პრეზიდენტ ბაიდენის აღმოსავლური მანევრები
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის თეთრ სახლში მოღვაწეობის პირველი თვეც გავიდა. საშინაო თუ საგარეო ფრონტზე მართლა აქტიურად ჩანს ახალი ადმინისტრაცია. ტრანსატლანტიკური კავშირების აღდგენა-გამყარების მიმართულებით, მეზობლებთან – მექსიკასა და კანადასთან – კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცების თვალსაზრისით თუ გლობალურად დემოკრატიული წესრიგის შენარჩუნება-აღდგენის კუთხით პირველი, ძალიან კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა და სერიოზული განცხადებაც გაკეთდა.
ეს ყველაფერი ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი. თუმცა, ყველა სხვა საკითხთან ერთად, უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორ პოზიციონირებას მოახდენს ახალი ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთთან მიმართებით. წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგაც იყო განცხადებები, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან 2015 წელს დადებულ ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას, ანუ ე.წ. ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდებოდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ყველა დაპირებისგან განსხვავებით, კერძოდ, პარიზის კლიმატურ შეთანხმებასთან ხელახლა მიერთებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში აშშ-ის დაბრუნების (გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) შესახებ ინაუგურაციის დღესვე საპრეზიდენტო განკარგულების ხელმოწერისა და შემდგომ დღეებში განხორციელებული ფორმალური ნაბიჯების გადადგმის პარალელურად, აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მიბრუნების პირობებთან დაკავშირებით. ეს არ არის ის, რასაც ჯო ბაიდენის წინამორბედი ითხოვდა, მაგრამ მოსალოდნელი ავტომატური დაბრუნებაც, ფაქტია, ამ დრომდე არ მომხდარა. მართალია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტები გახდეს მოლაპარაკების და უკვე არსებული შეთანხმების გაფართოების საგანი, ანუ ირანის სარაკეტო სისტემების პროგრამა და რეგიონში ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერაზე უარის თქმა, ჩემი მოკრძალებული გადმოსახედიდან, ამ ეტაპზე მოლაპარაკების ნაწილი ვერ გახდება, რასაც, ცხადია, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ძალიან გამოცდილი დიპლომატებისა და უსაფრთხოების სპეციალისტების გუნდი ჩემზე უკეთ ათვითცნობიერებს და ხედავს. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტსა და მის გუნდს მოუწევთ ირანთან დაკავშირებით საკმაოდ ხისტი ნაბიჯების გადადგმა, რასაც უკვე ვხედავთ კიდეც.
უნდა ითქვას, რომ დრო არ დაუკარგავს ირანსაც. აშშ-ში ახალი პრეზიდენტის ვინაობის გარკვევამდე ირანმა მიიღო ზომები და, ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით, ურანის გამდიდრება დაჩქარებული ტემპებით თავად დაიწყო. ატომური ბომბის შესაქმნელად საჭირო 90%-იანი გამდიდრების დონემდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ შეთანხმებით გათვალისწინებული 3.67%-დან ირანი ჯერ 20%-იან ზღვარზე ავიდა და ახლა 60%-იან ნიშნულსაც უახლოვდება. ექსპერტებისა და დიპლომატების შეფასებით, ეს ჯერ კიდევ არ არის ბირთვული იარაღის შექმნის ბოლო დღეები თუ კვირები, მაგრამ პროცესი იმდენად დაჩქარებულია, რომ ჯერ ერთი უკან, შეთანხმებულ დონეებზე დაბრუნება ვეღარ მოხდება და მეორე, ამ ეტაპზე შეჩერების პირობებშიც კი თეორიულად ატომური ბომბის შექმნა რეალურად უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე შეთანხმების დროს მოიაზრებოდა.
ირანის რელიგიური ქორები სერიოზულად ზემოქმედებენ მათთან შედარებით ზომიერ პრეზიდენტზე და ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც აშშ-ის ბირთვულ შეთანხმებაზე მიბრუნებას კიდევ უფრო ართულებს. მაგალითად, ირანის ხელისუფლებასთან საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ მიღწეულ შეთანხმებაზე, რომელიც შეზღუდულ, მაგრამ საერთაშორისო ინსპექტირების მნიშვნელოვან ელემენტებს მოიცავს, ირანის პარლამენტმა უმკაცრესი რეზოლუცია მიიღო. ისინი შეთანხმების გაუქმებას და პრეზიდენტის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ.
ევროპელები, ტრადიციულად, შფოთავენ და გამაფრთხილებელი განცხადებებით მიმართავენ ირანის ხელისუფლებას. პრაქტიკული ნაბიჯების თვალსაზრისით, შეთანხმების მონაწილე საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ შესთავაზეს ირანს, გაიმართოს არაფორმალური შეხვედრა, სადაც მოწვეული სტუმრის სტატუსით შეხვედრას აშშ-ც დაესწრება. ოფიციალურმა თეირანმა განაცხადა, რომ შეისწავლის ამ წინადადებას. დიპლომატის პოზიციიდან თუ შევხედავთ, ირანი კარგად ათამაშებს ამ კარტს. მისი ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, რაც მნიშვნელოვანწილად ტრამპის ადმინისტრაციის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკის შედეგია, ირანი აგრძელებს ურანის გამდიდრებას, ყოველდღიურად უხლოვდება ატომური ბომბის შექმნის სტრატეგიული მიზნის განხორციელებას და მოლაპარაკებებშიც საკუთარ პირობებს აყენებს ამერიკელებისა და ევროპელების წინაშე – ჯერ შემოუერთდეს აშშ, მოხსნას სანქციები და მერე ვილაპარკოთ ურანის გამდიდრების ტემპების შენელებაზეო.
ამ ვითარებაში ბაიდენის ადმინისტრაციას მანევრებისთვის დიდი არჩევანი არა აქვს. დაუყოვნებლივ შეერთება სისუსტის გამოვლენა იქნება და სერიოზული კრიტიკული ქარცეცხლის ქვეშაც მოახვედრებს დემოკრატების პრეზიდენტს. შესაბამისად, აშშ-ის ადმინისტრაცია არც შეთანხმებასთან შეერთებას ჩქარობს და არც სანქციების შემსუბუქებას. უფრო მეტიც, ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ კვირას პირველი სამხედრო ოპერაცია განახორციელა: აშშ-მ სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი შეირაღებული დაჯგუფება დაბომბა. რატომღაც დონალდ ტრამპის მიერ ავღანეთში ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების ერთ-ერთ შტაბ-ბინაზე ჩამოგდებული „დედა ბომბი“ გამახსენდა. თეირანი დაუყოვნებლივ გამოეხმაურა აშშ-ის მიერ განხორციელებულ შეტევას; ცხადია, კრიტიკულად.
სავარაუდოდ, არაფორმალური მოლაპარაკებები მაინც შედგება. პირველი პოზიციებიც დაფიქსირდება და მხარეებს შორის გაიცვლება. თუმცა რამდენად სწრაფად მოხდება მოლაპარაკება და შეთანხმების მიღწევა, ნამდვილად რთული სათქმელია.
როგორ განვითარდება მოვლენები?
ისრაელი აცხადებდა და ახლაც ამტკიცებს, რომ არ დაუშვებს ირანის მიერ ატომური ბომბის შექმნას. მათი პოზიცია გასაგებია – აშშ მაინც შორს არის, ირანის სარაკეტო სისტემის წვდომის არეალის მიღმა, ისრაელი კი იქვეა. ასე რომ, საფრთხე მათთვის ძალიან კონკრეტული და რეალურია. ჩემი აზრით, ისრაელი მზად არის, ბირთვული ბომბის შექმნამდე საათებით თუ დღეებით ადრეც კი ირანზე იერიში მიიტანოს. იმედია, საქმე აქამდე არ მივა…
ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას ყოველმხრივ შეეწინააღმდეგება რეგიონის კიდევ ერთი, მდიდარი და დიდი გავლენების მქონე ქვეყანა – საუდის არაბეთი. თუმცა საუდის არაბეთს ირანის მიერ ბომბის შექმნამდე, საკუთარი ურთიერთობები აქვს მოსაგვარებელი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბაიდენის ადმინისტრაციამ ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, საუდის არაბეთისთვის შემტევი შეიარაღების მიყიდვის შეჩერებაზე გადაწყვეტილების გამოცხადება იყო. აშშ-ის მოთხოვნაა, რომ იემენში საუდის არაბეთმა სამხედრო ოპერაცია შეაჩეროს.
საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის, განსაკუთრებით მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბინ სალმანის უსიამოვნო სიახლეები ამით არ დასრულებულა. ვაშინგტონში ჯერ განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პარტნიორი საუდის არაბეთში მოქმედი მეფე სალმან აბდულ-აზიზია. ბაიდენის სატელეფონო საუბარიც სწორედ მასთან შედგა. თუმცა ეგ დეტალებია იმასთან შედარებით, რაც შემდეგ მოხდა. აშშ-ის დაზვერვამ გაასაჯაროვა მასალები საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგჯის სასტიკი მკვლელობის შესახებ, რომელთა მიხედვითაც მემკვიდრე პრინცი, სულ მცირე, თანახმა იყო და, მაღალი ალბათობით, მკვლელობა მისი ბრძანებით მოხდა. თუმცა…
ამ მიწისძვრის ეფექტის მქონე ამბების ფონზე გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ მიიღო, გაცილებით რბილი ხასიათის იყო. 76 პირს, ვინც არის დაკავშირებული ამ მკვლელობასთან, ბაიდენის ადმინისტრაციამ აშშ-ში მოგზაურობა აუკრძალა. ნათქვამია, ომი არაფერია, მთავარია მანევრებიო J.
ბაიდენის აღმოსავლური მანევრები გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ნეთანიაჰუს მთავრობასთან ახალი ადმინისტრაციის ურთიერთობები არ იქნება ისეთი მჭიდრო, როგორიც ტრამპის დროს იყო, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტიც არ/ვერ დაუშვებს, რომ ირანმა ატომური იარაღი შექმნას. შეიძლება მაქსიმალური წნეხის პოლიტიკა აღარ გატარდეს, აგრეთვე, ირანის მიერ რეგიონული შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერაც ვერ შეწყდეს, მაგრამ ირანს ბირთვული ბომბი არ და ვერ ექნება. ძალიან თეორიულად, თუ ეს მაინც მოხდა, საუდის არაბეთი (და არამხოლოდ) საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას აუცილებლად დაიწყებს. ისრაელს ისედაც აქვს.
წარმოდგენაც კი არ მინდა, აქვე, ჩვენთან ახლოს ბირთვული იარაღი რელიგიური ფანატიკოსების ხელში რომ აღმოჩნდეს, რა შეიძლება მოხდეს…
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on June 5, 2023
- on May 22, 2023
- on May 9, 2023
- on April 18, 2023
- on April 3, 2023
- on March 27, 2023
- on March 20, 2023
- on March 13, 2023