ვის რა უნდა მსოფლიოში?!
ეს ბლოგი არ არის წლის შემაჯამებელი (შემდეგ კვირაში იქნება), მაგრამ არც გასული კვირის რომელიმე მნიშვნელოვან, გლობალური მასშტაბის კონკრეტულ თემას ეძღვნება. უბრალოდ, მცდელობაა, გავერკვეთ, ვის რა უნდა მსოფლიოში?!
თუ არ ჩავთვლით კიმ ჩენ ინის „კაპრიზებს“ (11 დღე გაღიმების გარეშე – მე პირადად ზარბაზნიდან დასახვრეტების სიაში ნომერ პირველი ვიქნებოდი 🙂), მსოფლიო, რეგიონული და ადგილობრივი მასშტაბის ლიდერებს ძალიან კონკრეტული მიზნები, სურვილები და გეგმები ჰქონდათ გასულ წელს და აქვთ კიდეც სამომავლოდ.
რადგან ჩრდილოეთ კორეის ექსცენტრული ლიდერი ვახსენეთ (და მინდა გითხრათ, რომ დიქტატორი ინი ამ ექსცენტრიკულ გადაწყვეტილებებსაც კი არ იღებს შემთხვევით – ყურადღების მიქცევა სურს; კაცი აშშ-ის პრეზიდენტს ხვდებოდა, ბირთვული ბომბებით იმუქრებოდა, ახლა კი არის ასე ბედის ანაბარა მიტოვებული – 11 წელი გავიდა მისი მამის, „დიდი“ კიმის ბრძნული ხელმძღვანელობის გარეშე – მსოფლიოს ფოკუსში მოხვედრა და შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პატარა კიმისთვის), მოდი, ვნახოთ, უფრო სერიოზულ ავტოკრატებს, დიქტატორებს, ზომიერებს და ლიბერალებს რა უნდათ. მაშ ასე, დავიწყოთ:
- რუსეთის პრეზიდენტს ძალიან, ძალიან უნდა საბჭოთა კავშირის აღდგენა. განიცდიდა მთელი ამ წლების მანძილზე, ხან სად ამბობდა, ხან სად, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა. იმდენად მტკივნეულად აღიქვამს ამ მოვლენას, რომ მისი პროპაგანდისტული მანქანა უკვე ფილმებსაც კი უძღვნის ამ მსოფლიო მასშტაბის „ჩავარდნას“. უფრო მეტიც, თვალებს არ ვუჯერებდი და ფეისბუკზე გავრცელებულ პოსტებსაც კი არ ვენდობოდი, ვიდრე ჩემი თვალით ვნახავდი პირდაპირ რეპორტაჟს რუსეთის მიერ ორგანიზებული ჰოკეის საერთაშორისო ტურნირიდან, რომელშიც რუსეთის ფედერაციის!!! ნაკრები მონაწილეობდა მაისურზე წარწერით „СССР“! თქვენ წარმოიდგინეთ, ტიპი არც ხუმრობს და არც ბოდავს; პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ საბჭოთა კავშირი აღადგინოს. ამ საქმეში მისი ყველაზე „საიმედო“ სიტუაციური მოკავშირე „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“ ალექსანდრ ლუკაშენკოა. გაუჭირდა კაცს ხელისუფლების დათმობა და წავიდა ყველაფერზე – ომშიც ჩაერთვება ნატო-ს წინააღმდეგ, რუსულ ბირთვულ რაკეტებსაც განათავსებს თავის ტერიტორიაზე და ყირიმშიც ჩავა პატრონთან ერთად შამპანურის დასალევად. მძიმეა იმის ყურება, რაც ხდება ბელარუსში – დაჭერები, რეპრესიები, მკვლელობები – ნამდვილი 37 წელია! იბრძვის ბელარუსი ხალხი, მაგრამ იბრძვის პუტინიც; იბრძვის, იმიტომ რომ იცის, რაც უნდა; იცის, როგორ მოითხოვოს დასავლეთისგან. იმდენჯერ მირეკა უკრაინის საზღვართან „ურდო“, იმდენჯერ „შეაწუხა“ დასავლეთი მიგრანტი ტურისტებით ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან, იმდენჯერ დაჰაკეს რუსეთის ტერიტორიიდან ორგანიზებულმა დამნაშავეობრივმა დაჯგუფებებმა დასავლური კომპანიები, იმდენჯერ „შეეჩეხნენ“ პირისპირ ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის (ბოლოს და ბოლოს, ევროკავშირმა კონკრეტულ ტიპს, ვისაც თიკუნი ჰქონდა „ვაგნერი“, სხვა დაქირავებულ მებრძოლებთან და კონკრეტულ ორგანიზაციებთან ერთად დაუწესა სანქციები – ჰალელუია 🙂), იმდენჯერ „შეაფერხა“ ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპისთვის ზამთრის პერიოდში, რომ ბოლოს მაინც აღმოთქვა თავისი ყველაზე დიდი სურვილი – აღარ გაფართოვდეს ნატო აღმოსავლეთით, კონკრეტულად საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით და აღარ განალაგოს რაკეტები აშშ-მ და ნატო-მ. კალინინგრადში იყოს, არ არის პრობლემა და ბალტიის ქვეყნებში – არა; ვლადიმირ პუტინს უნდა, რომ თავისუფალმა სამყარომ დაუკანონოს „უკანა ეზო“. სწორად თქვა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა: „როდესაც უკრაინაზე მიდის საუბარი უკრაინის მონაწილეობის გარეშე, 1939 წელი და სსრკ-გერმანიის გარიგება მახსენდება“; ვლადიმირ პუტინს უნდა, რომ გაზისა და ნავთობის ონკანი იმის მიხედვით გახსნას და დაკეტოს, თუ როგორ მოიქცევა თავისუფალი სამყარო: დათმობს ღირებულებებს და ფასეულობებს – ჩატუმბავს ნორდსტრიმ 2-ის მილსადენში 17.5 მილიარდ კუბურ მეტრს; არ დათმობს და გაჩეხეთ ვენის ტყე – პუტინის რა მიდის 🙁. ამას წინათ რუსი ანალიტიკოსი კონსტანტინ ეგერტი წერდა ძალიან სწორად: „ვისაც ბავშვობაში არ უთქვამს ქუჩის ბიჭებისთვის ფულის მოთხოვნაზე პასუხად: გარისკე ჯანმრთელობა, თუ გინდა ფული – ის ვერ გაიგებს, რა უნდა პუტინს”. არადა, ბევრი არ უნდა 🙂 – შეუზღუდავი კაპიტალი, შეუზღუდავი მართვის წესები სახლში, გავლენის სივრცეები სამეზობლოში და მერე მსოფლიოში და აღიარება, რომ ის არის მსოფლიო მასშტაბით საკითხების გადაწყვეტაში თუ მთავარი არა, მთავარ სამეულში შემავალი ნამდვილად. ნათქვამია, ოცნება არ არის ჯანმრთელობისთვის საზიანოო (ვისთვის – როგორ), მაგრამ პუტინი არა მხოლოდ ოცნებობს – მოქმედებს კიდეც (სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში წარმატებითაც);
- სი ძინ პინი – „ტკბილი და მურაბა კაცი“, თხემიდან ტერფამდე კომუნისტი, აწ და მარადის ჩინეთის ლიდერი – განა რამე უნდა განსაკუთრებული? არაფერი დიდი – მსოფლიოს ნომერ პირველი ქვეყანა უნდა გახდეს ჩინეთი (დროზე შემოჰკრა დონალდ ტრამპმა განგაშის ზარები, თორემ მოსახდენი უკვე მოხდებოდა); მისი სიტყვა უნდა კანონობდეს ჰონგ-კონგშიც, ტაივანშიც, ტიბეტშიც, სიანგანშიც და მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორიაშიც; ბევრია? ხო, ვიცი, არქტიკაშიც უნდა ჰქონდეს სიტყვა, ლათინურ ამერიკაშიც, აფრიკაშიც და ცენტრალურ ევროპაშიც – ზოგან ავიამზიდს შეაცურებს, ზოგან ჭაბურღილს/ებს ჩაარჭობს, ზოგან რკინიგზას და ავტომაგისტრალს ააშენებს და ასე – რა არის ამაში ცუდი? 🙂 დიდი ამბავი, თუ კრიტიკული გამონათქვამებისთვის ნომერ პირველი ჩინელი ჩოგბურთელი ქალი გაუჩინარდება; დიდი ამბავი, თუ უიღური მუსლიმები „ერთ სივრცეში“, ერთიანი წესით, ერთდროულად გაიღვიძებენ და დაიძინებენ, ერთნაირად ეცმევათ და ერთნაირ ულუფებს მიიღებენ; დიდი ამბავი, თუ სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას მოიპარავენ (ვის არ მოუპარავს 😉 – რა მოხდა მერე? 🙁
- რა უნდათ თავისუფალი სამყაროს ლიდერებს? – ყველაფერი იმის საპირისპირო, რაც წინა ორ სუბიექტზე დავწერე. აშშ-ს უნდა, რომ არსად იჩაგრებოდეს განსხვავებული აზრი და განსხვავებული ორიენტაცია, იყოს თავისუფალი ბაზარი და კონკურენცია (ცხადია, ამ კონკურენციაში გამარჯვებული უნდა იყოს/სასურველია, რომ იყოს 🙂 ამერიკული კორპორაცია). ამერიკა ფასეულობებზე და ღირებულებებზე აშენებული ქვეყანაა და ძალიან სწორადაც თვლიან, რომ მათი გავრცელება მსოფლიოში უფრო კომფორტულს, მშვიდს და მისაღებს გახდის დანარჩენ სამყაროს; ოღონდ, ჩემი აზრით, ერთ რამეში კი ნამდვილად ცდებიან – ძალისხმევას ხარჯავენ იქ, სადაც ამის მიღწევა შეუძლებელია (აღარ მოვყვები ავღანეთის დეტალებს) და ძალისხმევას აკლებენ იქ, სადაც საჭიროა და შედეგი მიღწევადია („ჩვეულებრივ ეჭვმიტანილებს“ არ დავასახელებ).
- რა უნდა ევროკავშირს? ისევ გადმოვთარგმნი ოკუპანტების ენაზე ცნობილ გამოთქმას – თან უნდათ და თან ჩხვლეტთ – 27 ქვეყანა ერთად არიან და იმედი აქვთ, რომ შიგნით ყველა შეთანხმებული თამაშის წესებით იცხოვრებს და გარედან მსურველებსაც ამ კრიტერიუმებით მიიღებენ; ასევე თან უნდათ და თან ჩხვლეტთ ჩვენი ბლოგის პირველ ორ სუბიექტთან ურთიერთობა – ბაზრები დიდია, რესურსი ბევრია, მაგრამ ადამიანის უფლებები და ღირებულებები რომ ფეხქვეშ გაგებულია, აქ ევროკავშირიც გაჭედილია. სხვა გზა არ არის – ახალი სანქციებიც მისაღებია და ძველიც შესანარჩუნებელია. მაგალითად, ირანში ნავთობი ძალიან ბევრია, ირანში ბუნებრივი აირიც ასევე ბევრია; ირანში პერსპექტივებიც დიდია, მაგრამ ირანი რომ ბირთვულ იარაღს შექმნის, ამის სერიოზული შიშია. ამბობდა ნეთანიაჰუ და არ უჯერებდნენ; ახლა ამბობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, კვირების ამბავია და არა თვეების, რომ 2015 წლის შეთანხმებამ აზრი დაკარგოსო – სჯერათ; უკვე სჯერათ და სერიოზულად ნერვიულობენ; სწორადაც ნერვიულობენ, იმიტომ რომ ისრაელი ასეთ საკითხებზე არ ხუმრობს – მარტო წავა ომში, მძიმე ომში, მაგრამ წავა, რათა არ დაუშვას, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
ერთ ცნობილ გამოთქმას მცირედით შევცვლი და ისე დავასრულებ ამ ბლოგს: ჩვენ რა გვინდა, ჩვენ? არც ვიცით და არც გვინდა, რომ გავერკვეთ.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on June 5, 2023
- on May 22, 2023
- on May 9, 2023
- on April 18, 2023
- on April 3, 2023
- on March 27, 2023
- on March 20, 2023
- on March 13, 2023