„აუცილებელია, ყველას გვესმოდეს, რომ ცხოვრება მრავალფეროვანია, განსაკუთრებით კი კარიერული თვალსაზრისით და ყველაფერი გამოგვივა, თუ ჩვენს თავს ექსპერიმენტების ჩატარების უფლებას მივცემთ“.
ცხოვრებაში ცვლილებების დრო ყოველთვისაა და თუ დასახული მიზნების მიღწევა მართლა გსურს, ამაში ხელს ვერც გარე ფაქტორები და და ვერც სოციალური წნეხი შეგიშლის. ენერგეტიკის სექტორში გატარებული ათი წლის შემდეგ ანა მაისურაძემ მოდის ინდუსტრიაში გადაინაცვლა, ცვლილებების შიში დაძლია, რაც მთავარია, საკუთარი თავი იპოვა და დღეს მსოფლიოში ცნობილ გერმანულ ბრენდ Adidas Berlin-თან თანამშრომლობს About Kokomo-ს პროექტ LAUNDROMAT-ზე.
როგორც თავად ამბობს, მიუხედავად 30 წლამდე მიღწეული რიგი წარმატებებისა, იმის შეგრძნება, რომ საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება ჯერ არ მოგიხდენია, ახალი გამოწვევებისკენ გიბიძგებს და კომფორტის ზონაში დარჩენის უფლებასაც არ გიტოვებს.
ამჟამად ანა 33 წლისაა და Adidas Berlin-ის პროექტ LAUNDROMAT-ში კონტენტ-კრეატორად და სტილისტად მუშაობს. სამომავლოდ სურს Adidas-ის გუნდს თბილისში pop-up-მაღაზიის გახსნის იდეაც შესთავაზოს. თუმცა გერმანულ ბრენდამდე იყო საკმაოდ გრძელი გზა, სავსე ბევრი წარმატებით თუ წარუმატებლობით, ამავდროულად კი მუდმივი მუშაობით და საკუთარი თავის ძიებით. წარსულში დაბრუნების შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, საკუთარ თავს უფრო მეტი ექსპერიმენტის ჩატარების უფლებას მისცემდა და სხვადასხვა სფეროში გამოცდიდა შესაძლებლობებს, რათა ნამდვილი მოწოდება ეპოვა.
მაგრამ გასულ ათ წელს დაკარგულად ნამდვილად არ მიიჩნევს და პირიქით, მის კარიერულ განვითარებას საბოლოო მიზნის მიღწევისთვის გარდამტეხ პერიოდად ასახელებს.
„იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სტაჟირება გავიარე ენერგეტიკის სამინისტროში, სადაც ცხრა თვე ვიმუშავე საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, ენერგეტიკის საკითხებში საქართველოს ასოცირების საკითხზე. მალევე ამიყვანეს სამსახურში და ხუთი წელი უფროსი სპეციალისტის პოზიციას ვიკავებდი. ამ პერიოდში ბევრი კარიერული წინსვლა მქონდა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბრიუსელში, ენერგეტიკულ ქარტიაში საქართველოს წარმომადგენლად მუშაობა.
ბრიუსელში ჩემი საქმიანობის ძირითადი სფერო მოიცავდა ტრანზიტის საკითხებს, კონკრეტულად კი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ტერიტორიებს. ამ დროს თავმჯდომარე სახელმწიფო იყო თურქმენეთი და სწორედ მის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ჩართული ვიყავი კონფერენციების მომზადებასა და საორგანიზაციო ღონისძიებებში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს გავლით თურქმენეთიდან იგეგმებოდა ევროკავშირის ენერგომომარაგება და ამ საკითხთან დაკავშირებითაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წარმოვადგენდი.
საკმაოდ მალე, ჩემი გაწეული სამუშაოდან გამომდინარე, დავინიშნე ტექნიკური ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარედ. ვეხმარებოდი ქვეყნებს (აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქმენეთს და ა.შ.) ენერგეტიკული რესურსების საკითხზე ევრორეგულაციების შემუშავებასა და არსებული სტრუქტურის გაუმჯობესებაში. ძირითადი მიმართულება იყო მდგრადი განვითარება და ვცდილობდი მათთვის ენერგეტიკული სტრუქტურის ახალი და თანამედროვე შესაძლებლობები შემეთავაზებინა“.
რთულად წარმოსადგენია, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ 27 წლის ასაკამდე მოხდა, რასაც შემდგომი კარიერული წარმატებებიც მალევე დაემატა. შემდეგი ეტაპი იყო სტაჟირება ევროკომისიის სტრუქტურაში, კვლავ ბუნებრივი აირის დეპარტამენტში, თუმცა ახალი მოვალეობებით: სამუშაო სპეციფიკა ითვალისწინებდა სამართლებრივი დებულებების შემუშავებას როგორც საქართველოსთვის, ასევე ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ქვეყნებისთვის (უკრაინა, მოლდავეთი, სერბეთი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდ. მაკედონია, კოსოვო და მონტენეგრო) – ამ ქვეყანათა კანონმდებლობების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოებას.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო მთავარი სპეციალისტის პოზიცია და ენერგეტიკის მიმართულებით, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობა. ტექნიკური ჯგუფის თანათავმჯდომარის რანგში საქართველოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგენა და მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის ჩეხეთთან, იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან.
ცხოვრების პირველი ეტაპის კარიერული პიკი კი 30 წლის ასაკში დადგა, საერთაშორისო ურთიერთობების ენერგეტიკულ სექტორში სამმართველოს უფროსად დანიშვნასთან ერთად. სწორედ ამ დროს გაჩნდა კითხვები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით:
„30 წლის ასაკში კარიერულ პიკში ვიყავი, თუმცა უკვე ათი წელი იყო, რაც ერთსა და იმავე სფეროში ვმუშაობდი და ცვლილებები მჭირდებოდა. სხვა მიმართულებებით მსურდა წავსულიყავი, თითქოს შინაგანი მე მეუბნებოდა, რომ სხვა რამის კეთებაც შემეძლო. მოდის სფერო ყოველთვის მაინტერესებდა. საჯარო სამსახურშიც დისკომფორტს მიქმნიდა ის ფაქტი, რომ ჩაცმულობაზე მუდმივად შეზღუდვები მქონდა, რაც ჩემში პროტესტს იწვევდა: რატომ არ შემიძლია, ვიყო ჩემი საქმის პროფესიონალი და ამავდროულად ისე ჩაცმული მივიდე შეხვედრებზე, როგორც მე მინდა?
2018 წელს ვენიდან საქართველოში დავბრუნდი და სოფო ჭყონიასთან დავიწყე თანამშრომლობა, რომელიც Mercedes Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში ბევრ პროექტზე მუშაობდა. შემდეგ კი ეს „ენერგეტიკის ადამიანი“ ნიდერლანდური Vogue-ის გადაღებებზე მოვხვდი სტილისტის ასისტენტად“.
ახალმა გამოცდილებებმა ახალი ენერგიაც მოიტანა. მოტივაციაც ერთიორად გაიზარდა, რაც ერთდროულად რამდენიმე სამსახურში მუშაობასა და პარალელურად ფრილანსერობაში გამოიხატა. თუმცა საბოლოო დანიშნულებამდე იყო კიდევ რამდენიმე, სრულად განსხვავებული და ახალი მიმართულებები, რომლებიც, როგორც ანა ამბობს, საკუთარი თავის პოვნაში უფრო მეტად დაეხმარა. ბერლინში ავტოინდუსტრიასა და ტალინში, საბანკო ინსტიტუტ Wise-ში გატარებულმა პერიოდმაც კიდევ უფრო დაარწმუნა, რომ ცხოვრებაში ახალი გამოწვევები სჭირდებოდა.
მიუხედავად ამისა, კარიერის სრულად „ამოყირავების“ გადაწყვეტილებაზე გარე ფაქტორები და სოციალური წნეხიც მოქმედებდა. თუმცა იმის გააზრება, რომ ყოველთვის შეგიძლია, სხვების აზრების გათვალისწინებისა და დადგენილი ნორმების 100%-ით დაცვის გარეშე, უბრალოდ შენი ცხოვრებით იცხოვრო, დასახული მიზნების მისაღწევად ახალი ენერგიითაც გავსებს. მთავარია, არ დაგავიწყდეს, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, რადიკალური ცვლილებებისთვისაც კი გვიანი არასდროსაა.
„ვფიქრობ, რომ საქართველოში საზოგადოება თითქოს თავად არ გაძლევს საშუალებას, რომ ახალგაზრდა იყო. რეალურად 20-30 წლამდე პერიოდი ის ასაკია, როდესაც საკუთარი თავი უნდა გაიცნო, იპოვო, ახალი გამოცდილებები შეიძინო, ექსპერიმენტები ჩაატარო და ცხოვრებით დატკბე. თუმცა მე მუდმივად კარიერით ვცხოვრობდი, ექსპერიმენტების დროც კი არ მქონია და 30 წლის ასაკში მივხვდი, რომ მივაღწიე ყველა მიზანს, რაც კი დასახული მქონდა. მაგრამ, მიუხედავად შედეგისა ენერგეტიკული რეფორმების დეპარტამენტში, ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა მჭირდებოდა მაშინ, როდესაც ჩემს მომავალს ამ სფეროში ნამდვილად ვეღარ ვხედავდი“.
სოციალური წნეხის დაძლევისა და სხვადასხვა ინდუსტრიის გამოცდის შემდეგ მის ცხოვრებაში ძალიან დიდი დოზით თავის მოვლისა და მოდის ინდუსტრია შემოიჭრა. ერთ-ერთი პირველი, ყველაზე წარმატებული ეტაპი Senself-თან თანამშრომლობა იყო, სოციალური მედიამენეჯერისა და ვიზუალური კომუნიკაციის მენეჯერის რანგში, პარალელურად კი Lalo-სთან უფროსი სოციალური მედიაკრეატორის პოზიციის შეთავსებაც.
გამოცდილებების დაგროვების შემდეგ კი ახალი გასაუბრებების დროც დადგა, თანაც ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორიც პირველ შემთხვევაში Tom Tailor-ი იყო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კომპანიასთან თანამშრომლობა არ შედგა, თუმცა ჰორიზონტზე ახალი კომპანია მალევე გამოჩნდა, რომელმაც ანას კარიერაში გარდამტეხი როლი ითამაშა და Adidas-ი შემოიყვანა.
„ეს იყო გასაუბრება კონტენტ-მენეჯერის პოზიციაზე, სააგენტო About Kokomo-სთან, რომელიც, თავის მხრივ, ღონისძიებების პროდაქშენსა და გადაღებებზე Hugo Boss-თან და Adidas Berlin-თან თანამშრომლობს. თუმცა თავდაპირველად წარმოდგენა არ მქონდა, რომ სწორედ Adidas-თან მომიწევდა მუშაობა. სააგენტოსთან გასაუბრება გავიარე და მხოლოდ ამის შემდეგ მომივიდა გერმანული სააგენტოსგან მეილი, კონტენტ-კრეატორის პოზიციის შეთავაზებით.
უცბად ჩემს ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი შეიცვალა, თან მას შემდეგ, რაც უშუალოდ Adidas Berlin-ის გუნდსაც გავესაუბრე და პროექტის დაწყებაზეც შევთანხმდით. მაგრამ ორ კვირაში დამირეკეს და მითხრეს, რომ პროექტი შეჩერებულია, რადგან შესაბამისი ადგილის დაქირავება ვერ ხერხდება. აქ ის მომენტიც მქონდა, რომ ეს ჩემი კარიერული რისკი, შრომა წყალში მეყრებოდა, ვერ ვხვდებოდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა, რადგან, ერთი მხრივ, კი ამიყვანეს და თან Adidas-მა ამიყვანა, ხოლო მეორე მხრივ ჩემგან დამოუკიდებელი ძალების გავლენით, უცბად ყველაფერი იშლება.
მაგრამ როგორი მოულოდნელობებითაც ხასიათდებოდა ყოველთვის ჩემი ცხოვრება, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ისევ ამოტრიალდა და 2023 წლის ივლისში კვლავ მომივიდა სააგენტოსგან და Adidas Berlin-ისგან მეილი, რომ თუ დაინტერესებული ვიყავი, სექტემბრიდან ჩვენი პროექტი აღდგებოდა. ახლა ძირითადად კონტრაქტებზე ვმუშაობ, დიდ დროს მაღაზიაშიც ვატარებ, თვითონ პროექტი ჯერ 1-წლიანია, მაგრამ, სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება“.
სამომავლოდ კი ანას Adidas-ის პროექტის საქართველოში შემოტანაც სურს. აღნიშნული პროექტი მსგავსი მასშტაბის ბრენდებისთვის პირველი pop-up-სთორია, რაც მის განსხვავებულობას და უნიკალურობას კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს. პარალელურად მაღაზიის საშუალებით, ტანისამოსი თვიურად პარტნიორი კომპანია POOL Berlin-თან ერთად 9 ევროდ ქირავდება, რაც, რასაკვირველია, ხელს მდგრადი მოდის განვითარებასა და კლიმატურ კრიზისთან ბრძოლას უწყობს.
მაღაზიას ასევე აქვს ვინტაჟური კოლექციაც, რომლის შერჩევის პროცესშიც სწორედ ანა, Laundromat-ის გუნდი და მისი სააგენტო არიან ჩართულნი. ეს მოიცავს ბაზარზე არსებული მოთხოვნის განსაზღვრასა და შეფასებას, შემდგომ კი, უკვე ამის გათვალისწინებით, მაღაზიაში მსგავსი სტილის ტანისამოსის შემოტანასა და განთავსებას. პარალელურად, Adidas Berlin-ის მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობით ტარდება ვორქშოპები, მათ შორის ისეთ მასშტაბურ ლოკაციებზე, როგორიც, მაგალითად, ბერლინში „Berlinische Galerie“-ია.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით Adidas-ის pop-up-მაღაზია პიონერია, ვინაიდან სხვა სპორტული მარკის მაღაზიაში თითქმის ვერ ნახავთ სხვა ბრენდების პროდუქციას. Adidas Berlin-ი კი ბერლინში დაფუძნებულ სხვა კომპანიებსაც აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას და მათთან აქტიურად თანამშრომლობს. ანაც სწორედ ამ მიმართულებითაა და, როგორც სააგენტოს წარმომადგენელი, Adidas Berlin-ის კოლექციის გადაღებებსა და კამპანიებში სტილისტად მუშაობს.
„ხანდახან თვითონაც მიჭირს ხოლმე იმ რეალობის გააზრება, რომ ენერგეტიკის სექტორიდან მოდის ინდუსტრიაში აღმოვჩნდი. ახლა კი უკვე მინდა სააგენტოს ჩემი იდეებიც წარვუდგინო. იქიდან გამომდინარე, რომ Adidas Berlin-ი საქართველოს ტერიტორიას არ ფარავს, მსურს ჩვენს ქვეყანაში ბევრს ჰქონდეს საშუალება, შეიძინონ ბრენდის ახალი და ექსკლუზიური მოდელები. ვცდილობ, სწორი მიზნობრიობა ჩამოვაყალიბო, გავაკეთო შესაბამისი ანალიტიკა, შევადგინო ბიზნესგეგმა და შემდეგ უკვე მსგავსი Pop-up-მაღაზიით ქართულ ბაზარზეც გამოვჩნდეთ.
ეს შეიძლება მოხდეს სააგენტოსთან თანამშრომლობით ან დამოუკიდებლად, მაგრამ ვთვლი, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს მისთვის შესაბამისი შესაძლებლობებიც და წვდომა მოდელებზე, რომელთაც რატომღაც მხოლოდ უცხოურ მაღაზიებში ან სოციალურ მედიაში ვხვდებით“.
გეგმები კი ამ ეტაპზე საბაზისო პროცესშია, თუმცა მათი განხორციელება მომავალში ნამდვილად იგეგმება. ამჟამად მთავარი სწორი დაგეგმარებაა, შემდეგ კი ინვესტორის პოვნა, რომელიც ქართულ pop-up-ში თანხას ჩადებს და იდეებიც რეალობად იქცევა. S