როგორ გამდიდრდა კომპანია “Johnson & Johnson“
კომპანია “Johnson & Johnson“-ის შემოსავალმა 2019 წელს 100 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 258 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 400 მილიარდ დოლარამდე. საბაზრო კაპიტალიზაციით ის მსოფლიოში მე-12 ადგილზეა. დასაქმებული ჰყავს 132 ათასი ადამიანი. “Johnson & Johnson“-ის წარმოების ძირითადი სფერო სამკურნალო საშუალებები, სამედიცინო ტექნოლოგიები, კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებებია.
“Johnson & Johnson“ საკმაოდ დიდი ხნის ისტორიის მქონე ამერიკული კომპანიაა. ის სამმა ამერიკელმა ძმამ რობერტ ჯონსონმა, ჯეიმს ჯონსონმა და ედვარდ ჯონსონმა დაარსეს 1886 წელს. მათზე გავლენა იქონია იმ დროისთვის ცნობილი ინგლისელი ქირურგის და მეცნიერის, ჯოზეფ ლისტერის შრომებმა და აზრებმა. საქმე იმაშია, რომ ამ დროისთვის ოპერაციების გაკეთების დროს არ იყო დაცული სტერილიზაციის, ექიმთა აღჭურვილობის და ასეპტიკის წესები. ხშირი იყო ოპერაციის შემდეგ ინფექციით გარდაცვალებები. ლისტერმა, 1867 წელს გამოთქვა აზრი, რომ ჭრილობის ინფექციას იწვევს რაღაც ცოცხალი არსება, რომელიც გარედან ხვდება ჭრილობაში.
სწორედ სტერილიზაციის, ექიმთა აღჭურვილობის, ანტისეპტიკური ხსნარების და შეფუთული სამედიცინო ინვენტარის წარმოება დაიწყეს ძმებმა ჯონსონებმა. მათი პროდუქიით საოპერაციოების აღჭურვა სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად ამცირებდა. მათ შექმნეს პირველი სტერილური გადასახვევი მასალა. კომპანია “Johnson & Johnson“-ის შემოსავლები და ღირებულება სწრაფად იზრდებოდა. მისი პროდუქცია დღემდე მაღალი ნდობით სარგებლობს ექიმებში.
1888 წელს, კომპანიამ პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქი შექმნა. ეს იყო პატარა ყუთი, სადაც აუცილებელი მედიკამენტები და ინსტრუმენტები იყო მოთავსებული. მსგავსი ანალოგი აქამდე არ არსებობდა. თავიდან ის რკინიგზის მუშებისთვის გამოვიდა, მაგრამ მალე მთელ მოსახლეობაში გახდა პოპულარული. 1894 წელს კი უკვე “დედების ჩანთა“ გამოუშვა, სადაც ჩვილი ბავშვის მოვლის აუცილებელი ნივთები იყო მოთავსებული. 1997 წლიდან ქალის სანიტარული დამცავი საშუალებების წარმოება დაიწყო, რაც დიდი პროგრესი იყო ქალების ჯანმრთელობისთვის. 1898 წელს მასობრივად დაიწყო კბილის საწმენდი საშუალებების წარმოება.
1919 წლიდან კომპანიამ საზღვარგარეთ დაიწყო ფილიალების გახსნა. პირველი ფილიალი კანადაში გახსნა. 1924 წელს კი ინგლისში. 1930 წლებში მექსიკაში, სამხრეთ აფრიკაში და ავსტრალიაში გაფართოვდა.
1936 წელს, კომპანიამ საქველმოქმედო ფონდი დააარსა, რომლის მთავარი მიზანი დღემდე ხელმოკლე, ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფებზე ზრუნვაა.
მეორე მსოფლიო ომის დროს სამედიცინო პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა და შესაბამისად კომპანიის შემოსავლებიც იზრდებოდა. 1944 წელს საჯარო კომპანია გახდა ანუ აქციები გაყიდა. აქციების პირველადი განთავსება წარმატებით განახორციელა, ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე.
1954 წელს “Johnson & Johnson“-მა დღემდე პოპულარული პროდუქტი, საბავშვო შამპუნი გამოუშვა, რომლის თვალში მოხვედრის შემთხვევაში ბავშვს თვალები აღარ ეწვოდა. სწორედ ამ ნოვაციის გამო პროდუქტი ძალზედ გაყიდვადი და პოპულარული გახდა.
1950-იანი წლების ბოლოდან, “Johnson & Johnson“ ამერიკული და ევროპული კომპანიების შესყიდვას იწყებს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია იყო “McNeil“, რომელიც ცნობილ გამაყუჩებელ მედიკამენტს “ტაილენოლს“ უშვებდა. მედიკამენტის წარმოება უფრო მასობრივი გახდა და ასევე მის შესასყიდად ექიმის რეცეპტი აღარ იყო საჭირო.
მომავალ წლებშიც კომპანია აგრძელებდა პატარა და მცირე კომპანიების შესყიდვას და ახალი პროდუქტების გამოშვებას. 1982 წელს კომპანია დიდ სკანდალში აღმოჩნდა, როდესაც “ტაილენოლმა“ 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კაფსულებში ციანიდი იყო შერეული. ეს იყო განზრახ გაკეთებული ტერორისტული აქტი. “Johnson & Johnson“-მა 100 მლნ დოლარის “ტაილენოლი“ ამოიღო ბაზრიდან და დიდი ზარალი ნახა. კრიზისიდან 6 თვის შემდეგ, კომპანიამ სრულიად ახალი, დაცული შეფუთვა წარადგინა, რაც მომხმარებელს არასანქცირებული პროდუქციისგან დაიცავდა და ნდობას აღუდგენდა. ამ პერიოდში კომპანიის მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანია ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება კრიზის მენეჯმენტის ისტორიაში.
1989 წელს, “Johnson & Johnson“-მა “Piz Buin“ შეისყიდა, რომელიც მზისგან დამცავ საშუალებებს აწარმოებდა. 1989-1999 წლების განმავლობაში კომპანიამ საერთო ჯამში, 44 კომპანია და საწარმოო ხაზი შეიძინა.
2005 წელს, კომპანიის შემოსავალმა 50 მილიარდი დოლარი შეადგინა და მას შემდეგ ყოველწლიურად იზრდება. კომპანია წამლების, სხეულის მოვლის საშუალების და სამედიცინო აღჭურვილობის ფართო სპექტრს აწარმოებს. მისი პროდუქცია სხვადასხვა ბრენდების დასახელებით გამოდის, როგორიც არის “Johnson & Johnson“, “Johnson’s baby“, “Acuvue“, “Aveeno“, “ Band-Aid“, “ Calpol“, “ Carefree“, “ Clean & Clear“, “ Healthy Woman“, “Lactaid“, “ O.B.“, “ Pepcid“, “ Visine“ და სხვა.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on May 17, 2024
- on May 8, 2024
- on April 23, 2024
- on April 10, 2024
- on March 26, 2024
- on March 19, 2024
- on March 7, 2024
- on February 29, 2024