სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი მერაბ დვალი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი და თვალის კლინიკა „ახალი მზერის“ დამფუძნებელია. სამედიცინო და სამეცნიერო კარიერაში წარმატება მის ბიზნესზეც ვრცელდება. FORBES GEORGIA პაციენტების ახალ მზერაზე მზრუნველ და ოფთალმოლოგთა მრავალი თაობის აღმზრდელ პროფესორ მერაბ დვალს ესაუბრა.
თავდაპირველად პროფესიის არჩევაზე რომ ვისაუბროთ – რა გახდა თქვენთვის შთაგონება, რომ ექიმი გამხდარიყავით?
ექიმობა ოჯახური ტრადიციაა. მამა ქირურგი გახლდათ, დედა სტომატოლოგია. უახლოესი ნათესავებიდან თითქმის ყველა ექიმი იყო და, რაც მნიშვნელოვანია – სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი. ოცნებადაც გვქონდა ერთი მრავალპროფილური კლინიკა გაგვეხსნა, მაგრამ იმ პერიოდში კერძო კლინიკების გახსნა ნებადართული არ იყო. შესაბამისად, პროფესიის არჩევისას ჩემთვის კითხვის ნიშანი არ არსებობდა. ახალგაზრდობაში მიმაჩნდა, რომ ექიმობა რთული ოპერაციების გაკეთების გარეშე წარმოუდგენელი იყო და ვფიქრობდი, ჩემი მომავალი კარიერა ორგანოთა გადანერგვის ან გულ-სისხლძარღვთა ქირურგიისთვის დამეკავშირებინა. დიდ დროს ვატარებდი საოპერაციოში მამაჩემთან და მის კოლეგებთან ერთად. კვირაში სამი დღე ნებაყოფლობით ვმორიგეობდი ქირურგიის მიმღებ განყოფილებაში, რაც ფიზიკურად და მორალურად საკმაოდ რთული იყო. ამ ყველაფრის შემხედვარე, დედაჩემმა მირჩია, სხვა დარგში, კერძოდ ოფთალმოლოგიაში მეცადა საკუთარი შესაძლებლობები. გადაუდებელი ქირურგიული განყოფილების შემდეგ თვალის კლინიკის მშვიდი გარემო სამოთხედ მეჩვენებოდა. არ ვამბობ, რომ ოფთალმოლოგია ნაკლებად საპასუხისმგებლოა, უბრალოდ, ქირურგიისგან განსხვავებით, აქ არ დგას სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი.
ოფთალმოლოგიაზე ფუნდამენტურად ჩემი შეხედულება ჩამოყალიბდა მოსკოვში, სადაც 1973 წელს სასწავლებლად გავემგზავრე. ძალიან გამიმართლა, რომ სწორედ ჩემი კარიერის დასაწყისში მოხდა რევოლუცია ოფთალმოლოგიაში – დაინერგა თვალის მიკროქირურგია. თვალზე ოპერაციების ჩატარებისას მიკროსკოპის გამოყენებამ რადიკალურად შეცვალა ქირურგიული ჩარევის სტილი, რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ოფთალმოლოგიის შესაძლებლობები. ეს არ ნიშნავდა არსებული ოპერაციების მხოლოდ მიკროსკოპის ქვეშ ჩატარებას, არამედ მიკროქირურგიამ თვისებრივად ახალი ოპერაციების შექმნა შეგვაძლებინა. ახლაც მახსოვს ჩემ მიერ ჩატარებული პირველი მიკროქირურგიული ოპერაცია, იყო გარკვეული ღელვაც, მაგრამ მაინც თავდაჯერებული ვიყავი, რადგან ზურგს, ცოდნასთან ერთად, ის გამოცდილი პროფესიონალებიც მიმაგრებდნენ, რომელთაც სიამაყით ჩემს მასწავლებლებს ვუწოდებდი.
თქვენს ნაყოფიერ კარიერულ გზაზე ალბათ ბევრი დაბრკოლება შეგხვდათ. რა სირთულეებს გამოარჩევდით?
1974 წელს ჯერ კიდევ მოსკოვში ასპირანტურის პერიოდში ქართველ ოფთალმოლოგთა შორის პირველმა ჩავატარე კატარაქტის ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაცია თვალშიდა ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით და 1976 წელს საბჭოთა კავშირში პირველი სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორიც ვიყავი. აღნიშნული მეთოდი დღესაც კატარაქტის მკურნალობის „ოქროს სტანდარტად“ ითვლება, მაგრამ მაშინ ამ სიახლეს ბევრი სკეპტიციზმით უყურებდა. გარკვეული პერიოდი დაგვჭირდა „ინოვაციების მოყვარულ“ ოფთალმოლოგებს აღნიშნული ოპერაციის სრულყოფილებაში ჩვენი კოლეგების დასარწმუნებლად.
კარიერის დასაწყისში ჩემი ყურადღება მიიქცია სხვადასხვა რეფრაქციული ანომალიის (ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი) კორექციამ. ახლა გვაქვს შესაძლებლობა, პაციენტს მხედველობის კორექციის სხვადასხვა მეთოდი შევთავაზოთ, მაშინ კი რეფრაქციული ანომალიის მქონე პაციენტებისთვის მხედველობის გაუმჯობესების ერთადერთი საშუალება სათვალე და ზოგჯერ კონტაქტური ლინზა იყო. მაღალი ხარისხის ახლომხედველობის კორექციის მიზნით 1981 წელს მსოფლიოში პირველმა ჩავატარე გამჭვირვალე ბუნებრივი ბროლის ემულსიფიკაცია, რათა აღნიშნული გზით შემეცვალა თვალის ოპტიკური მაჩვენებლები. მეთოდი ეფექტიანი აღმოჩნდა ძალიან მაღალი ხარისხის ახლომხედველობის დროს.
ჩემი კარიერისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი უკავშირდება ხანგრძლივ მივლინებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 1992-1993 წლებში. ჩემი ძირითადი მოვალეობა ქალაქ ხარბინის მოსახლეობისთვის პროფ. სვიატოსლავ ფიოდოროვის მიერ შემუშავებული ე.წ. რქოვანას დასერვის ოპერაციების ჩატარება გახლდათ, რომლის მიზანიც იყო დაბალი და საშუალო ხარისხის ახლომხედველობის კორექცია. სწორედ წარმატებულად ჩატარებული ათასობით ოპერაცია გახდა საფუძველი იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ „ხალხთა მეგობრობის საერთაშორისო ორდენით“ დამაჯილდოვა.
სამედიცინო პრაქტიკის გარდა, მნიშვნელოვანია თქვენი სამეცნიერო კონტრიბუცია – გვითხარით მეტი თქვენი გამოგონებების შესახებ.
ძალიან მაღალი ხარისხის ახლომხედველობის კორექციის მიზნით გამჭვირვალე ბროლის ემულსიფიკაცია წარმოადგენდა რა შედარებით რადიკალურ ოპერაციულ ჩარევას, მსურდა, ისეთი მეთოდისათვის მიმეკვლია, რომლის გამოყენებასაც ნებისმიერი ხარისხის რეფრაქციული ანომალიის კორექციისათვის შევძლებდი. საკითხის ისტორიული შესწავლის შემდეგ მივიჩნიე, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ე.წ. ფაკიური თვალშიდა ლინზით შესაძლებელი იქნებოდა არა მხოლოდ რეფრაქციული ანომალიის კორექცია, არამედ გართულებების მინიმუმამდე შემცირებაც. ფაკიური ლინზები – მართალია, უფრო დახვეწილი და გაუმჯობესებული – დღესაც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ხარისხის რეფრაქციული ანომალიის კორექციისათვის.
კატარაქტის ოპერაცია გულისხმობს შემღვრეული ბროლის ემულსიფიკაციას და მის ადგილას თვალშიდა ხელოვნური ბროლის იმპლანტაციას. მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ თვალშიდა ხელოვნური ბროლები საქართველოში არ იყო ხელმისაწვდომი. მართალია, საზღვარგარეთ აწარმოებდნენ აღნიშნულ ბროლებს, მაგრამ ისინი მწარმოებელი ქვეყნების მოთხოვნილებასაც სრულად ვერ აკმაყოფილებდნენ. გადავწყვიტე, თბილისში დაგვეწყო თვალშიდა ხელოვნური ბროლების დამზადება. ჩვენი წარმოების ხელოვნურმა ბროლებმა შემოწმების ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა. დავნერგეთ სასწავლო კურსიც ადგილობრივი და უცხოელი კოლეგებისათვის ჩვენი ხელოვნური ბროლების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად. ჩემგან დამოუკიდებლად კომერციულ სფეროშიც აღმოვჩნდი: სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პროფესორები, ცოდნასთან ერთად, შეძენილი ხელოვნური ბროლებითაც ბრუნდებოდნენ სამშობლოში. ამ გამოგონებებისა და ზოგადად თვალის მიკროქირურგიის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის 2002 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ მომანიჭა სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.
კიდევ ერთი ჩემი გამოგონება კერატოკონუსის მკურნალობას უკავშირდება. კერატოკონუსი პროგრესირებადი დაავადებაა, მოზარდობის ასაკში ვლინდება და 35-40 წლამდე ახასიათებს პროგრესირება. წლების წინ დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების არარსებობის გამო პაციენტები გვაკითხავდნენ დაავადების შორსწასულ სტადიაზე, როდესაც მკურნალობის ერთადერთი მეთოდი რქოვანას გამჭოლი გადანერგვაა. აღნიშნული ოპერაცია საკმაოდ წარმატებით სრულდება საქართველოში, მაგრამ დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რადგან ქვეყანაში მიუწვდომელია გარდაცვლილი დონორის რქოვანა და გვიწევს მისი იმპორტი საზღვარგარეთიდან. ერთ-ერთ საერთაშორისო კონგრესზე 2003 წელს ბრაზილიელმა კოლეგებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია კერატოკონუსის სამკურნალოდ რქოვანას ბიოშეთავსებადი „რკალების“ გამოყენების შესახებ. საჩუქრადაც გადმომცეს რამდენიმე ასეთი „რკალი“, რათა თავადვე დავრწმუნებულიყავი მკურნალობის ამ მეთოდის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან მათი იმპლანტაციით შესაძლებელია არა მხოლოდ დაავადების პროგრესირების შეჩერება, არამედ მხედველობის სიმახვილის გაუმჯობესებაც. მას შემდეგ რქოვანას „რკალები“ მუდმივად იხვეწება და მეც შევქმენი მისი ერთ-ერთი მოდიფიკაცია Dvali Kerabow, რომელსაც უცხოური კომპანიები აწარმოებენ და რომელიც წარმატებით გამოიყენება კერატოკონუსის სამკურნალოდ.
როგორია კლინიკა „ახალი მზერის“ 25-წლიანი ისტორია?
თვალის კლინიკა „ახალი მზერა“ დაარსდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის ბაზაზე 1999 წელს, მაშინ როდესაც საქართველოში პრაქტიკულად ჯერ კიდევ არ არსებობდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოფთალმოლოგიური მომსახურების მიღების შესაძლებლობა. მიზანი გახლდათ პაციენტებისათვის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით სრულყოფილი ოფთალმოლოგიური გამოკვლევის, მაღალპროფესიული კონსულტაციებისა და კომპლექსური მკურნალობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ამიერკავკასიაში პირველად ჩვენს კლინიკაში ჩატარდა მხედველობის ექსიმერლაზერული კორექცია ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის დროს. ინოვაციების დანერგვა ყოველთვის რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული და საქართველოში პირველი ექსიმერული ლაზერის ისტორიაც არ იყო ამ მხრივ გამონაკლისი. საზღვარგარეთ, წამყვან კლინიკებში ვიზიტებისას დავრწმუნდი რა ამ მეთოდის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში, გადავწყვიტე შემეძინა ექსიმერლაზერული დანადგარი, რომლის ღირებულებაც იმ პერიოდში $300,000-ს აღემატებოდა. ეს ყველაფერი საბანკო და არამხოლოდ საბანკო სესხით, მწარმოებელი კომპანიის თანადგომით შევძელი. ასე შეიქმნა თვალის პირველი ლაზერული ქირურგიის ცენტრი კლინიკა „ახალი მზერის“ სახით. წარმატებით დავიწყეთ დანადგარის გამოყენება რეფრაქციული ანომალიების კორექციისათვის და ფანტასტიკური შედეგებიც მივიღეთ.
ჩვენი კლინიკისათვის ინოვაცია მართლაც ტრადიციად იქცა! „ახალ მზერაში“ მსოფლიოში პირველად ჩატარდა შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის ექსიმერლაზერული კორექცია ბავშვთა ასაკში. საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში ჩატარდა ფაკიური თვალშიდა ლინზის იმპლანტაცია რეფრაქციული ანომალიების საკორექციოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მხედველობის ექსიმერლაზერული კორექცია ნაკლებად ეფექტიანია ან/და ზოგჯერ უკუნაჩვენებიც კი არის. იმპლანტაციიდან სულ რამდენიმე საათში პაციენტი იღებს მაქსიმალურ შესაძლო მხედველობას და სწორედ ამიტომ მას ჩვენმა პაციენტებმა „ჯადოსნური“ ლინზა უწოდეს.
საქართველოში პირველად „ახალ მზერაში“ დაინერგა კერატოკონუსის მკურნალობის კომპლექსური მეთოდები და კატარაქტის ოპერაცია ნანოლაზერული ტექნოლოგიის გამოყენებით. საქართველოში პირველად ჩვენს კლინიკაში ჩატარდა რქოვანას შრეობრივი გადანერგვა. პირველებმა შევთავაზეთ პაციენტებს ბადურის დაავადებების მკურნალობა უახლესი ლაზერული ტექნოლოგიით და მშრალი თვალის, ბლეფარიტებისა და დემოდეკოზის სამკურნალო ინოვაციური აპარატული მეთოდი.
ინოვაციების დანერგვის თვალსაზრისით რამდენად კონკურენტული გარემოა ოფთალმოლოგიაში?
ოფთალმოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია და ჩვენ მუდმივად ვეცნობით სიახლეებს, რათა პაციენტებს შევთავაზოთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდები და ამასთანავე არ დავარღვიოთ მედიცინის უმთავრესი პრინციპი – „არ ავნო!“ პირველ რიგში კონკურენციას საკუთარ თავს ვუწევთ, ყოველთვის ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურების ხარისხი, დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები და ყოველ მომდევნო წელს გასულ წელზე უკეთესები ვიყოთ. ახლის შექმნასა და ინოვაციის დანერგვას ჩვენს სფეროში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, სწორედ ნოვატორის ხელშია რამდენიმე წელი ამ საკითხზე მონოპოლია. ათი წელიწადი მხოლოდ ჩვენ ვფლობდით ექსიმერულ ლაზერს საქართველოში, რაც სახელის დამკვიდრებაში დაგვეხმარა. ახლაც ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ, ხშირი ჩართულობა საერთაშორისო კონფერენციებსა თუ კონგრესებში ემსახურება მიზანს: თანამოქალაქეებს შევთავაზოთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი, მაგრამ კარგად აპრობირებული მეთოდები.
თქვენი აზრით, მედიცინა ბიზნესია?
დღევანდელი გადმოსახედიდან მედიცინა ბიზნესია, თუმცა – კეთილშობილი ბიზნესი! მედიცინაში და მათ შორის ოფთალმოლოგიაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი ტექნოლოგიები ისეთი სისწრაფით ინერგება და ვითარდება, რომ ბიზნესსაქმიანობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნება სრულყოფილი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების შეთავაზება პაციენტებისათვის. ამ პირობებში შეუძლებელია, იყო პასიური, მხოლოდ მკურნალი ექიმი და ამავდროულად იყო თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად უზრუნველყოფილი. მართალია, ბიზნესი ჩვენთვის გარკვეულწილად სიახლეა, მაგრამ ძირითადი პრინციპი კარგად გვაქვს გააზრებული – ის მხოლოდ კეთილშობილურ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს და მკურნალობა პაციენტისთვის არ უნდა იყოს დაავადებაზე უარესი!
როგორც პროფესორი, საქართველოში სამედიცინო განათლების სფეროს როგორ შეაფასებდით? როგორ გაჩნდა სახელმძღვანელოს შექმნის იდეა?
სახელმძღვანელო „ოფთალმოლოგიის საფუძვლები“ უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისათვის, დამწყები რეზიდენტებისა და ზოგადი პროფილის ექიმებისთვისაა გათვალისწინებული. სახელმძღვანელოს დაწერის იდეა თითქმის ათი წლის წინ გამიჩნდა და მთელი ამ დროის განმავლობაში მის შექმნაზე ვმუშაობდი. ვხედავდი, რომ სტუდენტები ხელმძღვანელობდნენ ერთადერთი ქართულენოვანი სახელმძღვანელოთი, რომელიც თითქმის 40 წლის წინაა გამოცემული და, შესაბამისად, მასში არ იყო ასახული თანამედროვე ოფთალმოლოგიის მიღწევები. მსურდა, სახელმძღვანელოში გადმომეცა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდები, მაგრამ ამავდროულად ისეთი მოცულობითა და ფორმატით შემეთავაზებინა სტუდენტებისათვის, რომ მათ მიეღოთ აუცილებელი ცოდნა, რომელიც მომავალ ნებისმიერ სამედიცინო სპეციალობაში გამოადგებათ.
როგორც ოფთალმოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი, ათეული წლების განმავლობაში ვემსახურები ოფთალმოლოგთა აღზრდის რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს. ჩემთვის სტუდენტებთან და რეზიდენტებთან თითოეული ლექცია, პრაქტიკული მეცადინეობა თუ კლინიკური შემთხვევის განხილვა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაა. ვცდილობ, მათთვის ვიყო არა მხოლოდ ლექტორი, არამედ მათი უფროსი კოლეგა, რადგან საკუთარი თავის წარმოდგენა მათ ადგილას და სიტუაციის მათი თვალით დანახვა ხშირად მაფიქრებინებს, რომ სწავლების პროცესი ორმხრივია და ორივე მხარე სწავლობს ერთმანეთისგან.
S
დატოვე კომენტარი