კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი დანიშნა. კომისია აღნიშნავს, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონმდებლობის ნორმებს შეესაბამება და მის მიზანს სადავო გარიგების შებრუნება წარმოადგენს. “კავკასუსის” 49%-იანი წილის მფლობელის, “ნექსოლ ჰოლდინგის” შეფასებით, სპეციალური მმართველის დანიშვნა და მესაკუთრეებისთვის უფლებების შეზღუდვა კომპანიის ექსპროპრიაციის ტოლფასია.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას უკვე მოყვა საერთაშორისო გამოხმაურებებიც. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) რუსეთის მიმართულების ხელმძღვანელის, ბრაიან უითმორის მიერ საკუთარ Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ ციფრული აბრეშუმის დერეფანის პროექტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, რეგიონში რუსეთის გავლენას აძლიერებს.
“შეშფოთებული ვარ ფაქტით, რომ საქრთველოს მთავრობა ევროპასა და აზიას შორის ახალი ციფრული დერეფანის პროექტის განხორციელებას ძირს უთხრის, რაც მთავრობის მიერ კერძო კომპანიაზე, “კავკასუს ონლაინზე” პირდაპირი გავლენის მოპოვებაში მდგომარეობს. ეს კი ტოვებს ღია კარს იმისთვის, რათა რუსეთმა რეგიონში საკუთარი გავლენა კიდევ უფრო გააძლიეროს,”- წერს უითმორი.
გამოცემა New Europe-ის საერთაშორისო მიმომხილველის, პიერ კლეპეს შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ კომუნიკაციების სექტორში მოღვაწე კომპანიის ექსპროპრიაცია შესაძლოა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების პრინციპებს არღვევდეს.
“სამწუხაროა, რომ საქართველოს, რომელსაც წარსულში ეკონომიკური რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ კარგი პროგრესი ჰქონდა, ამჟამად უკუსვლას განიცდს. როგორც ახლა ხდება ცნობილი, საქართველოს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა უცხოელი ინვესტორის კუთვნილი აქტივების ექსპროპრიაცია მოახდინა. ეს კი შესაძლოა არღვევდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას,”- წერს კლეპე.
ამერიკული ორგანიზაცია Frontiers of Freedom-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ლანდრიტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ კომუნიკაციების სექტორში დაჩქარებული წესით მიღებული კანონი და ამ კანონის საერთაშორისო ინვესტორის წინააღმდეგ მიზანმიმართული გამოყენება შეშფოთებას იწვევს.
“იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები რუსულ გავლენაზე მიანიშნებს, ბოლომდე მაინც გაურკვევლად რჩება, თუ რატომ მიმდინარეობს “კავკასუს ონლაინის” წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებები. აზერბაიჯანი არის საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი, ხოლო “კავკასუს ონლაინის” შეძენა კი ბევრად უფრო დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის ნაწილია, რომელმაც აზერბაიჯანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით ევროპას უნდა დააკავშიროს. ამ ციფრული დერეფანის განვითარება კი რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობების განმტკიცებას, ელექტრონული კომერციის ზრდას და საქართველოს როგორც აზიასა და ევროპას შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჰაბად ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს,”- წერს ლანდრიტი.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს Neqsol Holding-მა შეიძინა 49%-იანი წილი კომპანია Nelgado ლიმითედში, რომელიც “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიაა. სწორედ ეს გარიგება გახდა კომუნიკაციების კომისიისთვის სადავო, რის გამოც 1 ოქტომბერს კომპანია “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი დაინიშნა.
ეს ტრანზაქცია მიმართული იყო Neqsol Holding-ის მიერ “კავკასუს ონლაინის” საკუთრებაში არსებული, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი 1,200-კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით შექმნილიყო ფართო საერთაშორისო საკომუნიკაციო ქსელი, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებდა.
Neqsol Holding-ის ინფორმაციით, გარიგება შედგა ისე, რომ მის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ასევე თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ “კავკასუს ონლაინმა” დაარღვია კომუნიკაციების შესახებ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები, როდესაც მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილება წინასწარ კომისიას არ შეუთანხმა.
2020 წლის ივლისში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომისას უფლება მისცა კომუნიკაციების სექტორში მოღვაწე კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.
Neqsol Holding-ის შეფასებით, ახალი კანონმდებლობა არაკონსტიტუციურია და ის რეგულატორს უპრეცედენტოდ ფართო უფლებებს ანიჭებს. 2020 წლის 1 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ კანონის სწორედ ახალი ჩანაწერის საფუძველზე, კომპანიაში სპეციალური მმართველი დანიშნა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ Neqsol-ი ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებს.
დატოვე კომენტარი