წარწერა ჰიროსიმაში: დიდი ზელე + დიდი შვიდეული = დიდ გამარჯვებას

პეტრიაშვილი 2

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია რომ დაიწყო, მახსოვს, რას ითხოვდნენ უკრაინელები და რას უპასუხებდნენ მათ დასავლელი პარტნიორები. ჰუმანიტარული დახმარება, ჩაფხუტები, ჯარისკაცის დღიური ულუფები – ამით დაიწყო. როდესაც რუსეთი ბომბავდა უკრაინის ქალაქებს და უკრაინელები ითხოვდნენ ცის ჩაკეტვას, დასავლელი პოლიტიკოსები მხრებს იჩეჩდნენ და ამბობდნენ, რომ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია; იმიტომ, რომ ცის ჩაკეტვა ნიშნავდა ნატოს თვითმფრინავებისა და მათი მფრინავების, აგრეთვე, დასავლური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების და მათი ნატოელი ოპერატორების ჩართვას, რაც ავტომატურად მიიყვანდა უშუალოდ რუსეთსა და ნატოს შორის სამხედრო დაპირისპირებამდე. პასუხად პრეზიდენტი ზელენსკი და მისი გუნდი აცხადებდა, რომ არ გვინდა თქვენი სამხედროების ჩართვა, მოგვეცით შეიარაღება და ჩვენ თვითონ დავიცავთ ჩვენს ქვეყანასო. სულ გვესმოდა: დასავლური არტილერიის, ჯავშანმანქანების, ტანკების, შორი მოქმედების რაკეტების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა და თვითმფრინავების გადაცემამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის მხრიდან სამხედრო ესკალაციის მასშტაბების საგრძნობი გაზრდა და, შესაბამისად, უკრაინის მხარეს მსხვერპლის მნიშვნელოვანი მატება. ამასობაში, რუსეთმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა: სკოლებით, თეატრებით, საავადმყოფოებითა და საცხოვრებელი სახლებით დაწყებული, კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურით და ენერგოობიექტებით დასრულებული, ყველაფერი დაბომბა; ყველა ტიპის აკრძალული თუ ნებადართული შეიარაღება გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ და ბირთვული იარაღის ჟღარუნსაც არ ერიდებოდა, ვიდრე აშშ-ის, ჩინეთის და ინდოეთისგან თითქმის ერთდროულად არ მიიღო ბოლო გაფრთხილება პირადად პუტინმა: წითელ ღილაკს ხელს მოჰკიდებ და პირველი თავად განადგურდებიო.

მას მერე, რაც უკრაინამ დიდი შეტევები მოიგერია; მას შემდეგ, რაც ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება დაიწყო, კოლექტიური დასავლეთიც გაგულისდა: ჯერ იყო „სტინგერები“, მერე იყო თანამედროვე არტილერიული სისტემები, შემდეგ იყო ლეგენდარული „ჰაიმარსები“ და „ნასამსები“; ტანკებზე თითქოს პროცესი გაიჭედა, მაგრამ აშშ-ის გადაწყვეტილებამ აქაც გაარღვია ყრუ კედელი: დღეს ომში ათეულობით გერმანული ტანკი „ლეოპარდი“ და ჯავშანმანქანა „მარდერია“ უკვე ჩასული და მათ უკრაინული ეკიპაჟები მართავენ. მათ კვალდაკვალ მიჰყვა ამერიკული ჯავშანმანქანები „ბრედლი“ და ევროპაში უკრაინელები ლეგენდარული „აბრამსების“ ასათვისებლად ემზადებიან. უკრაინის შეიარაღებაში გამოჩნდა შორ მანძილზე მოქმედი „შტორმ შედოუს“ რაკეტებიც. კიევისა და სხვა ქალაქების ცას უკვე იცავს ამერიკული „პატრიოტები“ და გერმანული „ირის-ტ“-ის სისტემები და იცავს არათუ წარმატებით, არამედ ისტორიული გამარჯვებებით. გვახსოვს ყველას, როგორ ამაყობდნენ პუტინის და მისი რეჟიმი ზებგერითი რაკეტებით, სახელწოდებით „კინჟალი“. ეს მითიც დაამსხვრიეს უკრაინელმა ოპერატორებმა მათ ხელთ არსებული „პატრიოტებით“.

მოკავშირეებში უკრაინელების ბრძოლისუნარიანობისა და მათი ტექნიკის ათვისების უნარების მიმართ რწმენა და აღფრთოვანება დღითიდღე ძლიერდებოდა, თუმცა მაინც სულ ისმოდა, რომ, მაგალითად, დასავლური შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები არ უნდა იყოს გამოყენებული რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად; მაგრამ შიდა და გარე წნეხის, უკრაინელების დაუღალავი და შეუპოვარი მუშაობის შედეგად ვიგებდით, რომ აშშ ვერ მისცემს უკრაინას „ატაკამსებს“, მაგრამ არ იქნება წინააღმდეგი, თუ დიდი ბრიტანეთი გადასცემს „შტორმ შედოუს“, ხოლო საფრანგეთი მის ანალოგს – „სკალპს“.

გახსოვთ ყველას, რამდენი ხანი დაჟინებით, ხანდახან ხისტადაც, ითხოვდა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და მისი გუნდი უკრაინისთვის დასავლური თვითმფრინავების გადაცემას. დასავლელი პარტნიორები სულ ამბობდნენ (სხვათა შორის, დღესაც ამბობენ), რომ დიდი კონტრიერიშისთვის უკრაინას მრავალფუნქციური თვითმფრინავები ფ-16 არ სჭირდება, თუმცა უკრაინა არ ნებდებოდა. მუშაობდა დასავლეთში პოლიტიკოსებთან, სამხედროებთან და დიპლომატებთან. სხვა ამბავია, რომ მათ ეს მუშაობა სჭირდებოდათ და არ იღებდნენ პირდაპირ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ დეტალებში ნუ წავალთ ახლა; სხვა დროს და სხვა ვითარებაში გასაანალიზებელი თემაა ეს.

ითხოვე და მოგეცემა – როგორც ჩანს, ძალიან კარგად აითვისეს სახარებისეული სიბრძნე უკრაინელებმა. ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ძალიან წარმატებული ევროპული ტურნე გამართა, რომლის დროსაც გაჩნდა განცხადებები: დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და დანია დაიწყებენ უკრაინისთვის საავიაციო კოალიციაზე მუშაობას; აგრეთვე გაჩნდა ცნობები, რომ დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, იტალია, კანადა, ნიდერლანდები და დანია მზად არიან უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად.

და აი, მოვიდა დიდი შვიდეულის სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე დიდი შვიდეულის ლიდერები სხვა, გლობალური პრობლემებისა და გამოწვევების მოგვარებაზე მუშაობდნენ. თუმცა ომმა ყველა და ყველაფერი შეცვალა, მათ შორის ძლევამოსილნიც ამა ქვეყნისა. ცხადია, გარდაუვალი იყო, რომ ზელენსკის მიიწვევდნენ. ცხადია, მისი იაპონიაში ჩასვლა უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ზელენსკიმ ძალიან კარგად იცოდა: თვითმფრინავების უმნიშვნელოვანესი საკითხის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო ჰიროსიმაში პერსონალურად ჩასვლა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა თვითმფრინავების მოთხოვნისა, ზელენსკი „ჯიუტად“ აგრძელებს უკრაინული მშვიდობის ფორმულის ლობირებას. ამ თვალსაზრისით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დიდი შვიდეულის სამიტზე მიწვეულები იყვნენ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოდი, ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა და სხვები.

როგორც მოსალოდნელი იყო, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი შვიდეულის სამიტის ყურადღების ცენტრში მოექცა იაპონიის მიწაზე მისი თვითმფრინავის დაშვებისთანავე. ჰაერში პოზიტიური ამბების სუნი ტრიალებდა. ზელენსკის ჩასვლამდე უკვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი დათანხმდა უკრაინული ეკიპაჟების ფ-16-ებზე წვრთნების დაწყებას. ამას დაემატა სასიამოვნოდ დამაინტრიგებელი ცნობა იმის თაობაზე, რომ ნიდერლანდების მთავრობამ გაწყვიტა კონტრაქტი კომპანია „დრანკენ ინტერნეშნლთან“, რომელსაც უნდა ეყიდა 40 ფ-16 ნიდერლანდებისგან. აქედან 12 ერთეული კომპანიას უკვე მიღებული ჰქონდა, ხოლო დანარჩენ 28-ზე გადაწყვეტილება გაუქმდა. მოკლედ, დასავლური თვითმფრინავების ბედი გადაწყვეტილი იყო, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა პირადად დაადასტურა ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, ამ ყველაფრის გვირგვინი კი იყო გერმანიის კანცლერის, შოლცის განცხადება, რომლის თანახმად ის მიესალმება საავიაციო კოალიციის შექმნას და გერმანია მზად არის ამ კოალიციაში ჩასართავად. სამიტიდან მოსულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ოფიციალურ კიევში უკვე გამოითქმის ვარაუდები, თუ რამდენ ფ-16-ს გადასცემს დასავლეთი და როდის, თუმცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ჯერ ამ კითხვებზე სამუშაოა და მას პასუხის გაცემა გაუჭირდება. ამ ყველაფრის სასიამოვნო ბონუსად შეიძლება მივიღოთ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადება, რომლის თანახმად აშშ არ იქნება დასავლური რაკეტების ყირიმის ტერიტორიაზე გამოყენების წინააღმდეგი.

პოლიტიკურ ნაწილს რომ დავუბრუნდეთ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდისთან შეხვედრა სერიოზულ საუბრად შეაფასა, რომლის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, უკრაინის მშვიდობის ფორმულა და მის აღსრულებაში ინდოეთის ჩართვა იყო (რაც, თავისთავად, რუსეთზე ზეწოლას გულისხმობს). მოდისგან განსხვავებით, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა არ ისურვა ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულამ. უფრო მეტიც, ის განაწყენებულიც კი იყო, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მოულოდნელად გამოჩნდა ჰიროსიმაში. თუმცა იაპონიის მხარეს დიდი ხნის წინ გაცხადებული ჰქონდა, რომ პრემიერმა კიშიდამ პირადად მიიწვია უკრაინელი ლიდერი დიდი შვიდეულის სამიტზე.

შეიარაღებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმულა რომ გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ყველა ხვდება, რომ კონტრიერიში განსაზღვრავს როგორც მოლაპარაკებების, ისე ზოგადად რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ბედ-იღბალს. რამდენადაც წარმატებული იქნება უკრაინა, იმდენად გაიზრდება შანსები, რომ სწორედ მის მიერ შეთავაზებული მშვიდობის ფორმულა გახდეს მთავარი დოკუმენტი საერთაშორისო თანხმობის მისაღწევად. რომ შევაჯამოთ უკრაინისთვის მხარდაჭერა, გეტყვით, რომ დიდი შვიდეულის მიერ გამოცემულ კომუნიკეში ხაზგასმით ჩაიწერა: დიდი შვიდეულის ქვეყნები ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის გამარჯვების მხარდასაჭერად! ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირობითად ჰიროსიმაში გაჩნდა წარწერა: დიდი ზელე + დიდი შვიდეული = დიდ გამარჯვებას!

მართალია, უკრაინის ჩრდილში მოექცა, მაგრამ არავის დავიწყებია ჩინეთი. დიდმა შვიდეულმა როგორც რუსეთთან, ისე ჩინეთთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ერთსულოვნების დემონსტრირება მოახდინა ჰიროსიმაში. აშშ-ს და ევროპას სრული ურთიერთგაგება აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ: ჩინეთი არათუ არ უნდა დაეხმაროს, არამედ მან უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე ომის დასრულებისა და ჯარების გაყვანის მიზნით; ტაივანის სრუტეს გასწვრივ ვითარება არ უნდა შეიცვალოს, ანუ შვიდეულის ქვეყნების პოზიცია უცვლელია ჩინეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაგრამ ძალისმიერი ქმედებები დაუშვებელია, დაბოლოს, ჩინეთმა უნდა შეწყვიტოს მსოფლიო მასშტაბით ქვეყნებზე ზემოქმედება ფინანსური და სხვა საშუალებების გამოყენებით. ჩინეთთან კონტექსტში ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული კავშირის ლიდერებმა სამიტის მსვლელობისას ისაუბრეს სანქციების ახალ პაკეტში 90 უცხოური კომპანიის მოხვედრის შესახებ, რომელთა შორის ჩინური კომპანიებიც არიან. რუსეთისთვის სანქციების ახალ პაკეტზე საუბრობდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, რომელმაც ჯონსონისგან განსხვავებულ სტილში, მაგრამ ძალიან ღირსეულად აიტაცა ბრიტანეთის ლიდერობის დროშა როგორც რუსეთთან, ისე ჩინეთთან მიმართებით.

ჰიროსიმა შედგა! ზელენსკი სახლში კმაყოფილი დაბრუნდა, ხოლო ბახმუტის დაკავებაზე ინფორმაციები მისი ჰაერში ყოფნისას გენერალმა სირსკიმ გააქარწყლა. მისი თქმით, ბახმუტის მცირე, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაწილზე უკრაინა კონტროლს კვლავ ინარჩუნებს, ხოლო ფლანგებიდან წარმატებული შეტევების შედეგად, უკრაინა მალე ოპერატიულ ალყაში მოაქცევს ბახმუტის ცენტრში მყოფ ვაგნერელებს.

წინ ძალიან საინტერესო ზაფხული გველის! მალე „რამშტაინი“ იქნება, ივლისში ნატოს სამიტი შედგება, ხოლო ამასობაში დიდი კონტრშეტევაც დაიწყება! უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს! გაიმარჯვებს კიდეც!

 

გააზიარე