ევროსტატის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ევროპაში სამომხმარებლო ფასები1997 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება.
მათი ინფორმაციით, ევროპის იმ 19 ქვეყანაში, რომლებიც ევროზონის ქვეყნებს წარმოადგენენ, მათ შორის ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი იტალია, ესპანეთი, ნოემბრის თვეში წლიურმა ინფლაციამ 4.9%–ს მიაღწია, რაც ევროზონის ქვეყნებისათვის საგანგაშო მაჩვენებელია.
მას შემდეგ რაც ევროკავშირმა მონაცემების შეგროვება დაიწყო, ეს ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 1997 წლის შემდეგ ინფლაციის ასეთი მაღალი დონე ევროზონის ქვეყნებში არასდროს დაფიქსირებულა.
ევროსტატის წინასწარი შეფასებით, ნოემბერში ელექტროენერგიის ფასი 27.4%-ით გაიზარდა. მომსახურების ინფლაციამ კი 2.7% შეადგინა.
ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის მთავარი მიზეზი ენერგიის ფასების თითქმის 30%–იანი ზრდაა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ უპრეცედენტოდ გაიზარდა საბაზისო ინფლაციაც (სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომელიც არ მოიცავს საკვებისა და ენერგიის ფასებს), რაც Oxford Economics-ის ეკონომისტ კატრინა კოენცის აზრით, გერმანიის დასვენებასთან დაკავშირებული სერვისების ფასების ზრდითაა გამოწვეული.
ევროზონის ინფლაციის მაჩვენებლის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის გერმანიის სამომხმარებლო ფასების ინდექსი. ნოემბერში გერმანიის სამომხმარებლო ფასების ინდექსი 5.2%–ით გაიზარდა, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. 30 წლის განმავლობაში ინფლაციის დონემ გერმანიაში სექტემბერში პირველად გადააჭარბა 4%–იან დონეს.
დატოვე კომენტარი