ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური სერვისების მომსახურების აუტსორსინგის კომპანია AccountAnts-ი ყოველთვიურად 200-ზე მეტ კლიენტს ემსახურება. ექვსი წლის წინ შექმნილი კომპანია საქართველოს ბაზარზე, სადაც მსგავსი ფირმები მრავლადაა, სწრაფად იზრდება. „ენთები“, ანუ ჭიანჭველები ძალიან ბევრს შრომობენ, იმისთვის რომ მცირე თუ საშუალო ზომის კომპანიების საჭიროებებს მოერგონ და მათთვის ოპტიმალური გამოსავლები იპოვონ. ახალი თაობის ბუღალტრები, კერძოდ, AccountAnts-ის დამფუძნებლები, ნიკა წიკლაური, ნიკა მჭედლიშვილი და დიმა ბასილაშვილი Forbes Georgia-სთან კომპანიის შედეგებსა და გეგმებზე საუბრობენ.
AccountAnts-ი 2015 წელს დააარსეთ. რამ მოგცათ ამის საფუძველი? რამდენად რთული იყო ამ მომსახურებით საკმაოდ გაჯერებულ ბაზარზე თავის დამკვიდრება?
დიმიტრი ბასილაშვილი: ჩვენ დავინახეთ, რომ საბუღალტრო მომსახურების სფეროში არსებობდა ნიში, რომლის შევსებასაც შევძლებდით. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეგმენტში ბევრი კონკურენტი იყო, თავიდანვე სხვებისგან განსხვავებული მიდგომით დავიწყეთ მუშაობა „ენთები” ყოველთვის იყო თანამედროვე, ახალგაზრდა და ენერგიული ბრენდი, რომელიც არაფორმალური და პოზიტიური კომუნიკაციით შევიდა ბაზარზე. ამას დაემატა ხარისხი და პროფესიონალიზმი და შედეგად დღეს ჩვენი კლიენტების კმაყოფილების მაჩვენებელი 96%-ია.
როგორია თქვენი შედეგები რიცხვებში?
ნიკა წიკლაური: „ენთები” ყოველთვიურად მომსახურებას 200-ზე მეტ კლიენტს უწევს. მათ შორის 40-ზე მეტი უცხოური კომპანიის წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელთაც უცხოელი ინვესტორები მართავენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ თვეში საშუალოდ 6-7 ახალი კლიენტი კომპანია გვემატება, რაც ნიშნავს, რომ 2022 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 300-მდე კლიენტი გვეყოლება.
2015 წელს, როცა საქმიანობა დავიწყეთ, ვემსახურებოდით მხოლოდ შვიდ კომპანიას. სწორედ ამ კომპანიების მფლობელებისა და მენეჯმენტის კმაყოფილების შედეგი იყო ის, რომ მათ პოზიტიური რეკომენდაციები სანაცნობო წრეში გაავრცელეს, ამ ყველაფერმა კი ზრდის საშუალება მოგვცა. აქვე აღვნიშნავ, რომ, მიუხედავად სწრაფი ზრდისა, თითოეული კლიენტი ჩვენს ყურადღებასა და ზრუნვას მუდმივად გრძნობს. ჩვენთვის თითოეულ მათგანთან თანამშრომლობა ფასეულია.
თქვენ წვდომა გაქვთ კლიენტი კომპანიების ფინანსურ მონაცემებზე. როგორია თქვენი დაკვირვება, რა საჭიროებები იკვეთება განსაკუთრებით პანდემიის პირობებში? რა პრობლემები აქვთ მათ ძირითადად?
დიმიტრი ბასილაშვილი: კომპანიების მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ახერხებენ სწრაფად ადაპტირებას. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ინფორმაციისა და ფინანსური დაგეგმვის გამოცდილების არქონაა. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, გყავდეს ისეთი პარტნიორი, რომელიც მოგცემს რჩევებს და დაგაგეგმვინებს ნაბიჯებს. ამიტომ ჩვენ დავამატეთ ახალი მიმართულება – „CFO აუტსორსი”, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიებმა ნაკლები დანახარჯებით შეიძლება მოახდინონ ფინანსური დეპარტამენტის სრული აუტსორსი და შედეგად მიიღონ კვალიფიციური ფინანსისტების რეპორტები, რჩევები და რეკომენდაციები, რაც მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.
ბოლო წლების განმავლობაში ბუღალტერიის აუტსორსინგი უფრო მეტად მოთხოვნადი სერვისი გახდა. როგორ ფიქრობთ, ეს რამ განაპირობა და მოსალოდნელია თუ არა ამ ტენდენციის გაგრძელება?
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: რა თქმა უნდა. აუტსორსინგის იდეა ყოველთვის არსებობდა და იდეურადაც ყველაზე სწორია, რომ ორგანიზაციებმა ყველა ის სერვისი, რაც მათი ბიზნესის ძირითადი მიმართულება არ არის, აუტსორსზე გაიტანონ, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ზომის კომპანიებმა. აუტსორსის მთავარი იდეაა ის, რომ ოპტიმალურ ფასად შეძლოს კომპანიამ მაღალი ხარისხის სერვისის მიღება. სხვა შემთხვევაში, შესაბამისი დონის ექსპერტების დაქირავება, დროისა და ენერგიის დახარჯვა, ასევე პასუხისმგებლობის აღება საგადასახადო თუ სხვა საკითხებზე, კომპანიას ბევრად ძვირი უჯდება. ბუნებრივია, ეს ტენდენცია გაგრძელდება, განსაკუთრებით კი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და იმ ინოვაციების ფონზე, რასაც დისტანციური სერვისების განვითარების პარალელურად, ყველა მიმართულებით ვხედავთ.
ბუღალტერია თანდათან უფრო ავტომატიზებული ხდება. საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რამდენად მიჰყვება ეს სფერო მსოფლიო ტრენდებს საქართველოში?
ნიკა წიკლაური: ბუღალტერია ისეთი სფეროა, რომ მისი ბევრი ასპექტი ავტომატიზაციას ექვემდებარება. სწორედ ამიტომ, დაარსების დღიდან „ენთების“ უმთავრესი ამოცანა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებაა, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომების რისკი. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიკვლევთ ამ სფეროში მიმდინარე ტექნოლოგიურ პროგრესს და ვახდენთ უახლესი ტექნოლოგიების იმპორტს. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ რომ „ენთების“ მიერ გამოყენებული აღრიცხვის ტექნოლოგიები ხშირ შემთხვევაში 2-3 თაობით უსწრებს საქართველოს ბაზარზე არსებულ დონეს და არ ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებული ავტომატიზაციის ხარისხს.
ბაზარზე საბუღალტრო მომსახურების არაერთი კომპანია ოპერირებს. რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ჩვენ ვთავაზობთ კომპანიებს არა მხოლოდ საგადასახადო აღრიცხვას, არამედ სრულფასოვან ფინანსურ დეპარტამენტს, ყველა იმ ფუნქციით, რასაც შეიძლება გულისხმობდეს ფართო გაგებით ფინანსები. პარტნიორებსაც დიდი გამოცდილება გვაქვს საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებში, სადაც თითოეულს ფინანსური დეპარტამენტის თითქმის ყველა პროფილით გვიმუშავია. ბუღალტერია, ფინანსური ანალიზი, მმართველობითი ანალიზი, ბიუჯეტირება, სტრატეგიული დაგეგმვა, ფანდრაიზინგი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან (დონორებთან, ბანკებთან თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან) ურთიერთობა, ქართული კომპანიების ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაყვანის არაერთ პროექტშიც მიგვიღია მონაწილეობა.
ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გამოყენება, რისთვისაც დიდ ენერგიას და რესურსს ვხარჯავთ. გვინდა, ვიყოთ მაქსიმალურად თანამედროვედ აღჭურვილი და დრო არ დავხარჯოთ ისეთი საკითხების ხელით კეთებაში, რასაც ტექნოლოგიები ბევრად სწრაფად და მაღალი ხარისხით ასრულებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ასევე ჩვენი კორპორაციული კულტურა და ბიზნესმოდელი, რომელიც მეგობრულ, ენერგიულ და გუნდურ გარემოს სთავაზობს თანამშრომლებს, რაც თავის მხრივ ამარტივებს კლიენტთან ურთიერთობას.
შესაბამისად, ჩვენი გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიებისკენ სწრაფვა, ორგანიზაციული კულტურა და დაუღალავი შრომა ერთობლივად წარმოადგენს იმ მთავარ უპირატესობას, რაც უზრუნველყოფს კლიენტისთვის ბაზარზე არსებულთან შედარებით დაბალ ფასად უფრო მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებას, ვიდრე ჩვენი კონკურენტები ახერხებენ.
დაბოლოს, როგორია AccountAnts-ის 2022 წლის გეგმები?
ნიკა წიკლაური: 2022 წელს გვაქვს სამი პრიორიტეტული მიმართულება. პირველი – არსებული კლიენტებისთვის მეტი კომფორტის შექმნა. 2021 წელს, ბუღალტრული მომსახურების გარდა, დავამატეთ ფინანსური დეპარტამენტის სრული აუტსორსი, მათ შორის რეპორტინგი, ბიუჯეტირება და ანალიზი. აღნიშნული მიმართულებით გვყავს როგორც ადგილობრივი კლიენტები, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ (ძირითადად ევროპაში) არსებული კომპანიები.
მეორე – თანამშრომლების ზრდის ხელშეწყობისა და სამოტივაციო პროგრამების დამატება – ჩვენ გვაქვს თანამშრომლების ტრენინგების დაფინანსებისა და სამოტივაციო პროგრამები, თუმცა ამ მიმართულებით მუდმივად გვაქვს ხოლმე ახალი და საინტერესო პროექტები და არც 2022 წელი იქნება ამ მხრივ გამონაკლისი.
ასევე ვგეგმავთ კლიენტების პორტფელის ზრდას. ჩვენი მიზანია, რომ 2022 წლის ბოლოს ყოველთვიურად ვემსახურებოდეთ 300 კომპანიას. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ კომპანიების მფლობელებსა და მენეჯერებამდე მივიტანოთ მთავარი მესიჯი, რომ „ენთები” მათ მაღალი ხარისხის მომსახურებას ხელმისაწვდომ და მათზე მორგებულ ფასად სთავაზობენ.
დატოვე კომენტარი