სამუშაო ძალის კვალიფიკაციით საქართველო მსოფლიოში 125-ე ადგილზეა

Forbes-WEB-271215

სამუშაო ძალის კვალიფიკაციის რეიტინგში, რომელიც ქვეყნებს შორის ეკონომიკური კონკურენციის  მნიშვნელოვანი კომპონენტია, საქართველო 125-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

სამუშაო ძალის კვალიფიკაციის რეიტინგს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი მოიცავს. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევაა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში ბიზნესის და ეკონომიკური გარემოს განვითარებას უწყობს ხელს. ეკონომიკური ფორუმი კონკურენტუნარიანობის ინდექსს 2004 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს. გამონაკლისია 2020-2021 წლები, რადგან პანდემიის გამო რეიტინგი არ განახლებულა. შესაბამისად, ახლა მოქმედი რეიტინგი რეალურად 2019 წლის რეიტინგია.

ეკონომიკური ფორუმის განმარტებით, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა გამოიხატება ინსტიტუტების განვითარებაში, მთავრობის პოლიტიკასა და ბუნებრივ ფაქტორებში, რომლებიც ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს განაპირობებენ. რეიტინგში ცალკე არის გამოყოფილი სამუშაო ძალის კვალიფიკაციის დონე, რომელიც კვალიფიციური სამუშაო ძალის მოძიების სიმარტივეს, უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალის კვალიფიკაციას, მოსახლეობაში თანამედროვე (ციფრული) ტექნოლოგიების ცოდნას და დასაქმებულთა პროფესიული ტრენინგების ხარისხს მოიცავს. ეკონომიკური განვითარებისთვის კვალიფიციური სამუშაო ძალა მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

სამუშაო ძალის კვალიფიკაციის შესაფასება მცირე, საშუალო და დიდ საწარმოთა გამოკითხვით ხდება. დამქირავებლები 1-დან 7 ქულამდე აფასებენ კვალიფიკაციის კრიტერიუმებს.

სამუშაო ძალის კვალიფიკაციის რეიტინგი 141 ქვეყანას მოიცავს.

საქართველო სამუშაო ძალის კვალიფიკაციის რეიტინგში

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო 74-ე ადგილზეა, ცალკე აღებულ სამუშაო ძალის კვალიფიკაციის რეიტინგში კი 125-ე ადგილზეა 40.6 ქულით (მაქსიმალური 100 ქულიდან). 2018 წელს საქართველო სამუშაო ძალის კვალიფიკაციის დონით 120-ე ადგილზე იყო, ანუ ბოლო ანგარიშის მიხედვით, მისი პოზიცია 5 ადგილით გაუარესდა. თუმცა საქართველოს ქულა არ შეცვლილა, 5 ადგილით დაწინაურება სხვა ქვეყნების ქულების მატებამ განაპირობა. ყველაზე მაღალ პოზიციაზე, 114-ე ადგილზე საქართველო 2014 წელს იყო. 2015-2016 წლებში საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუარესდა და 131-ე ადგილზე ჩამოვიდა. 2018-2019 წლებში კი მისი რეიტინგი გაუმჯობესდა.

საქართველო სამუშაო ძალის კვალიფიკაციის რეიტინგში, პოზიცია წლების მიხედვით

წყარო: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, 2019 წლის ანგარიში

სამუშაო ძალის კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა – 3.1 დასაქმებულთა პროფესიული ტრენინგების ხარისხში აქვს. ცალკე აღებული ტრენინგების ხარისხით საქართველო მსოფლიოში 135-ე ადგილზეა, ანუ უარესი სიტუაცია რეიტინგში შემავალ მხოლოდ 6 ქვეყანაშია. საქართველოს 3.4 ქულა აქვს უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალის კვალიფიკაციაში და მსოფლიოში 125-ე ადგილზეა. ყველაზე მაღალი ქულა – 3.7 საქართველოს მოსახლეობაში თანამედროვე (ციფრული) ტექნოლოგიების ცოდნაში აქვს და მსოფლიოში 107-ე ადგილს იკავებს. 3.6 ქულა აქვს კვალიფიციური სამუშაო ძალის მოძიების სიმარტივეში (120-ე ადგილი).

სამუშაო ძალის კვალიფიკაციით გამორჩეული ქვეყნები

სამუშაო ძალის კვალიფიკაციით რეიტინგში პირველ ადგილზე შვეიცარიაა, რომელსაც მაქსიმალური 100 ქულიდან 97.3 ქულა აქვს. შვეიცარიას 65 ქულაზე ნაკლები კვალიფიკაციის შეფასების არც ერთ კრიტერიუმში არა აქვს. მეორე ადგილზე ფინეთია 75.8 ქულით, ხოლო მესამეზე სინგაპურია 73.1 ქულით.

სამუშაო ძალის კვალიფიკაციით საქართველოსთან ყველაზე ახლოს ბანგლადეში, ბოლივია, ბურკინა-ფასო და მალავი არიან.

საქართველოს გეოგრაფიული მეზობლებიდან აზერბაიჯანი 31-ე ადგილზეა, რუსეთი 49-ზე, სომხეთი 84–ზე, თურქეთი კი 113ზე. საქართველო სამეზობლოში ბოლო ადგილზეა.

რეიტინგში ბოლო, 141-ე ადგილს – 27.4 ქულით ანგოლა იკავებს. 140-ე ადგილზე ჰაიტია, ხოლო 139-ეზე მოზამბიკია.

10 ქვეყანა, სადაც სამუშაო ძალის კვალიფიკაცია ყველაზე მაღალია

 

ქვეყანა

ქულა

1

შვეიცარია

78.2

2

ფინეთი

75.8

3

სინგაპური

73.1

4

ნიდერლანდები

72.9

5

აშშ

71.7

6

დანია

71.6

7

ისლანდია

70.4

8

მალაიზია

69.5

9

შვედეთი

69.3

10

ნორვეგია

69.3

წყარო: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, 2019 წლის ანგარიში

გააზიარე