ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთს ეწვია და ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ სი ძინპინსა და ქვეყნის წამყვან მაღალჩინოსნებს შეხვდა. ბლინკენის ჩინეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების გამოსწორების მცდელობა იყო და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხრიდან „მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შედეგიანადაც“ შეფასდა.
ბლინკენი აშშ-ის პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც 2018 წლის შემდეგ ჩინეთს ეწვია. მისი ვიზიტი ჯერ კიდევ თებერვალში იყო დაგეგმილი, თუმცა ამერიკელი სამხედროების მიერ შეერთებული შტატების თავზე მფრინავი საეჭვო ჩინური „ჯაშუში საჰაერო ბუშტის“ ჩამოგდების შემდეგ მოულოდნელად გადაიდო. მიმდინარე ვიზიტისას კი ბლინკენსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა, რამდენიმე საათით ადრე, მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა.
უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და, ჩინელი მაღალჩინოსნების შეფასებით, „ყველაზე დაბალ ნიშნულამდე“ დაეცა. ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახა როგორც ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობები, განსაკუთრებით უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ისე ტაივანის სრუტესა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის სამხედრო წვრთნები და სხვადასხვა სახის პროვოკაციები. „ორივე მხარისთვის ნათელია, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა არასტაბილურია და მისი სტაბილიზაციისთვის მუშაობაა საჭირო“, – განაცხადა ბლინკენმა ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
ბლინკენის განცხადებით, ჩინეთში მისი მოგზაურობის მიზანი „ქვეყნებს შორის კომუნიკაციაში არსებული გამოწვევებისა და უთანხმოებების დადგენა, აშშ-ის პოზიციის აშკარა დაფიქსირება და იმ სფეროების შესწავლა იყო, სადაც ჩინეთისა და აშშ-ის ინტერესები თანხვდენილია და ერთობლივი მუშაობა შესაძლებელი იქნება“. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ამ მიმართულებით შეხვედრა საკმაოდ ეფექტიანი გამოდგა.
ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ „დაიცვან მათ შორის არსებული ურთიერთგაგება“, რომელიც მასსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის ბალიზე გამართულ სამიტზე იქნა მიღწეული. „ეს ძალიან კარგია“, – აღნიშნა სი ძინპინმა.
თუმცა პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ბლინკენი ჩინეთის სხვა მაღალჩინოსნებსაც შეხვდა, მათ შორის ქვეყნის საგარეო საქმეთა ცენტრალური კომისიის დირექტორ ვან იისა და სახელმწიფო მრჩეველ ცინ განს. ჩინეთის სამთავრობო მონაცემების თანახმად, ცინმა მოლაპარაკებების მსვლელობისას აღნიშნა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა „ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაწყების დღიდან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა“.
„ეს არ წარმოადგენს ჩვენი ერების ფუნდამენტურ ინტერესებს და საერთაშორისო საზოგადოების საერთო მოლოდინსაც არ აკმაყოფილებს“, – აღნიშნა ჩინელმა მაღალჩინოსანმა შეხვედრაზე, თუმცა, როგორც ჩანს, ხუთსაათიანი მოლაპარაკების შემდგომ, მხარეებს ბევრად მეტი დადებითი ჰქონდათ სათქმელი. ცინმა შეხვედრა „ნამდვილ და პროდუქტიულ მოლაპარაკებად“ შეაფასა, ხოლო ჩინური მხარის წერილობითი დოკუმენტის თანახმად, მოლაპარაკება იყო „გულწრფელი, სიღრმისეული და კონსტრუქციული“.
შეხვედრის შეფასებისას, მსგავსი ენა იყო გამოყენებული აშშ-ის წერილობით დოკუმენტებში, დამატებით კი აღინიშნა, რომ ბლინკენმა მოლაპარაკებებისას „არასწორი აღქმისა და შეფასებების თავიდან ასაცილებლად, დიპლომატიისა და კომუნიკაციების ღია არხების არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“.
ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტაივანია, დემოკრატიულად თვითმართვადი კუნძული, რომელსაც ჩინეთი მის ტერიტორიად მიიჩნევს. სი ძინპინი მზადაა, თავისი „გაერთიანების“ მიზნის მისაღწევად, ტაივანზე კონტროლი ძალის გამოყენებითაც კი მოიპოვოს.
ტაივანთან მიმართებით შეერთებული შტატები დიდი ხანია, ე.წ. „სტრატეგიული ორაზროვნების“ პოლიტიკას იყენებს და შესაბამისად უცნობია, თუ როგორ უპასუხებს შტატები ჩინეთის ნებისმიერ მცდელობას, კონტროლი მოიპოვოს თვითმართვად კუნძულზე. გასულ წელს ბაიდენმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“, რაც ბლინკენმა ჩინეთში შეხვედრების დროსაც კიდევ ერთხელ აღნიშნა.
ბლინკენის განცხადებით, აშშ-ის პოლიტიკა უცვლელია, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ აშშ-ს ფორმალურად ტაივანის დამოუკიდებლობისთვის მხარი არ დაუჭერია, თუმცა დასძინა, რომ შტატები მზადაა, დაიცვას ტაივანი ნებისმიერი სახის თავდასხმისგან. შეხვედრების შემდეგ კი ჩინეთის წამყვანმა დიპლომატმა ვან იიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „პატივი უნდა სცეს ჩინეთის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და ღიად უნდა დაუპირისპირდეს ტაივანის დამოუკიდებლობას“.
რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე ომს, ამ საკითხის მიმართ ჩინეთი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს, რაც არაერთი ამერიკელი ოფიციალური პირის, მათ შორის ბლინკენის შეშფოთების მიზეზიც არაერთხელ გამხდარა. უფრო მეტიც, იყო ბრალდებები ჩინეთის მიერ უკრაინაში პუტინის შეჭრის მხარდაჭერასთან დაკავშირებითაც. ბლინკენის შეფასებით, მოლაპარაკებებისას ამ მხრივ რაიმე კონკრეტული წინააღმდეგობები არ გამოკვეთილა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვიზიტის დროს მან რამდენჯერმე დააყენა ქვეყნებს შორის პირდაპირი სამხედრო კომუნიკაციების საკითხი, თუმცა ამ ეტაპზე ჩინეთის მხრიდან ამ მიმართულებით „პროგრესი არ შეინიშნება“. ბლინკენის შეფასებით, კომუნიკაციების არხები, რომელთა მნიშვნელობაზეც ორივე მხარე თანხმდება, აუცილებლად უნდა მოიცავდეს სამხედრო ტიპის კომუნიკაციებსაც, რაც სახელმწიფოთა საერთო ინტერესების დაპირისპირებაში გადაზრდის ალბათობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.