ახალი კვლევის თანახმად, ევროპული ქვეყნების მიერ ოჯახებისა თუ კომპანიების ენერგოხარჯებისაგან დაცვის მიზნით გაღებულმა დანახარჯებმა უკვე თითქმის 800 მილიარდი ევრო შეადგინა. კვლევა ქვეყნებს ენერგეტიკული კრიზისის აღმოსაფხვრელად ხარჯების განაწილებისას მეტი მიზნობრიობისაკენ მოუწოდებს.
კვლევითი ორგანიზაცია Bruegel-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ენერგოკრიზისის აღმოსაფხვრელად 2021 წლის სექტემბრის შემდეგ ევროკავშირმა 681 მილიარდი ევრო გაიღო, დიდმა ბრიტანეთმა 103 მილიარდი ევრო, ხოლო ნორვეგიამ – 8.1 მილიარდი.
აღნიშნული დანახარჯების გაზრდის მიზეზი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებაც გახლავთ. ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა, 270 მილიარდი ევრო ენერგოკრიზისის აღმოსაფხვრელად გერმანიამ დახარჯა. მის შემდეგ კი დანახარჯების სიდიდით ბრიტანეთი, იტალია და საფრანგეთი მოდიან.
საინტერესოა, რომ მასშტაბებით ენერგოკრიზისის აღმოფხვრა ევროკავშირის მიერ 2020 წელს პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებებს გაუტოლდა. კრიზისის ტენდენციების გათვალისწინებით კი დანახარჯების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ამიტომ, კვლევითი ორგანიზაცია სახელმწიფოებს დინამიკის შეცვლისაკენ მოუწოდებს. ქვეყნების ფისკალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ფასების დასარეგულირებლად მსგავსი დანახარჯების შენარჩუნებას დიდხანს ვერ შეძლებენ.
დატოვე კომენტარი