ტექინდუსტრიის ნარცისული აშლილობა

მიშო - web

ტექინდუსტრია ისეა საკუთარ თავზე შეყვარებული, რომ, შეიძლება ითქვას, მეგალომანიაშიც კი გადასდის. ნარცისული მანქანასავითაა, რომელიც გამუდმებით ჩაგძახით, რომ მასზე მნიშვნელოვანი არაფერია.

რატომ არის ტექინდუსტრია ასე თვითშეპყრობილი მაშინ, როდესაც ფართო საზოგადოება საერთოდაც არ იზიარებს მისი სიდიადის ილუზიებს?

 

სიამაყე და ცრურწმენა

დღე არ გავა, რაიმე ინოვაციური მიღწევებით რომ არ გამოგვიჭედოს ყურები, იქნება ეს ახალი აპლიკაცია თუ გაჯეტი. თანაც, რომ ჰკითხო, თითოეული მათგანი სამყაროს შეცვლის უპრეცედენტო პოტენციალს ატარებს.

გამოვიდა ბლოკჩეინ-ტექნოლოგია და ისეთი ამბავი ატყდა, თითქოს ყველაფერი ამ ახალ სისტემაზე უნდა გადასულიყო. რა მოხდა რეალურად? დიდი არც არაფერი. რამდენიმე იზოლირებული პროტოკოლი მივიღეთ, რომლებსაც ძალიან ვიწრო და სპეციალიზებული გამოყენება აქვს.

კრიპტოვალუტები მომავლის ფულია და რეალურს ჩაანაცვლებსო, რომ გაჰყვიროდნენ? ვინმე რეალურად იყენებთ კრიპტოვალუტებს ყოველდღიური გადახდებისთვის? დღეს მათი ყველაზე დიდი გამოყენება ალბათ კრიპტობაზრებზე ვაჭრობაა, რაც ფსევდოკაზინოსეულ თამაშს უფრო ჰგავს.

შემდეგ Web3-ი გამოჩნდა ჰორიზონტზე და ხალხმა ინტერნეტის რევოლუციაზე დაიწყო საუბარი – დეცენტრალიზებული ინტერნეტი, კონტროლი შენს ინფორმაციაზე, მომენტური გადარიცხვები. რამე შეიცვალა? სხვანაირად ხმარობთ დღეს ინტერნეტს? და NFT-ები? ბოტასებს რომ ყიდულობდნენ და სიარულით ფულის შოვნას რომ ცდილობდნენ, ხომ გახსოვთ? სად გაქრა?

ახლა ხელოვნური ინტელექტის ბუმში ვართ და ხალხი უკვე აპოკალიფსურ სცენარებს დგამს, რომლებშიც ხელოვნური ინტელექტის მოდელები ცნობიერებას იძენენ და ადამიანთა რასაზე დომინირებას იწყებენ. შეიძლება ეს მოხდეს? ალბათ არა… ან კი. ჯერჯერობით ხელოვნურ ინტელექტს სულ ორი ფუნქცია აქვს: დიდი მონაცემების დამუშავება და კონტენტის შექმნა. რაც კი AI-აპლიკაციები არსებობს, ყველას მუშაობის პრინციპი ამ ორ ფუნქციას ეფუძნება, ამიტომაც ჰქვია გენერაციული ხელოვნური ინტელექტი.

საქმე ისაა, რომ ტექინდუსტრია უამრავ დაპირებას პანტაპუნტით ისვრის და ბოლოს ხელში მისი 20% გვრჩება. თითქოს ჰიპერბოლა და თვითგანდიდება უკვე ჩვევად აქვს ამ ინდუსტრიას და მის გარეშე ვეღარ ფუნქციონირებს.

ნარცისი ტინეიჯერივითაა, რომელიც მუდმივად სარკეში იყურება, ანარეკლით ტკბება და განუწყვეტლივ უმეორებს საკუთარ თავს, თუ რა ლამაზია.

საიდან მოდის ეს უსაფუძვლო სიამაყე და მეგალომანიური ცრურწმენები?

საიდან მოდის ეს ყველაფერი?

საიდან და შოკურად სწრაფი ნახტომიდან.

ბოლო 50 წლის განმავლობაში რაც კი ტექნოლოგიური განვითარება ვნახეთ, ამდენი ადამიანთა მოდგმის მთელ დანარჩენ ისტორიაში არ გვინახავს. ამხელა და ასეთი დაჩქარებული პროგრესის ფონზე ტექინდუსტრიის განარცისება ალბათ არცაა გასაკვირი, მაგრამ როგორ შეიძლება, ყოველი ახალი სტარტაპი უბრალოდ ინოვაციური კი არა, რევოლუციური იყოს? რანაირად შეიძლება ყოველი გაჯეტი ღვთიურ შესაძლებლობებს გვპირდებოდეს? ან ყოველი აპლიკაცია ინდუსტრიებს თავდაყირა აყენებდეს? ან, საერთოდ, ყველა ახალი იდეა გენიალური იყოს?

არ შეიძლება და არც არის ასე, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ მათ ასე სჯერათ. ყველაფერი, რაც ოქროსფერია, ოქროსი არ არის და ტექინდუსტრიაზე უკეთ ალბათ პოლიტიკოსებსაც კი არ გამოსდით ყველაფრისთვის სიკაშკაშის მომატება.

დროა, ცოტა სკეპტიკურად შევხედოთ ამ „ინოვაციებს”. სკეპტიციზმში ფანატიკურ ავერსიასა და შიშს არ ვგულისხმობ. არა, 5G-ინტერნეტი ბილ გეიტსს გენოციდის მოსაწყობად არ შეუქმნია და არა, ჩიპებს თავში არავინ გვიდგამს. ჩიპზე თუ მიდგა საუბარი, გახსოვდეთ, რომ ჯიბეში თქვენივე ნებით გიდევთ ერთი დიდი ჩიპი, რომელიც ძალიან გიყვართ და ყოველღამე ტენით.

სკეპტიციზმში ვგულისხმობ მხოლოდ იმას, რომ ყოველი ახალი დაპირება უსიტყვოდ არ უნდა მივიღოთ – გადავამოწმოთ, გამოვიკვლიოთ და კარგად დავფიქრდეთ, შეესაბამება თუ არა ის რეალობას.

ამის სწორად შესაფასებლად უნდა გავიგოთ, ბოლოს და ბოლოს რატომ არის ტექინდუსტრია ასე რადიკალურად შეყვარებული თავის თავზე.

ტექნოლოგიური პროგრესი უცნაური რაღაცაა. ერთი მხრივ, რაც უფრო სწრაფად მივდივართ წინ, მით უფრო ვკარგავთ სიახლეებისადმი მგრძნობელობას და, მეორე მხრივ, მეტ პროგრესს, ჩვეულებრივ, კიდევ უფრო მეტი პროგრესი მოჰყვება.

შედეგად, ხშირად გვავიწყდება, როგორი იყო ცხოვრება ამა თუ იმ ტექნოლოგიურ ინოვაციამდე. მაგალითად, დღეს იმდენად ხშირად და ყველაფერში ვხმარობ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს, რომ ვერც კი წარმომიდგენია, მათ გარეშე როგორ ვარსებობდი. არადა, სულ რაღაც სამი თვეა, რაც მოქმედი AI-აპლიკაციები მივიღეთ. სამი თვე!

მაგალითად, სმარტფონები ავიღოთ. სულ რაღაც ათი წლის წინ ისინი ფუფუნება იყო, რომლის ყიდვაც მხოლოდ რამდენიმეს შეეძლო. ახლა კიდევ იმდენად დამოკიდებულები ვართ მათზე, რომ სახლში თუ გვრჩება, პანიკაში ვვარდებით, თითქოს სასიცოცხლო ორგანო დავკარგეთ.

სმარტფონებს თავი გავანებოთ. ინტერნეტი? დენი რომ ითიშება და ინტერნეტზე წვდომას ვკარგავთ, ალბათ თქვენც გიჩნდებათ კითხვა: „ახლა რა ჯანდაბა ვქნა?”

ჯანდაცვის ტექნოლოგიებიც არ დაგვავიწყდეს. ექოსკოპიები, სისხლის ანალიზები, რენტგენები. ასეთ რაღაცებზე აღარც ვფიქრობთ.

მოდი, პატარა thought experiement-ი ჩავატაროთ. წარმოიდგინეთ სამყარო ელექტროენერგიის გარეშე. არც განათება, არც მაცივარი, არც კონდიციონერი. ეს არის სამყარო, სადაც სინათლე მხოლოდ მზის ამოსვლისას მოდის, სადაც საკვები სწრაფად ფუჭდება და სადაც ზაფხულის მძვინვარე სიცხე აუტანელია. ეს არის სამყარო, რომელიც ახლა წარმოუდგენლად გვეჩვენება, მაგრამ 150 წლის წინ სხვანაირი სამყარო იყო წარმოუდგენელი.

მობილურების გარეშე როგორი იქნებოდა? მესიჯები მხოლოდ ფოსტით რომ იგზავნებოდეს, დარეკვა კი მხოლოდ სახელმწიფო უწყებების მფლობელობაში მყოფი უზარმაზარი მოწყობილობებით იყოს შესაძლებელი. ფოტოების გადაღებაზე საუბარიც ზედმეტია. 100 წლის წინ აქ ვიყავით.

ახლა წარმოიდგინეთ სამყარო ინტერნეტისა და სმარტფონების გარეშე. ინფორმაციაზე წვდომა რადიკალურად შეზღუდულია, არანაირი სოციალური მედია, არანაირი ონლაინ შოპინგი, არც Google-ი, არც Youtube-ი, არაფერი. ეს არის სამყარო, სადაც ცოდნა შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რაც წიგნებში მოიძებნება, სადაც სხვებთან დაკავშირება ფიზიკურ სიახლოვეს მოითხოვს და სადაც შოპინგი ნიშნავს მაღაზიიდან მაღაზიაში სიარულს. ასეთი იყო სამყარო 50 წლის წინ.

წარმოუდგენელი პროგრესი წარმოუდგენლად მცირე დროში. რამეს ხომ არ გახსენებთ? რა ხდება ხოლმე, ძალიან ახალგაზრდა ადამიანი ძალიან უცებ ძალიან დიდ წარმატებას რომ აღწევს?

თავში უვარდება. კი, მართალია ეს უხეში განზოგადებაა, თუმცა პარალელისთვის გამოდგება.

ზუსტად ასეთი თავში ავარდნილი, გატუტუცებული ტინეიჯერია ტექინდუსტრიაც, რომელსაც ვენჩურული კაპიტალისტები კიდევ და კიდევ უფრო ათამამებენ. ის ძალიან ახალგაზრდაა და ძალიან მცირე დროში წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია. ახლა კი ჰგონია, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, გენიალური, რევოლუციური და ყველასათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გააზიარე