ენერგიის განახლებადი წყაროები გლობალური ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდას სრულად აკმაყოფილებს

ენერგიის განახლებადი წყაროები გლობალური ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდას სრულად აკმაყოფილებს

2022 წლის პირველ ნახევარში ენერგიის განახლებადმა წყაროებმა ელექტროენერგიის გლობალური მოთხოვნის ზრდა 100%-ით დააკმაყოფილა. Ember-ის Global Electricity Mid-Year Insights-ის ანგარიშის მიხედვით, შედეგად მსოფლიომ ნახშირიდან და გაზიდან ელექტროენერგიის წარმოების შესაძლო 4%-იანი ზრდა, წიაღისეული საწვავის $40-მილიარდიანი ხარჯი და 230 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ემისია აიცილა თავიდან.

ანგარიში ჯამში 75 ქვეყნის მონაცემებს აანალიზებს, რომლებიც ელექტროენერგიის გლობალური მოთხოვნის 90%-ს წარმოადგენს და 2022 წლის პირველი ექვსი თვის მაჩვენებელს, 2021 წელთან ადარებს. როგორც ცნობილი ხდება, ელექტროენერგიაზე გლობალური მოთხოვნა 2022 წლის პირველ ნახევარში 389 ტერავატ/საათით (3%), ხოლო ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის გამომუშავება 416 ტერავატ/საათით (12%) გაიზარდა.

განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის ზრდა მცირედით აღემატება ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდას. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში ქარისა და მზისგან ელექტროენერგიის გამომუშავებამ 300 ტერავატ/საათით იმატა და ელექტროენერგიის გლობალური მოთხოვნის ზრდის 77% შეადგინა. დანარჩენი უკვე ჰიდროელექტროსადგურებიდან წარმოებულ ელექტროენერგიაზე მოდის.

საინტერესოა, რომ ჩინეთში ქარისა და მზის ენერგიის წარმოების მატებამ ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდის 92% დააკმაყოფილა, ამერიკის შეერთებულ შტატებში –  81%, ხოლო ინდოეთში – 23%. Ember-ის უფროსი ანალიტიკოსის განცხადებით, პირველი ნაბიჯი ძვირად ღირებული და დამაბინძურებელი წიაღისეული საწვავის ჩასანაცვლებლად სწორედ მსოფლიოში ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საკმარისი სუფთა ენერგიის გამომუშავებაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *