შეუძლებლის დაცვა
The libertarian worship of individual freedom,
and contempt for social convention, comes easiest
to people who have never really had to grow up.
George Packer
პირადი თავისუფლების ლიბერტარიანული განდიდება და
და სოციალური შეთანხმების ზიზღი ყველაზე იოლად გამოსდით
მათ, ვინც არასდროს რეალურად არ გამხდარა ზრდასრული.
ჯორჯ პარკერი
დღევანდელ ბლოგს ვუთმობთ საკითხს, რომელიც ბევრი დისკუსიის საგანი იყო და იქნება, რადგან ეს თემა იდეოლოგიურ პოზიციებთანაა გადაჯაჭვული. ეს საკითხი გახლავთ საბაზრო ეკონომიკის მორალური მხარე და ამასთან დაკავშირებით, მოკლედ ვისაუბრებთ მოსაზრებაზე ამერიკელი ეკონომისტის, ეკონომიკის ავსტრიული სკოლის, შემდგომ კი ლიბერტარიანიზმის წარმომადგენელ, უოლტერ ბლოკის (Walter Block) წიგნის შესახებ – „შეუძლებლის დაცვა“ (Defending Undefendable).
უოლტერ ბლოკი დაიბადა 1941 წელს, დაამთავრა ნიუ-იორკის ბრუკლინის კოლეჯი, სადოქტორო დისერტაცია კი კოლუმბიის უნივერსიტეტში დაიცვა. ასწავლიდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში: ცენტრალური არკანზასის უნივერსიტეტში (University of Central Arkansas), წმინდა ჯვრის კოლეჯში (Holy Cross College), ბარუხის კოლეჯში (Baruch College), რუტჯერის უნივერსიტეტში (Rutgers University) და ლოიოლას უნივერსიტეტში (Loyola University).
ბლოკი თავის წიგნში არასდროს არ წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკას, როგორც მორალურ ინსტიტუტს. ფაქტია, რომ მოგება-ზარალისა და ბალანსის ბიზნესსისტემამ კაცობრიობას მოუტანა არნახული რაოდენობის საქონელი და მომსახურება, დაწყებული კბილის იმპლანტით, გაგრძელებული შიდაწვის ძრავით და დასრულებული კოსმოსური თანამგზავრებით. არათუ მსგავსი, არსებულ სიტუაციასთან მიახლოებული მდგომარეობაც კი არასდროს ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. ადამიანის სურვილების დაუსრულებელი რაოდენობის დაკმაყოფილებისთვის ასევე არასდროს არ შექმნილა ისეთი ზემძლავრი პლატფორმა, როგორიც არის საბაზრო ეკონომიკა. ამავე დროს, საბაზრო ეკონომიკა გვაწვდის (გავიხსენოთ – მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე) ისეთ საქონელსა და მომსახურებას, როგორიცაა: აზარტული თამაშები, პროსტიტუცია, პორნოგრაფია, ნარკოტიკები, სვინგერების კლუბები და ა.შ. ზემოთ ჩამოთვლილი საქონლისა და მომსახურების ბუნება, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, იწვევს სერიოზულ ეჭვს და პირდაპირ რომ ვთქვა, ჩემი აზრით, ბევრი მათგანი ამორალურია (ამავე დროს, უნდა გავიცნობიერო, რომ მორალი საკმაოდ რთული განსამარტია, ძნელია მისი საზღვრების დადგენა და არანაკლებ რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა საზომი გვაქვს მორალის გასაზომად, განსაკუთრებით კი სხვისი ფასეულობების შეფასებისას). ამავე დროს, საბაზრო მექანიზმი, როგორც მომხმარებლების დაკმაყოფილების საშუალება, შეიძლება იყოს იმდენად მორალური, რამდენადაც მორალურნი არიან საბაზრო ეკონომიკის მონაწილეები, მომხმარებლები და მიმწოდებლები. ალბათ, ყველაზე სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ საბაზრო ეკონომიკა არც მორალური და არც ამორალურია, ის იმორალურია.
სხვანაირად რომ ვთქვათ, საბაზრო ეკონომიკა არის როგორც ცეცხლი, როგორც იარაღი, როგორც კალამი (ხატოვნად, თორემ დღეს უნდა ვთქვა – კომპიუტერის კლავიატურა) – ისინი შეიძლება იყვნენ როგორც კეთილშობილური მიზნების მისაღწევი, ასევე ყოვლად ქვენა სურვილების დაკმაყოფილების ინსტრუმენტები. ისმება ორი კითხვა: მაშ, როგორ გავარჩიოთ, ბაზრის მონაწილის საქმიანობა მორალურია თუ არა? პასუხი ამაზე ვიცით – ბაზარია იმორალურია. მეორე კითხვა: როგორ გავარჩიოთ ზიანის მომტანი თუ არმომტანი ბიზნესმოქმედება? ლიბერტარიანელებმა ცოტა შორიდან მოუარეს ამ კითხვას. კონტრკითხვა: როდის არის ძალადობა ლეგალური? ის ლეგალურია თავდაცვის მიზნით და მანამდე ჩადენილი აგრესიის საპასუხოდ. თუ ამას ვეთანხმებით, ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია იმ ხალხის დაჯარიმება, დაპატიმრება და დასჯა, ვინც არ ძალადობს სხვებზე. ცოტას გადავუხვევ და მოგახსენებთ, რომ, ვთქვათ, ჰეროინის გაყიდვის შემთხვევისას არ არის არანაირი ძალადობა: ადამიანი თავისი ნებით ყიდულობს საქონელს მეორე ადამიანისგან, რომელიც ასევე თავისი ნებით ყიდის ნარკოტიკს. მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ გამყიდველი ჰეროინის სახით ყიდის ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დამოკიდებულების გაჩენის დიდი ხარისხი და შედეგად ვიღებთ ადამიანურ ტრაგედიებს? ახლა დავუბრუნდეთ ლიბერტარიანულ პოზიციას: რადგან ნარკოდილერი არ ძალადობს მომხმარებელზე, შესაბამისად, სახელმწიფოს არა აქვს მიზეზი, რომ ის დასაჯოს.
ლიბერტარიანიზმი არ ადგენს ზღვარს კეთილსა და ბოროტს შორის, მორალურს და ამორალურს შორის, შესაბამის თუ შეუსაბამო ტრანზაქციას შორის. კიდევ ერთხელ: საბაზრო ეკონომიკა არც მორალურია და არც ამორალური, ის იმორალურია.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on May 10, 2023
- on April 13, 2023
- on March 29, 2023
- on March 15, 2023
- on March 2, 2023
- on February 15, 2023
- on February 1, 2023
- on January 11, 2023