ექსპრეზიდენტის ახალი გეზი

ექსპრეზიდენტის ახალი გეზი

ახლა, როდესაც რესპუბლიკელებმა კონგრესში პრეზიდენტ ობამას სამუშაო ადგილების შექმნის გეგმა დაბლოკეს, მათი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებმა კი ვერ შეძლეს ამ კუთხით წინადადებების წარმოდგენა, გარდა მარეგულირებელი ნორმების შერბილებისა, გადასახადებისა და საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრი შემცირებისა, ასევე ჯანდაცვის რეფორმის შეჩერებისა, წინა პლანზე წამოიწია ბილ კლინტონმა კონკრეტული თეზისების პაკეტით, რომელიც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. მისი ახალი წიგნი – უკან, სამუშაოსაკენ: რატომ გვჭირდება გონიერი ხელისუფლება ძლიერი ეკონომიკისათვის (Back to Work: Why we Need Smart Government for a Strong Economy) ობამას ადმინისტრაციის მიერ დაშვებული შეცდომების ზომიერ კრიტიკასთან ერთად გვთავაზობს საკუთარ, გარკვეულწილად კრეატიულ – თუმცა ზოგ შემთხვევაში ბუნდოვან – სტრატეგიულ ნაბიჯებს.

წიგნი ერთგვარი რორშახის ტესტიცაა დემოკრატების ეკონომიკური პლატფორმის როგორც მხარდამჭერი, ასევე მოწინააღმდეგე ექსპერტებისათვის. Wall Street Journal-ის სარედაქციო საბჭოს წევრის, სტეფან მურის თქმით, იგი წუხს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ახალი დემოკრატიდან, – რომელმაც შეამცირა ბიუჯეტის დეფიციტი, მხარი დაუჭირა თავისუფალ ვაჭრობას და გააუმჯობესა სოცუზრუნველყოფის სფერო – მაღალი გადასახადებისა და გაზრდილი დეფიციტის დამცველად იქცა. „იმის მაგივრად, რომ დემოკრატებს ცენტრისაკენ დასაბრუნებელ გზას სთავაზობდეს, – წერს მური, -უკან, სამუშაოსკენ ერთგვარი მოწოდებაა სახელმწიფო ჩარევის ხარისხის ზრდისაკენ”. მურისაგან განსხვავებით, Los Angeles Times-ის მიმომხილველი კეროლინ კელოგი წერს, რომ კლინტონის წიგნს „აქვს ის სითამამე და თავდაჯერებულობა, რაც ასე აკლიათ დემოკრატებს”.

კლინტონი აცხადებს, რომ წიგნის დაწერა 2010 წლის შუალედური არჩევნების შემდეგ გადაწყვიტა; არა იმიტომ, რომ დემოკრატებმა მნიშვნელოვანი მარცხი განიცადეს, არამედ, როგორც ის წერს: „საარჩევნო პერიოდმა ნაკლები შესაძლებლობა მოგვცა იმის განსახილველად, თუ სად და რა შეცდომები იყო დაშვებული” და როგორ შეეძლო პრეზიდენტსა და კონგრესს ამ მდგომარეობის გამოსწორება როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. მისი თქმით, აშშ „ამჟამად ქაოსშია ჩაძირული” და ეს წიგნი გთავაზობთ ერთგვარ გზამკვლევს ამ ქაოსიდან თავის დასაღწევად.

წიგნი მოიცავს 46 სტრატეგიულ წინადადებას, რომელთაგან ზოგიერთს Wall Street Journal-იც კი იწონებს: მაღალკვალიფიციური მუშახელის მოზიდვაზე ორიენტირებული იმიგრაციული სისტემა, სოციალურად დაცული საპენსიო ასაკის გაზრდა, კორპორაციული გადასახადის 35%-დან 28%-მდე შემცირება და საგადასახადო შეღავათების დაწესება იმ ამერიკული კომპანიებისათვის, რომლებიც თანხებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე ხარჯავენ.

ამავე დროს კლინტონი მოუწოდებს ისეთი ზომების გატარებისკენაც, რომელთაც კონსერვატორები თავგამოდებით ეწინააღმდეგებიან: მაღალი ინდივიდუალური გადასახადები, მათ შორის მცირე მეწარმეებზე; ხელფასის 12%-იანი დაბეგვრა მაღალანაზღაურებადი ადამიანებისათვის; გადასახადების გაზრდა კაპიტალის მოგებასა და დივიდენდებზე. კლინტონი იწონებს პრეზიდენტ ობამას გეგმას კაპიტალის მოგების გადასახადის 15%-დან 23,8%-მდე ზრდასთან დაკავშირებით.

ექსპრეზიდენტი ასევე იწონებს სამთავრობო ხარჯებს ინფრასტრუქტურაზე, სტუდენტურ სესხებზე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, წარმოებაზე, მაღალი გამტარიანობისა და მაღალი სიჩქარის სარკინიგზო ხაზებზე და ენერგიის ისეთი ალტერნატიული წყაროების განვითარებაზე, როგორიცაა ბიოსაწვავი, მზისა და ქარის ენერგია.

ასევე იგი ამტკიცებს, თუმცა საკმაოდ გაურკვევლად, რომ, მისი რწმენით, ამერიკამ „უფრო მეტი მომსახურების ექსპორტი” უნდა განახორციელოს და კონცენტრაცია „მაღალხარისხიან წარმოებასა და ექსპორტში მცირე კომპანიების ჩართვაზე მოახდინოს” – მაგრამ არ აკონკრეტებს, როგორ უნდა გაკეთდეს ყოველივე ეს.

კიდევ ერთი იდეა, რომლის ხორცშესხმაც ნაკლებად სავარაუდოა: ორიოდე შტატის (როგორიცაა, მაგალითად, ნევადა – მზისა და ქარის ენერგიის თავისი პოტენციალით) გადაქცევა „სრულიად ენერგოდამოუკიდებელ ერთეულად ენერგიის წარმოებისა და მოხმარების მათი შესაძლებლობის მაქსიმიზაციის” გზით. ყოფილი პრეზიდენტი ასევე მხარს უჭერს „დამატებული ღირებულების გადასახადს”, რომელიც „ხელს შეუწყობს ჩვენი ექსპორტის ზრდას, რადგან ისინი თავიდან იცილებენ გადასახადის ბოლო საფეხურს”.

New York Times-ის მეტად საინტერესო მიმოხილვაში მიჩიკო კაკუტანი მიუთითებს წიგნის „შეფარულ აგრესიულ ქვეტექსტზე”. ყოფილი პრეზიდენტი მოუწოდებს ამერიკელებს მხარი დაუჭირონ იმ პოლიტიკას, რომლის „მიყიდვაც” კონგრესისა და ამერიკელი ხალხისათვის მოქმედმა პრეზიდენტმა ვერ შეძლო. კლინტონი ასევე წერს, რომ პრეზიდენტსა და დემოკრატებს უნდა აეწიათ ვალის ზედა ზღვარი 2010 წელს – მანამდე, სანამ დაკარგავდნენ უმრავლესობას კონგრესში. ამ ნაბიჯით ისინი აირიდებდნენ ზაფხულის მძიმე მოლაპარაკებებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აშშ-ის მიმართ ნდობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კაკუტანის განცხადებით, კლინტონი თავს არიდებს იმ ფაქტზე საუბარს, რომ საკრედიტო კრიზისის გამომწვევი დერეგულაციების უმეტესი ნაწილი სწორედ მისი მმართველობის პერიოდში განხორციელდა.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *