შეთანხმებანი აღმოსავლურად და დასავლურად

პეტრ2 (1)

ხომ გახსოვთ ასეთი ფილმების სერია: ძარცვა იტალიურად, ფრანგულად, ამერიკულად. ჰოდა, ახლა უნდა გიამბოთ შეთანხმებებზე, თუ როგორ ფორმდება ისინი აღმოსავლურად და დასავლურად. ასე იციან აღმოსავლეთში: (შეძლებისდაგვარად) ჩუმად ივლიან, მერე გასაიდუმლოებულ ოთხდღიან შეხვედრებს გამართავენ უსაფრთხოების უმაღლესი თანამდებობის პირები ორივე მხრიდან და ბოლოს გამოგვიცხადებენ: ჩინეთის შუამავლობით შედგა შეთანხმება საუდის არაბეთსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის. მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. ორი თვის განმავლობაში მხარეები განაახლებენ საკუთარი დიპლომატიური მისიების საქმიანობას და თანხმდებიან, არ ჩაერიონ ერთურთის საშინაო საქმეებში (აი, ამ პირობას რამდენად შეასრულებენ, არ ვიცი). ძალიან საინტერესო იქნება, თუ ოდესმე მოლაპარაკებების დეტალები გამოქვეყნდება. თუმცა ახლავე შეიძლება ითქვას, რომ თუკი შესრულდება, ახლო აღმოსავლეთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნება. არავინ არის იმდენად გულუბრყვილო, იფიქროს, რომ ხვალიდან ამ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები დაიწყება. აგრეთვე, ნურც ნურავის ექნება ილუზია, რომ საუდის არაბეთის და, განსაკუთრებით, ირანის სპეციალური სამსახურები ოდნავ მაინც მოადუნებენ თავიანთ საქმიანობას გნებავთ ერთმანეთის ტერიტორიებზე, თუ მათ ფარგლებს გარეთ. ამ ყველაფერთან ერთად, განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევა ირანის ბირთვულ შეთანხმებაში შემობრუნების მიმართულებით, ჯერ კიდევ უშედეგოა და შეთანხმების მიღწევის იმედები ფაქტობრივად გამქრალია; მაშინ, როდესაც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის არსებული ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაგრილდა, სწორედ ამ დროს პეკინის შუამავლობით!!! ფორმდება შეთანხმება რეგიონის ორ მთავარ მოწინააღმდეგეს (მტრებიც თამამად შეიძლება უწოდოს კაცმა) შორის.

შეგახსენებთ, რომ რიადსა და თეირანს შორის ურთიერთობები საგრძნობლად გაუარესდა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა სიკვდილით დასაჯა გავლენიანი შიიტი სასულიერო პირი ალ-ნიმრი და მასთან ერთად ორმოცდაექვსი ადამიანი. საუდის არაბები ამტკიცებდნენ, რომ ისინი სიკვდილით ტერორისტული საქმიანობისთვის დასაჯეს, ხოლო ირანელები ამბობდნენ, რომ ალ-ნიმრი სუნიტმა საუდებმა მისი რელიგიური საქმიანობის გამო მოკლეს. სწორედ მაშინ გადაწყდა დიპლომატიური მისიების საქმიანობის მინიმუმამდე დაყვანა. ომმა იემენში 150 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. ირანის დახმარებით ჰუსიტებმა პროარაბული მთავრობა ჩამოაგდეს და საუდის არაბეთის არმიასაც წლების მანძილზე სწორედ ირანის დახმარებით წარმატებით უმკლავდებოდნენ. იყო კიდევ ერთი ძალიან ხმაურიანი ფაქტიც: 2019 წელს საუდის არაბეთის უმსხვილეს „საუდი არამკოს” ნავთობბაზაზე მოხდა ტერორისტული თავდასხმა. საუდის არაბეთი და აშშ ირანს ადანაშაულებდნენ, ირანი კი ბრალდებებს უარყოფდა და მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებდა. აი, ამ ყველაფრის შემდეგ, ჩინეთის შუამავლობით ირანი და საუდის არაბეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ. არასდროს თქვა არასდროს.

ასეა თუ ისე, აშშ-სთვის ეს ძალიან საყურადღებო ამბავია. აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ მართალია, ძალიან მოკრძალებულად, მაგრამ მაინც აღნიშნა ამ შეთანხმების დადებითი მხარე. „რაც უკეთესია მეზობლებისთვის, კარგია ყველასთვის“.

საინტერესოა, რას იტყვის ამ შეთანხმებაზე დონალდ ტრამპი, რომელსაც ნამდვილად ჰქონდა საერთო ენა გამონახული საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველთან, პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან.

გამოცდილმა ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა ჩას ფრიმანმა მწუხარებით აღნიშნა, რომ როდესაც ქმნი ვაკუუმს, შენს ადგილს სხვები იკავებენ. ცხადია, ამერიკელებისთვის საყურადღებოა ირანისა და საუდის არაბეთის შეთანხმება, მაგრამ მათთვის კიდევ უფრო მეტ თავსატეხს ჩინეთის შუამავლობა წარმოადგენს. ეს არის ახალი და ძალიან სერიოზული სვლა ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან. ისტორიულად, ჩინეთი თავს იკავებდა უშუალოდ მისი შუამავლობით მოლაპარაკებების გამართვისგან. თუმცა, როგორც იტყვიან, დრონი მეფობენ და არა მეფენიო. ასევე იტყვიან ხოლმე ასეთ შემთხვევებში, წმინდა ადგილი ცარიელი არასდროს რჩებაო. აქვე, ხომ არ გაგახსენდათ ჩინეთის 12 მოსაზრება რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით? კი ბატონო, ჩინეთის ძალისხმევა ყოველთვის განსაკუთრებულად საყურადღებოა.

ჩინეთი დიდ, გლობალურ თამაშს თამაშობს და გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებს გლობალურ პროცესებს. ცხადია, ამას ხედავენ ამერიკელი, ევროპელი და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის პოლიტიკოსებიც, დიპლომატებიც და ანალიტიკოსებიც. ხედავენ და ძალიანაც შფოთავენ.

ამიტომაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი გაემგზავრა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში, სადაც შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს ენტონი ალბანეზის. განხილვის მთავარი თემა – 18 თვის წინ დადებული აუკუს-ის შეთანხმება იქნება. ჩინეთის „მზარდად შემაშფოთებელი ქცევა“ განაპირობებს დიდი ბრიტანეთის საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების და საფრთხეთა შეფასების დოკუმენტების განახლებას, სადაც განსაკუთრებული ადგილი განეკუთვნება ჩინეთს და მასთან ერთად რუსეთს; ჩინეთს განსაკუთრებულ მეტოქედ მიიჩნევს აშშ-ის ადმინისტრაციაც და ყველა მცდელობა ნომერ მეორე გლობალურ სახელმწიფოსთან ურთიერთობების ნორმალიზების, ჯერჯერობით წარუმატებელია. ავსტრალია კი რეგიონის ქვეყნებიდან ერთ-ერთია, რომელსაც გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაურთულდა ურთიერთობები ჩინეთთან და, ბუნებრივია, წუხს მის გლობალურ და რეგიონულ სამხედრო-პოლიტიკურ ამბიციებზე.

ავსტრალია-დიდი ბრიტანეთი-აშშ-ის მიერ აუკუს-ის შეთანხმების გაფორმებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა თავის დროზე. შეიძლება ძველი ტკივილების გასაყუჩებლად დიდი ბრიტანეთის პრემიერი ჯერ პარიზს ეწვია და იქ 500 მილიონი გირვანქა სტერლინგის შეთანხმებაზე პრეზიდენტ მაკრონთან ისაუბრა, რომლის თანახმადაც ბრიტანეთი იღებს ვალდებულებას, მოაწესრიგოს მიგრაციული პროცესები ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის.

ავსტრალია არ არის ბირთვული ქვეყანა, მაგრამ მას ჰქონდა დადებული 2-მილიარდდოლარიანი შეთანხმება საფრანგეთთან ბირთვული წყალქვეშა ნავების ფლოტის შექმნის შესახებ. ეს გაფორმებული ხელშეკრულება, შეიძლება ითქვას, ძალიან ხისტად ჩაანაცვლა აუკუს-მა, რომლის თანახმად დიდი ბრიტანეთი და აშშ გაუზიარებენ ბირთვულ ტექნოლოგიებს და საიდუმლო ინფორმაციებს, ხოლო ავსტრალია გახდება მეშვიდე ქვეყანა, ვისაც ეყოლება ბირთვული წყალქვეშა ნავების ფლოტი. საინტერესოა, რომ ამ გადაწყვეტილებას წესით უნდა მოჰყვეს ბირთვული რეაქტორის ავსტრალიაში მშენებლობა, რასაც ჩინეთი ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს. ზოგადად უნდა ითქვას, რომ აუკუს-ი მეტია, ვიდრე მხოლოდ ბირთვული წყალქვეშა ნავების ფლოტის შექმნის შეთანხმება, ეს უფრო სამთა ბირთვული ალიანსია პოლიტიკური და სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთვალდებულებების სრული პაკეტით. აგრეთვე, არ მინდა შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ თითქოს დასავლურად შეთანხმებები სულ ასე იდება – ერთის მეორეთი ხისტი ჩანაცვლებით. თუმცა, როგორც ხედავთ, ასეც ხდება ხოლმე.

უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე, აგრეთვე, მსოფლიოს გლობალურ მოთამაშეებს შორის რთული ურთიერთობების გამოცდილებიდან გამომდინარე, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რა შედეგებს მოიტანს და როგორ იმუშავებს შეთანხმებები, დადებული აღმოსავლურად და დასავლურად. ჩვენ კიდევ ბევრჯერ შეგვხვდება სახელწოდება აუკუს-ი და ვნახავთ, როგორ განვითარდება ურთიერთობები ირანსა და საუდის არაბეთს შორის. რამდენად დამეგობრდებიან ახლოაღმოსავლელი შიიტები და სუნიტები, ამას დრო გვაჩვენებს, ხოლო აუკუს-ის შეთანხმებაზე პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია და პროცესი დაძრულია.

გააზიარე