საყოველთაო ჯანდაცვა საქართველოში - წარმატებები და ბარიერები

Health Web - მარიამ ჯაში (1)
მარიამ ჯაში
გლობალური საპარლამენტო კავშირის UNITE
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარე

  1. რას გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვა?

ბოლო ათწლეულის მანძილზე საყოველთაო ჯანდაცვა გლობალური განვითარების დიალოგში სულ უფრო მეტად პრიორიტეტული ხდება, თუმცა დღემდე დეტალურად განსაზღვრული, ყოვლისმომცველი რეკომენდაცია ან სახელმძღვანელო დოკუმენტი, თუ რას უნდა სთავაზობდნენ ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის ინიციატივების ფარგლებში, არ არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის განმარტებებით ჯანდაცვით საყოველთაო მოცვა ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ხელმისაწვდომია მისთვის აუცილებელი ხარისხიანი სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი მნიშვნელოვანი ფინანსური ბარიერების გარეშე. აღნიშნული უნდა მოიცავდეს როგორც პრევენციულ, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო, ისე სარეაბილიტაციო და ხანგრძლივი მოვლის პალიატიურ ინტერვენციებს. ფინანსური ხელმისაწვდომობის გარანტიები კი უნდა იცავდეს პაციენტებსა და მათ ოჯახებს სამედიცინო სერვისების მიღების შედეგად კატასტროფული, გამაღარიბებელი დანახარჯებისაგან, რამდენადაც დღემდე მსოფლიოში ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტი ადამიანი ღარიბდება სწორედ სამედიცინო სერვისებზე გაწეული დანახარჯების შედეგად.

საყოველთაო ჯანდაცვის განმარტება შემდგომ საფეხურზე აიყვანა 2019 წელს გაეროს მიერ მიღებულმა დეკლარაციამ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ რეფერირებადი შეთანხმებაა აღნიშნულ თემაზე. დეკლარაცია საერთაშორისო თანამეგობრობას სთავაზობს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა თუ კლინიკური ინტერვენციების გარკვეულ ჩამონათვალს, რომელთა ხელმისაწვდომობა უმთავრეს პრიორიტეტებად არის მიჩნეული. აქვე სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ გაეროს 2019 წლის საყოველთაო ჯანდაცვის დეკლარაციის შემუშავებას კოორდინაციას უწევდა საქართველო ტაილანდთან ერთად.

დაბოლოს, საყოველთაო ჯანდაცვის გავლენა სცდება მხოლოდ სამედიცინო სფეროს და საერთაშორისო დიალოგში სიღარიბის აღმოფხვრისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გზაზე მნიშვნელოვან კომპონენტად განიხილება.  COVID-19-ის პანდემიის ფონზე კი, მსოფლიო მასშტაბით ბევრად უფრო ნათელი გახდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობა და რა გავლენას ახდენს ჯანდაცვის სფეროს კრიზისი ეკონომიკის სხვა დარგების სტაბილურობასა და განვითარების პერსპექტივებზე.

  1. ქვეყნები, რომლებმაც დანერგეს ჯანდაცვით საყოველთაო მოცვის ინიციატივები

დღეისათვის მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყანა ნერგავს საყოველთაო ჯანდაცვის სრულ ან შეზღუდულ პაკეტს. მათ შორის ნათლად იკვეთება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 22 ქვეყნის წარმატებული გამოცდილება (მათ შორის იაპონიის, საფრანგეთის, გერმანიის), რომლებმაც რეალურად შეძლეს გეოგრაფიულად და ფინანსურად ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრის მიწოდება თითოეული მოქალაქისათვის. ბიო-სამედიცინო მეცნიერებებში ინოვაციებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცვლადი მოთხოვნების პარალელურად საყოველთაო ჯანდაცვის ინიციატივები წარმატებულ ქვეყნებშიც კი ეტაპობრივად ფართოვდება და უმჯობესდება.

აქვე აღსანიშნავია სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში 20-ზე მეტი დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყანა (მ.შ. ტაილანდი, ყირგიზეთი, ტუნისი), რომლებმაც ბოლო 20 წლის მანძილზე გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები საყოველთაო ჯანდაცვის დანერგვის გზაზე, მიაღწიეს ხელშესახებ წარმატებებსაც, თუმცა დღემდე ვერ შექმნეს სისტემა, რომელიც სრულად უზრუნველყოფდა სერვისების ფართო სპექტრის ხელმისაწვდომობას პაციენტების მიერ პირდაპირ, ჯიბიდან გადახდილი დანახარჯების მაღალი მაჩვენებლების გარეშე. საქართველოს მაგალითიც სწორედ ამ მეორე ჯგუფის ქვეყნებში უნდა განვიხილოთ.

  1. საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წინაპირობები და პაკეტი

საქართველომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის თებერვალში დაიწყო, იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის 3.7 მილიონი მოქალაქიდან მხოლოდ 1.9 მილიონს ჰქონდა მოქმედი სამედიცინო დაზღვევა, მათ შორის 1.6 მილიონს – სახელმწიფო პროგრამების, ხოლო 300 ათასზე მეტს – კერძო სადაზღვევო სქემების ფარგლებში. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მიზნობრივი სამედიცინო დაზღვევის პაკეტით სარგებლობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, საპენსიო ასაკის მოქალაქეებს, შშმ პირებსა და პედაგოგებს.

შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს არ ჰქონდა წვდომა ბაზისურ გადაუდებელ სამედიცინო სერვისზეც კი. ამავე მოცემულობას ადასტურებდა 2012 წელს გაეროს მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მცხოვრები ოჯახების 80%-ში სამედიცინო დაზღვევა არ ჰქონდა ოჯახის ყველა წევრს. ამასთანავე, ჯანდაცვაზე (მ.შ. მედიკამენტებზე) პაციენტების მიერ  ჯიბიდან გადახდები 70%-ს აჭარბებდა და საქართველოში მცხოვრები ოჯახების 9% პირდაპირი მნიშვნელობით ღარიბდებოდა სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების შედეგად.

ამდენად, 2012 წელს ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი ამოცანა იყო, თითოეული მოქალაქისათვის შექმნილიყო პრიორიტეტულ სამედიცინო სერვისებზე წვდობის ბაზისური გარანტიები. საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყების მთავარი წინაპირობა და გადამწყვეტი ფაქტორი კი რეალური პოლიტიკური ნება აღმოჩნდა. კერძოდ, 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური პარტიის („ქართული ოცნების“) საარჩევნო პროგრამის უმთავრესი პრიორიტეტი იყო საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფა, არჩევნების შემდგომ კი პირველივე წელს მთავრობამ უზრუნველყო ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების უპრეცედენტო ზრდა სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების მიზნით.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიერ შეთავაზებულ პაკეტს, 2013 წლის ივლისისათვის საქართველოს თითოეული მოქალაქე უზრუნველყოფილი იყო პირველადი ჯანდაცვის ბაზისური პაკეტით, ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ დონეზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით, გეგმიური ქირურგიული ინტერვენციების, ონკოლოგიური დაავადებების მართვისა და ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურებით. პაციენტთა სოციალური სტატუსის გათვალისწინებით აღნიშნული სერვისები ფინანსდებოდა სრულად ან სახელმწიფოს მხრიდან 50-90%-იანი თანადაფინანსებით. პარალელურად, ქვეყანაში უწყვეტად გაგრძელდა დამატებით 17 დამოუკიდებელი ე.წ. ვერტიკალური პროგრამა, რომლებიც  კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფებს სთავაზობდა აივ/შიდსის, ტუბერკულოზის, დიაბეტისა და სხვა შერჩევითი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის განსაზღვრულ მომსახურებას. აღნიშნულ ჩამონათვალს 2015 წლიდან დაემატა C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამაც, რომელმაც აშშ მთავრობისა და Gilead Science Inc.-ის  ერთობლივი თანამშრომლობით უფასო გახადა ძვირადღირებული ანტივირუსული მკურნალობა. ოპერატიული პრობლემების გამო, სამწუხაროდ, დღემდე ვერ დასრულდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ყველა ვერტიკალური პროგრამის   ინტეგრაცია, რაც იქნებოდა როგორც ლოგიკური, ასევე უფრო ხარჯთეფექტური.

2013 წლისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის მიღმა რჩებოდა მაღალი ღირებულების სერვისების სპექტრი, მათ შორის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (რომელიც საქართველოში მხოლოდ 2016 წლიდან დაინერგა),  გეგმიური ენდოპროტეზირება (უფროსი ასაკის მოსახლეობაში ძვალ-სახსროვანი დაავადებების მნიშვნელოვანი ტვირთის მიუხედავად), სტომატოლოგიური, სარეაბილიტაციო და კოსმეტიკური ქირურგიის ინტერვენციები.

შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ერთი მხრივ უნივერსალური გახადა თითოეული მოქალაქის წვდომა მთელ რიგ ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისზე, თუმცა საშუალო შემოსავლის დონის ქვეყნის საბიუჯეტო შესაძლებლობების გათვალისწინებით, საქართველო კვლავაც სამედიცინო მომსახურების შეზღუდულ სპექტრს სთავაზობდა მოსახლეობას.

  1. საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის წარმატებული ასპექტები

2013 წლის ინიციატივით, საქართველომ უზრუნველყო სამედიცინო სერვისებზე (როგორც პირველად, ასევე გადაუდებელ და ჰოსპიტალურზე) წვდომის გაუმჯობესება, რაც დასტურდება აღნიშნული მომსახურების გამოყენების მზარდი მაჩვენებლით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოველწლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით, 2012-2017 წლებში საქართველოში პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მოხმარება 100 სულ მოსახლეზე  2.3-დან 3.5-მდე გაიზარდა, ხოლო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 11.3-დან 14.2-მდე.

ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 5 წელიწადში, ქვეყნის მასშტაბით პაციენტების მხრიდან პირდაპირი, ჯიბიდან გადახდები 25%-ით შემცირდა (2012 წელს 73.4%-დან 54.7%-მდე 2017 წელს).

ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდას ადასტურებს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგებიც. 2015-2017 წლებში საგრძნობლად (43.1%-დან 22.3%-მდე), შემცირდა შინამეურნეობების წილი, სადაც ოჯახის რომელიმე წევრს დასჭირდა სამედიცინო მომსახურება და აღნიშნული სერვისი არ იყო ფინანსურად ხელმისაწვდომი.

სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომის ზრდა არამხოლოდ ჯანდაცვის სექტორის ანგარიშებით მტკიცდება. ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვებშიც კი 2016 წლიდან ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა აღარ ფიგურირებდა მოსახლეობის მიერ  დასახელებული პრობლემების პირველ სამეულში.

2013 წლიდან ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო დაფინანსების მნიშვნელოვანმა ზრდამ იმ გარემოში, სადაც ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების მიმწოდებლების  85%-ზე მეტი კერძო სექტორის საკუთრებასა და მართვაშია, სტიმული მისცა კერძო ინვესტიციების გაზრდასაც. როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები საჯარო განცხადებაში აფიქსირებდნენ რეინვესტიციის პროექტებს და მათი კომპანიების მართვაში მყოფი კლინიკების ინფრასტრუქტურული თუ საკადრო რესურსების ზრდას. სამწუხაროდ, მიზნობრივი კვლევები აღნიშნული დინამიკის შესასწავლად არ ჩატარებულა და მხოლოდ ფრაგმენტულ განცხადებებსა და ზოგად ტენდენციებზე შეგვიძლია საუბარი.

დაბოლოს, საყოველთაო ჯანდაცვის არსებული მოდელის უდავოდ დადებითი მხარე იყო პაციენტის არჩევანის თავისუფლება. ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ პირს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მომსახურების მისაღებად შეეძლო აერჩია მისთვის სასურველი პოლიკლინიკა/ამბულატორია თუ ჰოსპიტალი.

  1. ბარიერები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

პოლიტიკური დეკლარაციის პარალელურად ამოქმედებულმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ 2013 წლიდან გააუმჯობესა მოსახლეობის ფართო ფენებში ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა. თუმცა, პროგრამის ამოქმედებას უნდა მოჰყოლოდა სისტემური რეფორმები, რომლებიც, ერთი მხრივ, გააუმჯობესებდა სამედიცინო სერვისების ხარისხს და მეორე მხრივ, უფრო ხარჯთეფექტურს გახდიდა ჯანდაცვაში სახელმწიფო თუ კერძო სექტორის ინვესტიციებს.

ხარისხთან დაკავშირებული რეფორმა, რომელიც პაციენტთა ჯანმრთელობის გამოსავლებზე -კლინიკურ შედეგებზე იქნებოდა ორიენტირებული, ვერ დაინერგა. დღემდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ზედამხედველობა, მონიტორინგი და შეფასება ძირითადად სერვის-პროვაიდერებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტებსა და პროცესუალურ, არაკლინიკურ ინდიკატორებზეა დამყარებული. გამონაკლისია დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული პერინატალური სერვისების რეგიონალიზაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი ინდივიდუალური პროგრამები (იმუნიზაცია, აივ/შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია, C ჰეპატიტი). აღნიშნულის მიზეზი საერთაშორისო ორგანიზაციების (The GAVI Alliance, The Global Fund, Gilead Science Inc.) გრანტების ფარგლებში გათვალისწინებული სტანდარტიზებული შედეგობრივი მატრიცებია და ასევე აღნიშნული საერთაშორისო პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების კომპლექსური სისტემების დასანერგად გამოყოფილი სათანადო ტექნიკური და ფინანსური რესურსები.

შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარისხი დღემდე მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნების ქვეშ რჩება და კონკრეტული კლინიკებისა თუ ჯანდაცვის პროფესიონალთა ინდივიდუალურ ინიციატივებზეა დამოკიდებული. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა ქვეყანაში, სადაც პაციენტის უფლებათა დაცვის ეფექტიანი მექანიზმები ჯერ  არ ამოქმედებულა და სადაც მნიშვნელოვანი ჩავარდნები რჩება სამედიცინო კადრების მართვის (მ.შ. ლიცენზირებისა და უწყვეტი სამედიცინო განათლების) მიმართულებით.

მეორე უმნიშვნელოვანესი პრობლემა გახლავთ საყოველთაო ჯანდაცვის განფასების რეფორმა, რომელიც 2013 წლიდან დაწყებული მსჯელობის მიუხედავად, დღემდე არ განხორციელებულა. კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებისთანავე დაიწყო დისკუსია და საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა სამედიცინო სერვისების განფასების ერთ-ერთი მოდელის Diagnosis-Related Groups-ის (DRG) დანერგვის მიზნით. თუმცა, სამწუხაროდ, 7 წლის შემდეგაც აღნიშნული მიმართულებით სისტემური რეფორმა ვერ დაინერგა, რაც სახელმწიფოს მხრიდან საყოველთაო ჯანდაცვაზე მუდმივად მზარდი დანახარჯების გარკვეულწილად შემაკავებელი ფაქტორი გახდებოდა.

შედეგად,  ხარისხის მართვის პრობლემებთან ერთად, საყოველთაო ჯანდაცვის დანახარჯების კონტროლი პრობლემური გახდა და საქართველოს მთავრობას ყოველწლიურად უწევდა ათეულობით მილიონი ლარის დამატება სექტორში დაგროვილი გადახარჯვის  დასაფარავად. ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების მიხედვით, 2012-2017 წლებში ჯანდაცვაზე სახელმწიფო დაფინანსება 450 მილიონიდან 1092 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2017 წელს კი ჯანდაცვის უწყებას დანახარჯების შესამცირებლად საყოველთაო ჯანდაცვის დიფერენცირებული მოდელის შემოტანაც კი დასჭირდა, რამაც შეზღუდა პროგრამით გათვალისწინებული სერვისების თანადაფინანსების არეალი მოსახლეობის შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე ჯგუფებში.

საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მოდელი პრობლემური აღმოჩნდა მოსახლეობის მოლოდინების პერსპექტივიდანაც. კლინიკები უარს ამბობდნენ ჯანდაცვის უწყების ერთიან საინფორმაციო პორტალზე მათ მიერ შეთავაზებული მომსახურების ღირებულების შიდა სტანდარტების სისტემურ გასაჯაროებაზე და პაციენტებისათვის უცნობი რჩებოდა კონკრეტულ სამედიცინო მომსახურებაზე მათთვის განკუთვნილი თანადაფინანსების პროცენტის  განსაზღვრის ფორმულა. ამდენად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების გამჭვირვალობა დღემდე მოითხოვს გაუმჯობესებას.

ამასთანავე, ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, კვლავაც არასახარბიელო მაჩვენებელზეა. საქართველოში პაციენტების მხრიდან პირდაპირ, ჯიბიდან გაწეული დანახარჯები 2012-2017 წლებში მხოლოდ 54.7%-მდე შემცირდა.

მოსახლეობის ფინანსური დაცულობაც ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების თვალსაზრისით ნაკლებად არის გაუმჯობესებული. ჯანმოს და UNICEF-ის ანგარიშების თანახმად, 2015-2017 წლებში საქართველოში მცხოვრები ოჯახების მესამედი (33-34%) შინამეურნეობების საერთო ხარჯების 10%-ზე მეტს მიმართავდა სამედიცინო მომსახურებაზე. ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ძირითადი წილი (69%) მედიკამენტებზე მოდიოდა და ჯანდაცვის უწყების პრიორიტეტებშიც შესაბამისი ყურადღება უნდა დაეთმოს წამლების ხელმისაწვდომობას რაციონალური ფარმაკოთერაპიის დანერგვის პარალელურად.

დაბოლოს, სახელმწიფო დაფინანსების გაზრდის პირობებშიც კი, საქართველო კვლავაც მცირე რესურსების ინვესტიციას ახდენს ჯანდაცვის სექტორში აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ 2012-2017 პერიოდში საქართველომ მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაზარდა 1.7%-დან 2.9%-მდე, მაგალითისათვის, ის კვლავაც ჩამორჩება ლიეტუვასა და ბულგარეთს, რომლებიც ჯანდაცვის სექტორში მშპ-ის 6-8% ხარჯავენ.

შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოში ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის პრევენციული თუ სამკურნალო მომსახურებების სრულ სპექტრს, თუკი არ მოხდა ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდა სახელმწიფო რესურსებით ან/და  კერძო სექტორის უფრო მეტად ჩართულობით, მათ შორის კერძო სადაზღვევო პროგრამების ხელშეწყობით.

  1. რეკომენდაციები – რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

როგორც აღვნიშნეთ, უმთავრეს პრიორიტეტულ ნაბიჯებს შორის გასატარებელია სამედიცინო სერვისების ხარისხის ერთიანი მართვისა და განფასების რეფორმები. აღნიშნულის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს საყოველთაო ჯანდაცვის შედეგების შენარჩუნებასა და  შემდგომ გაუმჯობესებას როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის გამოსავლების, ისე ფინანსური ეფექტიანობის თვალსაზრისით.

პარალელურად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გაუმჯობესდეს როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ასევე მთლიანად ჯანდაცვის სექტორის მმართველობის პრაქტიკა. იმ კონტექსტში, სადაც სამედიცინო სერვისის მიმწოდებლები უმეტესწილად კერძო სექტორს წარმოადგენენ,  აუცილებელია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის უწყვეტი დიალოგი. დაუშვებელია სამინისტროს ან ჯანდაცვის რომელიმე უწყების მიერ ფართო კონსულტაციებისა და მონაწილე მხარეების შინაარსობრივი ჩართულობის გარეშე ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიც იყო 2019 წლის 520-ე დადგენილება, რომელმაც მნიშვნელოვნად შემცირებული დაფინანსებით რისკის წინაშე დააყენა კარდიოქირურგიული ინტერვენციებისა და სარეანიმაციო სერვისების ხარისხი და, შესაბამისად, პაციენტთა ჯანმრთელობა.

რამდენადაც კრიტიკულად არ უნდა ვაფასებდეთ საქართველოს ჯანდაცვის სექტორში  მოქმედი პროფესიული ასოციაციების საქმიანობას, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მათი აქტიური ჩართულობით ხდებოდეს სამედიცინო სერვისების სტანდარტებისა თუ ხარისხის გაუმჯობესების რეფორმების შემუშავება და განხორციელება.

საქართველომ მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მაგრამ პრაქტიკულად არ არსებობს ჩვენი ქვეყნის გამოცდილების დამოუკიდებელი შეფასებები. ფრაგმენტულად ვხვდებით ჯანდაცვის ეროვნულ ანგარიშებს, ჯანმოს, აშშ სააერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სხვა პარტნიორთა მიერ დოკუმენტირებულ მასალებს, თუმცა სამეცნიერო და ოპერატიული კვლევების მონაცემები საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 7-წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით არასაკმარისია. ჯანდაცვის უწყება დაუყოვნებლივ უნდა შეუდგეს პროგრამის გამოცდილების კომპლექსურ შეფასებას – როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეების სისტემურ წარმოჩენასა და მსჯელობას, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ქვეყანამ საყოველთაო ჯანდაცვის საბოლოო მიზნებს.

  1. დასკვნითი მსჯელობა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ 2013 წლიდან მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს მოსახლეობის ხელმისაწვდომობა  როგორც პირველად, ასევე გადაუდებელ და სტაციონარულ სერვისებზე, ¼-ით შემცირდა პაციენტთა მხრიდან გაწეული დანახარჯები და ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანმა ზრდამ ხელი შეუწყო კერძო სექტორში ინვესტიციებსა და რეინვესტიციებს. პროგრამა, რომელმაც მოსახლეობის თითქმის ნახევარს მისცა ბაზისურ სამედიცინო სერვისებზე წვდომის გარანტიები, უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია.

თუმცა, საყოველთაო ჯანდაცვა დგას მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემებისა და ფინანსური მდგრადობის რისკების წინაშე. ქვეყანაში კერძო სექტორის, აკადემიის, პროფესიული ასოციაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დაუყოვნებლივ უნდა წარიმართოს კომპლექსური მსჯელობა მრავალწლიან სტრატეგიულ და ოპერატიულ გეგმებზე, რომლებიც გაითვალისწინებს როგორც დაფინანსებისა და ხარისხის კონტროლის, ასევე საკადრო რესურსების მართვისა და სხვა სისტემურ რეფორმებს.

გააზიარე

Send a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *