ქრაუდფანდინგი ისტორიის განმავლობაში
„ქრაუდფანდინგი მხოლოდ ფულის შეგროვება არაა. ის ადამიანების საერთო მიზნისთვის გაერთიანებას გულისხმობს. არა მდიდრების, არამედ ისეთი ჩვეულებრივი ადამიანების, როგორებიც მე და თქვენ ვართ.“- ჟოზეფინ დეილმანსი.
თუ ბოლო ათწლეულის განმავლობაში გამოქვაბულში არ ცხოვრობდით, ერთხელ მაინც გაიგებდით სიტყვა ს — ქრაუდფანდინგი.
ეს ფასონური სიტყვა რაიმეს დასაფინანსებლად ადამიანის ფართო ჯგუფების მობილიზაციას გულისხმობს.
ახალი ამბები და სოციალური მედიის საიტები სავსეა პროექტებით, რომლებიც ამა თუ იმ მიზნისთვის ფულის შეგროვებას ცდილობენ, იქნება ეს ობოლი ბავშვების დასახმარებლად, კნუტების გადასარჩენად თუ წიგნის გამოსაცემად.
მართალია, თვითონ ტერმინი ახალია, მაგრამ ქრაუდფანდინგი, როგორც მოვლენა, სულაც არაა ახლად შობილი.
მისი ისტორიის გამოკვლევა უბრალოდ სახელებისა და რიცხვების ჩამოწერაზე რთული საქმეა. რამდენიმე საუკუნის წინანდელი რეალობიდან უნდა დავიწყოთ ამ მოვლენის კვლევა და მხოლოდ შემდეგ ვისაუბროთ თანამედროვე ქრაუდფანდინგზე.
1713 წელი, ალექსანდრ პოუპი და ილიადა
გადავინაცვლოთ სამი საუკუნით უკან, ლონდონში, სადაც ახალგაზრდა და ნიჭიერი მწერალი, ალექსანდრ პოუპი, თარგმნის ჰომეროსის ერთ-ერთ შედევრს — „ილიადას“. მან 15,693 ხაზს უკვე გაართვა თავი, მაგრამ ფული არ აქვს, რომ წიგნი დაბეჭდოს.
ყოველი უძილო ღამე და მუშაობის გრძელი და დამღლელი საათები წყალში ჩაეყრებოდა თვისი პროექტის დასაფინანსებლად „შეწირულობის მეთოდისთვის“ (რომელიც ქრაუდფანდინგის პირვანდელი ფორმაა) რომ არ მიემართა.
მარტივად რომ ვთქვათ: ადამიანები, რომლებიც გარკვეულ თანხას გაიღებდნენ, საჩუქრად წიგნის უფასო ეგზემპლარს მიიღებდნენ. ფაქტობრივად, პოუპმა მანამდე გაყიდა თავისი წიგნი სანამ გამოუშვებდა.
მაგრამ ადამიანებს უცბად ხომ არ დაესიზმრებოდათ, რომ ალექსანდრს წიგნის გამოსაცემად ფული სჭირდებოდა, არა, მას ხალხისთვის ხმა უნდა მიეწვდინა.
ზუსტად ამ მიზნით პოუპმა თავისი წინა ნაშრომის, „Rape and Lock“-ის, ბოლო გვერდზე „ილიადის“ პროექტს რეკლამირება უბრალო სიტყვებით გაუკეთა:
„ეს ნაშრომი (ილიადა) სამ ტომად დაიბეჭდება, უმაღლესი ხარისხის ფურცელზე, ორნამენტებითა და დამფინანსებლების ბრინჯაოზე ამოტვიფრული ინიციალებით. კეთილშობილი ადამიანები, რომლებიც ჩემი ნაშრომის მიმართ თავიანთ ინტერესს ფინანსური დახმარებით გამოხატავენ, საჩუქრად წიგნის პირველ ტომს მიიღებენ.“
შედეგად, პოუპმა 750 დონორი მოიძია და წიგნიც გამოსცა.
გაკვეთილი: რეკლამირება და დაჯილდოების სისტემა ქრაუდფანდინგის წარმატებული პროექტის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
1783 წელი, მოცარტი და მისი კონცერტები
ისეთი სახელგავარდნილი კომპოზიტორიც კი, როგორიცაა მოცარტი, ერთ დროს, თავისი ნაშრომების სცენაზე წარსადგენად, ფულის ნაკლებობას განიცდიდა. ამიტომ, მან თავისი პროექტის დასაფინანსებლად საზოგადოებას მიმართა — დახმარების შემთხვევაში კი ხელნაწერ ეგზემპლარს დაჰპირდა.
პირველი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.
თუმცა მოცარტი არ იყო ის ადამიანი, რომელსაც ერთჯერადი კრახი შეაკავებდა თავისი მიზნის მიღწევისგან.
მეორე ცდაზე 176-მა ადამიანმა გაიღო ფულადი დახმარება. ამადეუსმა მათ, დაპირებულ ჯილდოსთან ერთად, ინდივიდუალური წერილები გაუგზავნა, რომლებშიც მადლობას უხდიდა და თავისი ნაშრომის ორიგინალზე მათი სახელები ამობეჭდა.
გაკვეთილი: მხარდამჭერებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, მათ თავი დაფასებულად უნდა იგრძნონ. პერსონალიზებული სამადლობელი წერილები ამის ძალიან კარგი გზაა.
1874 წელი, ამერიკელები, ფრანგები და თავისუფლების ქანდაკება
როგორც ყველამ ვიცით, თავდაპირველად, თავისუფლების ქანდაკება ფრანკო-ამერიკული კავშირის აღსანიშნავად, საფრანგეთის საჩუქარი უნდა ყოფილიყო ამერიკელებისთვის. თუმცა, საფრანგეთის მთავრობამ ვერ შეძლო საკმარისი თანხის გამოყოფა, რომ ეს პროექტი აღსრულებულიყო.
იმისათვის, რომ თავისუფლების ქანდაკებას მზის შუქი ენახა, ამერიკამ და საფრანგეთმა თავიანთ მოქალაქეებს მიმართეს.
პროექტი საოცრად წარმატებული გამოდგა — ამერიკელებმა $100,000, ხოლო ფრანგებმა 250,000 ფრანკი გაიღეს..
როგორც წინა ორი ისტორიული პროექტის მაგალითიდან ვისწავლეთ, ქრაუდფანდინგ პროექტი ვერ იქნება წარმატებული შესაბამისი რეკლამირების გარეშე, დაჯილდოების სისტემა კი მის წარმატებულობას კიდევ უფრო უწყობს ხელს.
მართლაც, ამ შემთხვევაშიც, ორივე ქვეყანამ, ამერიკამ და საფრანგეთმა, დიდი დრო და ენერგია ჩადეს თავიანთი წამოწყების რეკლამირებაში — გაზეთები სავსე იყო პროექტის შესახებ ინფორმაციით. საფრანგეთის მთავრობა მხარდამჭერებს თავისუფლების ქანდაკების თიხის პატარა ფიგურებითა და ლოტოს ბილეთებითაც კი ასაჩუქრებდა, მაშინ როდესაც ამერიკელებისთვის აშკარაა თუ რა წარმოადგენდა ჯილდოს — თავად გრანდიოზული თავისუფლების ქანდაკება.
გაკვეთილი: სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროექტებს დიდი ფორა აქვს, რადგან მთავრობა ხალხთან ურთიერთობის ყველაზე ძლიერი და მრავალფეროვანი ბერკეტებით არის აღჭურვილი.
1962 წელი, ნერუ და ვიზუალური წარმოდგენის ძალა
ინდოეთის მხოლოდ თხუთმეტი წლის დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, როდესაც ჩინეთთან ომი უკვე გარდაუვალი გახდა. ქვეყნის პირველმა პრემიერ მინისტრმა, ჯავაჰარლალ ნერუმ, ძალიან კარგად იცოდა, რომ ხალხის მხარდაჭერის გარეშე, ახალბედა სახელმწიფოს ხაზინა ვერ აუვიდოდა ისეთ ძლიერ სახელმწიფოსთან ომის ხარჯებს, როგორიც ჩინეთი იყო, ამიტომ მან პირდაპირ ხალხს მიმართა დახმარებისთვის.
საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ მოქალაქეები, განსაკუთრებით კი ქალები, თავიანთ ძვირფასეულობასა და ფულს ინდოეთის დაცვის ფონდში დებდნენ. ნერუმ ქეშად $220,000-ზე მეტის მოძიება შეძლო, ოქროში კი გაცილებით მეტის.
მაგრამ როგორ მოახერხა მან ეს?
ინდოელები ხომ დღესაც არ გამოირჩევიან თავიანთი სიმდიდრით და ნახევარი საუკუნის წინ ხომ საერთოდ. ისეთმა მდიდარმა ქვეყნებმაც კი, როგორებიც იყვნენ ამერიკა და საფრანგეთი, ვერ შეძლეს ამხელა თანხის შეგროვება თავისუფლების ქანდაკებისთვის.
ნერუს ჰქონდა რაღაც, რაც ამერიკასა და საფრანგეთს არ ჰქონდა 1874 წელს (თავისუფლების ქანდაკების აგებისას) — ტექნოლოგია და საერთო მიზანი, თავი დაეცვათ კარზე მომდგარი საშიშროებისგან. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ძალიან ძლიერი მოტივაციაა.
ნერუმ გადაიღო ვიდეო, რომლის მეშვეობითაც ყოველ მოქალაქეს დახმარების გაღებისკენ მოუწოდებდა. ვიდეო მსმენელს ემოციებს გადასცემდა, რასაც ტექსტი კარგად ვერ ართმევს თავს, ამიტომ ადამიანებს ღრმა ემოციური კავშირის გრძნობა უჩნდებოდათ ამ მიზნის მიმართ.
გაკვეთილი: მიზნის ვიზუალურად წარმოდგენის ძალა აშკარაა. თქვენი პროექტის ამ გზით წარმოდგენა, საზოგადოებასთან ემოციური კავშირის დამყარების საუკეთესო გზაა, რაც თავისთავად მათ მოტივაციას გაზრდის, რომ გაიღონ დახმარება. ასევე, როდესაც ადამიანები თავიანთ მოქალაქეობრივ ვალდებულებას აცნობიერებენ, პროექტის დაფინანსების მოტივაცია იზრდება.
თანამედროვე ქრაუდფანდინგის დაბადება
წარსულის ყველა ამ გაკვეთილის სწავლისა და ტექნოლოგიის განვითარების შედეგად, 2003 წელს იქმნება პირველი ციფრული ქრაუდფანდინგ პლატფორმა — ArtistShare.
თავდაპირველად ეს იყო საიტი, რომელზეც მუსიკოსები თავიანთი ფანებისგან ახალი ალბომების დაფინანსებას ითხოვდნენ. თუმცა, დროდადრო ის ფილმებისა და ფოტოგრაფიული პროექტების ფანდრეიზინგის პლატფორმაში გადაიზარდა.
პირველი პროექტი იყო მარია შნეიდერის ჯაზის ალბომი, „Concert in a Garden“. ეს მისი მეოთხე ალბომი გახლდათ, რომელიც გრემის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, თუმცა პირველი, რომელმაც გაიმარჯვა. ამ ალბომის არსებობას შნეიდერი თავის ფანებს უმადლის, რომლებმაც მისი უფასოდ გადმოწერისა და ალბომის ფურცელზე თავიანთი სახელების ამობეჭდვის სანაცვლოდ, ის 130 000$-ით დააფინანსეს.
შნეიდერი აქ არ გაჩერებულა და 2013 წელს ახალი ქრაუდფანდინგ პროექტი წამოიწყო თავისი ახალი ალბომის, „Winter Morning Walks”-ის, დასაფინანსებლად. ამ ალბომმა გრემის სამი ჯილდო მოიგო — საუკეთესო კლასიკური ვოკალური სოლო, საუკეთესო თანამედროვე კლასიკური კომპოზიცია და საუკეთესოდ აწყობილი ალბომი.
ჯილდოზე დაფუძნებული ქრაუდფანდინგი
ArtistShare-ის წარმატება ჯილდოზე დაფუძნებული ქრაუდფანდინგის პლატფორმების ბუმის პირველი ნაპერწკალი იყო. მალევე უამრავი მსგავსი პლატფორმა შეიქმნა, მაგალითად: Indeigogo 2008 წელს და Kickstarter-ი 2009-ში. ჩვეულებრივ, მსგავს საიტებზე კრეატიულ პროექტებს შეხვდებით, რომლებიც ფულადი დახმარების სანაცვლოდ რაიმე სახის ჯილდოს გთავაზობენ, ხშირად მატერიალური პროდუქტისა და გამოცდილების სახით.
2009 წლიდან 2015 წლამდე, Kickstarter-яу 265 00 პროექტი გაიხსნა, რომელთა 36%-ც წარმატებით დაფინანსდა. ჯამში პროექტებმა 9.7 მილიონი მხარდამჭერისგან 1.76$ მილიარდის აღება მოახერხეს. Kickstarter-ი „ყველაფრის ან არაფრის“ მოდელს იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პროექტის მიერ დათქმული თანხა, განსაზღვრულ დრომდე, არ შეგროვდა, მაშინ გადარიცხული თანხა გადამრიცხველებს უბრუნდება. ზუსტად ამ მიზეზის გამო პროექტების უმეტესობა ხელცარიელი რჩება, თუმცა მეორე მხრივ, ეს მოდელი პროექტის ავტორს აიძულებს, რაც შეიძლება მეტი დრო და ენერგია ჩადოს პოტენციური მხარდამჭერების მოზიდვაში. მხარდამჭერების კუთხიდან თუ შევხედავთ, ეს მოდელი მათ ფულის გადარიცხვისას თავდაჯერებულობას და, შესაბამისად, მოტივაციას მატებს, რადგან მათ იციან, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, გადარიცხული თანხა არ დაიკარგება.
თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მხარდამჭერები მხოლოდ იმიტომ ჩაურიცხავენ ასეთ პროექტებს ფულს, რომ ჯილდო მიიღონ. ეს ასე არაა. სინამდვილეში, მხარდამჭერების დიდი ნაწილი ჯილდოს მისაღებ მინიმუმ თანხაზე ნაკლებს რიცხავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ უბრალოდ პროექტის დახმარება სურთ, ყველნაირი ჯილდოს გარეშე.
Kickstarter-ის ერთ-ერთი პროექტის ავტორი ამბობს:
„ადამიანებს არა უბრალოდ პროდუქტი, არამედ ოცნება უნდა მიყიდო.“
საქველმოქმედო ქრაუდფანდინგი
დონაციაზე დაფუძნებული ქრაუდფანდიგი არის ქრაუდფანდინგის როგორც უძველესი, ასევე უახლესი ფორმა. ის უძველესია, რადგან მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაციები ონლაინ რეჟიმში მანამდეც აგროვებდნენ ფულს, ვიდრე ქსელზე დაფუძნებული ქრაუდფანდინგი აღმოცენდებოდა. მაგრამ ის ასევე უახლესიცაა, რადგან დონაციაზე დაფუძნებულმა ქრაუდფანდინგ პლატფორმებმა მცირე ზომის ორგანიზაციებსა და ინდივიდებს მხოლოდ 2010 წელს მისცეს საიტებზე მათი პროექტების განთავსების უფლება.
ქრაუდფანდინგის ეს ფორმა ყველაზე მარტივია. ალბათ გაგიგიათ GoFundMe, ის 2010 წელს შეიქმნა და მხოლოდ სამ წელიწადში 1.4 მილიონი მხარდამჭერისგან 350 პროექტის დაფინანსებიდან 120$ მილიონის აღება მოახერხა. პლატფორმა თითოეული დონაციის 5% საკომისიოს იღებს, მომხმარებლები გადარიცხვის საკომისიოსაც თავად იხდიან.
დღესდღეობით, საქველმოქმედო ქრაუდფანდინგი ნელ-ნელა სახელს ითქვამს, თუმცა არაკომერციული ორგანიზაციების უმეტესობა მას არ იყენებს. უამრავი სოციალური მიზნის მიღწევა შეიძლება დაფინანსების მსგავსი მოდელით, რაც წარმოუდგენელი შესაძლებლობაა, დავეხმაროთ მათ, ვინც არ არის ჩვენსავით იღბლიანი. დონაციაზე დაფუძნებული ქრაუდფანდინგი კი ამის მისაღწევად საუკეთესო საშუალებაა.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on January 8, 2024
- on December 28, 2023
- on December 20, 2023
- on December 13, 2023
- on December 4, 2023
- on November 21, 2023
- on November 13, 2023
- on November 6, 2023