მთავრობის მონაცემებით, ამჟამად ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზეა 52 ელექტროსადგურის პროექტი, რომლის სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე 1,562 მგვტ-ია, ხოლო სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 2,7 მლრდ დოლარს აღწევს. გარდა ამისა, კვლევის ეტაპზეა 109 პროექტი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 3860 მგვტ-ია, ხოლო ჯამური სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება თითქმის 6 მლრდ დოლარს აჭარბებს.
ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე იმყოფება: 19 ქარის მემორანდუმი (დადგმული სიმძლავრე − 1219 მგვტ, ინვესტიცია − 1,9 მლრდ აშშ დოლარი) და მზის 15 ობიექტი (დადგმული სიმძლავრე − 543 მგვტ, ინვესტიცია − 539 მლნ აშშ დოლარი).
ამასთან, 2018 წლის ივნისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ექსპლუატაციაში შევიდა ხეორიჰესი (დადგმული სიმძლავრე 1,37 მგვტ), ხოლო უახლოეს პერიოდში ექსპლუატაციაში შევა სკურდიდიჰესი (დადგმული სიმძლავრე 1,33 მგვტ) და კასლეთიჰესი (დადგმული სიმძლავრე 8,1 მგვტ). უახლოეს მომავალში იგეგმება კირნათი ჰესის ექსპლუატაციაში მიღება.
ცნობისთვის – 2018 წლის მეორე კვარტალში ენერგეტიკაში, სხვა დარგებთან შედარებით, ყველაზე მეტი – 108 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება კომპანიებს, რომლებმაც ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს საანგარიშო პერიოდში, პირველი ათეული შემდეგია:
- სს თელასი
- შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი
- სს ენერგო-პრო ჯორჯია
- შპს აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია
- სს ხრამჰესი II
- სს ხრამჰესი I
- შპს აჭარისწყალი ჯორჯია
- სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია
- შპს ჯეენ გეორგია
საქსტატის მიერ მოწოდებული კომპანიების სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით, ამასთან საქსტატი არ გასცემს ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელა კონკრეტულმა კომპანიამ.
დატოვე კომენტარი