ვინ რას იგებს და ვინ რას (წა)აგებს რუსეთ-უკრაინის ომში?!
ცხადია, თითოეული უკრაინელი მოქალაქისა და თითოეული მებრძოლის დაღუპვა დიდი ტრაგედიაა; რიგი უკრაინული ქალაქები და დასახლებები მიწასთან გასწორებული და ხელახლა ასაშენებელია. ტრაგიკული ისტორიებიც ძალიან ბევრია. მარტო 83 ბავშვის სიცოცხლე ერთი დიდი უბედურებაა. ასე რომ, რთულია ახლა იმაზე საუბარი, რას მოიგებს უკრაინა და მისი პრეზიდენტი ზელენსკი!
არადა, მოიგებს! პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნისთვის თავისუფლებას, განვითარებას და უსაფრთხოებას მოიგებს! ხვდებით, არა, ომი რომ დასრულდება, როგორი „ტრენდული“ იქნება უკრაინაში ინვესტირება! ბევრი ფულიც წავა უკრაინის რეკონსტრუქციაზე და მღვრიე წყალში ბევრიც სხვა მიმართულებით, მაგრამ მთავარი სხვა რამეა: რეალურად, უკრაინამ სისხლის ფასად დაუმტკიცა ყველას, მოყვარესაც და მტერსაც, რომ უკრაინელები ევროპული ერია და არა „რუსკი მირი“. ისე, წარმოიდგინეთ, როგორი მადლიერი უნდა იყოს და, იმედია, იქნება კიდეც უკრაინელებისა მთელი ცივილიზებული სამყარო ურდოს გაჩერებისთვის! ტაძრებს ბომბავენ, მშვიდობიან დევნილებს პირდაპირ მანქანებში ხვრეტენ, საცხოვრებელ სახლებს პირდაპირი დამიზნებით რაკეტებს ესვრიან – ურდოა, აბა, სხვა რა უნდა დაარქვა! ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ამ ხნის განმავლობაში უკრაინელებმა, თავიანთი ზოგჯერ ხისტი და თან დაყვავებული საუბრით და მოქმედებებით მიიღეს ის, რაც თითქოს წარმოუდგენელი იყო! არც ჩერდებიან და არც უნდა გაჩერდნენ! ძალიან კარგად აქვს ეს ტონალობების თამაში აწყობილი ზელენსკის და მის გუნდს! საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ლავროვს შეხვდა, მაგრამ ისიც თქვა: „პუტინის თავიდან მოშორებით შეიძლება უკრაინაში ომის გაჩერება, მაგრამ უფრო დიდი მასშტაბის პრობლემის მოგვარებას რუსეთის დეპუტინიზაცია სჭირდება“! ვიზიარებ და სრულად მხარს ვუჭერ მის ამ პათოსს 🙂! დასავლეთს მოუბოდიშა, ხანდახან ძალიან ხისტები გეჩვენებით, მაგრამ ამ სიხისტით ჩვენ ვითხოვთ იმას, რაც გადაარჩენს კიდევ ერთ ბავშვს, ქალს, მოხუცს და ახალგაზრდას და დააჩქარებს ომის დასრულებას. შეუძლებელია, არ დაეთანხმო, მით უმეტეს, როდესაც ჭრის ასეთი ტაქტიკა!
ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ჰოდა, ევროპაც იხდის ამ ფასს, მაგრამ, როგორც იტყვიან, უკრაინის ამბებმა აჩვენა, რომ ცნობები ევროპის გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებული აღმოჩნდა. კი, არის გარკვეული უთანხმოებები; კი, ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ პუტინმა შეუძლებელი შეძლო – საერთო საფრთხის წინაშე შეკრა ერთ მუშტად მთელი ევროპა! დაახლოებით ორი თვის წინ იმას ვნერვიულობდით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიკაცია როდის მორჩება და როდის შევა ექსპლუატაციაშიო. ახლა კი ზუსტი სახელი მოუნახა მას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა: „ეს არის ჯართის მასა, გადებული ზღვის ფსკერზე“! ჩვენ სულ უფრო მეტი გვინდა უკრაინელებისთვისაც და ჩვენთვისაც! სწორადაც გვინდა, მაგრამ გვავიწყდება ერთი რამ: იქაც ჩვეულებრივი პოლიტიკოსები არიან, რომელთაც ოთხ წელიწადში ერთხელ აქვთ არჩევნები და ვალდებული არიან, თავიანთი მოქალაქეების/ამომრჩევლების ინტერესები გაითვალისწინონ! ჰოდა, დღეს ევროკავშირის მასშტაბით, კერძოდ, გერმანიაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს 68%, საფრანგეთში – 62%, იტალიაში კი – 71%. ვინც იცის, ეს ციფრები რას ნიშნავს ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ ევროპულ ქვეყნებში, ისიც იცის, რომ უკრაინის ევროკავშირში მიღება მართლა დროის ამბავია და არა კი ან არასი (მადლობა ჩემს მეგობარს და ჩვენს ელჩს რუმინეთში ნიკო ნიკოლოზიშვილს ამ ინფორმაციის გასაჯაროებისთვის). ზელენსკის პოპულარობაც და უკრაინის მხარდაჭერაც არნახულია როგორც ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში! კი, თქვენ მეტყვით, მერე, მიიღონ ეს გადაწყვეტილებები დროზეო! მეც მინდა, მაგრამ ბიუროკრატიას თავისი ფუნქცია აქვს, ნუ ამახსნევინებთ აქ 🙂!
„ბაირაქტარის“ სიმღერა ჰიტია უკრაინაშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ყისმათის ამბავიც არის, მაგრამ მაგრად დგას ჩვენი მეზობელი პრეზიდენტი ერდოღანი. სანქციებს არ უერთდება, მაგრამ: როგორც ფუკუიამამ თქვა, უპილოტო საფრენი აპარატი, იგივე დრონი „ბაირაქტარი“ ბოლო წლების ბესტსელერიაო. ამ შემთხვევაში უპირობოდ ვეთანხმები პროფესორ ფუკუიამას 🙂! სრუტე ჩაკეტა, ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე პირველად დასხა სამმხრივ შეხვედრაზე ერთ მაგიდასთან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და კრიმინალი ლავროვი. წარმოიდგინეთ, რუსეთში რა მდგომარეობაა, რომ დმიტრო კულებამ შეხვედრის შემდგომ კომენტარში გაოცება ვერ დამალა: „საგარეო საქმეთა მინისტრსაც კი არ გააჩნია არავითარი უფლებამოსილება რაიმეს გადაწყვეტის“. ასეა – იქ ყველაფერს მეფე წყვეტს! ამ დღეებში ყველა ანკარაში ჩადის, ყველა მას ესაუბრება ტელეფონით! რა არის მაინც აღმოსავლური სიბრძნე ;).
რუსეთის ეკონომიკას და ჯარს რაც სჭირს, აქ ვერ დავწერ, მერიდება 🙂! თავად რუსი ეკონომისტები, ინსტაგრამის ინფლუენსერი ბლოგერები, ბიზნესების წარმომადგენლები – ყველა ერთხმად იძახის, რომ სულ რაღაც 1-1,5 თვეში 90-იანების ადრეულ ეტაპს დავუბრუნდებითო. რუსეთი ხომ თავისით ვერც თვითმფრინავს გამართავს, ვერც ნავთობს ამოქაჩავს და ვერც რაკეტას ააწყობს! ცხადია, ოლიგარქების მრავალმილიონიანი იახტების დარდი არავის აქვს. სამაგიეროდ, ოლიგარქებს პრეტენზიები გაუჩნდებათ! ოლიგარქები კი კუდებით არიან გადაბმული კონკრეტულ ძალოვნებთან! ჯარი რომ ორ კვირაში 12 ათას კაცს დაკარგავს და 5 მილიარდი დოლარის შეიარაღებას, ამის გამო აუცილებლად გენერალიტეტი აგებს პასუხს. ისედაც არ უნდოდათ ეს ომი. სავარაუდოდ, ერთადერთი იყო, ვისაც უნდოდა. ჰოდა, აი მაგის გამო, პუტინი იქნება, ბოტოქსით გამოტენილ თავს რომ დაკარგავს!
ტერორისტ ლუკაშენკოზე ლაპარაკიც არ ღირს დიდად: ისედაც ცხადია! მისი სული პუტინის ხელშია! რაწამს აღარ იქნება პუტინი, იმწამს მორჩება ლუკაშენკოს რეჟიმი! სხვათა შორის, ისევ ფუკუიამას უნდა დავესესხო. მისი მტკიცებით, უკრაინა ხომ აუცილებლად გაიმარჯვებს და ვინ წააგებს? მსოფლიო მასშტაბით არსებული პოპულისტი და ავტოკრატი ლიდერები. აღარ ჩამოვთვლი! გამოიცნობთ თავადაც!
საყოველთაო სიყვარული აქვს მოპოვებული ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს! სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ უკრაინის მხარდაჭერის საქმეში მან და მისმა მთავრობამ გადამწყვეტი როლი ითამაშეს! რომ არა უკრაინის თაობაზე მისი ასეთი მტკიცე პოზიცია, ვინ იცის, პანდემიის დროს მოლხენებისთვის პრემიერის პოსტიც კი დაეკარგა! მაგრამ ახლა მის გადადგომაზე კი არა, მისი ჩერჩილთან პარალელების გავლებაზეა მთავარი აქცენტი!
კარგი ინგლისური გამოთქმა არსებობს – „last, but not least“, რომელიც ალბათ ასე ითარგმნება: „ბოლო, მაგრამ არა უმნიშვნელო“ – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შიდა პრობლემაც ბევრი ჰქონდა – ინფლაცია, პოლარიზაცია, პანდემიასთან ბრძოლის ტემპი და ასე შემდეგ. მოკლედ, შიგნითაც ბევრი პრობლემა ჰქონდა და გარეთაც მოასწრო მინუსების აკრეფა. აქ აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ იცით ყველამ. ჰოდა, უკრაინაზე დადგა მაგრად: (ჩვენ სულ მეტი გვინდა, მაგრამ ეგრე სად არის) აშშ-ის მიწაზე რომ ფეხი აღარ დაედგმება არც ოლიგარქებს და არც მაღალჩინოსნებს თავიანთი ოჯახის წევრებით (პესკოვის გოგოზე ვნერვიულობთ – მოუწევს ბურიატიაში სამუშაოს ძებნა 🙂), არც რუსული ნავთობისა და გაზის პარტიები მიიღება და არც აღარაფერი გაიგზავნება რუსეთში, ეს ნამდვილად კარგი ამბავია, მაგრამ არა ბოლო. პირველად „მაკდონალდსში“ მოსკოვში ვიყავი. იმხელა რიგი იყო, მაგრამ მოსკოვიდან ისე როგორ წამოვიდოდი, თანაც ქართველები ყველა იქ ნახულობდა ერთმანეთს 🙂! ამასწინათ შემხვდა ტელეგრამზე კალკულაცია, „კოკა კოლას“ და „მაკდონალდსის“ გასვლით რუსეთის ბიუჯეტს 6.5 მილიარდი დააკლდება და ქვეყანას ათიათასობით უმუშევარი შეემატება.
სამაგიეროდ, ათასობით სტინგერი და კიდევ ბევრი რამ უწყვეტად ჩავა უკრაინაში. ომის ვეტერანებიც ჩადიან უკრაინელების მხარდასაჭერად. მოკლედ, მთელი დღის წესრიგი უკრაინაზეა აწყობილი! სტრატეგიის დალაგებაში მართლაც ბადალი არ ჰყავთ ამერიკელებს!
დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! დიდება ერს! სიკვდილი მტერს!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on June 5, 2023
- on May 22, 2023
- on May 9, 2023
- on April 18, 2023
- on April 3, 2023
- on March 27, 2023
- on March 20, 2023
- on March 13, 2023