სამი კადრი რუსეთ-უკრაინის ომიდან: სამოქალაქო ჟურნალისტიკის ტრიუმფი

Forbes-WEB-22031702

უკვე მესამე კვირაა, თვალს ვადევნებ უკრაინის სამოქალაქო ჟურნალისტიკის ტრიუმფს, რომელიც ყოველდღიურად ასახავს ომის თვითმხილველების ისტორიებს და ამით ოკუპანტ რუსეთს, თვალსა და ხელს შუა, უგებს საინფორმაციო ომს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ახალმა მედიატექნოლოგიებმა რიგით მოქალაქეებს შესაძლებლობა გაუჩინა, რომ „სმარტფონებით“ სწრაფად გადაიღონ მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები. ახალმა ტექნოლოგიებმა გააჩინა მოქალაქე-ჟურნალისტები, რომლებმაც იციან, თუ როგორ ჩაწერონ, დაამონტაჟონ და დაარედაქტირონ, გამოაქვეყნონ სხვადასხვა ონლაინპლატფორმაზე საკუთარი მასალები. მართალია, ისინი არ არიან პროფესიონალი ჟურნალისტები, მაგრამ მათაც ჰყავთ აუდიტორია. ჟურნალისტებისგან განსხვავებით, მოქალაქეებს არ ჰყავთ რედაქტორი, რომელიც მათ მედიის სარედაქციო პოლიტიკის, ჟურნალისტური სტანდარტების, ცენზურის ან  თვითცენზურის ჩარჩოებში მოაქცევს, პირდაპირ ან ირიბად უკარნახებს, რომელი წყარო ჩაწერონ, რა აქცენტები გამოკვეთონ.

ასე, მესამე კვირაა, დაურედაქტირებლად იქმნება სამოქალაქო ჟურნალისტიკის არქივი იმ ომიდან, სადაც სინამდვილე შეულამაზებელია, კადრები „დაუბლარავია“ და მთელი სიცხადით ასახავს ომის საშინელებას და უკრაინელების გმირობას. ახლა სამი ტიპური კადრი გამახსენდა, რომლებიც სამოქალაქო ჟურნალისტიკამ ამ დღეებში აღბეჭდა ჩემს გონებაში.

კადრი პირველი: ოკუპანტები ტანკებით უკრაინის ერთ-ერთ ქალაქში შემოდიან, შეუპოვარი უკრაინელები არ აძლევენ მათ საშუალებას, რომ გზა გააგრძელონ. კადრში, უკრაინის რიგითი მოქალაქეების იარაღი „სმარტფონია“. ისინი სხვადასხვა რაკურსიდან იღებენ ტანკს და ავტომატიან ჯარისკაცებს, რომლებიც მათკენ მოდიან. უწყვეტ კადრში უკრაინელების სიმამაცესთან ერთად, მათი შეძახილები, ამბის თხრობა და დიდი ემოცია ჩანს. ვხვდები, რომ სულ არაა აუცილებელი, აქ და ახლა, „რეპორტიორი“ პროფესიონალი იყოს. მთავარია, აღწეროს ნაღდი ისტორია, რომელიც მის თავს ხდება.

რუსი შეიარაღებული ჯარისკაცების წინ მდგარმა მოქალაქეებმა ინტუიციურად იციან, რომ სამოქალაქო ჟურნალისტიკა ბოროტების შემაკავებელი ერთ-ერთი ფაქტორია. ისინი, მათდა უნებურად, ქმნიან მტკიცებულებებს და ისტორიულ დოკუმენტებს, რომლებიც ბევრჯერ დაასაბუთებს რუსეთის აგრესიას და მუდმივად შეახსენებს მსოფლიოს ამ მწარე გამოცდილებას. ამან კი,  შესაძლოა, ბოროტების ხელახლა აღმოცენებას ხელიც კი შეუშალოს. ვუყურებ მათ და ვფიქრობ, ტექნოლოგიების არქონის გამო, რამდენი რამ აღიბეჭდა მხოლოდ ადამიანების მეხსიერებაში და არა ისტორიაში.

კადრი მეორე: ქართველი მეომრები უკრაინაში ბრძოლის ველიდან საკუთარი „სმარტფონებით“ გადაღებულ ვიდეოებს აზიარებენ. ვიდეოში, ამბის თხრობასთან ერთად, ისმის აფეთქებების და ტყვიამფრქვევის ხმა. ვიდეოში ვხედავთ სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილს, რომლის ფონზეც ჯარისკაცები საბრძოლო განწყობაზე არიან, ერთმანეთს ამხნევებენ, მტერს ვერბალურადაც უტევენ. ვუყურებ ქართველ მეომრებს, რომლებსაც  საბრძოლო იარაღთან ერთად მობილურიც დატენილი აქვთ და აქედან მინდა ხმა მივაწვდინო. ტექნოლოგია ამის საშუალებას მაძლევს. ვიდეოს ქვეშ გამამხნევებელ კომენტარს და ემოციის გამომხატველ „ემოჯის“ ვტოვებ.

კადრი მესამე: ტრადიციული მედიის მიერ, დრონით გადაღებული შორი რაკურსის კადრიდან ჩანს თბილისში, უკრაინის მხარდასაჭერად  გამართული სოლიდარობის აქცია. აქაც ათიათასობით მოქალაქეს „სმარტფონი“ უჭირავს. ისინი იღებენ ფოტოებს, აქვეყნებენ პირდაპირი ჩართვის ვიდეოებს, პოსტავენ „ამბებს“ სოციალური მედიისთვის და ქმნიან სოლიდარობის ატმოსფეროს. მოქალაქე ჟურნალისტები საკუთარი პერსპექტივიდან დანახული ამბებით აზიარებენ  დაურედაქტირებელ ემოციებს. ასე, ჩვენს ტელეფონებში მეხსიერების შექმნით, იწერება და ზიარდება სხვადასხვა ადამიანის მიერ დანახული ერთი დიდი ამბავი.

ასე მგონია, რომ თქვენს გონებაშიც უდავოდ იქნება მსგავსი ან სხვანაირი მედიაკადრები, რომელთაც მედიის და ტექნოლოგიების თანამონაწილეობით ქმნით ან აზიარებთ.  ამგვარად, ახლა, ჩვენ თვალწინ, სამოქალაქო ჟურნალისტიკა კოლექტიურ და სამოქალაქო მეხსიერებასაც ქმნის. ამასთან, ის გვეხმარება გავიგოთ მეტი ადამიანის ბუნების შესახებ, მეტად დავიმახსოვროთ მათი გმირობაც და ლაჩრობაც.

მოკლედ, ტექნოლოგიებმა ადამიანის არსებობა უფრო შესამჩნევი გახადა. უკრაინის სამოქალაქო ჟურნალისტიკამ კი უკრაინის რიგითი მოქალაქეები რიგით ჯარისკაცებად აქცია.  გონებაში მინდა წარმოვიდგინო, როგორი იქნება საბოლოო გამარჯვების კადრები, რომლებსაც მილიონობით მოქალაქე უკრაინიდან გაგვიზიარებს.  და აქაც, ერთი რამ ზუსტად ვიცი: არა მარტო ჩვენს მეხსიერებას, არამედ ისტორიას შემორჩება ლურჯ-ყვითელ ფერებში გამოწყობილი უკრაინელების თავდადება და ეს სხვა ერებისთვის შესაძლოა იყოს ახალი შთაგონება თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

გააზიარე