ენერგეტიკის სექტორში, 2017-2025 წლებში დაგეგმილი პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 8.5 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს შრომის ბაზრის ანალიზის მიხედვით, ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება მთლიანად ეკონომიკაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიურ ნომინალურ ხელფასთან შედარებით მაღალია და საშუალოდ 1,180.0 ლარს შეადგენს.
ამასთან, მთავრობა დარგში სამუშაო ადგილების მატებასაც პროგნოზირებს: „მაღალკვალიფიციური კადრების საჭიროება გაჩნდება ეკონომიკის რეალურ სექტორშიც, კერძოდ მაღალი ინვესტიციების და კაპიტალური ხარჯების ფონზე, რომლის განხორციელებაც იგეგმება ენერგეტიკის სექტორში, დამამუშავებელ მრეწველობაში, ახალი სატრანსპორტო ქსელის მშენებლობასა და ქვეყნის ზოგად ინფრასტრუქტურაში გაზრდის მოთხოვნას კონკრეტული კვალიფიკაციის დასაქმებაზე, მათ შორის ინჟინრებსა და არქიტექტორებზე“.
მიმდინარე წელს ექსპლოატაციაში 3 ჰესის შესვლაა დაგეგმილი. „კასლეთი ჰესი 2“ ნოემბერში უნდა გაიხსნას. „კასლეთი ჰესი 2“-ის დადგმული სიმძლავრე 8,1 მგვტს შეადგენს, სავარაუდო წლიური გამომუშავება – 45,8 მლნ კვტ. საათს. ჰესს კომპანია „ჰიდროლეა“ აშენებს. საქართველოს 2018 წლის ენერგეტიკული ბალანსის მიხედვით, ნოემბერში შევა ექსპლოატაციაში ხეორიჰესიც. ჰესის მშენებლობას შპს ხეორიჰესი ახორციელებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1,393,140 ლარია. ჰესი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მდინარე ხეორზე შენდება და მისი დადგმული სიმძლავრე 1.37 მგვტ იქნება, ხოლო წლიური გამომუშავება კი 6,50 გვტ.სთ. მიმდინარე წელსვე იგეგმება ხადორიჰესი 3-ის ექსპლოატაციაში გაშვება. ჰესი პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე შენდება. მისი დადგმული სიმძლავრე 5,4 მვტ იქნება, საშუალო წლიური გამომუშავება კი 27.5 მლნ კვტ.სთ.
ამასთან, საქართველოში მშენებლობისა და ლიცენზირების ეტაპზე 20-მდე ჰესია.
დატოვე კომენტარი