სამედიცინო განათლების რეფორმა: გამოცდილება, მომავლის ხედვა

HEALTH 251101

ავთანდილ ჯორბენაძე
მედიცინის დოქტორი, ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

თენგიზ ვერულავა
მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი

ქართული სამედიცინო განათლების ფესვები ჯერ კიდევ ლეგენდარული მედეადან და ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილისა და მათი მრავალრიცხოვანი თანამოაზრეებიდან იღებს სათავეს[1]. ქართული სამედიცინო აზროვნება, ჩვენი სამედიცინო კულტურა არა მარტო ადამიანისადმი სამედიცინო დახმარების ხელოვნებაა, არამედ ის ჩვენი ერის კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ქვეყნის ცივილიზებულობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა.

სწორედ ამ ტრადიციების გაგრძელებაა 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის გახსნა, რომელიც პირველი ეროვნული უნივერსიტეტი იყო  არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. იმავე წლის შემოდგომაზე გაიხსნა საბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტები. უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო:

„სამკურნალო ფაკულტეტი აუცილებელია უნივერსიტეტისათვის, ამ ფაკულტეტზე ჩვენი ხალხის შვილების ლტოლვა ყოველთვის ძლიერი იყო. მისი შექმნა ნიშნავს დიდ გამარჯვებას ამ საქმისა…“

საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ საბჭოთა პერიოდში მიუღებელი გახდა ერთიანი მძლავრი უნივერსიტეტის არსებობა და საერთოდ ქვეყანაში სპეციალისტების საუნივერსიტეტო მომზადების სისტემა. საბჭოთა რეჟიმმა სცადა მისი დარღვევა და სხვადასხვა წამყვანი დარგის ინსტიტუტებად გამოყოფა. საყოველთაოდ ცნობილია, საუნივერსიტეტო განათლება საინსტიტუტოსაგან იმითაც განსხვავდება, რომ უნივერსიტეტი ამზადებს არა მარტო ვიწრო სპეციალისტებს, არამედ ერს უზრდის ფართო ერუდიციის მქონე მოქალაქეებს, მამულიშვილებს. შესაბამისად, მიზანი მარტივი იყო – სპეციალისტების მომზადების პროცესში ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდობისთვის მოღვაწეებად, მამულიშვილებად ჩამოყალიბებისათვის ბარიერების შექმნა[2].

1930 წელს ჩამოყალიბდა სამედიცინო ინსტიტუტი. ამით ცდილობდნენ, სამედიცინო განათლება საინსტიტუტო აღზრდის არტახებში მოექციათ, მაგრამ 10-წლიანი სამედიცინო საუნივერსიტეტო განათლების ტრადიციები არასოდეს არ ჩამქრალა. მისი კედლებიდან გამოდიოდნენ არა მარტო ბრწყინვალე ექიმები, არამედ თვალსაჩინო ეროვნული მოღვაწეები. ისინი არა მარტო  ჩვენი მოსახლეობის სხეულს კურნავდნენ, არამედ, უპირველესად, ერის სულიერი სიჯანსაღის ერთგულ დარაჯებად იდგნენ.

ადამიანური კაპიტალის ფორმირებაში მნიშვნელოვანია ინვესტიციები როგორც განათლებაში, ასევე ჯანმრთელობაში. ადამიანური კაპიტალის კონცეფციის მიხედვით, რომელიც შეიმუშავეს ნობელის პრემიის ლაურეატებმა ტ. შულცმა, გ. ბეკერმა და მ. გროსმანმა, ადამიანის კეთილდღეობისათვის, ეკონომიკური ზრდისათვის საჭიროა განათლებული და ჯანმრთელი მოსახლეობა[3]. განათლებას და ჯანმრთელობას აქვს ინდივიდუალური და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, რადგან განათლებას და ჯანმრთელობას სარგებელი მოაქვს როგორც ადამიანისათვის, ასევე საზოგადოებისათვის, საერთოდ ქვეყნის კეთილდღეობისათვის[4]. რაც უფრო განათლებული და ჯანმრთელია ადამიანი, მით უფრო იზრდება მისი პროდუქტიულობა, რაც თავის მხრივ ზრდის არა მარტო ადამიანის, არამედ ქვეყნის შემოსავლებს, რადგან რაც უფრო მეტად განათლებული და ჯანმრთელია მოსახლეობა, მით უფრო მზარდი და მდგრადია ეკონომიკა[5],[6]. განათლებისა და ჯანმრთელობის კაპიტალის კონცეფციის საფუძველზე განვითარებული ქვეყნების მთავრობებმა პრიორიტეტად გამოაცხადეს განათლებისა და ჯანდაცვის სფეროები და გაზარდეს მათში სახელმწიფო ინვესტიციები.

უმაღლესი განათლება და პროფესიული ცოდნა განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს, რაც თავისთავად პოზიტიურად ცვლის სოციალურ ფონს. ამ მხრივ,  მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, განათლება ჯერ კიდევ არ არის პრიორიტეტი. ამას ადასტურებს განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები, რომლებიც მშპ-ის 2.8%-ს შეადგენს. ამ მონაცემით საქართველო ქვეყნების ასეულშიც კი ვერ შედის განათლებაზე გამოყოფილი ხარჯების / მშპ-ის შეფარდების მიხედვით.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA – Programme for International Student Assessment) უახლესი კვლევის შედეგებით წაკითხულის გააზრების, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დაჯამებული ქულის მიხედვით, საქართველო 78 ქვეყნიდან 70-ე ადგილს იკავებს;  ხოლო მსოფლიო ბანკის “ადამიანური კაპიტალის ინდექსი“ გვიჩვენებს, რომ საქართველოს სკოლის მოსწავლეებში მოსალოდნელი პროდუქტიულობა ყველაზე დაბალია რეგიონსა და განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით; მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, მასწავლებლის საშუალო ხელფასი მაინც დაბალი რჩება და 40%-ით ჩამოუვარდება ქვეყნის საშუალო ხელფასს, ხოლო მასწავლებლის პროფესია უფრო ნაკლებად მიმზიდველია. შედეგად, მასწავლებლების რაოდენობა მცირდება[7].

საქართველოში არსებული უმაღლესი სამედიცინო განათლების სისტემა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ვერ პასუხობდა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და თანამედროვეობის მზარდ მოთხოვნებს. სამედიცინო პროფესიის პრესტიჟულობამ, დიპლომის (და, შესაბამისად, საექიმო მოღვაწეობის უფლების) მიღების სიმარტივემ და საბჭოთა პროფესიული დახელოვნების სისტემაში არსებულმა ნაკლოვანებებმა გამოიწვია საექიმო კადრების სიჭარბე და შედარებით დაბალი კვალიფიკაცია[8].

1991 წლამდე საქართველოში არსებობდა მხოლოდ ერთი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), რომელშიც მისაღები გამოცდების კონკურსი საკმაოდ მაღალი იყო. საბჭოთა სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემისათვის დამახასიათებელი იყო ექიმთა ადრეული სპეციალიზაცია, რაც, ერთი მხრივ, გამოიხატებოდა პირველივე კურსზე სპეციალობის არჩევაში (პედიატრი, ჰიგიენისტი) და მეორე მხრივ, მე-6 კურსზე სამკურნალო ფაკულტეტის სუბორდინატურაში, მედიცინის ძირითადი სპეციალობების მიხედვით (თერაპია, ქირურგია, მეან-გინეკოლოგია) ორიენტირებული განათლების მიღებაში. 1970-იან წლებში შემოვიდა დამატებით ერთწლიანი ინტერნატურა, რომლის ძირითადი დანიშნულება იყო ექიმის დიპლომისშემდგომი ტრენირება სუბორდინატურაში მიღებულ სპეციალობაში. რაც შეეხება სხვა სპეციალობების ექიმებს, მათი მომზადება ხორციელდებოდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში სპეციალურ ციკლებზე სწავლების მეშვეობით, რომელთა ხანგრძლივობა მერყეობდა 1-დან 5 თვემდე.

განვითარებულ ქვეყნებში დიპლომამდელ ეტაპზე სამედიცინო სასწავლებლებში ფაკულტეტებად დაყოფის პრაქტიკა არ არსებობდა და ექიმ-სპეციალისტების მომზადება იწყება დიპლომისშემდგომ ეტაპზე, რაც სულ ცოტა 3-4 წელს გრძელდება, ხოლო ზოგ სპეციალობაში – 7-8 წელს.

სამედიცინო განათლების საბჭოთა სისტემა ხელს უწყობდა ექიმთა როგორც საერთო რაოდენობის, ასევე ვიწრო სპეციალისტთა სიჭარბეს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ყოველწლიურად 600-800 კურსდამთავრებულ ექიმს უშვებდა შრომით ბაზარზე[9],[10]. ჯანმოს მონაცემების თანახმად, 1980 წელს საქართველოში კურსდამთავრებულების მაჩვენებელი 10000 მოსახლეზე შეადგენდა 30,09-ს, რაც თითქმის ორჯერ მეტი იყო საბჭოთა კავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. 1988 წელს კურსდამთავრებულების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა და 10000 მოსახლეზე შეადგენდა 52,52-ს. 1988 წლის მონაცემებით, საქართველოში მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სისტემაში მუშაობდა 23 916 ექიმი.

არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როდესაც პოლიტიკური კატაკლიზმების პერიოდში, ხელისუფლებაზე ზეწოლის შედეგად მკვეთრად გაიზარდა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლებისა და მათში ჩარიცხულ აბიტურიენტთა რაოდენობა. პოლიტიკური დივიდენდების იოლად მოპოვების სურვილს ეწირებოდა სამედიცინო განათლების განვითარება. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა 1400-მდე აბიტურიენტი (პრაქტიკულად ყველა, ვინც მისაღებ გამოცდებზე დადებითი შეფასება მიიღო). 1990 წელს სამედიცინო ინსტიტუტის მოსამზადებელი განყოფილების 1300-მდე კურსდამთავრებული, რომლებმაც მისაღებ გამოცდებზე უარყოფითი შეფასება მიიღეს, ჩაირიცხნენ თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, რომელსაც მანამდე დიპლომამდელი სწავლების არავითარი გამოცდილება არ ჰქონია.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას, რომელმაც უფრო გაართულა არსებული მდგომარეობა, წარმოადგენდა 1991 წლის 14 ივნისს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება “საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი სასწავლებლების შესახებ”, რომლის თანახმადაც შესაძლებელი გახდა კერძო უმაღლესი სასწავლებლების გახსნა სათანადო რეგულაციების დანერგვის გარეშე. აღნიშნული ცვლილების შედეგად ქვეყანაში დაიწყო კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების «ეპიდემია». სამედიცინო სასწავლებლების გახსნის გამარტივებული წესების დაკანონებამ საფუძველი ჩაუყარა იმ უკონტროლო პროცესს, რომლის შედეგი გახდა სამედიცინო სასწავლებლებისა და სტუდენტების სიჭარბე[11].

1995 წლისთვის საქართველოს განათლების სამინისტროში რეგისტრირებული იყო 36 უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი (მათ შორის ერთი სახელმწიფო). არაოფიციალური ცნობების თანახმად, საქართველოში ფუნქციონირებდა აგრეთვე არარეგისტრირებული სასწავლებლები.  უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში 1996 წელს სწავლობდა 12000-ზე მეტი სტუდენტი. ექსპერტთა შეფასებით, საქართველოს ექიმების ჭარბ რაოდენობას, რომლის სიდიდე 3-4-ჯერ აღემატებოდა ქვეყნის რეალურ საჭიროებას, ყოველწლიურად კიდევ შეემატებოდა 2000-ზე მეტი სამედიცინო დარგის სპეციალისტი[12]. 10 ათას მოსახლეზე გადაანგარიშებით ექიმთა რაოდენობა 1,8-ჯერ აღემატებოდა გერმანიის, 1,9-ჯერ აშშ-ის, 2,2-ჯერ კანადის და 4,8-ჯერ ინგლისის შესაბამის მაჩვენებლებს.

ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო განათლების სისტემების სტრუქტურის ანალიზის შედეგებისა და ევროგაერთიანების რეკომენდაციების მიხედვით, რომელიც ეყრდნობა ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ნორმალური ფუნქციონირებისათვის ყოველწლიურად ესაჭიროება 350 კურსდამთავრებული ექიმი და 1400 კურსდამთავრებული ექთანი. სამედიცინო განათლების ექსპერტების რეკომენდაციების თანახმად, საქართველოს ესაჭიროებაორი სამედიცინო სკოლა.

სასწავლებლების უმრავლესობაში მისაღებ გამოცდებს ჰქონდა ფორმალური ხასიათი, მისაღები გამოცდების კონკურსის მაჩვენებლებით თითოეულ მისაღებ ადგილზე კანდიდატთა რაოდენობა საშუალოდ 1,2-დან 1,3-მდე შეადგენდა. სწავლების ღირებულებისა და მისი მინიმუმის დადგენის ერთიანი პოლიტიკის რაიმე წესი არ არსებობდა. ფასწარმოქმნას სამედიცინო განათლების სისტემაში არ გააჩნდა შესაბამისი ეკონომიკური ბაზისი.

სამედიცინო სასწავლებლების უმრავლესობაში სწავლება მიმდინარეობდა საბჭოთა ეპოქის უნიფიცირებული სასწავლო გეგმებისა და პროგრამების საფუძველზე შედგენილი საკუთარი სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით. თანამედროვე განვითარებული ქვეყნების სწავლების პროგრამების მიხედვით სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა მხოლოდ რამდენიმე უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში. პედაგოგთა სპეციალობა ხშირად არ შეესაბამებოდა იმ სასწავლო დისციპლინას, რომელსაც ისინი ასწავლიდნენ. სამედიცინო სასწავლებლების კლინიკურ ბაზებთან ხელშეკრულებების ანალიზმა აჩვენა, რომ ფაქტობრივად არ არსებობდა სტუდენტთა მომზადების პირობები.

სამედიცინო განათლების რეფორმის კონცეფცია

სამედიცინო განათლების სრულყოფა ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაციის კონცეფციის 13 მიმართულებიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენდა[13]. ამ მხრივ, ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ერთ-ერთ პირველ უწყებას წარმოადგენდა, რომელმაც ხელი მოჰკიდა ამ რთული და მეტად ფაქიზი პრობლემის შესწავლასა და მოწესრიგებას.

უმაღლესი სამედიცინო განათლების სისტემის რეფორმირების დოკუმენტების პაკეტი საქართველოს მინისტრთა კაბინეტს ჯერ კიდევ 1995 წლის ივლისში წარედგინა. იგი წარმოადგენდა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორიენტაციის პაკეტის ნაწილს და ითვალისწინებდა სამედიცინო განათლების სფეროში არსებული ქაოსური პროცესების მოწესრიგებას, სამედიცინო კადრების სწავლებასა და პროფესიული მომზადების დონის ამაღლებას. იმის გამო, რომ სამედიცინო განათლების რეფორმა მოითხოვდა რადიკალურ ნაბიჯებს, მაშინდელმა მინისტრთა კაბინეტმა სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მოსაზრებებით განათლების ნაწილი ამოიღო დადგენილებიდან, რითაც მთელი ერთი წლით გადაიდო სამედიცინო განათლებაში არსებული პრობლემების მოწესრიგების დასაწყისი.

მიუხედავად სირთულეებისა, ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის აქტიური მხარდაჭერით მოამზადა პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის N379 ბრძანებულება “საქართველოს უმაღლესი სამედიცინო განათლების სისტემის სრულყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ”, რომლის უმთავრეს ღონისძიებებს შეადგენდა[14]:

  1. საქართველოს ტერიტორიაზე ახალი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების გახსნის შეჩერება სათანადო რეგულირების მექანიზმების მიღებამდე;
  2. სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზიის მქონე უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებს უნდა გაევლოთ ატესტაცია და აკრედიტაცია;
  3. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო სასწავლებლების დიპლომებსა და სერტიფიკატებს მხოლოდ მაშინ მიენიჭებოდა იურიდიული ძალა, თუ მათ გასცემდა სასწავლებელი, რომელსაც დადენილი წესით გავლილი ჰქონდა სახელმწიფო რეგისტრაცია, ლიცენზირება, ატესტაცია და აკრედიტაცია.
  4. უნდა დაწყებულიყო უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში მისაღები კონტინგენტის თანამიმდევრული ლიმიტირება;
  5. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლები უნდა დაყოფილიყო 2- და 3-ეტაპიან სასწავლებლებად. ორეტაპიან სამედიცინო სასწავლებლებში სწავლების ვადა განისაზღვრა არანაკლებ 5 წლით (საბაზისო და კლინიკური დისციპლინების სწავლება), ხოლო სამეტაპიანი სწავლება – მინიმუმ 7 წლით (საბაზისო და კლინიკური დისციპლინების სწავლება და 2-წლიანი ზოგადი რეზიდენტურა);
  6. სხვადასხვა სპეციალობის ექიმთა პროფესიული დონის ამაღლებისათვის შემოღებულ იქნა მათი მომზადება ზოგად და დარგობრივ რეზიდენტურებში;
  7. უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელთა დიპლომიან კურსდამთავრებულებს დამოუკიდებელი პრაქტიკული საექიმო საქმიანობის უფლება ეძლეოდათ სწავლების მესამე ეტაპის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო სალიცენზიო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
  8. თანამედროვე დონის ექიმთა პროფესიული მომზადების მოთხოვნების, აგრეთვე სხვადასხვა სპეციალობის ექიმთა ქვეყანაში არსებული რეალური საჭიროების გათვალისწინებით, ყოველწლიურად უნდა განსაზღვრულიყო დარგობრივი რეზიდენტურების ადგილები. დარგობრივი რეზიდენტურის პროგრამებით მოსამზადებელი კონტინგენტის შერჩევა უნდა მოწყობილიყო საერთო კონკურსის საფუძველზე.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაევალა:

  • საქართველოში სამედიცინო პერსონალის ლიცენზირების პროცესის დაწყებისათვის საჭირო ნორმატიული აქტებისა და დოკუმენტების შემუშავება;
  • სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში სამედიცინო პერსონალის ლიცენზირების მოწყობას და ამისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას;
  • თანამედროვე დონის ექიმთა პროფესიული მომზადების მოთხოვნების, აგრეთვე სხვადასხვა სპეციალობის ექიმთა ქვეყანაში არსებული რეალური საჭიროების გათვალისწინებით დარგობრივი რეზიდენტურების ვაკანტური ადგილების ყოველწლიური განსაზღვრა.
  • ექიმთა პროფესიული მომზადებისათვის ზოგად და დარგობრივ რეზიდენტურაში კანდიდატების საერთო კონკურსის საფუძველზე მიღების დებულებისა და წესის შემუშავება და დამტკიცება.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს დაევალა:

  • საქართველოს უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში მისაღები კონტინგენტის თანამიმდევრული ლიმიტირების პროგრამისა და წესის შემუშავება და დამტკიცება;
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა მატერიალური ანაზღაურების გაუმჯობესების ღონისძიებათა გეგმის შემუშავება.

მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად შემუშავებულ იქნა ის ძირითადი მიმართულებანი, რომელთა მიხედვითაც უნდა მომხდარიყო სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზაცია. მსოფლიო ბანკის მხრიდან წამოყენებულ იქნა სპეციალური პირობები, რომელთა ქართული მხარის მიერ დაკმაყოფილება აუცილებელი იყო კრედიტის გამოსაყოფად. ამ პირობებს მიეკუთვნებოდა: მედიცინის გარკვეულ სპეციალობებში რეზიდენტურების პროგრამების ანუ პოსტდიპლომური მზადების სარეგულაციო ნორმატივების მიღება, სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო უმაღლესი და საშუალო სასწავლო დაწესებულებების აკრედიტაციისა და ლიცენზირებისათვის ნორმატიული აქტების მიღება და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, სამედიცინო სასწავლო დაწესებულებებისათვის ყოველწლიურად მისაღები კონტინგენტის ლიმიტის დაწესება.  მსოფლიო ბანკის ეგიდით, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სპეციალისტებისა და უცხოელი ექსპერტების მიერ ერთობლივად  მომზადებულ იქნა რეზიდენტურის პროგრამები.

სამედიცინო განათლების სისტემის რეორიენტაცია ეფუძნებოდა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებულ, ერთი მხრივ, უმკაცრეს რეგულაციებს და მეორე მხრივ, „მოთხოვნა-მიწოდების“ საბაზრო პრინციპს ანუ კონკურენტუნარიანი ჯანდაცვის მუშაკების შენარჩუნებას და მომზადებას, რისი მიღწევა უწყვეტი სამედიცინო განათლების უზრუნველყოფით და ცოდნის ხარისხის მაკონტროლებელი და მარეგულირებელი მექანიზმებით არის შესაძლებელი. ამ მექანიზმებს წარმოადგენენ სერტიფიცირების, ლიცენზირებისა და აკრედიტაციის პროცედურები.

სერტიფიცირება არის პროცესი, რომლის შედეგადაც წარმოიშობა შრომის ცოდნის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი. სერტიფიკატის მიზანია, დაარწმუნოს მომხმარებელი იმაში, რომ სერტიფიცირებულ მედიკოსს წარმატებით აქვს გავლილი განათლების არსებული პროგრამა, ჩაბარებული აქვს გამოცდა ამ პროგრამით, შეფასებულია მისი ცოდნა, გამოცდილება და საჭირო პრაქტიკული დახელოვნება, რაც უზრუნველყოფს სპეციალისტის მიერ პაციენტის მომსახურების სტანდარტის შესაბამის ხარისხს.

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის შედეგად წარმოქმნილი სიახლეების შესაბამისად იზრდება სერტიფიცირების მოთხოვნები, რაც განაპირობებს ახალი სასწავლო პროგრამის ათვისების აუცილებლობას და შესაბამისად გამოცდას – რესერტიფიცირებას. რესერტიფიცირების მიზანია, შემოწმდეს მაძიებლის უწყვეტი კომპეტენტურობა იმ სპეციალობაში, რომელშიც იგი თავდაპირველად იყო სერტიფიცირებული. სხვადასხვა სპეციალობისათვის რესერტიფიკატის მოქმედების ხანგრძლივობა სხვადასხვა შეიძლება იყოს.

ლიცენზირება არის რაიმე საქმიანობაზე უფლების მოპოვების პროცესი, ხოლო ლიცენზია არის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. სამედიცინო ლიცენზია არის ექიმისათვის პროფესიულ საქმიანობაზე ნების დართვის დოკუმენტი. ექიმს პრაქტიკული მოღვაწეობის უფლება ეძლევა მხოლოდ სერტიფიკატის მოპოვების შედეგად. ლიცენზია ექიმს განუსაზღვრავს მისი საქმიანობის მიმართულებას და მოცულობას. სამედიცინო ლიცენზიებს გასცემს ჯანდაცვის სისტემაში არსებული სპეციალური სტრუქტურა. ლიცენზიამ შეიძლება დაკარგოს ძალა, თუ ექიმი არ მოქმედებს დადგენილი კანონისა და კომპეტენციის ფარგლებში.

ატესტაცია წარმოადგენს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებსა და ნორმატივებთან სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამისობის დადგენას. აკრედიტაცია არის ატესტაციის შედეგების ანალიზი და მის საფუძველზე სასწავლო დაწესებულების რეიტინგული შეფასება, სასწავლებლის დონისა და სტატუსის განსაზღვრა. ატესტაციისა და აკრედიტაციის დანიშნულებაა: სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების მიზნისა და ამოცანების (ანუ რომელი პროფილისა და როგორი დონის პროფესიულ კადრებს ამზადებს) შეფასება; სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგიური და მატერიალურ-ტექნიკური პოტენციალის, აგრეთვე ჩატარებული მუშაობის შედეგების სახელმწიფო სტანდარტებთან და პროფესიული კადრების მზადების თანამედროვე მოთხოვნილებებთან შესაბამისობის დადგენა. ატესტაციისა და აკრედიტაციის პროცედურის საფუძველზე სახელმწიფო გასცემს ოფიციალურ გარანტიას (სტუდენტებისათვის, სამედიცინო პერსონალისათვის, ჯანდაცვის დაწესებულებისათვის და საზოგადოებისათვის) იმის შესახებ, რომ აკრედიტირებულ სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი ტარდება სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნილებების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს თანამედროვე დონის სამედიცინო კადრების განათლებას და პროფესიულ მომზადებას.

სერტიფიკაციის, ლიცენზირების და აკრედიტაციის პროცედურები მთელ რიგ ქვეყნებში სხვადასხვა სტრუქტურა (სახელმწიფო ან საზოგადოებრივი) ახორციელებს. აშშ-ში სამედიცინო განათლების სასწავლო პროგრამისა და სერტიფიკატის სტანდარტული მოთხოვნების აკრედიტაციის მიმნიჭებელ ორგანოდ ითვლება ამერიკელ მედიკოსთა ასოციაცია.

1990-იან წლებში საქართველოში პროფესიული ასოციაციების ტრადიციები თითქმის არ არსებობდა. პროფესიული საზოგადოებები განიცდიდნენ ტრანსფორმაციის სირთულეებს და ვერ იღებდნენ თავიანთ თავზე მაღალი დონის საზოგადოებრივი კონტროლის ფუნქციას. შესაბამისად, საკადრო პოლიტიკის რეორიენტაციის მექანიზმების ამოქმედება გარკვეულ დრომდე ისევ სახელმწიფო სტრუქტურების დონეზე დარჩა[15].

უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელების ატესტაცია-აკრედიტაცია

ერთ-ერთ საკვანძო საკითხს წარმოადგენდა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების ატესტაცია-აკრედიტაციის პროცესი, რადგან რეფორმით გათვალისწინებული თითქმის ყველა საკითხის მართებული და დროული გადაწყვეტა სწორედ ამ პროცესის გამართულად და მაღალ დონეზე ჩატარებასა და მიღებულ შედეგებზე იყო დამოკიდებული.

1996 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მიერ შექმნილმა სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების საატესტაციო და სააკრედიტაციო კომისიამ. სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ატესტაცია განისაზღვრა სავალდებულოდ 5 წელიწადში ერთხელ. შემუშავდა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების ატესტაცია-აკრედიტაციის ერთიანი კრიტერიუმები და წესები, დებულება და უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების კითხვარი. თითოეულ სასწავლო დაწესებულებას მისაღები კონტინგენტის რაოდენობა განესაზღვრა აკრედიტაციის შედეგად გამოვლენილი სასწავლებლის პედაგოგიური, მატერიალურ-ტექნიკური და კლინიკური ბაზების პოტენციალის გათვალისწინებით.

1996 წლის 15 ნოემბრიდან დაიწყო უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი სასწავლო კლინიკური ბაზების ატესტაცია-აკრედიტაციის პროცესი, რომელიც შედგებოდა ორი ეტაპისაგან. პირველ ეტაპზე უმაღლეს სასწავლებლებს მიეცათ წინადადება, პასუხი გაეცათ კომისიის მიერ შემუშავებულ თვითშეფასების კითხვარზე, ხოლო მეორე ეტაპზე სპეციალურად შექმნილი ექსპერტთა ჯგუფები ადგილზე ამოწმებდნენ თვითშეფასების კითხვარში მოყვანილი ინფორმაციის სისწორეს, სწავლობდნენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, კლინიკური ბაზების მდგომარეობას და სხვა კერძო საკითხებს. შეიქმნა უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა კომპიუტერული ბანკი, რომელშიც შეტანილ იქნა საქართველოში არსებული სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები.

1997 წელს დასრულდა უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ატესტაციის პირველი ეტაპი. დადგინდა, რომ  სტუდენტთა მზარდი რაოდენობა კიდევ უფრო ართულებდა ისედაც ჭარბი ადამიანთა რესურსების მქონე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობას. ატესტაცია-აკრედიტაციის პროცესს ეტაპობრივად უნდა მოეგვარებინა უმაღლესი სამედიცინო განათლების სისტემაში არსებული რთული მდგომარეობა ცივილიზებული მეთოდებით. 9 სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაუვადდა ატესტაცია, რაც გულისხმობდა კონტინგენტის მიღების დროებით შეჩერებას საექსპერტო კომისიის მიერ აღნუსხული ნაკლოვანებების გამოსწორებამდე. დარჩენილ 44 სასწავლებელში მიღება შეწყდა 7 ფაკულტეტზე. 32 სასწავლებელს მიეცა სხვა სასწავლებელთან გაერთიანების რეკომენდაცია. ყველა სასწავლებელს დაუწესდა მისაღები კონტინგენტის ლიმიტი.

უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ატესტაცია ითვალისწინებდა სასწავლო დაწესებულებების დიფერენცირებას ორ- და სამეტაპიან სასწავლებლებად, თითოეული ატესტირებული სასწავლებლისათვის მისაღები კონტინგენტის ლიმიტის განსაზღვრას და აკრედიტაციას შესაბამისი პროგრამის მიხედვით. შემუშავდა უმაღლეს სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღები კონტინგენტის განსაზღვრის პროგრამა ქვეყნის მოთხოვნილებებისა და სტუდენტთა მომზადების რეალური პირობების გათვალისწინებით.

სამსაფეხურიანი უმაღლესი სამედიცინო განათლება

სამედიცინო საქმიანობა განსაკუთრებულ და სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს, რომელსაც ექიმი მრავალწლიანი სწავლისა და პრაქტიკის შედეგად ეუფლება. სამედიცინო განათლების რეფორმა ითვალისწინებდა სამსაფეხურიანი უმაღლესი განათლების შემოღებას.

დიპლომამდელი უმაღლესი სამედიცინო განათლება გულისხმობს უნივერსიტეტში მიღებულ განათლებას, ანუ უმაღლესი სამედიცინო განათლება (6 სასწავლო წელი). ამ დროს სტუდენტი იძენს შესაბამის პროფესიას, რომელიც დიპლომირებული მედიკოსის სახელითაც არის ცნობილი. ექიმს აქვს უმცროს ექიმად მუშაობის შესაძლებლობა, შესაბამისად, არა აქვს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება. უფლება, დაასაქმოს უმცროსი ექიმი შესაბამის თანამდებობაზე, ასეთ დროს ექიმის ფუნქციას უმცროსი ექიმი ასრულებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმის პასუხისმგებლობის ქვეშ.

დიპლომისშემდგომი დახელოვნებანუ რეზიდენტურ წარმოადგენს საექიმო საქმიანობის შემადგენელ, უმაღლესის შემდგომი პროფესიული მომზადების ეტაპს ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში. რეზიდენტურის წარმატებით გავლის შემდეგ პირს უფლება აქვს, გავიდეს შესაბამის გამოცდაზე, რომლის შედეგადაც მოიპოვებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელ მოწმობას, სახელმწიფო სერტიფიკატს. სერტიფიცირება ეს არის საექიმო პერსონალის პროფესიული ცოდნის დონისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება. სახელმწიფო სერტიფიკატით განისაზღვრება კონკრეტული სპეციალობა, რომელშიც მუშაობის უფლებაც აქვს ექიმს. შეიძლება ეს იყოს როგორც ფართო პროფილის (პედიატრია) ასევე ვიწრო სპეციალობა (კარდიოლოგია).

ქვეყანაში რეზიდენტურის სისტემას  წარმართავს დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭო. ექიმებისა და ფარმაცევტების დიპლომისშემდგომ სამედიცინო განათლებას და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი. რეზიდენტურაში ჩარიცხვა ხდება ერთიანი უნიფიცირებული მისაღები გამოცდების საფუძველზე, კონკურსის წესით. რეზიდენტურაში სწავლა ხორციელდება ორი ფორმით: სახელმწიფო დაფინანსებით და კერძო დაფინანსებით.

უწყვეტი სამედიცინო განათლება. სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შემდეგ, ექიმს ეძლევა უფლება, იმუშაოს დამოუკიდებლად ლიცენზიის შესაბამისი სპეციალობით, მაგრამ მედიცინა სხვა დარგებისგან გამოირჩევა იმით, რომ მედიკოსი (ექიმი) მთელი თავისი პროფესიული საქმიანობის მანძილზე მონაწილეობს საგანმანათლებლო პროცესში. ამგვარად, ექიმის პროფესიული ცხოვრება ერთი უწყვეტი სამედიცინო განათლებაა. უწყვეტი სამედიცინო განათლება გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და არის საექიმო საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. მისი მიზანია თანამედროვე მედიცინის მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა.

საქართველოში საბჭოთა პერიოდში უწყვეტ პროფესიულ განათლებას უზრუნველყოფდა სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, რომელიც დაარსდა 1935 წელს ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის სახით. 1941 წელს მას ეწოდა “თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი”, ხოლო 1993 წელს ეწოდა “თბილისის სამედიცინო აკადემია”.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1995 წელს დაწყებული ჯანდაცვის რეორიენტაციის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენდა ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სისტემის სრულყოფა, კერძოდ – რეზიდენტურისა და პერსონალის აკრედიტაცია-ლიცენზირების ინსტიტუტების შემოღება. ჯანდაცვის მინისტრის 1996 წლის 13 დეკემბრის ბრძანებით, თბილისის სამედიცინო აკადემიას შეეცვალა სახელი და ეწოდა “ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია” ექიმთა დიპლომისშემდგომი მომზადებისა და დახელოვნების სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის სტატუსით. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 24 ნოემბრის N478 ბრძანებულებით კი აკადემიას დაეკისრა სამედიცინო პერსონალის უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების (რეზიდენტურა) და უწყვეტი სამედიცინო განათლების, ექიმთა და საშუალო სამედიცინო პერსონალის გადამზადების ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კადრების მართვაში საბაზისო დაწესებულების ფუნქცია და ეწოდა “საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია”.

ჩამოყალიბდა უწყვეტი სამედიცინო განათლების თანამედროვე სისტემა, რომელშიც იმთავითვე განისაზღვრა, რომ „საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია“ უნდა გამხდარიყო ევროპის  „უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპის სააკრედიტაციო საბჭოსა“ და „მედიკოს სპეციალისტთა ევროპული გაერთიანების“ წევრი. აკადემიას დაევალა, მისი საქმიანობა გაევრცელებინა როგორ ექიმებზე, ასევე საშუალო სამედიცინო მედპერსონალზეც. აკადემიის სტრუქტურა და დასახული ამოცანები მთლიანად პასუხობდა იმდროინდელ ევროპულ სტანდარტს, რომელიც 2000-იან წლებში ევროკავშირის ტერიტორიაზე უსწრაფესი ტემპებით ვითარდებოდა[16].

ჯანდაცვის მინისტრის 1997 წლის 27 ოქტომბრის N 426/ო ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა დებულება რეზიდენტურაში სამედიცინო კადრების პროფესიული მზადების შესახებ. დარგობრივი რეზიდენტურის ანუ სამედიცინო კადრების პოსტდიპლომური პროფესიული მზადების პროგრამების მიზანს წარმოადგენდა მედიცინის სხვადასხვა სპეციალობაში თანამედროვე დონის სპეციალისტების მომზადება.

1998 წელს დაიწყო ექიმთა და ფარმაცევტთა სერტიფიცირების პროცესი. 1998-2001 წლებში გამოცდები ჩატარდა 45 სპეციალობასა და 37 სუბსპეციალობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 23555 ექიმმა და ფარმაცევტმა, ანუ საქართველოში დასაქმებულ ექიმთა 62%-მა. მათგან გამოცდები წარმატებით დაძლია 19950 ექიმმა, რაც სამივე წელს გამოცდაზე გასულთა 87.6%-ია. 2003 წლის 1 იანვრისათვის სერტიფიცირების პროცესში გამოცდებზე გასული 27036 ექიმიდან თავისი ცოდნის დონე და აზროვნების უნარი დაამტკიცა მხოლოდ 23287-მა, ანუ 86,1%-მა, 6972 ახალკურსდამთავრებულთაგან ზოგადი პროფილის ექიმის სპეციალობით გამოცდა წარმატებით ჩააბარა 4531-მა, ანუ მხოლოდ 65,4%-მა[17].

შეიქმნა სამედიცინო მეცნიერებისა და განათლების დეპარტამენტი, რომელიც კოორდინაციას უწევდა სამედიცინო მეცნიერებისა და განათლების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას. დეპარტამენტის მიერ მომზადდა რეზიდენტურის პროგრამები ოჯახის ექიმის, შინაგანი მედიცინის, ინფექციურ სნეულებათა, ინტენსიური თერაპია-კრიტიკული მედიცინის,  პედიატრიის, ნევროლოგიის, ქირურგიის, ტრავმატოლოგია-ორთოპედიის, მეანობა-გინეკოლოგია და პერინატალური მედიცინის, რადიოლოგიის, ფსიქიატრიის, ფთიზიატრიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტის სპეციალობებში. შეიქმნა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლისათვის საგანმანათლებლო სტანდარტი.

ოჯახის ექიმის განვითარებაზე ორიენტაცია

ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ოჯახის ექიმის ინსტიტუტის ჩამოყალიბება. უმაღლესი სამედიცინო განათლების არსებულმა სისტემამ გამოიწვია ექიმთა როგორც საერთო რაოდენობის, ისე ვიწრო სპეციალისტთა სიმრავლე და საკმაოდ დიდი დისბალანსი ზოგადი პრაქტიკის ექიმთა და სპეციალისტთა შორის. მაგალითად, საერთაშორისო პრაქტიკით, ექიმთა საერთო რაოდენობაში ზოგადი პრაქტიკისა და ოჯახის ექიმთა წილი 50-60%-ია. საქართველოში პირიქით – ექიმთა 70% არიან ვიწრო სპეციალისტები და ზოგადი პრაქტიკის ექიმები მხოლოდ 30%, მაშინ როდესაც სწორედ ეს უკანასკნელები უნდა აწარმოებდნენ პირველად სამედიცინო დახმარებას, რაც განსაკუთრებით ეფექტიანს და შედარებით იაფს ხდის მთლიანად სამედიცინო მომსახურებას. ამიტომაც ჯანდაცვის დარგში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი ქვაკუთხედი გახდა პირველად ჯანდაცვასა და ოჯახის ექიმებზე ორიენტირებულ სისტემაზე თანდათანობითი გადასვლა[18].

ოჯახის ექიმი გახდა ძირითადი საყრდენი ახალი ჯანმრთელობის დაცვის სისტემისათვის და ამდენად მათი პროფესიონალიზმი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია სისტემის სრულყოფილი მუშაობისთვის. ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკის პროექტმა აქტიური თანამშრომლობა დაიწყო ბრიტანულ “ნოუ-ჰაუ” ფონდთან. ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა სასწავლო პროგრამა ოჯახის ექიმისათვის და თბილისის რამდენიმე პოლიკლინიკის ბაზაზე განხორციელდა მისი რეალიზაცია.

საექთნო საქმის განვითარების ხელშეწყობა

საბჭოური მოდელის მიხედვით, ექთნები ნაკლებად კვალიფიცირებულნი იყვნენ და ძირითადად წარმოადგენდნენ ექიმთა დამხმარეებს. ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში გამოიკვეთა საშუალო სამედიცინო პერსონალის ადგილისა და როლის ახლებური განსაზღვრის აუცილებლობა. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, საექთნო საქმე წარმოადგენს სამედიცინო სისტემის ცალკე დარგს, რომელიც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, უზრუნველყოფს ავადმყოფის მოვლას და ზრუნავს მის გაჯანსაღებაზე[19].

საქართველოში ექთნის ფუნქციები გაცილებით ვიწროა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, ექთნის სოციალური სტატუსი როგორც საზოგადოებაში, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში გაცილებით დაბალია. ამით აიხსნება, რომ ერთ ექიმზე მოდის 0.9 ექთანი, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებში აღნიშნული თანაფარდობა შეადგენს 1 : 2 – 4-თან. ფუნქციების შეზღუდვა და პასუხისმგებლობის შემცირება აქვეითებს საექთნო პერსონალის პროფესიონალიზმს. ექთნების დაბალ პროფესიულ დონეს იწვევს საბაზისო განათლების დაბალი დონე, სამედიცინო ცოდნის უწყვეტი განათლების სისუსტე.

საქართველოში საექთნო საქმიანობის გაძლიერებას ხელი  შეუწყო ამერიკის ჯანმრთელობის საერთაშორისო ალიანსმა, რომელმაც ორგანიზაცია გაუკეთა ექთნების სწავლებას საზღვარგარეთის საექთნო სკოლებში (მაგ., აშშ-ის ჯორჯიის შტატში, ატლანტის საექთნო სკოლაში)[20]. საექთნო საქმიანობის როლის ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მთავარი ექთნის თანამდებობის შემოღებამ. 1996 წელს შეიქმნა საქართველოს ექთანთა ასოციაცია.

ჯანმრთელობის დაცვის მართვის ნაციონალურმა ცენტრმა დაიწყო მუშაობა ექთნების ახალი პროფესიული სტანდარტების დამუშავებაზე, სამედიცინო დაწესებულებების მთავარი და უფროსი ექთნების უფლება-მოვალეობების გაზრდაზე, საექთნო საქმის ორგანიზებისა და მართვის სფეროს გაფართოებაზე.

ახალი ტიპის ხელმძღვანელი ექთნების მოსამზადებლად უწყვეტი სამედიცინო განათლების ცენტრის ბაზაზე  განხორციელდა „ლიდერი ექთნის“, საექთნო ჩვევების, ბებიაქალების კვალიფიკაციის ამაღლების, ექთან-ნეონატოლოგების კვალიფიკაციის ამაღლების, ზოგადი პრაქტიკის კურსები, სხვა უწყვეტი საექთნო განათლების პროგრამები. აღსანიშნავია, რომ ექთნების უწყვეტი განათლების ცენტრები შეიქმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

„ატლანტა-თბილისის სამედიცინო პარტნიორული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა „ლიდერი ექთნის“ მოსამზადებელი კურსი, რომელსაც წარმართავს უწყვეტი სამედიცინო განათლების ცენტრის საექთნო კომპონენტი. კურსის ჩამოყალიბების მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმ ძირითადი ბირთვის მომზადება, რომელზე დაყრდნობით ადგილებზე მოკლე დროში უნდა დანერგილიყო ექთნების ცოდნის ამაღლების ახალი ფორმები და მეთოდები.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საექთნო საქმის მაღალი სტანდარტების დონეზე განვითარებისათვის აუცილებელი გახდა უმაღლესი საექთნო განათლების მქონე სპეციალისტების მომზადება. უწყვეტი სამედიცინო განათლების  ცენტრის საექთნო კომპონენტის ჩამოყალიბებით მოკლე ვადებში ქვეყანაში შეიქმნა საექთნო კადრების გადამზადების ახალი სისტემა[21]. აღნიშნულმა ღონისძიებებმა მყარი საფუძველი შექმნა, რათა სათანადო დონეზე განხორციელდეს ექთნების სერტიფიცირება და ლიცენზირება.

დღეისათვის ისევ პრობლემად რჩება ექთნების დეფიციტი. ექიმებისაგან განსხვავებით შედარებით ნაკლები ექთანი ამთავრებს სასწავლებელს. საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამა 2016 წელს დაამთავრა 23-მა ქართველმა სტუდენტმა[22], მაშინ, როდესაც საშუალო ევროპული მაჩვენებლით, ქვეყანამ წელიწადში 1400 ექთნის განათლება უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ექთნების მცირე რაოდენობა მეტყველებს საექთნო საქმის ნაკლებად პოპულარიზაციაზე. ამის მიზეზებია საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები და აკადემიური თუ პროფესიული მზადებისათვის შესაბამისი სტიმულაციის (საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ფინანსური წახალისების) სისტემების არარსებობა.

ჯანდაცვის მენეჯერების ჩამოყალიბება

ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მეტად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მენეჯერთა და ადმინისტრატორთა რგოლს. ამ რგოლის სისუსტის გამო გარკვეული სიძნელეები იქმნებოდა ადგილებზე. ამ თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკის პროექტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენდა სამედიცინო მენეჯმენტში გადასამზადებელი კურსების ორგანიზება, რომელთა ჩატარება რეგულარულად დაიწყო  უწყვეტი სამედიცინო განათლების ცენტრში. მთავარი ექიმებისათვის სპეციალურად მომზადდა და პერიოდულად ტარდებოდა ჯანდაცვის ეკონომიკისა და მართვის კურსები. ამავე ცენტრში და შესაბამის კლინიკურ ბაზებზე ჩატარდა საექთნო საქმის გადასამზადებელი კურსებიც. დღეისათვის, საქართველოს მრავალ უმაღლეს სასწავლებელში ხორციელდება ჯანდაცვის მენეჯმენტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები.

***

ამგვარად, საქართველოში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეორიენტაციის შედეგად საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე პრინციპებზე აგებული სამედიცინო განათლების ახალ სისტემას, რომელიც ეხმიანებოდა მსოფლიოს უახლეს გამოცდილებას. თუმცა რეფორმების გატარებაში უმთავრეს სირთულეს წარმოადგენდა სახელმწიფოს მხრიდან უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის გამოყოფილი მწირი და არასრული დაფინანსება. ჯანდაცვის სისტემა განიცდიდა დაფინანსების ქრონიკულ დეფიციტს, რადგან სახელმწიფო ხშირად ვერ ახდენდა დაპირებული ვალდებულებების დაფინანსებას[23]. შედეგად, უწყვეტი სამედიცინო განათლების მიღება და რესერტიფიცირება ექიმებს საკმაოდ დიდი თანხა უჯდებოდათ.

2003 წლიდან შეიცვალა მიდგომა უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის მიმართ, რომლის მიხედვით სამედიცინო ბაზარი თვითრეგულირების მექანიზმებს უნდა დაყრდნობოდა, ხოლო სამედიცინო პერსონალს თვითგანვითარების პრინციპებით უნდა ეხელმძღვანელა. შედეგად, 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის „სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“ ბრძანებულება №226 საფუძველზე სამედიცინო პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლება სავალდებულო პირობას აღარ წარმოადგენდა[24]. გაუქმდა აგრეთვე ექიმთა და საშუალო მედპერსონალის რესერტიფიცირების მექანიზმები.

დღეისათვის საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლება ნებაყოფლობითია. დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ და ამ სერტიფიკატზე არ არის მიბმული მიღების შემდგომ პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების (ან შენარჩუნების) კრიტერიუმები – ექიმს არ ევალება რესერტიფიკაციის გავლა ან კრედიტების ქულების მოგროვება. შედარებისათვის, ევროპის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში უწყვეტ სამედიცინო განათლებაში მონაწილეობა სავალდებულოა. მაგალითისთვის, ავსტრიაში, გერმანიასა და უნგრეთში უწყვეტ სამედიცინო განათლებაში მონაწილეობა ექიმებისთვის სავალდებულოა, იტალიაში ნაციონალური ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ექიმებისათვის, ხოლო შვეიცარიაში ექიმთა ფედერაციის წევრებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლებაში მონაწილეობა სავალდებულოა, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში ზოგადი პრაქტიკის ექიმებისათვის უწყვეტი სამედიცინო განათლება სავალდებულოა.

ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო განათლების სისტემა (დიპლომამდელი განათლება, რეზიდენტურა, უწყვეტი სამედიცინო განათლება და პროფესიული განვითარება) საჭიროებს შემდგომ რეფორმირებას, რათა ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე, მოხდეს ჯანდაცვის სექტორში ექიმების ახალი ნაკადის დაბალანსება და ექთნების როლის ამაღლება. იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს პირდაპირი კორელაცია პაციენტის უსაფრთხოებას, სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და უწყვეტ სამედიცინო განათლებას შორის, საჭიროა უწყვეტი სამედიცინო განათლების სავალდებულოობის უზრუნველყოფა,  რომელიც დაემყარება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას. საქართველო – ევროპული ორიენტაციის ქვეყანაა, სულ მალე, ალბათ, ევროკავშირის წევრი გავხდებით და ამდენად, სხვა მრავალ პარამეტრთან ერთად, ჩვენი სამედიცინო განათლების სისტემაც ევროგაერთიანების მოთხოვნების მიხედვით უნდა იყოს ჩამოყალიბებული.

 

გამოყენებული ლიტერატურა

[1] Ramaz Shengelia. Study of the history of medicine in Georgia. Croatian Medical Journal 1999;40(1):38-41

[2] ავთანდილ ჯორბენაძე. საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების 75-ე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 65-ე წლისთავი. 1995 წლის 29 სექტემბერი.

[3] თენგიზ ვერულავა. ჯანმრთელობის კაპიტალი – ეკონომიკის მდგრადი განვითარების ფაქტორი. ეკონომიკა და ბიზნესი. 2019; 11 (1)

[4] თენგიზ ვერულავა. პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი როლი ჯანმრთელობის კაპიტალის ამაღლებაში. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.  თბილისი. 2021.

[5] Tengiz Verulava. Health Capital, Primary Health Care and Economic Growth. Eastern Journal of Medicine. 2019; 24 (1): 57 – 62.

[6] Tengiz Verulava, Beka Dangadze. Health Capital and Economic Growth: Evidence from Georgia. The Open Public Health Journal. 2018; 11:401-406.

[7] მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2018: საქართველოს ანგარიში. თბილისი 2020

[8] ავთანდილ ჯორბენაძე. ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობა. მინისტრთა კაბინეტის სხდომა. 1994 წლის აგვისტო.

[9] Chanturidze T. et al.(2009). Health System in transitions.WHO, Vol.11, №8.

[10] Gamkrelidze A., Atun R., Gotsadze G. and MacLehose L.(2002)  Health Care Systems in Transition. European Observatory on Health Systems and Policies. WHO. 4(2): 1-72.

[11] ამირან გამყრელიძე, ალექსანდრე ალადაშვილი, ოთარ ვასაძე, ზაზა თოფურია, გოგი ხუფენია, ბაქარ რამიშვილი, მარიკა აღდგომელაშვილი, გივი ნოზაძე. საქართველოს უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების შესწავლის შედეგები. სამეცნიერო შრომათა კრებული. ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრი. 1998.

[12] საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის ბრძანებულება „საქართველოს უმაღლესი სამედიცინო განათლების სისტემის სრულყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმა. ნორმატიული აქტები. ნაწილი II. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრი. თბილისი, 1996.

[13] ავთანდილ ჯორბენაძე, თენგიზ ვერულავა. ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევა საქართველოში: განვითარების ბარიერები. ეკონომიკა და ბიზნესი. 2021; 13 (2).

[14] საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის ბრძანებულება „საქართველოს უმაღლესი სამედიცინო განათლების სისტემის სრულყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმა. ნორმატიული აქტები. ნაწილი II. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრი. თბილისი, 1996

[15] ავთანდილ ჯორბენაძე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს სხდომა. 1995 წლის 31 აგვისტო.

[16] გიორგი ბერია, ვახტანგ სურგულაძე, თეა გიორგაძე. უწყვეტი სამედიცინო განათლების პრობლემატიკა და მნიშვნელობა საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (2).

[17] ა. გამყრელიძე, ო. ვასაძე. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვა საუკუნეთა მიჯნაზე. მოკლე ისტორიული მიმოხილვა. თბილისი, 2003.

[18] ავთანდილ ჯორბენაძე. განათლების თათბირ-სემინარი. სამედიცინო განათლების განვითარების სახელმწიფო პროგრამა.1997 წლის 4 ივლისი.

[19] Nursing care – summary of a European study. WHO. 1987.

[20] ჯანდაცვის სისტემები გარდამავალ ეტაპზე, საქართველო. 2002. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიურო. 2002.

[21] მაია გოგაშვილი, ქეთევან გარსევანიშვილი. უწყვეტი საექთნო განათლების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში. სამეცნიერო შრომათა კრებული. ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრი. 1998.

[22] ადამიანური რესურსი ჯანდაცვის სექტორში, სიტუაციური ანალიზი. ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი. საერთაშორისო ფონდი კურაციო. 2018. გვ. 27.

[23] დავით გზირიშვილი. დამოუკიდებელი საქართველო – სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სისტემები. თბილისი, ღია საზოგადოება-საქართველო. 2012.

[24] საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 მარტის ბრძანებულება №226 „სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“  https://matsne.gov.ge/ka/document/view/97684?publication=0

გააზიარე

Send a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *