სტუმარმასპინძლობის სექტორში მოქმედმა ქართულმა კომპანია Entrée-მ ლონდონში ახალი, რიგით მეორე ფილიალი გახსნა.
კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციის ხელმძღვანელი ლიკა მიქაუტაძის ცნობით, Entrée Mayfair დღეს ბერკლის მოედანზე, Bruton Place-ზე გაიხსნა და მასში კომპანიამ 350 000 ფუნტის ინვესტიცია ჩადო. ახალ ფილიალში ამ დროისთვის ხუთი ადამიანია დასაქმებული.
„ლონდონში Entrée-ს ფორმატი ქართულ კერძებზეა აქცენტირებული. ახალი ფილიალი სტუმრებს იმავე კერძებს შესთავაზებს, რომელსაც ნოთინგ ჰილის პირველი Entrée სთავაზობს. ეს ყველაზე პოპულარული ქართული კერძებია“, – აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.
Entrée-ში აღნიშნავენ, რომ კომპანია ლონდონში განვითარებას განაგრძობს და მესამე ფილიალის გახსნას ზაფხულისთვის ვესმინსტერის ნაწილში გეგმავს.
„აუცილებლად გავაგრძელებთ ექსპანსიას ლონდონის მასშტაბით. ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქართული სამზარეულოს კერძები ყველა ქვეყანაში იმუშავებს. ამასთან, ჩვენ მომხმარებელს უნიკალურ ფორმატს ვთავაზობთ – მათ ქართული კერძების დაგემოვნება, როგორც ადგილზე, ასევე გატანით შეუძლიათ“.
გასული წლის მიწურულს Entrée-ს დამფუძნებელმა, ევგენი ფიჩხაიამ განაცხადა, რომ კომპანიისთვის პრიორიტეტი დიდი ბრიტანეთის ბაზარია. მისი თქმით, ლონდონში უკვე არსებული Entrée-ს ობიექტი ისეთ საწარმოს აერთიანებს, რომელსაც ჯამში, 5 ფილიალის მომარაგება შეუძლია.
ამასთან, კომპანიის დამფუძნებლის თქმით, 2022 წელს Entrée-ს ორ-ორი ახალი ფილიალი აზერბაიჯანსა (ბაქოში) და საქართველოშიც გაიხსნება, საბოლოოდ კი Entrée საქართველოს მასშტაბით – 16, ბაქოში – 8 და დიდ ბრიტანეთში 3 ფილიალს გააერთიანებს.
დატოვე კომენტარი