რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისა და რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, საქართველოში ბევრი მიგრანტი შემოვიდა, რომელთა შორის განსაკუთრებულად IT-სექტორსა და მის მომიჯნავე სფეროებში დასაქმებული ადამიანები ჭარბობენ. ამგვარად, საქართველომ, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ისედაც მნიშვნელოვან მოთამაშედ მიიჩნეოდა, დამატებითი დატვირთვა შეიძინა, რამაც საერთაშორისო კომპანიებს საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნისკენ უბიძგა. ცხადია, ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „საერთაშორისო კომპანიების“ შესახებ კანონი, რომელიც ამ სტატუსის მიღების შემთხვევაში, კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს.
ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში არსებული რბილი საგადასახადო პოლიტიკით ისარგებლა, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია EPAM Systems-ი იყო, რომელიც ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში შემოვიდა. როგორც კომპანიის მიერ შარშან გასაჯაროებული ფინანსური ანგარიშგებიდან ვიგებთ, 2021 წელს EPAM-ი საშუალოდ 319 ადამიანს ასაქმებდა. ამასთანავე, კომპანიამ 35 მილიონი ლარის შემოსავალი და 3.5 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.
თავად EPAM Systems-ი საკმაოდ გამოცდილი კომპანიაა, რომელიც 1993 წელს არკადი დობკინმა და ლეო ლოზნერმა ნიუ-ჯერსიში და მინსკში დააფუძნეს. ოცდაცხრა წლის განმავლობაში EPAM-ი კორპორაციის მასშტაბებამდე გაიზარდა და დღეს, მსოფლიოში, სამოცი ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს. 2012 წლის მარტში EPAM Systems-ის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე განთავსდა – დღეს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $18 მილიარდს აჭარბებს. მნიშვნელოვანია გამოვყოთ თავად არკადი დობკინი, რომლის ქონებას, ანალიტიკური პლატფორმა WallMine-ი $731 მილიონად აფასებს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის EPAM Systems-ი ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო კომპანია და მნიშვნელოვანი დამსაქმებელია. სხვათა შორის, სწორედ თანამშრომელთა დეფიციტი იყო ის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც EPAM Systems-ის თანადამფუძნებელთან და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, არკადი დობკინთან Forbes Georgia-მ მიმოიხილა. ცხადია, საუბარი შეეხო საქართველოს პოტენციალსა და EPAM-ის სამომავლო გეგმებსაც.
ბატონო არკადი, შეუძლია თუ არა საქართველოს რეგიონულ IT-ჰაბად გადაქცევა და რა არის ამისთვის საჭირო?
მჯერა, რომ საქართველოს რეგიონული დონის მოთამაშედ გადაქცევა შეუძლია, რისი მთავარი წინაპირობა – სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა. ერთ-ერთი ასეთ გადაწყვეტილება ორი-სამი წლის წინ იქნა მიღებული, როცა საქართველოში ინდუსტრიისთვის სტიმულების შექმნა დაიწყო, რომელთაც კომპანიები რეგიონსა და მსოფლიოში კონკურენტულად აქციეს – მას მერე ქვეყანაში ბევრი კომპანია შემოვიდა. ერთ-ერთი პირველი ამერიკული IT-კომპანია, რომელმაც საქართველოში ოპერირება დაიწყო, სწორედ EPAM-ი იყო.
გვსურს, რამდენიმე წელიწადში საქართველოში ასობით ადამიანი დავასაქმოთ. ცოტა ხნის წინ საქართველოში ოპერირების მეორე წლის იუბილე აღვნიშნეთ და თბილისში ახალი ოფისი გავხსენით, რადგან აქ სამი ათასზე მეტი თანამშრომელი გვყავს. ეს, ცხადია, ნაწილობრივ რეგიონში არსებული ცვლილებებით და საქართველოში ბევრი ადამიანის გადმოსახლებითაა განპირობებული. ამ შემთხვევაში, საქართველოში ძალიან საჭირო ნიჭის მქონე ადამიანები გადმოვიდნენ საცხოვრებლად.
ყველაფერი ეს ცხადყოფს იმას, რომ საქართველოში დიდძალი შესაძლებლობები არსებობს და ქვეყანაში არაერთი საერთაშორისო კომპანია შემოდის. პროგრესის დანახვა მარტივად შეიძლება: ორი წლის წინ, საქართველოში რომ შემოვედით, ყველაზე დიდ IT-კომპანიაში ორასამდე ადამიანი იყო დასაქმებული – დღეს საქართველოში ათეულობით ასეთი და კიდევ უფრო დიდი კომპანიაა.
ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ყველა სექტორის წარმომადგენელი აპელირებს – კადრების დეფიციტია. აწუხებს თუ არა ეს პრობლემა EPAM Systems-ს საქართველოში?
თანამშრომელთა დეფიციტს IT-ინდუსტრიაში, გლობალურად, ყველა განიცდის. უკანასკნელი ფართომასშტაბიანი რეცესიის შემდეგ, რომელიც 2008-2009 წლებში დაფიქსირდა, ინდუსტრია შესანიშნავი ტემპით იზრდება. მას მერე, გლობალურად, სწორი უნარებისა და შესაძლებლობების მქონე თანამშრომელთა დეფიციტი შეინიშნება. ამ პრობლემას ვხვდებით როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. მსგავსი მდგომარეობაა საქართველოშიც, მაგრამ, ამასთანავე, აქ დიდი შესაძლებლობაა ახალგაზრდა თაობისთვის ამ მიმართულებით რეფოკუსირების კუთხით. როგორც წესი, მთავარ გამოწვევებს განათლება და სამსახურის პოვნა წარმოადგენს, მაგრამ იმ კომპანიების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოში შემოდიან, სამსახურის პოვნა და კარიერული ზრდა პრობლემა არ იქნება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ დიდ შესაძლებლობას, რომელიც საქართველოს აქვს.
რა გეგმები გაქვთ საქართველოში?
ეს ძალიან რთული შეკითხვაა, რადგან ჩვენი გეგმები მეტად პესიმისტური იყო, მხოლოდ ადგილობრივ ბაზართან მიმართებითაც. გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ჩამოვიდა, რამაც ჩვენი განვითარების პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. გვსურს, საქართველოში საუკეთესო კომპანია გავხდეთ პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც ჩვენი გლობალური სტრატეგიის ნაწილიცაა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში სამოცი ათასზე მეტ ადამიანს ვასაქმებთ. საქართველოში მრავალმხრივი და მულტიფუნქციური ოფისის შექმნა გვსურს, რომელშიც განვავითარებთ როგორც ტექნოლოგიურ-საკონსულტაციო, ასევე მასშტაბირებადი ინჟინერიის ბიზნესს. იმედი გვაქვს, რომ მთავრობა ამ მიმართულებით მხარს დაგვიჭერს.
დატოვე კომენტარი