საქართველო ინფლაციის დონით მსოფლიოში 170-ე ადგილზეა

ბესო-02 (5)

Trading Economics-ის მონაცემებით, ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში 170-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ინფლაცია სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების გაძვირებას ნიშნავს. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ინფლაციის დონეს თითქმის ერთი და იმავე მეთოდოლოგიით ითვლის – სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) გამოყენებით. სამომხმარებლო ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათას ეყრდნობა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში 300-მდე დასახელების განსხვავებულ საქონელსა და მომსახურებას მოიცავს. თუმცა პრინციპი საერთოა: სამომხმარებლო კალათაში შედის ის საქონელი და მომსახურება, რაზეც ძირითადად ხარჯავს მოსახლეობა ფულს და ქვეყნის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას ასახავს. ღარიბი ქვეყნების სამომხმარებლო კალათაში უფრო დიდი წილი უჭირავს სურსათს და სხვა აუცილებელი მოხმარების პროდუქტებს, მდიდარ ქვეყანაში კი სურსათის წილი შედარებით დაბალია და იზრდება ჯანდაცვის, განათლებისა და დასვენება-გართობის მომსახურების წილი.

სამომხმარებლო ფასების ინდექსში პროდუქტებს განსხვავებული წონა აქვთ. რაზეც მეტი თანხა იხარჯება, მას მეტი წონა აქვს და, შესაბამისად, მისი გაძვირება უფრო მეტად აისახება ინფლაციის საბოლოო, აგრეგირებულ მაჩვენებელზე, რასაც წლიური ინფლაციის დონედ მოვიხსენიებთ. მაგალითად, საქართველოს სამომხმარებლო კალათაში სურსათს 30% უჭირავს, სიგარეტს – 3%. თუ სურსათი 10%-ით გაძვირდება, ეს ინფლაციის მაჩვენებელს 3%-ით გაზრდის, ხოლო თუ სიგარეტი გაძვირდება 10%-ით, ინფლაციის საბოლოო მაჩვენებელი 0.3%-ით გაიზრდება.

ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელს სხვადასხვა ორგანიზაცია აქვეყნებს, მაგრამ ოპერატიულ, ყოველთვიურად განახლებად ინფორმაციას პორტალი Trading Economics-ი აქვეყნებს, რომლის მონაცემებსაც ვეყრდნობით მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ადგილის განსასაზღვრად.

საქართველო ინფლაციის რეიტინგში

Trading Economics-ის 2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ინფლაციის დონემ 0.9% შეადგინა. ეს რიცხვი ემთხვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელს. 0.9%-იანი წლიური (12 თვის) ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში 170-ე ადგილზეა 185 ქვეყანას შორის, ანუ უფრო მაღალი ინფლაცია 169 ქვეყანაშია, ხოლო 15 ქვეყანაში უფრო დაბალი ინფლაციაა.

საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად – 7.2%-ით – რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურება გაძვირდა. შემდეგ მოდის განათლება, რომელიც 6.9%-ით გაძვირდა. 5.7%-ით გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, 2.4%-ით – სურსათი. თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად, 150%-ით, კომბოსტო გაძვირდა. შემდეგ მოდის მწვანილი, რომელიც 142%-ით გაძვირდა. საზამთრო 90%-ით გაძვირდა, ყურძენი – 62%-ით, ბადრიჯანი 38%-ით.

საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტად – 44%-ით – მზესუმზირას ზეთი გაიაფდა. წიწიბურა 43%-ით გაიაფდა, მედიკამენტები – 39%-ით, ბენზინი – 22%-ით.

გრაფიკი: წლიური ინფლაციის დონე საქართველოში

წყარო: საქსტატი

ქვეყნები, სადაც ინფლაციის დონე ყველაზე მაღალია

ბოლო ერთ წელიწადში ფასები ყველაზე მეტად ვენესუელაში გაიზარდა – 398%-ით. ვენესუელას ზოგადად მაღალი ინფლაცია ახასიათებს. წინა წლებშიც ანალოგიური პრობლემები ჰქონდა.

ინფლაციის დონით მე-2 ადგილზე ლიბანია, სადაც ფასები 252%-ით გაიზარდა. შემდეგ სირია მოდის 139%-იანი ინფლაციით. მაღალი ინფლაციით ძირითადად ღარიბი ქვეყნები გამოირჩევიან, თუმცა ტოპ-10 ქვეყანაში ხვდებიან არგენტინა და თურქეთი, სადაც ინფლაცია 113% და 59%-ია.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია თურქეთშია (59%). აზერბაიჯანში ინფლაცია 12.2%-ია, რუსეთში – 4.3%, ხოლო სომხეთში დეფლაციაა -0.2%.

დეფლაცია, ანუ ფასების შემცირება ასევე არის ავღანეთში (-6.5%), კოსტა-რიკაში (-3.3%), სეიშელის კუნძულებზე (-2.5%) და ჩინეთში (-0.3%).

ყველაზე მაღალი ინფლაციის დონის მქონე 10 ქვეყანა

 ქვეყანაინფლაციის დონე, %
1ვენესუელა398
2ლიბანი252
3სირია139
4არგენტინა113
5ზიმბაბვე77
6სუდანი63
7თურქეთი59
8სურინამი57
9ჰაიტი46
10განა43

წყარო: tradingeconomics.com

გააზიარე