როგორ გამდიდრდა კომპანია “British Petroleum“?

როგორ გამდიდრდა კომპანია “British Petroleum“?

British Petroleum“ (BP) შემოსავლების მიხედვით მსოფლიოში მე-7 ადგილზეა. 2019 წელს მისმა შემოსავალმა 283 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წელს კომპანიის შემოსავალი 379 მილიარდ დოლარსაც აღწევდა და მომდევნო წლებში ნავთობის გაიაფების გამო შეუმცირდა. BP-ის აქტივები 295 მილიარდი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 80 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 73 ათასამდე ადამიანი.

1900 წელს, ავსტრალიაში ოქროს საბადოებით გამდიდრებულმა ბრიტანელმა ბიზნესმენმა,  ნოქს დარსიმ სპარსეთში (ეხლანდელი ირანი) ნავთობის ძიება დააფინანსა. სამუშაოების დაწყებას სპარსეთის შაჰი 20 ათასი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დათანხმდა.

          

ნავთობს ინგლისელი გეოლოგების ჯგუფი ეძებდა, რომელსაც ჯორჯ რეინოლდსი ხელმძღვანელობდა. პირველი შვიდი წელი უშედეგოდ ეძებდნენ, მაგრამ მკვლევარები აშკარად გრძნობდნენ უცნაურ სუნს, რომელიც 1908 წლის 26 მაისს დადასტურდა. 1 600 ფუტის ჭაბურღილიდან ნავთობის შადრევანი ამოვიდა. ეს იყო პირველი ნავთობის საბადო  – მასჯედ სოლეიმანი.

          

1909 წელს დარსმა “ანგლო-სპარსული ნავთობის კომპანია“ დააარსა. 2012 წლამდე 145 მილის სიგრძის მილსადენი შენდებოდა, რომ ნავთობის გაყიდვა მოეხერხებინათ.

მიუხედავად ნავთობის საბადოების ფლობისა და თანდათან ტრანსორტირების მოგვარებისა, კომპანიას უჭირდა ნავთობის გაყიდვა, რადგან მოთხოვნა მაღალი არ იყო. ტრანსპორტი ჯერ კიდევ ქვანახშირს იყენებდა უფრო აქტიურად აქედან გამომდინარე, კომპანია გაკოტრების ზღვართან იყო.

1913 წელს, ბრიტანეთის მთავრობამ “ანგლო-სპარსული ნავთობის კომპანიის“ 50.0025%-იანი წილი იყიდა. 1914 წელს კომპანიამ ბრიტანეთის მთავრობასთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვით ბრიტანეთის ფლოტისთვის 40 მლნ ბარელი ნავთობი უნდა მიეწოდებინა მომავალი 20 წლის განმავლობაში. კონტრაქტის ღირებულება 2 მლნ გირვანქა სტერლინგი იყო. ამ გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა ბრიტანეთის მომავალმა პრემიერმა უინსტონ ჩერჩილმა, რომელიც იმ დროს ბრიტანეთის ფლოტის პირველი ადმირალი იყო, ანუ პოლიტიკური მმართველი. ჩერჩილის გადაწყვეტილებით ფლოტი ქვანახშირის მოხმარებიდან ნავთობზე გადავიდა.

1915 წელს “ანგლო-სპარსულმა ნავთობის კომპანიამ“ ნავთობის სატრანსპორტო კომპანია “British Tanker Company“ დააარსა, 2016 წელს კი  „British Petroleum Company“ შეიძინა.

პირველი მსოფლიო ომის დროს კომპანიამ კონტინენტურ ევროპაში დაიწყო მარკეტინგული კამპანია და სხვადასხვა ქვეყნის რამოდენიმე მცირე და საშუალო ნავთობკომპანიაც შეიძინა.

1920-იანი წლებიდან ნავთბობის მოხმარება სწრაფად იზრდებოდა და მომავალი “BP“ ბევრ ახალ პროქტში შედიოდა, მათ შორის აქტიურად თანამშრომლობდა სხვა მსხვილ ნავთობკომპანიებთან, მაგალითად როგორიც იყო “შელი“.

1935 წელს სპარსეთს ირანი ეწოდა და კომპანიის სახელიც შეიცვალა, გახდა “ანგლო-ირანული ნავთობის კომპანია“. 1937 წელს კომპანია უკვე დღეში 209 ათას ბარელ ნავთობს ყიდდა. ეს დაახლოებით 2-ჯერ მეტი იყო 6 წლის წინანდელ მოცულობაზე. 1945 წელს დღიურმა გაყიდვებმა 345 ათას ბარელს მიაღწია.

რთული აღმოჩნდა 1951 წელი, როდესაც ირანის ნაციონალისტურმა მთავრობამ ნავთობის საბადოების ნაციონალიზაცია მოახდინა და “ანგლო-ირანულ ნავთობის კომპანიას“ ირანიდან გამოსვლა მოუწია. თუმცა, 1954 წელს ირანის მთავრობამ კვლავ შეთავაზა კომპანიას ნავთობის მოპოვებაში თანამშრომლობა, მოგების 50-50%-ით განაწილებით. ამავე წლის დეკემბერში კომპანიას “British Petroleum“ (BP) დაერქვა, რაც დღემდე ქვია.

          

1950-იანი წლების ბოლოდან BP ბევრ ქვეყანაში შედის ნავთობის მოსაპოვებლად, მათ შორის ლიბიაში, მალაიზიაში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ა.შ. 1960 წელს BP დღიურად 1.5 მლნ ბარელს მოიპოვებდა, 1970 წელს კი 3.8 მლნ ბარელს. მოპოვებული ნავთობის 2/3 ევროპაში იყიდებოდა.

1977 წელს ბრიტანეთის მთავრობამ BP-ის 66 მლნ აქცია (17% წილი) 564 მლნ სტერლინგად გაყიდა. დარჩენილი წილი – 31.5% კი 1987 წელს გაყიდა 12.2 მილიარდ დოლარად.

ისლამისტური რევოლუციის შემდეგ, ირანმა 1979 წელს მეორედ მოახდინა საბადოების ნაციონალიზაცია, რამაც საკმაოდ დააზარალა BP, რადგან მისი ნავთობის 40% ირანულ საბადოებზე მოდიოდა.

1992 წელს BP აზერბაიჯანში შევიდა, რითაც საქართველომაც საკმაოდ იხეირა. 1996 წლიდან BP-მ საქართველოში 2 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა, ძირითადად მილსადენების მშენებლობის კუთხით.

2000-იანების დასაწყისში კომპანიის შემოსავალმა 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 1995 წელს კომპანიის ერთი აქცია 9 დოლარის შემოსავალს იძლეოდა, რაც 2008 წლამდე 116 დოლარამდე გაიზარდა. დღეს კი დაახლოებით 82 დოლარია.

BP-ის ყველაზე მსხვილი მფლობელები დღეს არიან: Public Investment Fund (PIF) of Saudi Arabia, State Street Corporation, FMR Co, Dimensional Fund Advisors, The Vanguard Group.

გააზიარე