ერაყი, 2024 წლის პირველი იანვრიდან, საბანკო ანგარიშებიდან აშშ დოლარში თანხის გატანას და ტრანზაქციებს აკრძალავს. ერაყის ცენტრალური ბანკის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ქვეყნის მიზანი ფინანსურ დანაშაულებში მისი მყარი ფინანსური რეზერვების ბოროტად გამოყენების აღკვეთა და აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებაა.
ერაყის ცენტრალური ბანკის ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების გენერალური დირექტორის, მაზენ აჰმედის განცხადებით, ქვეყანას სურს, 50%-ით აღმოფხვრას იმ $10 მილიარდის არაკანონიერი გახარჯვა, რომელსაც ყოველწიურად ნიუ-იორკის ფედერალური რეზერვიდან, ნაღდი ფულის სახით იღებს. ამასთან ერთად კი, გადაწყვეტილება ეკონომიკის უფრო ფართომასშტაბური, დედოლარიზაციის გეგმის ნაწილია.
მაზენ აჰმედის ინფორმაციითვე, ის პირები, რომლებიც 2023 წლის ბოლომდე ბანკებში ანაბარს აშშ დოლარში გააკეთებენ, დოლარში თანხის გატანას 2024 წელსაც შეძლებენ. თუმცა დეპოზიტის 2024 წელს გაკეთების შემთხვევაში, თანხის გატანა მხოლოდ ადგილობრივ ვალუტაში იქნება შესაძლებელი – 1,320 ოფიციალური კურსით.
საბანკო გადარიცხვების დასარეგულირებლად, რაც ქვეყნის დოლარზე მოთხოვნის დიდ ნაწილს შეადგენს, ერაყმა შესაბამისი პლატფორმა უკვე შექმნა. საბანკო გადარიცხვები ქვეყანაში ყალბი გადახდებისა და თაღლითური ტრანზაქციების კერასაც წარმოადგენდა და დოლარით აშშ-ის მიერ სანქცირებულ ქვეყნებს, ირანსა და სირიას ამარაგებდა.
ერაყის ცენტრალური ბანკის ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების გენერალური დირექტორის ცნობით, აშშ-ის შეფასებით, სისტემა ამჟამად თითქმის სრულად გამართულია, შტატები კი ერაყს, საკვებისა და სამომხმარებლო საქონლით იმპორტისთვის, აშშ დოლარს ოფიციალური კურსით აწვდის. ცნობისთვის, აშშ-ში ამჟამად ერაყის ნავთობის გაყიდვებიდან მიღებული $120 მილიარდის რეზერვები ინახება.