საკანონმდებლო ჩარჩოს და ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების ინფრასტრუქტურას.

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში

მიმდინარე წლის 4 მაისს გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს 61.7 ქულა მიენიჭა და 77-ე პოზიცია დაიკავა 180 ქვეყანას შორის. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთან შედარებით პრესა უფრო თავისუფალი 76 ქვეყანაშია. საქართველო 2022 წელს 89-ე ადგილზე იყო, ანუ საქართველო 12 ადგილით დაწინაურდა. რეიტინგში აღმასვლა საქართველოს ქულის გაუმჯობესებამ განაპირობა, რომელიც 59.3-დან 61.7-მდე გაიზარდა. საქართველო პრესის თავისუფლების მხრივ პრობლემატური ქვეყნების ჯგუფში ხვდება.

2021 წელს საქართველოს ქულა ყველაზე მეტად შეამცირა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების მატებამ, განსაკუთრებით – 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებმა. ცალკე აღებულ ჟურნალისტთა უსაფრთხოების კომპონენტში საქართველოს 41.3 ქულა ჰქონდა. რადგან 2022 წელს 2021 წლის ივლისის მსგავს მოვლენას ადგილი არ ჰქონია, ჟურნალისტთა უსაფრთხოების კომპონენტში საქართველოს ქულა 41.3-დან 61.9-მდე გაიზარდა. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა რეიტინგში საქართველოს 12 ადგილით დაწინაურება.

საქართველოს ქულა 46.4-დან 47.2-მდე გაიზარდა ეკონომიკურ ინდიკატორებში. დანარჩენ სამ ინდიკატორში: საკანონმდებლო ჩარჩოში, პოლიტიკურ გარემოში და სოციალურ ინდიკატორებში საქართველოს ქულა შემცირდა.

კვლევის მიხედვით, საქართველოში მედია მრავალფეროვანი, მაგრამ ამავე დროს, ძლიერ პოლარიზებულია. მედიის მფლობელები კი ხშირად ერევიან სარედაქციო დამოუკიდებლობაში. საქართველოში აკრძალულია, რომ პოლიტიკური პარტია ფლობდეს მედიას, მაგრამ მედიის მფლობელები რეალურად მჭიდრო კავშირში არიან პოლიტიკოსებთან.

ანგარიშში საუბარია „აგენტების შესახებ“ კანონზე, რომლის მიღებითაც ხელისუფლება მედიის კონტროლის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ასევე აღნიშნულია, რომ ხშირია ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა. ნიკა გვარამია კი ერთადერთ ჟურნალისტ პატიმრად არის აღნიშნული.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ კვლევების თანახმად, პრესის თავისუფლების მხრივ 2012 წლის შემდეგ საქართველოს პროგრესი ჰქონდა, 2013 წელს (ასახავდა 2012 წლის რეალობას) მე-100 ადგილზე იყო 69.9 ქულით, 2020 წელს კი მე-60 ადგილზე იყო 71.4 ქულით. თუმცა რეალურად ამ პროგრესს ადგილი ჰქონდა 2014-2015 წლებში, როდესაც საქართველოს ქულა 72.3-მდე გაიზარდა. შემდეგ მნიშვნელოვნად აღარ იცვლებოდა, 22 წელს კი ქულა 2013 წლის დონეზე ქვემოთ ჩამოვიდა.

საქართველოს პოზიცია პრესის თავისუფლების ინდექსში

წყარო: Reporters Without Borders

საქართველოს ქულა პრესის თავისუფლების ინდექსში

წყარო: Reporters Without Borders

პრესის თავისუფლების ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყნები

პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ნორვეგიაა, რომელსაც 95.2 ქულა აქვს. ნორვეგია დემოკრატიის დონითაც პირველ ადგილზეა მსოფლიოში. მეორე ადგილზეა ირლანდია 89.9 ქულით, ხოლო მესამეზე დანიაა 89.5 ქულით.

დემოკრატიის დონით ტოპ-10-ში მხოლოდ ერთი არაევროპული ქვეყანა ხვდება – ტიმორ-ლესტე.

საქართველოს მეზობლებიდან სომხეთი საქართველოს მნიშვნელოვნად უსწრებს, 49-ე ადგილზეა 70.6 ქულით. აზერბაიჯანი 151-ე ადგილზეა 39.9 ქულით, რუსეთი 164-ე ადგილზეა 34.8 ქულით, ხოლო თურქეთი 165-ე ადგილზეა 34 ქულით.

რეიტინგში ბოლო ადგილზე, 180-ეზე ჩრდილოეთი კორეაა 21.7 ქულით, ბოლოდან მეორეზე კი ჩინეთია 23 ქულით, შემდეგ მოდიან ვიეტნამი, ირანი და თურქმენეთი.

პრესის თავისუფლებით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა

 ქვეყანაქულა
1ნორვეგია95.2
2ირლანდია89.9
3დანია89.5
4შვედეთი88.2
5ფინეთი87.9
6ნიდერლანდები87.0
7ლიეტუვა86.8
8ესტონეთი85.3
9პორტუგალია84.6
10ტიმორ-ლესტე84.5

წყარო: Reporters Without Borders, Press Freedom Index 2023

გააზიარე