საქართველო მთავრობის ვალით მსოფლიოში 141-ე ადგილზეა

1 copy (6)

ეკონომიკის მიმართ მთავრობის ვალის ტვირთის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 141-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

გარკვეული მოცულობის დავალიანება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას აქვს. მთავრობის ვალი ორი სახის არის: საშინაო და საგარეო. საშინაო ვალს მთავრობა ქვეყნის მოსახლეობისგან იღებს, ძირითადად ეს ხდება კომერციული ბანკებისთვის ან საფინანსო ფონდებისთვის ფასიანი ქაღალდების მიყიდვით. საგარეო ვალს კი მთავრობები სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ. განვითარებადი ქვეყნები უმეტესად საგარეო ვალს იღებენ, სადაც ძირითადი დონორები საერთაშორისო ორგანიზაციები არიან და განვითარებად ქვეყნებს კრედიტებს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად აძლევენ.

ქვეყნის დავალიანების ტვირთის შესაფასებლად ნომინალური რიცხვები (მაგალითად, რამდენი მილიარდი ლარის ვალი აქვს საქართველოს) ბევრს არაფერს ამბობს, რადგან ვალის სიმძიმე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონესა და ქვეყნის ეკონომიკის სიდიდეზე. აქედან გამომდინარე, მთავრობის ვალის ტვირთის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ვალის ქვეყნის ეკონომიკასთან (მთლიან შიდა პროდუქტთან – მშპ) ფარდობაა.

ქვეყნების მიხედვით მთავრობის ვალის ტვირთის მაჩვენებელს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს, მათ შორის – საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

საქართველო მთავრობის ვალის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ აპრილში გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 39.2% იყო და ვალის ტვირთის ამ მაჩვენებლით საქართველო 188 ქვეყანას შორის 141-ე ადგილზეა. საქართველოზე მძიმე დავალიანება 140 ქვეყანას აქვს, 47 ქვეყანას კი ნაკლებად აწევს ვალის ტვირთი. 2022 წელსაც საქართველო რეიტინგში 141-ე ადგილზე იყო მშპ-ის მიმართ 39.2%-ის სიდიდის ვალით.

2023 წლის 31 დეკემბერს საქართველოს მთავრობის ვალი 32.6 მილიარდი ლარი იყო. 2023 წელს მთავრობის საგარეო ვალი 1,407 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო საშინაო ვალი – 1,411 მლნ ლარით. ჯამში, 2023 წელს ვალი 2.8 მილიარდი ლარით გაიზარდა, მაგრამ ეკონომიკის ზრდის გამო, მშპ-ის მიმართ 39.2%-ის დონეზე დარჩა.

2013-2016 წლებში საქართველოს მთავრობის ვალი იზრდებოდა, 2017-2018 წლებში მშპ-ის მიმართ მცირედით შემცირდა – 38.2%-მდე, თუმცა 2019 წელს მშპ-ის 40.0%-მდე გაიზარდა. 2020 წელს პანდემიის გამო ვალი მშპ-ის მიმართ თითქმის 20% პუნქტით გაიზარდა და 59.6% შეადგინა. ბოლო 3 წელიწადში კი ისევ შემცირდა 20% პუნქტით.

საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 2014-2023 წლებში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აქვს

სავალუტო ფონდის მიხედვით, მსოფლიოში მთავრობის ვალი ყველაზე მძიმე ტვირთად სუდანს აწევს, სადაც მთავრობას მშპ-ის მიმართ 317% ვალი აქვს. მეორე ადგილზე იაპონიაა, რომელსაც მშპ-ის მიმართ 252% ვალი აქვს. მესამე ადგილზე საბერძნეთია მშპ-ის მიმართ 169% მთავრობის ვალით. ნომინალურ გამოსახულებაში ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აშშ-ს აქვს – 33 ტრილიონი დოლარი.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი სომხეთს აქვს, მშპ-ის მიმართ 50.5%. შემდეგ თურქეთი მოდის მშპ-ის მიმართ 28.9%-ით. რუსეთის მთავრობის ვალი მშპ-ის 19.7%-ია, აზერბაიჯანის კი მშპ-ის 18.4%.

მსოფლიოში ყველაზე დაბალი დავალიანება ბრუნეის მთავრობას აქვს – მშპ-ის 2.3%. შემდეგ ქუვეითი მოდის მშპ-ის მიმართ 3.2%-ით და თურქმენეთი მშპ-ის მიმართ 4.7% დავალიანებით. დაბალი დავალიანება ძირითადად ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყნებს აქვთ.

ყველაზე მაღალი მთავრობის ვალის მქონე 10 ქვეყანა, 2023 წლის 31 დეკემბერი

 ქვეყანამშპ-ის მიმართ, %
1სუდანი317
2იაპონია252
3საბერძნეთი169
4სინგაპური162
5არგენტინა155
6ვენესუელა148
7იტალია137
8ბაჰრეინი125
9ლაოსი123
10აშშ122

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

გააზიარე