რა მოხდება თურქეთში ერთ კვირაში?!
მარტივი პასუხია: ალაჰმა უწყის. საყოველთაო შეფასებით, 2023 წლის 14 მაისს დაგეგმილი თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ყველაზე არაპროგნოზირებადია უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე. გარდა ამისა, უკრაინაში რუსეთის ომის მიმდინარეობის ფონზე, თურქეთის არჩევნებს, როგორც არასდროს, ისეთი მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის და, შესაბამისად, ძალიან დიდია მის მიმართ ინტერესი გლობალურადაც. პროგნოზების კეთება რომ უმადური საქმეა, ეს არაერთხელ მითქვამს, მით უმეტეს – ასეთ ვითარებაში, როცა შესაძლო სცენარების და სათაურში გამოტანილ კითხვაზე სავარაუდო პასუხების ჩამოწერას და ვერსიების ჩამოთვლას რომ შევუდგეთ, დიდი, სამაგისტრო ნაშრომის მოცულობის დოკუმენტი გამოვა და მკაფიო პასუხი მაინც არ გვექნება. თუმცა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, მაინც რამდენიმე ძირითადი ვერსია განიხილება: ა) საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს კოალიციური ოპოზიციის „ექვსთა მაგიდის“ კანდიდატი, სახალხო რესპუბლიკური პარტიის 74 წლის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ, რომელსაც მისი მხარდამჭერები „თურქეთის განდის“ უწოდებენ, ხოლო პარლამენტში 69 წლის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტია ინარჩუნებს უმრავლესობას, ბ) მოქმედი პრეზიდენტი ინარჩუნებს საპრეზიდენტო და საპარლამენტო ძალაუფლებას და გ) ინიშნება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ხოლო პარლამენტში მცირედი უპირატესობით ოპოზიცია იმარჯვებს. ეს არის ძალიან მოკლე ჩამონათვალი. ამასთან, საარჩევნო კამპანია იმდენად დაძაბულია, რომ ძალიან რთულია საერთოდ რომელიმე ვერსიის შესახებ მტკიცებით ფორმაში საუბარი.
20-წლიანი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტი ერდოღანი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებს, რბილად რომ ვთქვათ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ ხვდება. კატასტროფული ინფლაცია (ახლა კიდევ არა უშავს – 44%-მდეა დასული, თორემ იყო პერიოდი, ორჯერ უფრო დიდიც იყო ინფლაციის დონე), ეროვნული ვალუტის კურსის შესანარჩუნებლად გახარჯული სავალუტო რეზერვების უდიდესი ნაწილი და გარედან მოზიდული ათეულობით მილიარდი დოლარი, კატასტროფული მიწისძვრა, რომელმაც 50 ათასზე მეტი თურქეთის მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და რეაბილიტაციის პროცესისთვის საჭირო თანხების არარსებობა (ზედაპირული დათვლებით, 120 მილიარდზე მეტი დოლარი მაინც იქნება საჭირო მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად), საკუთარი არასახარბიელო ფიზიკური მდგომარეობა, საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქებს შორის მისი ოპონენტის მცირედი უპირატესობა (3.5 მილიონმა საზღვარგარეთ მცხოვრებმა თურქმა ხუთშაბათს უკვე დაიწყო ხმის მიცემა), ხოლო ახალგაზრდა ამომრჩევლების უმრავლესობაში დაბალი მხარდაჭერა (წელს არჩევნებში პირველად დამატებით 5 მილიონი თურქი მიიღებს მონაწილეობას); მით უმეტეს, რომ ახალგაზრდებს, ისევე როგორც დიდ ქალაქებში მცხოვრებთა უმრავლესობას, სურს ცვლილება. არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ქურთული მოსახლეობა, რომელიც 85-მილიონიანი თურქეთის მეხუთედს შეადგენს. მათი უმრავლესობა ოპოზიციური კანდიდატის მხარდამჭერი იქნება. ამდენად, გამოწვევების სია ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია და მოქმედი პრეზიდენტისთვის ფრიად დამაფიქრებელი. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ცნობილია კრიზისული ვითარებების წარმატებულად დაძლევით, ზემოჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, ნამდვილად არ მშურს მათი, ვინც ახლა პრეზიდენტ ერდოღანის საარჩევნო შტაბში მუშაობს.
Politpro.eu-ს საიტზე გამოქვეყნებული სხვადასხვა კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ქილიჩდაროღლუს აქვს მცირედი უპირატესობა, თუმცა მათი უმეტესობის მონაცემების მიხედვით, ყველაზე რეალურია, რომ გაიმართოს მეორე ტური (https://politpro.eu/en/turkey/election/2023-05-14). ცალკეულ ექსპერტთა შეფასებით, მეორე ტური შეიძლება უფრო აწყობდეს მოქმედ პრეზიდენტს, ვინაიდან საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილე 58 წლის მუჰარემ ინჯემ ხმები, შესაძლოა, სწორედ ქილიჩდაროღლუს წაართვას და მეორე ტურში მისმა მხარდამჭერებმა საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ყველაზე გამოცდილ და დახელოვნებულ მკვლევარსაც კი გაუჭირდება შედეგის გამოცნობა და ფსონის გაკეთება, თუ რა მოხდება თურქეთში 14 მაისს.
მიუხედავად იმისა, რომ არც ანკარა, მით უმეტეს არც სტამბოლი და არც იზმირი მოქმედ პრეზიდენტს მხარს არ უჭერენ, ერდოღანს მაინც ჰყავს მილიონობით, ნაციონალისტურ-კონსერვატიული იდეოლოგიის მქონე მხარდამჭერი, რომელთა კონსოლიდაციას ის უკვე წლებია, საკმაო წარმატებით ახერხებს. თუ გადავხედავთ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს, სახელისუფლებო კამპანია აქტიურად არის გადასული ოპონენტების „გაშავებასა“ და ფეიკების გავრცელებაზე. აბა, გამოიცანით, რა არის ოპოზიციური კანდიდატის და მისი პარტიის მთავარი „ნაკლი“ და „დანაშაული“? არატრადიციული ორიენტაცია. გარდა ამისა, მთავარი ღერძი ხელისუფლების კამპანიის მიერ შემუშავებული გზავნილისა მდგომარეობს იმაში, რომ ოპოზიციას მხარს უჭერს… დიახ, თქვენ გამოიცანით, – დასავლეთი. შინაგან საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ეს ყველაფერი, ანუ ძალაუფლების ხელში ჩაგდება დასავლეთშია დაგეგმილი.
გარდა ამისა, პრეზიდენტის ხელთ არის სახელისუფლებო და ადმინისტრაციული რესურსი. ერთ-ერთი ექსპერტის შეფასებით, არჩევნები არ იქნება თავისუფალი, მაგრამ იქნება კონკურენტული. დამეთანხმებით, საინტერესო ფორმულირებაა. თუმცა ოპოზიციისთვის მაინც არც ისე პესიმისტური.ბოლო ადგილობრივ არჩევნებს თუ გავიხსენებთ, სტამბოლში მერობის ოპოზიციური კანდიდატის იმამოღლუს გამარჯვების შემდეგ, სასამართლომ არჩევნების ხელახლა ჩატარება გადაწყვიტა, რომელშიც ოპოზიციამ კიდევ უფრო დამაჯერებლად გაიმარჯვა და ხელისუფლებამ დამარცხება აღიარა.
ერდოღანი უდავოდ ძალიან გავლენიანი ფიგურაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით – რეგიონულ ჭრილში. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე მისი გავლენა კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა, ისე როგორც მანამდე ყარაბაღის მეორე ომის დროს. საინტერესოა, რომ პუტინს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გავლენები გაცილებით შემცირებულია ერდოღანის პოზიციებთან შედარებით, მაინც ეს უკანასკნელი ურჩევნია. ცხადია, ასე იქნება. ქილიჩდაროღლუ ხომ ღიად აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის რადიკალურად გააუმჯობესებს ურთიერთობებს დასავლეთთან და არა რუსეთთან.
რა მოხდება, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს და ხელისუფლება არ აღიარებს შედეგებს? ერთ-ერთი მთავარი კითხვაა: წავა კი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მშვიდად სახლში? მის მთავარ კონკურენტს ამის არ ეშინია, ისევე როგორც არც საკუთარი სიცოცხლის საფრთხის. ის საკმაოდ თავდაჯერებულად ატარებს კამპანიას და დარწმუნებულია, რომ გამარჯვების შემთხვევაში ერდოღანს წყნარად ჩამოაცილებს ხელისუფლებას და ვითარება უმართავი არ გახდება.
ამ დროს, როგორც ყოველთვის, აქტუალურია საუკუნის შეკითხვა: ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? მე პირადად დემოკრატიული მმართველობის ერთგული მხარდამჭერი ვარ, მაგრამ თურქეთი ჩვენი კარგი მეზობელია და მე მისი ხალხის არჩევანს ყველა შემთხვევაში პატივს ვცემ. ჩემი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის სტაბილურობა. მით უმეტეს, რომ თურქეთთან ჩვენ სტრატეგიული რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტები გვაკავშირებს; ის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სავაჭრო პარტნიორია და ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი – თურქეთი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. თუმცა, რადგან გაწევრიანებას შეეხო საუბარი, აქვე ერთ რამეს დავამატებ: ალბათობა იმისა, რომ თურქეთმა განაახლოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში, ძალიან მაღალია, ეს კი ჩვენი ევროპული კავშირის წევრობის მიზნის განსახორციელებლად უაღრესად მნიშვნელოვანია. მე-19 საუკუნეში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლორდ პალმერსტონმა წარმოთქვა საუკუნის ფრაზა: „მუდმივი მეგობრები და მტრები არ არსებობენ, მუდმივი მხოლოდ ინტერესებია“.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on June 5, 2023
- on May 22, 2023
- on May 9, 2023
- on April 18, 2023
- on April 3, 2023
- on March 27, 2023
- on March 20, 2023
- on March 13, 2023