საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში

Forbes-WEB-301201

ეკონომიკური გლობალიზაციის საერთაშორისო ინდექსში საქართველო 22-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

მიმდინარე წლის 6 დეკემბერს ეკონომიკური გლობალიზაციის განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა. ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგი გლობალიზაციის ინდექსის მიხედვით დგება, რომელსაც ყოველწლიურად ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აქვეყნებს. პირველი რეიტინგი 2002 წელს გამოქვეყნდა. ინდექსი 196 ქვეყანას მოიცავს და ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გლობალიზაციის დონეს იკვლევს.

ეკონომიკური გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსური გლობალიზაციის დონით განისაზღვრება.

საერთაშორისო ვაჭრობა მოიცავს, თუ რამდენია ქვეყნის საგარეო ვაჭრობა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ და რამდენად დივერსიფიცირებულია სავაჭრო პარტნიორები. ასევე, აფასებს სავაჭრო რეგულაციებს, ტარიფებს და შეთანხმებებს.

ფინანსური გლობალიზაცია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, პორტფელის ინვესტიციებს, საერთაშორისო დავალიანებას, საერთაშორისო რეზერვებს, შრომასა და კაპიტალზე მიბმულ შემოსავლებს საზღვარგარეთიდან, ინვესტიციების რეგულირებას, კაპიტალის ანგარიშის ღიაობას და საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებებს მოიცავს.

ინდექსის ინდიკატორების ინფორმაციის წყარო მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვადასხვა ინდივიდუალური ეკონომიკური კვლევაა.

საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში

ინდექსის თანახმად, საქართველო გლობალიზაციის დონით მსოფლიოში 53-ე ადგილზეა, ცალკე აღებული ეკონომიკური გლობალიზაციით კი 22-ე ადგილი უჭირავს. გლობალიზაციის საერთო დონით 53-ე ადგილი იმით არის განპირობებული, რომ სოციალური გლობალიზაციით საქართველო 73-ე ადგილზეა, ხოლო პოლიტიკური გლობალიზაციით – 125-ე ადგილზე.

საქართველოს ეკონომიკურ გლობალიზაციაში 100-დან 81.5 ქულა აქვს. ეკონომიკური გლობალიზაციის კომპონენტებში – საერთაშორისო ვაჭრობაში 84.3 ქულა აქვს, ხოლო ფინანსურ გლობალიზაციაში – 78.7.

2020 წელს საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში 23-ე ადგილზე იყო. 2021 წელს ერთი ადგილით დაწინაურება გლობალიზაციის ქულის 0.7-ით ზრდამ განაპირობა.

2006 წელს საქართველოს ეკონომიკურ გლობალიზაციაში 67 ქულა ჰქონდა და 94-ე ადგილზე იყო. მომდევნო 10 წელი, 2016 წლამდე, საქართველოს ეკონომიკური გლობალიზაციის დონე იზრდებოდა და ინდექსში მე-16 ადგილამდე დაწინაურდა. საქართველოს გლობალიზაციის კოეფიციენტი 2016 წლის შემდეგაც გაიზარდა 78-დან 81-მდე, თუმცა რეიტინგში 22-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ეს განაპირობა იმან, რომ სხვა ქვეყნების ქულა უფრო გაიზარდა. ბოლო 3 წელიწადში (2018-2020 წლები) საქართველოს ქულა საერთაშორისო ვაჭრობის კომპონენტში 3.9-ით გაუმჯობესდა, ინვესტიციების კომპონენტში კი – 2.1-ით.

საბოლოო ჯამში, საქართველო მაინც მაღალ პოზიციაზეა, რაც საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალურმა პოლიტიკამ და უცხოური კაპიტალის თავისუფლად შემოსვლის შესაძლებლობამ  განაპირობა. საქართველოს მაღალი პოზიცია უფრო ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის ამსახველია, ვიდრე მიღწეული განვითარების დონის. ტერიტორიითა და მოსახლეობით მცირე ქვეყნისთვის გლობალურ, საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრირება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იძლევა საშუალებას, შენი ეკონომიკის საზღვრები ქვეყნის ფიზიკურ საზღვრებთან არ სრულდებოდეს.

საქართველოს პოზიცია ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში

წყარო: ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გლობალიზაციის ინდექსი
ეკონომიკური გლობალიზაციით ლიდერი ქვეყნები

ეკონომიკური გლობალიზაციით პირველ ადგილზე სინგაპურია 94.3 ქულით (მაქსიმალური 100 ქულიდან). მეორე ადგილზე ნიდერლანდებია 90.1 ქულით, ხოლო მესამეზე ბელგიაა 88.7 ქულით.

დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები გლობალიზაციის ინდექსში მაღალ პოზიციებზე არ არიან, მაგრამ ვერ ვნახავთ პატარა ქვეყანას, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მაღალია და ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში დაბალი პოზიცია უჭირავს. საერთაშორისო ვაჭრობა და უცხოური კაპიტალი ბუნებრივი რესურსებით ღარიბი, პატარა ქვეყნების განვითარების აუცილებელი პირობაა.

ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში საქართველოს გეოგრაფიული მეზობლებიდან აზერბაიჯანი 48-ე ადგილზეა, სომხეთი 52-ეზე, თურქეთი 111-ეზე, რუსეთი კი 112-ეზე.

ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში ბოლო ადგილზე ირანია 28.8 ქულით. ირანს სანქციების გამო უცხოურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად აქვს შეზღუდული. ბოლოდან მეორეზე ნეპალია 29 ქულით, ხოლო ბოლოდან მესამეზე ბანგლადეშია 29.1 ქულით.

ეკონომიკური გლობალიზაციით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა

 

ქვეყანა

ქულა

1

სინგაპური

94.3

2

ნიდერლანდები

90.1

3

ბელგია

88.7

4

ირლანდია

88.1

5

ლუქსემბურგი

87.8

6

მალტა

87.2

7

არაბთა გაერთ. საამიროები

86.6

8

შვეიცარია

86.3

9

ესტონეთი

86.1ვ

10

დანია

84.5

წყარო: ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გლობალიზაციის ინდექსი

გააზიარე