სტოიციზმი და მენეჯმენტი - ნაწილი 2
დაიოკე უსაგნო ვნება და შფოთვა და ამით
დაამარცხებ დარდს. მისდიე მხოლოდ შინაარს.
მარკუს ავრელიუსი
წინა ბლოგში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სტოიკური premeditatio malorum-ის (ლათინურად: ბოროტებისთვის თვალის გასწორება) ტექნიკის შესახებ და თუ როგორ შეიძლება ის დაგვეხმაროს ბიზნესრისკების თანმხლები შიშების მართვაში. აგრეთვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს მეთოდოლოგია ბიზნესში წარუმატებლობის დაპირისპირებისთვის.
კიდევ ერთი ეფექტიანი იარაღი, რომელიც სტოიციზმის არსენალშია, არის Nudus (ლათინურად – გაშიშვლება). სტოიციზმი გვთავაზობს იმ მოსაზრებას, რომ თავისთავად საგნებისა და მოვლენების დიდი უმრავლესობა ღირებულებით ნეიტრალურია. ჩვენ გვაღელვებს არა საგნები და მოვლენები, არამედ ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ. ჩვენ თვითონვე, ზოგჯერ შეგნებულად და ზოგჯერ ანგარიშმიუცემლადაც, ვირჩევთ, თუ როგორ ვუყურებთ და აღვიქვამთ მათ. შეიცვალე ხედვის პერსპექტივა, შეიცვალე აღქმის პერსპექტივა – გვეუბნებიან სტოიკოსები. მოვლენებისა და საგნების არსის გაგებისთვის, სტოიკოსები იყენებდნენ ხსენებულ „გაშიშვლების“ ტექნიკას – აცლიდნენ ზედა შრეებს, ასე ვთქვათ, „ფცქვნიდნენ“ მათ. მაგალითად, ძვირფასი ფრანგული ღვინო საბოლოო ჯამში არაფერია, თუ არა დაჭყლეტილი ყურძენი, Patek Phillipe-ის თუ Casio-ს მაჯის საათები მაჯის საათებია მხოლოდ, MONTBLANC-ის და BIC-ის კალმები საბოლოო ჯამში კალმებია, Ferrari-იც და KIA-ც – ორივე ძრავასთან დაკავშირებული ბორბლებიანი ძარებია მხოლოდ და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღირებულებით და ფუნქციით ღვინო და ძმარი ერთი და იგივეა, არამედ აქ საქმე გვაქვს შინაარსობრივად საერთო სივრცეში მყოფობასთან. სტოიკოსები, აცლიან რა საგნებსა და მოვლენებს ზედნადებსა და შრეებს – ამ მსუბუქად აგდებულები დამოკიდებულებით და იმავდროულად ღრმა ხედვით – ხვდებიან მათ ფუნდამენტურ არსს, რაც სტოიციზმის მიმდევრებს საშუალებას აძლევს, მოახდინონ ფოკუსირება მოვლენის რეალურ და სიღრმისეულ შინაარსა თუ მიზეზზე. ერთი შეხედვით, მენეჯერისთვის მსგავსი მიდგომა ანათემაა, სინამდვილეში კი ეს სტოიკური ტექნიკა მას დაეხმარება ბიზნესის მაკრო – და მიკროპროცესების გაფილტვრაში და იმის გამოხშირვაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამის შედეგად კი შესაძლებელი ხდება ამ უკანასკნელზე კონცენტრაცია. გარდა ამისა, ასეთი მიდგომა მენეჯერს დაიცავს პიროსის გამარჯვებებისგან, თითქოს სასურველი, მაგრამ სინამდვილეში ფუჭი მიზნების დასახვისაგან და ამით კომპანიას დროისა და ფულის არამიზნობრივ ხარჯვას აარიდებს. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენების დიდი უმრავლესობა ღირებულებით ნეიტრალურია, სტოიკოსებს კარგად შეეძლოთ ღირებულებით ნეიტრალურისა და არანეიტრალურის ერთმანეთისგან გარჩევა და შესაბამისი პოზიციის დაკავება და ქმედება.
გარდა შესაძლო წარუმატებლობისა, ბიზნესმენებსა და მენეჯერებს ბევრი და ინტენსიური ყოველდღიური ზეწოლა აქვთ: სხვადასხვა, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ვალდებულებები, დროის დეფიციტი, მომხმარებლის უკმაყოფილება, კონკურენცია, გადაწყვეტილებების მიღება, ინვესტორების მოლოდინი და ა.შ. ხშირად ეს ზეწოლა სტრესში გადადის. სტრესი არამარტო ცუდია ჯანმრთელობისთვის, ის დამაზიანებელია ბიზნესისთვის, იგი იწვევს მომავლის შიშს, გაუბედაობას, თვითდაჯერებულობის შემცირებას და შედეგად – პროდუქტიულობის დაცემას. ასეთ სიტუაციაში სტოიციზმი კვლავ გვთავაზობს ეფექტიან ინსტრუმენტს. კერძოდ კი, სტოიციზმი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სტრესის ფაქტორების იდენტიფიკაციას და მათ შემდგომ დახარისხებას. სტოიციზმი გვასწავლის, რომ უნდა განცალკევდეს ის ფაქტორები (განცალკევება უნდა მოხდეს გონით და არა ემოციით), რომლებიც საერთოდ არ ექვემდებარება თქვენს კონტროლსა და მოქმედებებს და ის ფაქტორები, რომლებიც თქვენს კონტროლსა და მოქმედებებს ნაწილობრივ მაინც ექვემდებარება. შემდეგი ნაბიჯია ამ უკანასკნელი ჯგუფის რისკ-ფაქტორების დახარისხება. რისკ-ფაქტორები ბევრი კრიტერიუმით შეიძლება დალაგდეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სტოიციზმის მიდგომა უნიკალური და ეფექტიანია: ის ამ ფაქტორებს ახარისხებს მათზე გავლენის მოხდენის თუ მათზე გავლენის შეუძლებლობის ხარისხობრივი კრიტერიუმით. ამის შემდეგ, ის, რაც არ არის ჩვენს კონტროლს დაქვემდებარებული, ის, რაც ცხადად აღემატება ჩვენი მოქმედების შესაძლებლობას, არც კი ღირს საღელვებლად. ხოლო რაც ექვემდებარება ჩვენს კონტროლსა და საქმიანობის ზეგავლენას – ვიმოქმედოთ მტკიცედ. და რაც უმნიშვნელოვანესია: განვარჩიოთ ერთი მეორისაგან. სტოიკურ მიდგომაში ფუნდამენტური ელემენტია აუმღვრევლობა იმის მიმართ, რაზეც ზემოქმედება არ შეგვიძლია და მოქმედება იმ მიმართულებით, რისი შეცვლაც შეგვიძლია. ეს ბიზნესსა და მენეჯმენტში შეგვინარჩუნებს სიმშვიდეს და მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოვახდინოთ დროისა და ენერგიის კონცენტრაცია მხოლოდ იმ მოვლენებზე, რომელთა მიმართულება ან შინაარსი ჩვენი მოქმედებებით შეგვიძლია განვსაზღვროთ ან შევცვალოთ. ის რაც ხდება, მნიშვნელოვანია. მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვპასუხობთ მომხდარს და როგორ ვრეაგირებთ მასზე.
სტოიციზმი არ არის მხოლოდ განჭვრეტის ფილოსოფია. იგი არის ფილოსოფია, რომელიც განუყრელია რეალურ დროსა და სივრცეში მოქმედებისგან, მაგრამ ეს მოქმედებები ემყარება მტკიცე სტოიკურ პრინციპებს (ხშირად სიმტკიცე და სტოიკურობა ერთმანეთის სინონიმია). სტოიციზმი ირჩევს თვითკონტროლს, აგრეთვე მოვლენათა და საგნების არსის გაგებას, როგორც დესტრუქციულ ემოციებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებას.
შემდეგ ბლოგში დავასრულებთ სტოიციზმისა და მენეჯმენტის თემას.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on May 10, 2023
- on April 13, 2023
- on March 29, 2023
- on March 15, 2023
- on March 2, 2023
- on February 15, 2023
- on February 1, 2023
- on January 11, 2023