ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) საქართველოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული ხედვა წარმოადგინა 2022-2025 წლებისთვის.
სტრატეგიული ხედვის დოკუმენტში ამოცანები ოთხ ძირითად კატეგორიად იყოფა: პირველი რიგის ამოცანა, მოკლევადიანი და საშუალოვადიანი ამოცანები, გრძელვადიანი რეფორმები.
პირველი რიგის ამოცანა – სასამართლოს რეფორმა
EPRC-ის ეკონომიკური ჯგუფის შეფასებით, სამართლიანი სასამართლოს გარეშე შენარჩუნდება ინვესტიციების გადინების ტენდენცია; გლობალური კონკურენციის პირობებში, შესაძლოა შეუძლებელი გახდეს ახალი ინვესტორების მოზიდვაც.
ამ მიმართულებით გაუმჯობესება შესაძლოა მიღწეულ იქნეს პოლიტიკურ პარტიებს შორის 2020 წლის 14 მარტში გაფორმებული მემორანდუმის პრინციპების ირგვლივ საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყება და შეთანხმებამდე მისვლა.
ასევე, ინვესტორების თვალში საქართველოს დაზიანებული იმიჯის აღდგენა შესაძლოა მოხერხდეს საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვის შესაძლებლობათა გაფართოებით.
მოკლევადიანი ამოცანები, რომლებიც 2021 წელს უნდა შესრულდეს
- ეკონომიკა დროულად უნდა გაიხსნას და ეკონომიკაში ეპიდემიოლოგიური ინტერვენციების პრაქტიკა უნდა გადაიხედოს;
- ეპიდემიის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს თანმიმდევრული და პროგნოზირებადი;
- სახელმწიფომ უარი უნდა თქვას სექტორულ დახმარებებზე, ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებსა და სუბსიდირებაზე — მათი უმრავლესობა დეკლარირებულ მიზნებს ვერ აღწევს;
- უნდა შემცირდეს საგადასახადო, ბიუროკრატიული/არასაგადასახადო წნეხი და მთავრობის ზომა;
- „თავისუფლების აქტს“ შეუნარჩუნდეს მუდმივმოქმედი ორგანული კანონის სტატუსი.
საშუალოვადიანი ამოცანები, რომლებიც 2022-2025 წლებში უნდა შესრულდეს
- სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია, მათ შორის საპარტნიორო ფონდის;
- პროგრესი უნდა იქნეს მიღწეული აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე;
- უნდა შემუშავდეს ტურიზმის აღდგენის კონკრეტული გეგმა;
- საქართველომ უნდა განავითაროს ე.წ. „პარკინგი“ მდიდარი ადამიანებისთვის, რათა გაიზარდოს ფინანსური კაპიტალის შემოდინება.
გრძელვადიანი რეფორმები, რომლებიც 2028 წლისთვის უნდა დასრულდეს
- განათლების რეფორმა უნდა დაეფუძნოს სასწავლებლების ფინანსურ და მმართველობით ეფექტიან ავტონომიას, დეცენტრალიზაციისა და პლურალიზმის პრინციპების დაცვით. რეფორმა ორიენტირებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების კონკურენტუნარიანობის ზრდასა და კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებაზე.
- ადმინისტრაციულმა რეფორმამ უნდა გააძლიეროს ადგილობრივი თვითმმართველობები. აღნიშნული კი უნდა მიიღწეს მათთვის კომპეტენციის სფეროსა და ფინანსური რესურსების გაფართოებით. უნდა დამკვიდრდეს მეტი პოლიტიკური პლურალიზმი, გაიზარდოს არჩევითი პოზიციების რაოდენობა — შედეგად, მოსალოდნელია ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ზრდა და კორუფციის რისკის შემცირება.
- ურბანიზაციის პოლიტიკის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის გაზრდასა და სამუშაო ძალის მაღალპროდუქტიულ სექტორებში გადანაცვლებას.
სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი სრული სახით საჯაროდ ხელმისაწვდომია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ვებგვერდზე. სტრატეგიული ხედვის ფორმირებაზე კი მუშაობდა ეკონომიკური ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ვატო ლეჟავა, გიორგი პაპავა, ნიკოლოზ ალავიძე, ნინო ევგენიძე, ალექსი ხოროშვილი, ანდრია ურუშაძე, დავით გზირიშვილი, რესან ქიქავა და ირინა გურული.
დატოვე კომენტარი